Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლა და რეგულაციები - რა უშლის ხელს სასწავლო პროცესს

08 მაისი 2017

განათლების სისტემაში არსებული ზოგიერთი რეგულაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე,- სასკოლო საზოგადოების წევრები და განათლების სპეციალისტები იმ ნორმებზე საუბრობენ, რომლებიც მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს უშლის ხელს.

დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სკოლების გაძლიერება და განვითარება ვერ მოხდება  მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციების ხარჯზე; მნიშვნელოვანია,  თავად სასკოლო საზოგადოებაში მოიძებნონ ადამიანები, რომლებიც თემში არსებულ თვითორგანიზებულ ჯგუფებთან თანამშრომლობით სკოლების განვითარებაზე იზრუნებენ.

განვიხილოთ სასკოლო რეგულაციების რამდენიმე ნიმუში, რომლებსაც სასკოლო საზოგადოების წევრები და სპეციალისტები პრობლემურად მიიჩნევენ.

სასწავლო წლის კალენდარი

დღესდღეობით ქვეყნის 2100-მდე საჯარო სკოლისთვის სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღი, ასევე არდადეგების პერიოდი სახელმწიფოს მიერ ერთნაირად რეგულირდება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი უნიფიცირებული მიდგომა განსაკუთრებით მოუხერხებელია რეგიონებში მდებარე სკოლებისათვის, სადაც განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები და თემში არსებული საჭიროებები ინდივიდუალური გამოწვევების წინაშე აყენებს სკოლებს. მათი შეფასებით, ოპტიმალური იქნება თუკი სამინისტრო განსაზღვრავს აკადემიურ კვირათა რაოდენობას, ხოლო არდადეგებს სკოლა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე გაანაწილებს.

სწორედ ამგვარი ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ საუბრობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის საჯარო სკოლის დირექტორი - რიმა მკოიანი.

„სასწავლო პროცესში პრობლემურია გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი, როცა ჩვენი სკოლის უფროსკლასელები ოჯახებს სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ეხმარებიან. ჩვენს რაიონში, ძირითადად, კარტოფილი მოჰყავთ. ოჯახებს კარტოფილი 3-5 ჰექტარზე აქვთ დათესილი. ხვნა-თესვისა და მოსავლის აღების პერიოდში ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართული, რაც აისახება მათ დასწრებაზე, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის სასწავლო პროცესს“, - ჰყვება ის.

მისი თქმით, უმჯობესი იქნება, სკოლამ თვითონ შეარჩიოს არდადეგებისთვის ისეთი დრო, რომელიც, ერთი მხრივ, თემში არსებულ საჭიროებებსაც მოერგება და რეგიონისთვის დამახასიათებელ ცივ კლიმატსაც. ჰყვება, რომ ზამთრის არდადეგები ხანმოკლეა. სკოლა შეშის ღუმლით თბება. სიცივის გამო გვიან გაზაფხულამდე უწევთ ღუმელის დანთება, რაც დამატებითი ხარჯიცაა.

მესტიის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო გვარლიანი კი მიიჩნევს, რომ უფრო მოსახერხებელი იქნება, თუკი რეგიონში არსებულ სკოლებს ერთნაირი სასწავლო კალენდარი ექნება, ვინაიდან, მისი თქმით, რეგიონში არსებული სკოლები ერთმანეთზე გარკვეულ გავლენას ახდენენ.

„მინიმუმ ათი დღის ინდივიდუალურად გადანაწილება ალბათ ყველაზე ოპტიმალური იქნება. სხვა მხრივ ჩვენი დაბისთვის მოსახერხებელია სექტემბერში სწავლის, ხოლო ივნისში საზაფხულო არდადეგების დაწყება“,- ამბობს ნატო გვარლიანი.

მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებული სქემა მთავრობამ მიმდინარე წლის 24 იანვარს დაამტკიცა. სქემის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ პედაგოგებს პროფესიული და საგნობრივი გამოცდის ჩაბარების გარდა, კრედიტქულების დაგროვება სხვა აქტივობებითაც შეუძლიათ. მასწავლებლის სახლმა მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები შეიმუშავა. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც სქემის აქტივობები უნდა შეფასდეს. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული კრიტერიუმებით ფასდება, რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის საქმიანობა, რომ მან ამ აქტივობისთვის კრედიტქულა მოიპოვოს.

„ხელოვნურად თავსმოხვეული პროცესი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას“ - ამგვარად შეაფასა სპეციალისტთა ნაწილმა განახლებული სქემა. მათი შეფასებით, აქტივობების ახალი ჩამონათვალი, რომელთა შორის ისეთი აქტივობებიცაა, რომელიც წესით პედაგოგთა პროფესიული ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს, მასწავლებლებს კრედიტების დაგროვებაზე  უფრო ხდის ორიენტირებულს, ვიდრე სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებაზე. 

თბილისის #21-ე საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი მიიჩნევს, რომ სტანდარტიზებული შეფასების არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროა სტანდარტი მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნას უწესებდეს მასწავლებლებს, რათა დოკუმენტმა არ შეზღუდოს და მოტივაცია არ დაუკარგოს იმ მასწავლებლებს, რომელთათვისაც სწავლა-სწავლების უფრო მაღალი თამასა არსებობს.

„ეს რისკი გარკვეულწილად ჩვენს სკოლაში უკვე გამოჩნდა. არსებობს უნიფიცირებული მიდგომის პრობლემა. თუკი მას სკოლა ინდივიდუალურად დაარეგულირებდა, მე მასწავლებლებისთვის გაცილებით მაღალი თამასა მექნებოდა. მაგალითისთვის, ამ პირობებში ვატყობ, რომ ჩვენი მასწავლებლებისთვის თამასამ დაიწია, როცა სტანდარტი გარკვეული აქტივობების კონკრეტულ რაოდენობას უწესებს მათ, მასწავლებლები ორიენტირებული ხდებიან ის დავალება შეასრულონ, რომელიც საკმარისია სტატუსის შენარჩუნებისთვის“,- ამბობს თამარ ამზაშვილი.

ამავე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ხიდაშელი, რომელიც სკოლის შეფასების ჯგუფის წევრიცაა, მიიჩნევს, რომ სტანდარტი ზედმეტ ბიუროკრატიაში ხვევს მასწავლებლებს.

„სქემა რეალურად მხოლოდ კარიერულ წინსვლას ემსახურება და არა სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას. ამას ჩემს პრაქტიკაზე დაყრდნობით ვამბობ, შეფასების ჯგუფის მუშაობის პროცესში უფრო ადვილია, დაინახო პრაქტიკული პრობლემები, რომლებიც თეორიულ დონეზე ნაკლებად ჩანს. მასწავლებლების ინტერესი უფრო ხელფასი და სტატუსია. ზრუნავენ ვალდებულებების მოშორებაზე და არა საკუთარ განვითარებაზე. მოსწავლე და მისი ინტერესები გვერდზე რჩება“.

მაია ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სკოლა უფრო მეტად ავტონომიური და დამოუკიდებელი უნდა იყოს მასწავლებლების შეფასებისას. მისივე თქმით, ამ ინსტრუმენტებმა დადებითად შეიძლება იმოქმედოს იმ კადრებისთვის, ვინც „მიძინებულია“. თუმცა, მისი თქმით, აქტიური მასწავლებლებიც ინიციატივებს ნაკლებად იჩენენ და სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო აქტივობების შესრულებით კმაყოფილდებიან. 

ამ თვალსაზრისით კერძო სკოლებიც შეზღუდული არიან,- ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე და განმარტავს, რომ კანონმდებლობა თითქოს მათ საშუალებას აძლევს, თავად ჰქონდეთ პროფესიული განვითარების სქემა, მაგრამ ავტორიზაციის საბჭო ყოველთვის ინტერესდება რამდენი მასწავლებელი ჰყავთ ჩართული პროფესიული განვითარების სქემაში.

„იმ კერძო სკოლებს, რომელსაც თავიანთი ალტერნატიული მოდელი აქვთ, მასწავლებლის განვითარებისა და შეფასების მეტი პრობლემა ექმნებათ, ვიდრე სკოლებს, რომლებიც მასწავლებლის სახლის სქემას მიჰყვებიან“, - ამბობს ის.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი, მანანა რატიანი ამბობს, იმის გამო, რომ ქართულ სკოლებს აქამდე მასწავლებელთა შეფასების არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, რისკებზე საუბარი ნაადრევია.

„მინიმუმ 1-2 წელი უნდა იყოს ეს ინსტრუმენტები სისტემაში დანერგილი, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე შევაფასოთ - აღნიშნული შეფასების ინსტრუმენტებმა მასწავლებლები უფრო აქტიურები და მოტივირებულები გახადეს, თუ პირიქით, ნაკლებად მოტივირებულები. ამგვარი დასკვნები კვლევებს, დაკვირვებებს, გამოცდილებას უნდა ეფუძნებოდეს“. 

მანანა რატიანი ამბობს, რომ ხარვეზების გამოსავლენად სქემასთან დაკავშირებით კვლევა შარშანაც ჩატარდა და წელსაც ჩატარდება. განახლებულ სქემაში შესული ცვლილებები კი სწორედ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. მისი თქმით, განახლებული სქემა მასწავლებლებს მეტ დამოუკიდებლობას აძლევს. „რა თქმა უნდა, ამ პროცესს მივყვებით, თვალყურს ვადევნებთ, ვნახულობთ, მასწავლებლები რას აკეთებენ. სქემა არ არის სტატიკური დოკუმენტი, რომელიც არ შეიცვლება, გამოცდილებასთან ერთად ის დაიხვეწება და განვითარდება“,- ამბობს მანანა რატიანი. 

რაც შეეხება მასწავლებლების შეფასებისას საერთო სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებას, რატიანი ამბობს, რომ თუკი სკოლები „თავს გამოიჩენენ“ და აჩვენებენ, რომ მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებათ და შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება, იგი არ გამორიცხავს, რომ სკოლებს ინდივიდუალური, ალტერნატიული პროფესიული განვითარების მექანიზმები ჰქონდეთ.

ბრძანება #837

ბრძანება #837 საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ლექციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების პროცესს არეგულირებს. უფრო კონკრეტულად კი ბრძანების თანახმად, აღნიშნული აქტივობები სკოლებში მხოლოდ განათლების სამინისტროს თანხმობით უნდა ტარდებოდეს. ბრძანება 2010 წელს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.

სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ დღემდე მათ სკოლებთან ურთიერთობა სწორედ აღნიშნული ბრძანების „გავლით“ უწევთ.

„2010 წელს გამოცემული ბრძანება სკოლებზე გაძლიერებული კონტროლის ბერკეტი იყო“ - იხსენებს განათლების სპეციალისტი, სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი თამარ მოსიაშვილი. მისი თქმით, დღესდღეობით ვითარება შეიცვალა, თუკი 2010-2012 წლებში სკოლებთან ურთიერთობა შეუძლებელი იყო, დღეს ეს პრობლემა არ დგას, ორგანიზაციებს სკოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ეს თანამშრომლობა კვლავ ამ ბრძანების საფუძველზე ხდება.

„ახლა მნიშვნელოვანია, დავსვათ შეკითხვა - გვჭირდება თუ არა #837 ბრძანება? ილუზიაა, რომ რეგულაციები აძლიერებენ სკოლას. სკოლას ავითარებს ადამიანებს შორის ურთიერთობა. ყველა საუბრობს, რომ ჩვენ გვინდა კარგი და ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, და მის გასაუმჯობესებლად უამრავი ინიციატივა ვიხილეთ. ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა ნიშნავს ძლიერ 2100 საჯარო სკოლას. საჯარო სკოლის გაძლიერება ვერ მოხდება სახელმწიფო რეგულაციების  ხარჯზე.  თვითონ სკოლასა და თემში უნდა მოიძებნონ ადამიანები, რომლებიც სკოლების განვითარებაზე იზრუნებენ. და როცა სკოლა თემში თვითორგანიზებულ ჯგუფებს მოძებნის, თანამშრომლობისთვის ნებართვის აღება მას სახელმწიფო უწყებისგან არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან რაც უფრო თავისუფალია ეს ურთიერთობა, მით უფრო ნაყოფიერია თანამშრომლობა“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

ამავე პრაქტიკაზე საუბრობს შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, სკოლები თითქოს გათავისუფლდნენ, მაგრამ 2012 წლიდან დღემდე რამდენიმე წერილი მიიღო სამინისტროდან, სადაც ღონისძიებების ჩატარების შესახებ შეკითხვებს სწორედ ამ ბრძანებაზე აპელირებით სვამენ.

„რეალურად ხდება ასე - სკოლას რომ მასთან თანამშრომლობის სურვილით მიმართო, ის გირჩევს, რომ სამინისტრო ჩააყენო საქმის კურსში, მისგან გქონდეს წერილი, რომლითაც დადასტურდება, რომ ორგანიზაციას სკოლასთან თანამშრომლობა შეუძლია. როცა სამინისტროს მიმართავ, ის გეტყვის, რომ სკოლა ავტონომიური და დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლებთან ურთიერთობა არ გვიჭირს, ფაქტია, რომ ამ ბრძანებას ვერ ელევიან, სამინისტროს სურს ფლობდეს ინფორმაციას ყველა ღონისძიების შესახებ, რომელიც სკოლაში ტარდება“.

შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ეს გარკვეულწილად ბარიერებს უქმნის სკოლას საზოგადოებასთან ურთიერთობისას და სკოლა „ზედმეტ თავის ტკივილს“ ერიდება, თუმცა, მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი სკოლის დირექტორზეა დამოკიდებული: „პრაქტიკა ცხადყოფს, რომ  არიან სკოლის დირექტორები, რომლებიც სულაც არ აბარებენ ანგარიშს სამინისტროს და ინიციატივების გამოჩენასაც არ ერიდებიან, რომ თავად დაუკავშირდნენ და ეთანამშრომლონ ორგანიზაციებს. თუმცა არიან ისეთი დირექტორებიც, რომლებიც ფრთხილობენ და პრობლემებისგან თავის არიდების მიზნით, ინიციატივებს ნაკლებად იჩენენ. დღევანდელი რეგულაციები და პრაქტიკა კი, რაც ამ რეგულაციების მიღმა არსებობს, ხელს უწყობს მათ“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ #837 ბრძანება მოქმედია. შესაბამისად, სკოლებში ჩასატარებელ ლექციებზე, სემინარებსა და ტრენინგებზე სამინისტროს მიმართავენ ხოლმე. სამინისტრო შეისწავლის ღონისძიების მიზნობრიობასა და შინაარსს და თუკი ის არ უკავშირდება რაიმე რისკს, მაგალითად, დისკრიმინაციას, სიძულვილს, კონფლიქტს, შუღლის გაღვივებას და ა.შ., ასეთ შემთხვევაში სკოლასთან ურთიერთობის ყველა ბარიერი მოხსნილია. მათივე ინფორმაციით, სამინისტროს მხრიდან ღონისძიების ჩატარების თაობაზე უარყოფითი პასუხების რაოდენობა 1%-საც კი არ აღწევს.

„ლიბერალმა“, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით სამინისტროში კომპეტენტურ პირთან საუბარი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით - „დროის უქონლობის გამო“.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან რისკებით აპელირება ნაკლებად არგუმენტირებულია. მათი თქმით, ამ რისკების შესამცირებლად არსებობს სხვა ბერკეტებიც. „ვურჩევდი სამინისტროს, რომ მეტად დააკონკრეტონ, თუ რა შემთხვევაში სჭირდებათ სკოლებსა და რესურსცენტრებს სამინისტროს მხრიდან ნებართვა. რადგან მარტივ საინფორმაციო შეხვედრებზე - ახალი სახელმძღვანელოს შექმნის, ახალი სასწავლო მეთოდიკის გაცნობის და ა.შ. შესახებ - სამინისტროდან ნებართვის აღება სისულელეა“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

უნიფიცირებული რეგულაციები მოტივირებულ სკოლებს ახალი ინიციატივების დანერგვის მოტივაციას უკარგავს, - ამბობს თამარ მოსიაშვილი და განმარტავს, რომ სკოლების წარუმატებლობაზე  პასუხისმგებლობა რეგულაციების ავტორს - სახელმწიფო უწყებას ეკისრება. მისივე თქმით, სასკოლო საზოგადოება ვერ იღებს პასუხისმგებლობას სკოლის განვითარებაზე, ყოველივე ეს კი „ყველაფერზე პასუხისმგებელი უწყების“ მიმართ უკმაყოფილებას ზრდის. 

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ვეშაპებს და დელფინებს ადამიანის მსგავსად ...

დელფინები იყენებენ მარტივ იარაღებს, ცელნამგალა ვეშაპები ერთმანეთს სახელებით მიმართავენ, თეთრი ვეშაპები კი ადგილობრივ დია ...
20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი

ილიას წინასაარჩევნო მიმართვა თბილისელებს ...

1897 წ. ილია ჭავჭავაძე ხვალ, 18 მაისს, განკითხვის დღეა. განკითხვის დღე იმისი თუ, – ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

რას გულისხმობს განათლება მდგრადი განვითა ...

ინკლუზიური, თანასწორი  და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა მდგრადი განვით ...

მეტი

^