Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TIMSS, PISA და სახელმწიფო შეფასება - მინისტრმა კვლევების შედეგების პრეზენტაცია გამართა

05 მაისი 2017

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებსა და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე  პრეზენტაცია გამართა.

„ვითარება არის რთული, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით იმ ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, რომებიც იღებენ მონაწილეობას ამ კვლევებში. მთვარი რაზეც უნდა დავფიქრდეთ არის ის, თუ რატომ დადგა ასეთი შედეგები და კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ ამ შედეგების გაუმჯობესებისათვის. პირველი ნაბიჯი ამ პროცესში იყო მედიასთან შეხვედრა“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კვლევების შედეგების გაანალიზებისათვის და სამომავლოდ სამოქმდო გეგმის დასახვისათვის დაგეგმილია აქტიური მუშაობა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. მინისტრის თქმით, მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის დირექტორთა საბჭო, მასწავლებლის პროფკავშირი და დარგობრივი გაერთიანებები, უმაღლესი სასწავლებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

მინისტრის თქმით, ივნისში გაიმართება კონფერენცია, სადაც ერთთვიანი მუშაობის შედეგები შეჯამდება და კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები დაიგეგმება.

პრეზენტაციისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოფლის სკოლებსა და არაქართულენოვან სკოლებზე.

უფრო კონკრეტულად კი, მინისტრის შეფასებით, ეროვნულმა კვლევამ მნიშვნელოვანი პრობლემები აჩვენა ამ კითხით,- სოფლის სკოლებს უარესი შედეგები აქვთ ვიდრე ქალაქის სკოლებს; საჯარო სკოლების მოსწავლეთა შედეგები ჩამორჩება კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგებს; არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა შედეგები ჩამორჩება ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა შედეგებს.

„ძალიან სამწუხაროა ის დიდი განსხვავებები, რაც ქვეყნის შიგნით ჩანს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ოპერატიულად გვაქვს ყურადღება გასამახვილებელი ამ საკითხებზე.  კვლევების მომდევნო ციკლისთვის, ჩვენ გვაქვს პერიოდი, რომელიც სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ, რომ შემდგომი კვლევის შედეგები უკეთესი იყოს“,- განაცხადა მან.

შეხვედრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შეფასების კვლევის შედეგებზე, რომლის თანახმადაც, პედაგოგთა სერტიფიცირების მაჩვენებელი პირდაპირ გავლენას არ ახდნს სწავლის ხარისხზე. მისივე თქმით, იმ სკოლებში, სადაც პედაგოგთა დაახლოებით 60% სერტიფიცირებულია, სკოლაში არსებული სიტუაცია რადიკალურად არ განსხვავდება იმ სკოლის შეფასების მაჩვენებლისგან, სადაც სერტიფიცირებულთა რაოდენობა 20%-ია. მისივე თქმით, სკოლებში სადაც მასწავლებლები მოტივირებულნი არიან, განსხვავებული შედეგებია იმ სკოლებთან შედარებით, სადაც მასწავლებლები დემოტივირებულები არიან. მინისტრის განმარტებით, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდას. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. 

მინისტრის თქმით, მოგვიანებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლევების შედეგებთან დაკავშირებით უფრო დეტალურ პრეზენტაციას გამართავს.

სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებებს საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უძღვება.

TIMSS

2015 წლის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში.

კვლევის თანახმად, მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28%, მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს. ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს. კვლევის მიხედვით, მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება. 

კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო ნიშნული 500 ქულაა, საქართველოსი - 450. 

TIMSS-ი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. TIMSS-ის საგანმანათლებლო კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა ფასდება. ასევე კვლევაში ასახულია ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე.

საქართველომ კვლევის სამ ციკლში (2007, 2011, 2015 წლები) მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს TIMSS-ის კვლევაში 153 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. 

PISA

2015 წლის შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს. კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 490 ქულაა, საქართველოსი - 404.

PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. . PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.

PISA 2015 სულ 72 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის 35 OECD-ის წევრია. დაახლოებით 540 000 მოსწავლე წარმოადგენდა თავის ქვეყანას, აქედან 6000-ზე მეტი ქართველი მოსწავლე იყო, რომლებიც თავის მხრივ 263 სკოლიდან შეირჩნენ.

PISA-ს ახორციელებს ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაცია (OECD). საქართველო კვლევაში 2009 წლიდან მონაწილეობს. მომდევნო ციკლი 2018 წელს იგეგმება. 

სახელმწიფო შეფასება

სახელმწიფო შეფასება აჩვენებს, რომ დაგეგმილ და მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის არსებითი სხვაობაა. მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3%; ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში 49,1%, ხოლო ბიოლოგიაში 13,3% ვერ ახერხებს.

კვლევამ განსაკუთრებით დაბალი შედეგი აჩვენა  იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.

კვლევით დგინდება, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები არსებითად  ჩამორჩება ქალაქში მცხოვრებ თანატოლების მიღწევებს. თვალსაჩინოა, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში.

სახელმწიფო შეფასების მიღწევის ტესტი სრულად ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. კვლევის პირველი ტალღა 2015-2016  წლებში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 16 000 მოსწავლე, 15 000 მშობელი და 1000 მასწავლებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^