Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის არსებული სისტემა და სქემა მანკიერი

14 იანვარი 2013

ვფიქრობ, აუცილებელია გამოაშკარავდეს დღეს არსებული პროგრამული აკრედიტაციის სისტემის მანკიერება და წერტილი დაესვას ამ სისტემის ასეთი სახით - გაუმჭვირვალე, უსამართლო სადამსჯელო- პოლიციური სისტემის პრინციპებზე მუშაობას.

ვფიქრობ, აუცილებელია გამოაშკარავდეს დღეს არსებული პროგრამული აკრედიტაციის სისტემის მანკიერება და წერტილი დაესვას ამ სისტემის ასეთი სახით - გაუმჭვირვალე, უსამართლო სადამსჯელო- პოლიციური სისტემის პრინციპებზე მუშაობას. რა თქმა უნდა მე, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ახალდანიშნულ დირექტორს, მევალებოდა ხმა ამომეღო არსებული სისტემის სიმახინჯეებზე და ნაბიჯები გადამედგა მისი გაჯანსაღების და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული აკრედიტაციის პროცესების შედეგად აკადემიურ და ზოგადად, საგანმანათლებლო საზოგადოებაში დაგროვილი უსამართლობის აღმოფხვრისთვის.

არსებული სისტემის მანკიერება ბევრი სხვადასხვა ფაქტორით გამოიხატება. ჩამოვთვლი ზოგიერთ მათგანს. აკრადიტაციის ექსპერტის შეფასება არ ეყრდნობა მკაფიო, გაზომვად და ობიექტურ კრიტერიუმებს. ინტელექტუალური პროდუქტის გაზომვა, ცხადია, საკმაოდ ძნელია. ამ დროს ყველაზე ობიექტური შეფასებაა პროფესიული საზოგადოების მიერ ანონიმური შეფასება, რაც ცხადია არ ხდება. ცალკე საუბრის თემაა, რამდენად კვალიფიციურები არიან აკრედიტაციის ექსპერტები. თუმცა, რაც არ უნდა „გენიოსები“ იყვნენ, აკრედიტაციის პროცესისთვის განსაზღვრულ 1-2 დღეში შეუძლებელია საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფილად შეფასება და კვალიფიციური დასკვნის მომზადება. პროგრამის ასეთ რეჟიმში შეფასება მოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ამას თუ დავუმატებთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ექსპერტებად გვევლინებიან და აკადემიური პროგრამების შეფასებას ახდენენ მაგისტრის ხარისხის მქონე (არ ჯერ არმქონე!) ახალგაზრდები, რომლებსაც პრაქტიკულად არ გააჩნიათ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, სურათი კიდევ უფრო მძიმდება. არსებული შეფასების სქემის მანკიერების გამო ერთი და იგივე სილაბუსი ან პროგრამა უხარვეზოდ ფასდება ერთ უნივერსიტეტში, მეორეში კი - დაწუნების საგანი ხდება. დაწუნების საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს სილაბუსში მითითებული სახელმძღვანელო, რომელიც, მაგალითად, 2004 წლამდეა გამოშვებული, ან სადოქტორო პროგრამა, რომელიც თურმე ვერ ასრულებს სტანდარტს დასაქმების კრიტერიუმის მიხედვით იმიტომ, რომ მასში დასაქმების ადგილად მითითებულია სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, ექსპერტს კი მიაჩნია, რომ ასეთი ინსტიტუტები საქართველოში არ არსებობს(?!). დაწუნების საფუძველი შეიძლება გახდეს ისიც, თუ რატომ არის კონკრეტული სილაბუსი გაწერილი 19 კვირის ნაცვლად 18 კვირაზე და ა.შ. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. უნივერსიტეტებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ექსპერტთა უამრავი დასკვნა, სავსე ასეთი „მარგალიტებით“. ხშირად ექსპერტები ვერ ერკვევიან ელემენტარულ კანონმდებლობაში, მაგალითად სადოქტორო პროგრამის შემფასებელი ექსპერტმა არ იცის კანონის თანახმად ვინ არის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. ასევე ხშირად ექსპერტი თავის დასკვნაში აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციას აფასებს დადებითად, ხოლო ამ პროფესორების მიერ წარმოდგენილ სილაბუსს - უარყოფითად. დოქტორანტი ექსპერტები იწუნებენ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აუქმებინებენ(?!) სადისერტაციო ნაშრომებს.  ასეთი შემოწმების პირობებში შეუძლებელია საუბარი რაიმე სახის აკადემიურ თავისუფლებაზე და საერთოდ, უნივერსიტეტების ავტონომიურობაზე.

ასეთი სახით მიღებული ექსპერტთა „დასკვნების“ „განხილვის“ შედეგად გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭება-არმინიჭებაზე იღებს აკრედიტაციის საბჭო. საბჭო შედგება 9 წევრისგან. მათგან 4 იურისტია, 3 - ექიმი, 1 - ფილოლოგი და 1- რეჟისორი. საბჭოს სხდომაზე ხშირად ხდება 40, 50 და მეტი პროგრამის განხილვა. შესაბამისად, თითოეული პროგრამის განხილვას ეთმობა 2-5 წუთი. როგორ შეიძლება ამ საბჭომ, ამ პირობებში, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება საკითხების უფართოეს სპექტრზე, დაწყებული აგრარული მიმართულებიდან, დამთავრებული ველის კვანტური თეორიით. ამდენად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს სუბიექტური მიდგომა, რაც მანიპულირების და დაკვეთის მარტივად შესრულების საფუძველია. ხშირია შემთხვევა, როცა ერთი და იგივე პროგრამა რამდენჯერმე ხდება შეფასების საგანი და უნივერსიტეტი იხდის რამდენიმე ათას ლარს, აუდიტორიული კვალიფიციური შეფასების ნაცვლად კი იღებს „საჯაარიმო“ ქულებს. არის შემთხვევა, როცა ექსპერტთა მიერ დადებითად შეფასებული პროგრამა, რომელშიც პროგრამის ავტორებმა გაითვალისწინეს ექსპერტთა რეკომენდაციები, 1 კვირის შემდეგ, იმავე საბჭომ უკვე უარყოფითად შეაფასა. უნივერსიტეტებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთი და იგივე ექსპერტთა ჯგუფის მიერ, ერთი და იმავე დღეს  დაწერილი 2 სრულიად განსხვავებული დასკვნა: ერთი-დადებითი, მეორე - უარყოფითი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თავის მისიაში გაცხადებული აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა განათლების ხარისხის განვითარებაში, სინამდვილეში კი ის რეალურად არის დამსჯელი და ფულის გამომძალველი ორგანო. მოკლედ მცდარი მიდგომების მთელი ეს კასკადი საბოლოოდ იძლევა არა ჭეშმარიტი, არამედ ფსევდოაკრედიტაციის შედეგს. მიმაჩნია, რომ ასეთი სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ ბოლო წლებში წარმართავდნენ ამ პროცესებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, დანერგეს ეს მანკიერი სისტემა და ხელს უწყობდნენ მის მუშაობას, მისი გამოყენებით, არაკეთილსინდისიერი მანიპულირების მეშვეობით, განათლების სფეროში ამკვიდრებდნენ და აძლიერებდნენ უსამართლო მიდგომებს. თუმცა შესაძლებელია უფრო მძიმე სამართალდარღვევებთანაც გვქონდეს საქმე, რაც არსებული სისტემის მუშაობის პირობებში სრულიად რეალურია და რისი ე.წ. „დასაბუთებული ეჭვიც“ არსებობს.

ჩემი, როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელის მიზანი იყო ამ არაჯანსაღი სისტემის მოშლა და საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტიზის გადატანა პროფესიულ ასოციაციებში, უცხოელ ექსპერტთა პანელის და ე.წ. „peer revew“- ს სისტემის დანერგვის მეშვეობით, რაც საბოლოოდ მოგვცემს შეფასების სამართლიან და ჭეშმარიტად ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებულ მექანიზმებს. ამგვარი მიდგომის გაჟღერება გახდა საფუძველი, რათა რეფორმების სახელმწიფო კომისიას და თავად ბატონ გია დვალს ჩაეთვალა, რომ სწორედ განახლებული ხარისხის განვითარების ცენტრი გახდებოდა მათი კონცეფციის იმპლემენტაციის მთავარი პარტნიორი და ცენტრთან ერთობლივად უნდა დაწყებულიყო  ზრუნვა ე.წ. „ წარმატებულთა კლასტერის“ გამოსავლენად. ამ მიზნით ცენტრთან უკვე შეიქმნა  სამუშაო ჯგუფი, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ პარტნიორობას ეჭვი გაუჩნდა.

მაკა კორძაძე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის

ყოფილი დირექტორი

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^