Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხეების გასვენება

02 მაისი 2017

 „ქსელში ავარიული დაზიანების გამო 26.04.2017-ში 01:00 საათიდან 06:00 საათამდე დროებით შეგიწყდებათ ელექტროენერგიის მოწოდება.

ასეთი შინაარსის შეტყობინება 25 აპრილის საღამოს სოფელ ნატანების ყველა მცხოვრებს მიუვიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი შეტყობინებები სოფლიდან იმ ხეების გადატანასთან ერთად გახშირდა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი თავისი რეზიდენციისკენ მიეზიდება.

სოფელ ნატანებში ღამით ჩავედით. ადვილი შესამჩნევი იყო, რომ იქ ხე „ძვირად ფასობს“. მთავარი გზის ნაპირას უზარმაზარი ევკალიპტებია ჩარიგებული, რომლებიც, ე.წ. ქარსაცავ ზოლს ქმნის. ახლა ევკალიპტებს გზის მხარეს ტოტები აღარ შერჩენია, მოჭრილი ხეებიც  გზადაგზა ყრია.  რამდენიმე მონაკვეთზე სანაპიროსკენ ბეტონისფილებიანი ახალი გზა მიდის. ახალი გზები ხეების გადასატანად დაიგო.

25-ში საღამოს გაფრთხილებულ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ცოტა ადრე, 23:30 წუთზე შეუწყდა. ცენტრში უზარმაზარი წაბლის ხე იდგა და სოფლის ჩაბნელებას ელოდებოდა. ელექტროგადამცემი ხაზები უნდა ჩახსნილიყო. მალე თითქმის მრავალსართულიანი კორპუსის ზომის წაბლის ხე სიბნელეში ამოძრავდა. ირგვლივ არავინ საუბრობდა, მხოლოდ მუშები გადასძახებდნენ ერთმანეთს თურქულად.  

ადგილობრივები საკუთარი სახლების ჭიშკრებთან იდგნენ და გზად მიმავალ ხეს თვალს აყოლებდნენ. მუშებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად  მიჰყვებოდნენ. ზემოდან ხან ტოტები ცვიოდა, ხან - მიწა. არცერთ მუშას არ ეხურა ჩაფხუტი.

მალე ამ პროცესიას მოსახლეობის ნაწილიც შეუერთდა. იქ, სადაც გზა ოდნავ ვიწროვდებოდა, ხე  ნაპირებზე დარგულ ნაძვებს წამოედო, რომლებისთვისაც  ტოტები მოემტვრიათ.  სატვირთო მანქანები საგზაო ნიშნებსაც გამოედო, წააქცია და მოტეხა.

პოლიციამ გზა გადაკეტა. მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს რომ ვიღებდით, საპატრულო პოლიციამ ციმციმებიც გამორთო. კითხვაზე, თუ რამდენ ხანში გაიხსნებოდა გზა, პოლიციელმა დაგვიანებული პასუხი მოგვაგება და გვითხრა, რომ გზა გადაკეტილი არ იყო.

რამდენიმე საათში ხე დანიშნულების ადგილას ჩავიდა.

პროცესია დასრულდა, ხალხი სახლებს დაუბრუნდა. შუქიც მოვიდა.

ნატანების ქვესადგურის თანამშრომლის თქმით, შუქის ჩაქრობა ხის გადატანით სამუშაოებს უკავშირდებოდა. აპრილის თვეში ხეების გადატანის მიზეზით  სოფელს ელექტროენერგია სამჯერ შეუწყდა.

ჩვენ ელექტროენერგიას მაშინ ვრთავთ, როდესაც ეს ტექნიკურ მიზეზებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, როცა უშუალოდ ხის გადატანის გამო ხდება საჭირო შუქის ჩაქრობა, მაშინ დავალება მოდის ზემოდან და ჩვენ არაფერშუაში ვართ. მობილურ ჯგუფს აგზავნიან და რთავენ. ამ თვეში მსგავსი სამუშაოების გამო სამჯერ გაითიშა - 4, 6 და 26 რიცხვებში, - გვეუბნებიან ქვესადგურში.

სოფელ ნატანების გამგებელი ჯონი ღლონტი „ლიბერალთან“ აცხადებს, რომ დენი ხის გადატანის გამო არასდროს გათიშულა, შემდეგ კი ამატებს, რომ თუ ელექტროენერგია ხის გადატანის გამო ითიშება, ეს მას არ ეხება, რადგან კომპანია კერძოა და საჭიროების შემთხვევაში შუქს თვითონვე რთავს.

ელექტროენერგიის გათიშვას მე არ მითანხმებენ, როცა საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ რთავენ, ჩემგან დამოუკიდებლად“, - ამბობს ის.

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ  ზეგაბარიტული ტვირთი 25-ში გადაიტანეს და რადგან ავარიული სიტუაციის საშიშროება იქმნებოდა, გადაწყდა ელექტროენერგიის გამორთვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, თუ ვინმე, ან რომელიმე კომპანია სამუშაოებს აწარმოებს, შესაძლებელია, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზები ჩაიხსნას.

                                                          სახლი #1

85 წლის თინა გობრონიძე ნატანებში ცხოვრობს. მას რკინისგზასთან პატარა ხის ჯიხური უდგას. ტკბილეულს ყიდის. ჯიხურიდან მისი დღიური შემოსავალი 1 ან 2  ლარია. ახლა პენსიაც არ აქვს, თანხა დასჭირდა  და წინასწარ გამოიტანა ბანკიდან.  ის 55 წელი ჩაის ფაბრიკის მუშა  იყო. ფაბრიკაც იქვე ჯიხურთან და მის სახლთან ახლოს იდგა. თინა  მოპირდაპირე სახლისკენ იშვერს თითს და ამბობს, ეს ჩემი სახლია, მეორეც ჩემი იყო ადრეო.  მე და ჩემმა ქმარმა ბევრი ვიშრომეთ, რომ აგვეშენებინა, შემდეგ ის სახლი ბანკმა წაგვართვაო.

მისი თქმით, ხეების გადატანამ წყლის მილი დააზიანა და მის  სახლს წყალი აღარ მიეწოდება.

ამოთხარეს ხე და 2 თვეა წყალი აღარ მაქვს. 85 წლის ქალი უწყლოდ დამტოვეს. ამ ტალახში ეგდო მილი. ხან ერთ მეზობელთან დავდივარ წყალზე, ხან მეორესთან. გამგებელსაც ვუთხარი ამის შესახებ, მაგრამ არაფერი.

ხალხი ყანებიდან რომ ბრუნდებოდა, ამ ხის ქვეშ ჩერდებოდა. ისვენებდნენ და ლაპარაკობდნენ, მიწიანად წაიღეს. ეგენი როგორ მომატყუებენ? რომ შემეძლოს ჩემი ფეხით ჩავიდოდი თბილისში. სიმართლის გაგება არცერთ ხელისუფლებას არ სურდა არც ადრე, არც ახლა“,- ამბობს თინა და თან ფეხსაცმელს იმ ორმოში დაგუბებული წყლით რეცხავს, სადაც ადრე ხე იდგა.

                                                  

                                            სახლი #2

უკვე არარსებული ჩაის ფაბრიკის ეზო მთლიანად გადათხრილია. ტალახის გამო მასთან მიახლოება შეუძლებელია. იქვე საერთო საცხოვრებელია. კორპუსი ავარიულია. საცხოვრებელი ადრე ჩაის ფაბრიკის მუშებს ეკუთვნოდა. ახლა კი აქ 6 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ბინები მათი საკუთრება არაა. წლებია, ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობენ, მაგრამ უშედეგოდ. ამ კორპუსის მცხოვრებლებს ხეების გადარგვამ ახალი იმედი გაუჩინა. როგორც ამბობენ, გამგებელი, რომელიც თვალს ადევნებდა ხის გადატანას, მოსახლეობას შეხვდა და შეჰპირდა, რომ მათ პრობლემას მოაგვარებდა. გადათხრილი ტერიტორიიდან ტალახი და წყალი კორპუსის ეზოში ჩადის. კორპუსის მცხოვრებლები მოთმინებით ელოდებიან, როდის გაიტანენ ტერიტორიიდან ამოთხრილ მიწას.

- ადრე გვითხრეს, თუ ბინების საკუთრებაში გადმოცემა გინდათ, კვადრატულზე 15-20 ლარი უნდა გადაიხადოთ. აქ არავის აქვს მაგის საშუალება. მხოლოდ მე ვარ შედარებით ახალგზარდა, დანარჩენები პენსიონერები და სოციალურად დაუცველები არიან. ახლა ივანიშვილი დაგვპირდა გადმოცემას და არ ვიცი, ჯერ არ მომიკითხავს, ჯერ ვერ ავედი ოზურგეთში.

- ივანიშვილი დაგპირდათ?

-სიმართლე რომ გითხრა, ივანიშვილი არ მინახავს, გამგებელი იყო მოსული“,-ამბობს ნატო მაქსიმოვა.

სოფლის გამგებლის, ჯონი ღლონტის თქმით, რადგან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათ ამის პირობა მისცა, ამ ადამიანებს ბინები აუცილებლად გადაეცემათ საკუთრებაში.

                                                       

                                                       სახლი # 3

სოფლის იმ უბანში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა უზარმაზარი წაბლი გადაიტანა, ხემდე მისასვლელად ბეტონის ფილები აწყვია. ხის გადასატანად დაგებულ გზას მალე აიღებენ, რადგან ამ ბეტონის ფილებმა გზა შემდეგი ხისკენ უნდა გაკვალოს.

ამ ბეტონის ფილებიანი გზის ნაპირას ერთ სახლს მივადექით. ქალი, რომელსაც სახელის გამხელა არ სურს, სახლში გვეპატიჟება. დაწვრილებით გვიყვება სოფლის ამბებს.  მისი თქმით, ორი თვის განმავლობაში ხეების ამოსათხრელად ძირითადად ღამით მუშაობდნენ, რის გამოც იქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. სახლთან ახლოს ხეების ამოსათხრელად მძიმე ტექნიკა მოძრაობდა, რამაც სახლს ბზარები გაუჩინა. ამ საკითხზე ხის გადატანითი სამუშაოების სანახავად მისულ ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა. ქალბატონის თქმით, რამდენიმე დღის წინ მოვიდა კომპანიის წარმომადგენელი, დაათვალიერა სახლი და განაცხადა, რომ ეს ბზარები ძველი იყო. როგორც აღმოჩნდა, ის კომპანია „ელიტა ბურჯის“ იურისტი იყო. „ელიტა ბურჯი“  სოფელში ხეების ამოთხრაზე მუშაობს.

რადგან სოფელში ვცხოვრობთ, ჰქონიათ, რომ ვერაფერს მივხვდებით და ყველაფერში დავეთანხმებით. ასე ფიქრობდა ის იურისტიც, რომელმაც სახლის ბზარები შეგვიფასა. ვუთხარი, შენ ხომ მხოლოდ იურისტი ხარ და არა სპეციალისტი, აქ რომ რაიმე ცუდი მოხდეს, პასუხისმგებლობას აიღებ-მეთქი?

როგორც სახლის მეპატრონე გვიყვება, კომპანია „ელიტა ბურჯის“  წარმომადგენელს წინა დღით ესაუბრა და „დააიმედა“ , რომ კედლების დაბზარვასთან დაკავშირებული საჩივარი სოფლის გამგებელს გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ სახლმა დაზიანება ხეების გადატანითი სამუშაოების გამო მიიღო.  

გუშინ  წაბლი რომ მიჰქონდათ,  ყველა ვუყურებდით. ზოგი ტიროდა. ყველა ერთნაირი ვერ იქნება და ერთნაირად ვერ შეხედავს ამ ამბავს. რა მექნა, მეცოდებოდა. საუკუნეებია ეს ხე აქ დგას. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გარდაცვლილს ვასვენებდით“,- გვეუბნება ის.

                                                                 სახლი #4

ლია სურმავა იმ ეზოში ცხოვრობს, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ ნახევრად ამოთხრილი ხე წაექცათ. მართალია, ტოტები მთლიანად დაემტვრა, მაგრამ მაინც შეახვიეს, უწამლეს და ისე წაიღესო. ლიას საუბარი უმძიმს, ცრემლებს იწმენდს და ამბობს, რომ განიცდის ამ ამბავს და არ შეუძლია გვესაუბროს. ჩვენც ვემშვიდობებით.

იქ არსებულ სოციალურ მდგომარეობასა და ეკონომიკური პრობლემებზე ყველა  დაწვრილებით გვესაუბრება. სოფელი ადრე მანდარინის წარმოებით იყო ცნობილი, ახლა მანდარინი ძალიან იაფად იყიდება. მის გამო მიწის დამუშავება არ უღირთ.

ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს. ვიღაც მდიდარია, ვიღაც ღარიბი. რამეს თუ იტყვი, ერთს მოეწონება, ორმოცდაათს - არა. აქაური მოსახლეობის ნახევარი მშიერი ისე იძინებს. დაგლახებულები ვართ, ყანებსაც კი ვერ ვთესავთ. ვიღაცას კიდევ ხეები მიაქვს. ისიც მართალია - მილიარდელმა რომ ფული დაარიგოს, მაშინ თავად დარჩება მშიერი“, - ამბობს ხანში შესული მამაკაცი, რომელიც სოფლის ცენტრში გაჩერებულ ხესთან, შუაღამით ველოსიპედით მოვიდა. „სასწაულის“ ნახვა უნდოდა. ისიც ასევე გვთხოვს, რომ მისი სახელი არ გავამხილოთ.  

სოფლის გაზიფიცირება რამდენიმე წელია დაიწყო. დამონტაჟნდა მილები, თუმცა ბუნებრივი აირი ამ მილებში არასდროს გაუშვიათ. ახლა გარკვეულ ადგილებში მილები ჩახსნილია. ისინი ჩამოჭრილ ტოტებთან ერთად გზის ნაპირებზე ყრია.

სოფლის გამგებლის, ჯონი ღლონტის თქმით, ნატანების გაზიფიცირება დაუსრულებელი პროექტია და დამონტაჟებული მილების ჩამოხსნის მიზეზი მხოლოდ ხეების გადატანა არ არის.

„მილების ჩამოხსნა მარტო ხეების გადატანისთვის არ მომხდარა. ზოგიერთ მონაკვეთზე გზა გაფართოვდა და ამიტომ ცოტა გადაიწია“.

მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ იქ არანაირი საგზაო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, ჯონი ღლონტმა გვითხრა, რომ გზა მომავალში გაფართოვდება. 

ბუნებრივი აირის მილების ჩამოხსნის საკითხზე პასუხისმგებელი კომპანიის მოძებნა გაჭირდა. კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ ეს ეკუთვნის „საქართველოს ტრანსპორტირების კომპანიას“, ხოლო ეს უკანასკნელი „სოკარში“ გვამისამართებს. 

ნატანებიდან ურეკისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ადამიანი შეგვხვდა, რომლებიც  ჩამოცვენილ ტოტებსა და დაჭრილ ხეებს აგროვებდნენ და სახლში მიჰქონდათ. რამდენიმე კილომეტრიან გზის მონაკვეთზე თითქმის ყველა საგზაო ნიშანი წაქცეული იყო, რადგან ხეების გადამტან სატვირთოებს გზის სიფართე არ ჰყოფნიდა. საგზაო ნიშნები ან ძირს ყრია, ან კიდევ ნახევრად ჩამოვარდნილია, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

ამ გზაზე მოხუცი ქალი დავინახეთ, მარტო იყო და დაცვენილი ტოტებიდან შეშას ამზადებდა. როგორც მან თქვა, ის მონაკვეთი, სადაც გზას ივანიშვილის ბაღი ესაზღვრება, უნდა გაუქმდეს და შემოვლითი გზა გაკეთდეს.

საშინელი ქარი იყო რამდენიმე დღის წინლამის წაგვიღო. მაგან კიდევ არ დატოვა  ქარსაცავი ზოლი, ხეებს ტოტები არ დაუტოვესჩვენ რა უნდა ვქნათ?- მთელი პოლიცია მის მხარესაა. თვითონ არსად ჩანს. სად უნდა ვეძებოთ? თბილისში რომ იყოს სადმე კაბინეტში, ადგები და პასუხს მოსთხოვ, ახლა ვის უნდა მოსთხოვო?“,-ამბობს მოხუცი ქალბატონი, რომელიც ასევე არ გვეუბნება სახელს. ვემშვიდობებით. ის შეშის ჩეხას აგრძელებს.

 თუ სადმე საგზაო ნიშანი გაფუჭდა, ვინც დააზიანა, ის გააკეთებს“, - გვეუბნება სოფლის გამგებელი ჯონი ღლონტი.

კითხვაზე - იხარჯება თუ არა სახელმწიფო რესურსი ხეების გადატანისთვის - ჯონი ღლონტმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ ეს მას არ ეხება. შევეცადეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, დავკავშირდებოდით. ჩვენი კითხვები ელექტროენერგიის შეწყვეტას, გზაზე გაფუჭებულ საგზაო ნიშნებს, ბუნებრივი აირის მილებსა და იმ სხვა ზარალს შეეხებოდა, რომელიც სოფელს ხეების გადატანის გამო ადგება. მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის პიარ-სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ. კითხვებით კერძო კომპანიებს „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და „სოკარს“ უნდა მივმართოთ. 

ბიზნესმენსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, გიგანტური ხეები  როგორც გურიიდან, ასევე აჭარიდან გადააქვს. როგორც „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი უძილაურმა „ლიბერალს“ განუცხადა, დაახლოებით 60-მდე ხის გადარგვა იგეგმება, რაც, სავარაუდოდ, 2 წელი გაგრძელდება. უძილაურის თქმით, პარკის ფართობი ჯერ არ არის მკაცრად განსაზღვრული.

„ძალიან რთულია წინასწარ თქმა. შეიძლება, გაიზარდოს და სხვა კომპონენტები დაემატოს. ჯერ რამდენიმე ჰექტარზეა ლაპარაკი“,  - ამბობს უძილაური.

გარემოს დამცველები და აქტივისტები გარემოსთვის მიყენებულ დიდ ზიანზე საუბრობენ, რასაც გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი სრულად უარყოფს. გარემოს დამცველი ნატა ფერაძის თქმით, გადატანილი ხეების გახარების პროცენტი ძალიან მცირეა. თუმცა ამაზე მეტად მნიშვნელოვანი ის ზიანია, რომელიც ხეების გადატანის გამო უშუალოდ იმ ადგილს ადგება, საიდანაც ხეები გადააქვთ, შემდეგ არის უკვე ეკოლოგია.

ამოგლეჯილი მცენარეების ადგილი ჭაობდება, მაგ: როგორც მოხდა ციხისძირში ამოთხრილი ლირიოდენდრონის ადგილას. დაჭაობებას 100 წელზე მეტი სჭირდება. ახლა ის ადგილი დატბორილია. ამ მცენარეების მთავარი ფუნქცია გრუნტიდან ზედმეტი წყლის მოსპობა იყო, რათა არ გაჩენილიყო ჭაობი. ევკალიპტებიც მალარიის კოღოსგან იცავდა გარემოსამ ხეების ამოთხრის შემდეგ კი ამ ადგილზე დაიწყება ნიადაგის გაუდაბურება, რითაც ზიანს ვაყენებთ არამარტო გურიასა და აჭარას, არამედ მთელ ეკოსისტემას. ვფიქრობ, რომ მსოფლიო საზოგადოებამ ყურადღება უნდა გამოაჩინოს და რაღაცნაირად უნდა შეაჩეროს ეს მავნებლობა“, - ამბობს ფერაძე.

როგორც აქტივისტი და გარემოს დამცველი, ნატა ფერაძე გვიყვება „დენდროლოგიური პარკი“ სამეცნიერო ტერმინია და რასაც ბიძინა აკეთებს, მას ეს ტერმინი სულაც არ შეეფერება.

დენდროლოგიური პარკი არის დენდროლოგიურ-სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, სადაც დაიშვებიან მნახველებიც და ეს შორსაა იმისგან, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ  გამოვითხოვეთ  ინფორმაცია და ოფიციალურად არსად საბუთდება, რომ ეს კერძო ტერიტორია არ იქნება“, - ამბობს ის

ასწლოვანი ხეების გადაადგილება რომ საფრთხეს უქმნის გარემოს... მე უფრო პოლიტიკურად შეფერილი პრეტენზია მგონია“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა.

გურიასა და აჭარაში გზად უამრავ მონიშნულ, ამოთხრილ და ნახევრად ამოთხრილ ხეს ნახავთ. ზოგი ზღვის ნაპირას დგას და მზად არის ზღვაში შესასვლელად, ზოგიც სატვირთო მანქანებს ელოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა ლანჩხუთის სოფელ ჯურყვეთიდან ივანიშვილმა ხე საჰაერო გზითაც გადაიტანოსო.  სოფლის მცხოვრებთა სალაპარაკო თემა ამ სანახაობის აღწერას სცდება და სოციალური პრობლემების სიმწვავეში გადადის. ის ადამიანებიც კი, რომლებმაც ხეები გაყიდეს, ამ ფაქტს ემოციურ ტრავმად აღიქვამენ.

რეპორტაჟის გაკეთებისას სოფელში თითქმის ყველა გვთხოვდა, რომ მათი სახელები და გვარები დაგვემალა.

 მაინც არაფერი შეიცვლება, აზრი არ აქვს დაწერას. თქვენამდე სამი ჟურნალისტი იყო ჩემთან, - ასე დაგვემშვიდობა  თინა გობრონიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^