Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საფრანგეთის რთული არჩევანი

07 მაისი 2017

1993 წელს საფრანგეთის ქალაქ ამიენში ერთ-ერთი კერძო სკოლის სააქტო დარბაზში მსხდომი მაყურებლები, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მათ წინაშე სცენაზე მდგომი, „საფრთხობელას“ ფორმაში გამწყობილი ახალგაზრდა - პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო ამავე სასწავლებლის თეატრალური წრის ხელმძღვანელი - მისი მეუღლე გახდებოდა.  25 წლის შემდეგ 39 წლის ეუმანუელ მაკრონი და მისი 64 წლის მეუღლე ბრიჯიტ ტრონიო მხარდამჭერებს ახალგაზრდა პოლიტიკოსის საარჩევნო შტაბის სცენიდან მიესლამნენ. მოძრაობა En Marche-ს ლიდერი  დღეს საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი გახლავთ.  პოლიტიკურ სცენაზე დამოუკიდებელ მოთამაშედ დებიუტიდან ერთ წელიწადში, მაკრონმა მოახერხა საფრანგეთის ორი ყველაზე ძლიერი პარტიის კანდიდატი დაემარცხებინა და მეტიც, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ორივეს მხარდაჭერაც მიეღო. ფრანგმა სოციალისტებმა და რესპულიკელებმაც ამომრჩევლებს მოუწოდეს  ხმა მაკრონს მისცენ. მას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირმა და აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა ბარაკ ობამამაც.

ახალი პოლიტიკური რეალობა

ემანუელ მაკრონისა და მისი En Marche-ს წარმატებული სტარტი ბევრისთვის მოულოდნელი იყო.  ეკონომიკის მინისტრის მიერ მოძრაობის დაფუძნება ფრანსუა ოლანდის მთავრობის ზოგიერთმა წევრმა თავდაპირველად გულუბრყვილობად მიიჩნია. თუმცა მაკრონს ფარ-ხმალი არ დაუყრია. დღეს  En Marche-ს 250 ათასი რეგისტრირებული წევრი ჰყავს.  მათი უმრავლესობა უპარტიო ახალგაზრდაა. მოძრაობის მთავარი პრინციპების ჩამოყალიბებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხალისეებმა საფრანგეთის მასშტაბით, სოციოლოგიური . მსგავს ხერხს 2008 წლის არჩევენების წინ აშშ-ში ბარაკ ობამას შტაბმაც მიმართა. როგორც აღმოჩნდა  ფრანგების უმეტესობა უკმაყოფილოა არსებული პოლიტიკური სისტემით, რომელიც როგორც მაკრონი ამბობს, ჩიხშია შესული. „ახალი იდეების უმრავლესობას განხორციელება არ უწერია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის თავად სისტემას“ - განაცხადა მაკრონმა. En Marche-ს სწრაფ აღზევებას დიდწილად სწორედ ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მიმართ ამომრჩეველთა უკმაყოფილებამ შეუწყო ხელი. ანალოგიური შეიძლება ითქვას მაკრონის ოპონენტ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენზეც, რომელმაც საზოგადოებაში დაგროვილი უარყოფით მუხტი  სათავისოდ გამოიყენა.  გასხვავება იმაშია, რომ მაკრონი თავადაა იმ პოლიტიკური ელიტის პროდუქტი, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული მისი საარჩევნო კამპანია. ერთ დროს წარმატებული ბანკირის პორტფელში ისეთ კომპანიებთან გაფორმებული 9 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტებია, როგორიც არის კვების პროდუქტების მწარმოებელი Nestle და ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი Pfizer-ი. მაკრონს აქვს ელისეის სასახლესა და მინისტრთა კაბინეტში მუშაობის გამოცდილებაც.  ყველაზე ხშირად მას ლიბერალური ეკონომიკის მომხრე მემარცხენეს უწოდებენ. En Marche-ს ლიდერისთვის დღეს საფრანგეთში პოლიტიკური ბრძოლა არა მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიებს, არამედ იზოლაციონიზმის და გლობალიზაციის იდეებს შორის მიმდინაორებს.  ახალგაზრდა ცენტრისტი მისაღებია ევროკავშირისთვისაც. მაკრონი ერთადერთი აღმოჩნდა პრეზიდენტობის 11 კანდიდატს შორის, რომელიც ენთუზიაზმითაა განწყობილი ევროკავშირის მომავლის მიმართ. ცხადია, მას ბრიუსელთან კონკრეტული მოთხოვნები ექნება, თუმცა მაკრონის მიერ წარდგენილი პროგრამის, მარინ ლე პენის გეგმებთან შედარებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბრიჯიტის ეფექტი

საფრანგეთის ისტორიაში სახელმწიფოს მეთეურთა ფავორიტი ქალები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. საკმარისია გავიხსენოთ მეფე ანრი II-ს სატრფო დიანა დე პუატიე (სხვათაშორის, ის მეფეზე 20 წლით უფროსი იყო) ან მადამ დე პომპადური, რომელსაც ლუდოვიკო XV-ს „უგვირგვინო დედოფალს“ ეძახდნენ.  ორივე აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში და გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენას ახდენდა.  ყურადღებას არასდროს უჩიოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტების თანამეცხედრეებიც.  ამ მხრივ გამორჩეული  ნიკოლა სარკოზის მეორე მეუღლე კარლა ბრუნი იყო, რომელიც საფრანგეთის ყოფილ ლიდერს პოპულარობით არ ჩამოუვარდებოდა. სოციალისტი ფრანსუა ოლანდის პირველი პარტნიორი და 4 შვილის დედა სეგოლენ რუალი კი გავლენიანი პოლიტიკოსია. ის დღემდე საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის წევრია. ამიტომ, არავის გაკვირვებია, როდესაც საფრანგეთის მომავალმა პირველმა ლედიმ  საერთაშორისო მედიის ყურადღება იოლად მიიპყრო. ბრიჯიტ ტრონიო ცნობილი ფრანგი კონდიტერის შვილია. ორცხობილა „მაკრუნების“ ცხობას, მან ფრანგული და ლათინური ენის პედაგოგობა არჩია. ეს საბედისწერო ნაბიჯი გამოდგა. მომავალი მეუღლე ბრიჯიტმა სწორედ სკოლაში გაიცნო. ემანუელ მაკრონი მისი მოსწავლე იყო. მომავალი პოლიტიკოსის მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებმაც შვილი პარიზში გააგზავნეს, ემანუელმა ყოფილ პედაგოგთან ურთიერთობა არც სწავლის დასრულების შემდეგ შეწყვიტა. 2007 წელს კი ბრიჯიტი მეუღლეს დაშორდა და ემანუელ მაკრონზე დაქორწინდა. ახლა ყოფილი მასწავლებელი  პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩვენო შევხედრების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობს და მისი  სიტყვით გამოსვლის ტექსტებზე მუშაობს. ბევრი ვარაუდობს, რომ  ბრიჯიტი მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან ადგილი დაიკავებს..ერთი კი ნათელია,  სიყვარულის არაჩვეულებრივი ისტორია, ერთი შეხედვით სტანდარტული კარიერის მქონე ახალგაზრდა პოლიტიკოსს, საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლების მოხიბლვაში ნამდვილად დაეხმარა.  თუმცა, ეს ნამდვილად ვერ იქნება გადამწყვეტი.

„უხილავი ამომრჩევლები“ და ახალგაზრდები

ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელზეც ფრანგული მედია საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურის წინ ამახვილებდა ყურადღებას - ამომრჩევლების აქტიურობაა. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მოქალაქეთა 25%-ზე მეტი ხმის მიცემას არ აპირებს. განსაკუთრებით თვალშისაცემია მემარცხენეთა იმედგაცურება. ჟან-ლუკ მელენშონის მხარდამჭერები პირველი ტურის დასრულებისთანავე გავიდნენ ქუჩებში. „არც მაკრონი. არც ლე პენი“ - სკანდირებდნენ აქტივისტები, რომელთა დიდმა ნაწილმაც 23 აპრილს საარჩვენო ბიულეტენი ყუთში პირველად ჩააგდო. ცხადია, ახალგაზრდებს ჰქონდათ განცდა, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. შედეგი ბევრისთვის მიუღებელი გამოდგა. მელენშონის მომხრეები სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელის გაუქმებას და სოციალური სამართლიანობის აღდეგას ითხოვენ.  არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის დიდი სურვილი არც კოსერვატორი ფრანსუა ფიიონის მხარდამჭერებს ეტყობათ.  ისინი ემანუელ მაკრონს „ზედმეტად სოციალისტური“, ხოლო მარინ ლე პენს „ზედმეტად რადიკალური“ მიდგომების გამო აკრიტიკებენ. ამავე დროს ფიიონის ამომრჩეველი განაწყენებულია მედიაზე, რომელმაც მათი აზრით. ხელი შეუწყო რესპუბლიკური პარტიის ფავორიტის გარშემო კორუფციურლი სკანდალის აგორებას. ეს ყოველივე კი ფრანსუა ფიიონის მარცხით დასრულდა.  საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართული ფინალური სატელევიზიო დებატების დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ისიც რომ  ამომრჩევლები, რომლებმაც პირველ ტურში ხმა არც ემანუელ მაკრონს და არც მარინ ლე პენს მისცეს, კვლავ „ჩრდილში“ რჩებიან. საუბარია არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა 55 პროცენტზე. მათი მთავარი წუხილი უმუშევრობაა, რომელსაც დებატების დროს კანდიდატებმა ყველაზე ნაკლები დრო დაუთმეს. ანალოგიური ბედი ეწია განათლების საკითხსაც. რომელ კანდიდატს აძლევს ხელს ამომრჩევლეთა დაბალი აქტივობა, წინასწარ რთული სათქმელია.  CEVIPOF/Ipsos -ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ორ კანდიდატს რადიკალურად განსხვავებული ელექტორატი ჰყავს. ქალები, უმაღლესი განათლებისა და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ამომრჩევლები, რომელთა ასაკიც 35-ს არ აღამატება ან 65 წელს ზემოთაა და ასევე დიდი ქალაქების მცხოვრებლების უმეტესობაც ხმას ემანუელ მაკრონს აძლევს. მარინ ლე პენის ამომრჩევლები კი  35-დან 65 წლამდე მამაკაცები არიან. ძირითადად უმუშევრები, ფერმერები და პროვინციის ან პატარა ქალაქების მცხოვრებლები.

არჩევნების შემდეგ

ემანუელ მაკრონის გამარჯვების შემთხვევაშიც კი En Marche-ს ლიდერს გადამწყვეტი ბროძოლა წინ აქვს. ელისეის სასახლეში მოხვედრის შემდეგ მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომელიც ივნისის დასაწყისშია დაგეგემილი. თუ მაკრონს დაგეგმილი რეფორმების ხორცშესხმა სურს, მაშინ მისი ახალი მოძრაობის წევრებმა საკანონმდებელო ორგანოში უმრავლესობის მოპოვებმა უნდა შეძლონ. ამჟამად En Marche-ს მხოლოდ 14 დეპუტატობის კანდიდატი ჰყავს წარდგენილი. აბსოლუტური უმრავლეობის მოსაპოვებლად 298-ია საჭირო. პარლამენტის თანხმობის გარეშე მაკრონი ვერ დანიშნავს სასურველ პრემიერ მინისტრს, რაც ახალგაზრდა პოლიტიკოსს დიდი პრობლემებს შეუქმნის. OpinionWay-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, En Marche-ს მთავარი კონკურენტი რესპუბლიკური პარტია იქნება. სოციალისტები ადგილებს დაკარგავენ, ხოლო მარინ ლე პენის „ნაციონალური ფრონტის“ წევრები, სავარაუდოდ. მსოლოდ 25 მანდატს მიიღებენ.  წინასაარჩვენოდ მემარჯვენეთა  კონსოლიდაცია, მაშინ როდესაც მემარცხენეთა დიდი ნაწილი ჟან ლუკ მელენშონის მარცხით იმედგაცრუებულია, ახალი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, ასევე წამგებიანი აღმოჩნდეს. En Marche-ს არ ექნება საკამარისი დაფინანსება იმისთვის რომ საპარლამენტო არჩევნების წინ სრულფასოვანი კამპანია ჩაატაროს. საფრანგეთში მოქმედი კანონით, ბიუჯეტიდან დაფინანსებას პარტიები წინა არჩევნებზე მიღწეული შედეგების მიხედვით იღებენ. მაკრონის მოძრაობას, რომელსაც ის პარტიას დღემდე არ ეძახის, ჯერ არასდროს მიუღია მონაწილეობა კენჭისყრაში. ამას ემატება მკაცრი კრიტერიუმები, რომელიც მარკონმა En Marche-ს თავად დაუწესა. ის ამომრჩევლებს დაპირდა, რომ კანდიდატების 50%-ს პარლამენტში მუშაობის გამოცდილება არ ექნება. ისინი უნდა წარმოადგენდნენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და მათგან ნახევარი ქალი უნდა იყოს. ამავე დროს En Marche-ს სახელით კენჭისყრის შემთხვევაში კანდიდატმა სხვა პოლიტიკური პარტიის წევრობაზე უარი უნდა თქვას. საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასთან ერთად ემანუელ მაკრონს წინამორბედი პრეზიდენტების მიერ დატოვებულ მემკვიდრეობასთან გამკლავებაც მოუწვეს. ნიკოლა სარკოზიმ და ფრანსუა ოლანდმა როგროც არჩევნების შედეგებში გამოჩნდა ვერ შეძლეს საფრანგეთში სიღრმისეული ეკონომიკური და სოციალური რეფორმის გატარება. სწორედ ამის გამო მოქალაქეთა უმრავლესობამ სოციალისტებს და რესპუბლიკელებს ხმა აღარ მისცა. მაკრონის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მოქმედი პოლიტიკური სისტემით იმედგაცრუებული ამომრჩევლებისთვის თვითდაჯერებულების დაბრუნება იქნება. ეს რთული ამოცანაა. თუმცა En Marche-ს ლიდერმა უკვე რამდენჯერმე დაამტკიცა რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. თუ 7 მაისს საფრანგეთის ლიდერად დამოუკიდებელი კანდიდატი ემანუელ მაკრონი აირჩიეს, ფრანგულ პოლიტიკაში ნამდვილად ახალი ეპოქა დაიწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^