Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALI[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კინო დოკუმენტური განზომილებით

10 მაისი 2017

11-16 მაისს თბილისში საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი გაიმართება

11 მაისს გერმანელი რეჟისორის, კაროლინ გენრაიტის ფილმით - „ბედნიერი“ - საზეიმოდ გაიხსნება საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი - CinéDOC-Tbilisi. ფესტივალი ხუთი წლის წინ დაარსდა და დღემდე ყველაზე მასშტაბური კინოფესტივალია კავკასიაში, რომლის მთავარი მიზანი დოკუმენტური კინემატოგრაფის პოპულარიზაციაა.

წელს საერთაშორისო კინოფესტივალისთვის მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 67  დოკუმენტური ფილმი შეირჩა, რომლებიც ხუთი ძირითადი თემატიკის მიხედვით გადანაწილდა: სოლიდარობა, უსაფრთხოება, სიყვარული, ფანტაზია და რწმენა. ფესტივალს კინოთეატრები - „რუსთაველი“, „ამირანი“ და „ქოლგა“ უმასპინძლებენ. ჩვენებები ასევ გაიმართება „მზიურში“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისსა და „ფრონტლაინ კლუბში“.

აღსანიშნავია, რომ CinéDOC-Tbilisi პირველი კინოფესტივალია საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „კრეატიული ევროპა“. მაყურებელს საშუალება ექნება სრულიად განსხვავებული, ორიგინალური სტილით და საინტერესო რეჟისორული კონცეფციით გამორჩეული ფილმები იხილოს. მათი ჩვენების შემდეგ კი გაიმართება დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალზე მოწვეული რეჟისორები. ასევე, ჩატარდება მასტერკლასები და შეხვედრები დოკუმენტური კინოს წარმომადგენლებთან: პროდიუსერებთან, რეჟისორებთან, სცენარისტებთან  და სხვა საერთაშორისო სტუმრებთან.

აღსანიშნავია ახალი სექცია - CivilDOC, რომელიც გასულ წელს დაარსდა. ამ სექციაში წარმოდგენილი ფილმები კონკრეტულად ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალური პრობლემების გამოწვევებს ასახავს. ფესტივალი აგრეთვე ორგანიზებას გაუწევს „ფიჩინგ ფორუმს“ (Civil Pith), სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ პროექტებს დოკუმენტურ ფილმებზე მომუშავე ქართველ რეჟისორებს წარუდგენენ.

ფესტივალის სექციაში Focus Caucasus წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონული ფილმები: საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან.

სექციაში Guest Country ყოველ წელს ერთი კონკრეტული ქვეყნის დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრიაა ნაჩვენები.

რაც შეეხება სექციას CinéDOC-Young, მის ფარგლებში იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. ფესტივალის დასრულების შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით CinéDOC ტური გაიმართება. ასე რომ, რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ნახონ ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები.

CinéDOC-Tbilisi -ის მხარდამჭერია ევროკავშირი „კრეატიული ევროპა”, IDFA Bertha Fund, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, Movies That Matter Foundation, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურის ღონისძიებების ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

ვიდრე კინოფესტივალის გახსნაზე მისული მაყურებელი სამუშაო თუ საზეიმო ატმოსფეროს მონაწილე ერთდროულად გახდება, კაროლინ გენრაიტის ერთობ საინტერესო ფილმის მცირე განხილვითა და ანალიზით შემოვიფარგლოთ...

„ბედნიერი“ თავად რეჟისორის, კაროლინისა და მისი პენსიონერი მამის, დიტერის მოულოდნელი დეტალებითა და სიურპრიზებით აღსავსე ურთიერთობას ასახავს. ვიდრე ქალიშვილი საკუთარი საქმითაა დაკავებული და დოკუმენტურ ფილმებსა თუ ისტორიებს ჩაჰკირკიტებს,  უკვე პენსიაში გასული მამა რეგულარულად მოგზაურობს ტაილანდში. დიტერს უკვე წლებია ურთიერთობა აქვს ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც ტუკტა ჰქვია და რომელთან ერთადაც მრავალი ბედნიერი დღე გაატარა ტაილანდურ სოფელში, ფერმაში.

კონფლიქტიც მალე მწიფდება, რადგან 60 წელს გადაცილებულ დიტერს სიყვარული, გვერდით დგომა და ერთგული ადამიანი სჭირდება. კაროლინს კი მიაჩნია, რომ ეს „ჩვეულებრივი“ სექსტურიზმის გამოვლინებაა, როდესაც ხნიერი და უზრუნველი ევროპელი მამაკაცები ახალგაზრდა ტაილანდელი ქალების ყურადღებას სწრაფად და გასაგები მიზეზით იმსახურებენ. კაროლინი დარწმუნებულია, რომ მამის ლტოლვა ახალგაზრდა ქალის მიმართ, უბრალოდ, სიბერითა და მარტოობის წინაშე მდგარი ადამიანის შიშით აიხსნება. მოკლედ, მამა-შვილის ურთიერთობა ხან დაძაბულია, ხანაც ოდნავ ირონიული, ხან ლირიკულიც, თუმცა იშვიათადაა გულთბილი. ორივეს ძლიერი, ლიდერის ტიპის ხასიათი აქვს და არცერთი არ აპირებს დათმობასა და პოზიციის შეცვლას...

თუმცა ტუკტას გაცნობის შემდეგ, ტაილანდში ჩასული კაროლინი მამის ქორწილს ესწრება და აშკარად იცვლება -  ის საკუთარი შეხედულებებისა და ამბივალენტური გრძნობების გამოცდის წინაშე დგება. ერთი სიტყვით, ფილმში ევროპელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაც გაიელვებს, რაც მოგზაურობას, წასვლასა და გაქცევას, როგორც საკუთარი თავის აღმოჩენას და ეგზისტენციურ ცვლილებას გულისხმობს.

„ბედნიერი“ ეს არის სიყვარულით, თუმცა გარკვეული შეუბრალებლობითა და ირონიით მოთხრობილი ფილმი, რომელშიც ძალიან პერსონალური, ზოგადსაკაცობრიო და სოციალური საკითხები ერთმანეთს კვეთს და ავსებს. ამდენად საინტერესო იქნება, როგორ შეფასებს მას ქართველი მაყურებელი. მით უმტეს, რომ ფესტივალის გახსნას და, შესაბამისად, ფილმის ჩვენებას ფილმის რეჟისორი, კაროლინ გენრაიტი და ფილმის მთავარი გმირი - დიტერ გენრაიტიც დაესწრებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 იანვარი
19 იანვარი

"სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელი: ვაკი ...

შპს "სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელი გოგა ზაქაიძე, თბილისის მერის საპასუხოდ, საგანგებო განცხადებას ავრც ...
19 იანვარი
19 იანვარი

პროპორციული თუ შერეული საარჩევნო სისტემა

საქართველოს კონსტიტუციის ახალი, უკვე მოქმედი რედაქციით განისაზღვრა, რომ 2020 წლის შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორც ...
16 იანვარი
16 იანვარი

ფემინსტრიმი ► რატომ გვჭირდება ინტერსექცი ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს:  დღეს ვსაუბრობთ ინტერსექციურ კონცეფციაზე ფემინიზმსა და ვეგანობასთან მიმართებ ...

მეტი

^