Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მითები და სინამდვილე ჰესების შესახებ

24 იანვარი 2013

ირაკლი მაჭარაშვილის თვალსაზრისი

2008 წლის 18 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო N107 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა  სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“. ამ დადგენილების საფუძველზე 2008 წლის 23 აპრილს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა პოტენციური ჰესების ნუსხა და გამოცხადდა „ინტერესთა გამოხატვა“ ჰესების მშენებლობის მიზნით. ეს ნუსხა დაახლოებით 30-ჯერ შეიცვალა. მას ან ემატებოდა ახალი ჰესები, ან აკლდებოდა, ან იცვლებოდა ნუსხაში არსებული ჰესების სიმძლავრე. 

დღეისათვის საქართველოს მთავრობასა და ქართულ თუ უცხოურ კომპანიებს შორის დადებულია 40-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი ან/და შეთანხმება მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობის თაობაზე. ზოგიერთის მშენებლობა უკვე დაწყებულია, უმეტესობა კი, დაგეგმვის  სხვადასხვა ეტაპზეა. თითქოს ამაში ცუდი რა უნდა იყოს - თუ არის რესურსი, ის უნდა გამოიყენო. მაგრამ პრობლემას ქმნის შემდეგი გარემოება: მდინარე, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია და უამრავ ეკოსისტემურ სერვისს ასრულებს, განხილულია, როგორც მხოლოდ „ენერგეტიკული რესურსი,“ ტურბინის მამოძრავებელი საშუალება. იმისათვის რომ ჩვენმა არცთუ დიდმა მდინარეებმა რაც შეიძლება მეტი დენის გამომუშავება შესძლონ, ხელოვნურად, ეკოლოგიური მოთხოვნების უგულებელყოფის ხარჯზე, გაზრდილია პოტენციური ჰესების სიმძლავრე. 

საქართველოში დაგეგმილი ჰესების დიდი უმრავლესობა, დერივაციული ტიპისაა. დერივაციული ჰესი - ფუნქციონირებს მცირე კაშხალით ან მის გარეშე. მდინარის ნაწილი ბუნებრივი კალაპოტიდან გადაისროლება დერივაციულ მილში ან არხში და მიემართება ელექტროტურბინებზე. ზოგადად, დერივაციული ჰესი, კაშხლიანთან შედარებით, ნაკლები მასშტაბის გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ რისკებს შეიცავს, ვინაიდან არ საჭიროებს დიდი ფართობის დატბორვას, რასაც თან ახლავს იძულებითი გადასახლება, ეკოსისტემებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყლით დაფარვა. თუმცა, დაგეგმილი ჰესების რაოდენობიდან, გეოგრაფიიდან და რაც მთავარია, პროექტების დიზაინიდან გამომდინარე, არანაკლებ საშიშროებას შეიცავენ, ვიდრე წყალსაცავიანი ჰესები. საქმე ისაა, რომ 2011 წლიდან საქართველოში ყველა დერივაციული ჰესის პროექტის დიზაინისას გამოიყენება შემდეგი მიდგომა: მდინარის მნიშვნელოვან ნაწილზე ბუნებრივ კალაპოტში რჩება მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯის მხოლოდ 10%-ი, ხოლო დანარჩენი წყალი დერივაციული მილების, არხებისა და გვირაბების მეშვეობით, კილომეტრობით მანძილზე გადაისროლება ჰესისკენ.

როგორც წესი, ჰესების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშებში აღიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი პრაქტიკის მიხედვით, მდინარის „სანიტარული ხარჯი” განისაზღვრება მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%-ით. ასევე აღნიშნავენ, ასეთი წესი შეესაბამება ევროპაში მიღებულ ნორმებს. გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია ინვესტორების მიერ მომზადებული ანგარიშების განხილვასა და და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემაზე, როგორც წესი, ეთანხმება ამგვარ პოსტულატებს. ამრიგად ბიოლოგიური მრავალფეროვნება ნადგურდება არა დატბორვის, როგორც ეს დიდკაშხლიანი ჰესების შემთხვევაშია, არამედ წყლის წართმევის გამო.

პრობლემას ქმნის ჰესის პროექტის განხორციელების წესიც (თანამიმდევრობა). პირველ რიგში ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, რაც 100 მეგავატამდე ჰესის შემთხვევაში უდრის 170000 აშშ დოლარს ყოველ მეგავატზე. ინვესტორი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულება ელექტროენერგიის 10 წლით გაყიდვაზე.  შემდეგ ეტაპზე ინვესტორი და ენერგეტიკის სამინისტრო დებენ ხელშეკრულებას ან მემორანდუმს, სადაც უკვე განსაზღვრულია ასაშენებელი ჰესის პარამეტრები, მშენებლობის დაწყებისა და დასრულების თარიღები. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ინვესტორი გზშ პროცესს. მის მიერ მომზადებულ გზშ ანგარიშზე გარემოს დაცვის სამინისტრო წერს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზეც ეკონომიკის სამინისტრო ან ადგილობრივი თვითმმართველობა (მცირე ჰესის შემთხვევაში) გასცემს მშენებლობის ნებართვას. ეს გარემოება - ჰესის პარამეტრების განსაზღვრა მემორანდუმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დაწყებამდე, პრაქტიკულად, აზრს უკარგავს ეკოლოგიურ კვლევას და სპობს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ალტერნატივების განხილვის შესაძლებლობებს. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი ვერ მოახერხებს მემომანდუმით დადგენილ დროში, მემორანდუმითვე განსაზღვრული სიმძლავრის ჰესის აშენებას, ის დაჯარიმდება და შეიძლება საგარანტიო თანხაც ჩამოართვას სახელმწიფომ. როგორც წესი, გარემოს დაცვის სამინისტრო დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემით „აპრავებს“ ენერგეტიკის სამინიტროსა და ინვესტორს შორის ხელმოწერილ მემორანდუმს.

ყველა ამ მემორანდუმში განსაზღვრული ჰესების სიმძლავრე (რომელიც ხელოვნურად არის გაზრდილი გარემოს დეგრადაციის ხარჯზე) ეყრდნობა ერთ-ერთი ქართული ორგანიზანიის მიერ USAID-ის დაფინანსებით მომზადებულ კვლევას. მასში მითითებულია, რომ USAID-ი არ აგებს პასუხს კვლევის შინაარსზე. უფრო მეტიც, USAID აღნიშნავს, ინფორმაცია, რომელიც მან გადასცა ენერგეტიკის სამინისტროს მისივე თხოვნის საფუძველზე, ძალზე ზოგადია და არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღებისას. მიუხედავად ამისა, ეს მონაცემები განთავსებულია ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე და მასში განსაზღვრული ჰესების სიმძლავრეები საფუძვლად ედება ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის დადებულ მემორანდუმებს.  ენერგეტიკის სამინისტრო წლებია იმეორებს, რომ მისი მემორანდუმები ეყრდნობა USAID-ის კვლევას და ამდენად სწორია.

მაგალითად, რა მოხდა დარიალი ჰესთან მიმართებაში - თავიდან მისი სიმძლავრე 50 მეგავატით იყო განსაზღვრული, მაგრამ რამდენჯერმე შეიცვალა: ენერგეტიკის მინისტრის 2010 წ. 17 თებერვლის N10  ბრძანებით, გაიზარდა 93 მეგავატამდე, ხოლო ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის N54 ბრძანებით - 99.9 მეგავატამდე.  2011 წლის მაისში მთავრობასა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებით კი ჰესის სიმძლავრე 110 მეგავატია. „ლიბერალთან“ ინტერვიუში “დარიალი ენერჯის” დირექტორმა ზურაბ ალავიძე განაცხადა, რომ 110 მეგავატამდე გაზრდა სწორედ ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნით მოხდა, კომპანიის სურვილი იყო 70 მეგავატიანის აშენება. 110 მეგავატამდე სიმძლავრის გაზრდას სხვა შედეგიც მოჰყვა. შეთანხმება ითვალისწინებს  საჯარიმო სანქციებს, კომპანიის მიერ ნაკისრი ძირითადი ვალდებულებების დარღვევისათვის. გადასახდელი ჯარიმების მაქსიმალური ოდენობა შეზღუდულია 600 ათასი აშშ დოლარით, მაგრამ ეს ვალდებულება არაა უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით, ან სხვა რაიმე სახის უზრუნველყოფით. უფრო მეტიც, შეთანხმებით,  ზოგადად (და არამარტო ჯარიმებთან დაკავშირებით), კომპანიის ვალდებულებები საერთოდ არაა უზრუნველყოფილი, არც საბანკო გარანტიით და არც სხვა სახის უზრუნველყოფით. 70 მეგავატიანი ჰესის პროექტის შემთხვევაში გარანტია 11900 000 აშშ დოლარი იქნებოდა.

ენერგეტიკული პროექტების მასობრივი განვითარების მომხრე ტექნოკრატები, საკუთარი შეხედულებების დასამტკიცებლად იყენებენ სხვადასხვა მოსაზრებებს, რომლებიც ემყარება არასწორ არგუმენტებს და ამ საკითხის გარშემო შექმნილ მითებს.

მითი 1. „დერივაციული ჰესის მშენებლობისას მდინარის კალაპოტში წყლის 10%-ის დატოვება არის საბჭოთა პერიოდიდან საქართველოში დამკვირდებული პრაქტიკა და ის შეესაბამება ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს“.

საბჭოთა პერიოდში აშენებული არც ერთი დერივაციული ჰესის მშენებლობის დროს არ ყოფილა გამოყენებული ე.წ. 10%-იანი ლიმიტი; ამგვარი ლიმიტი არ იყო დადგენილი არც ერთი ნორმატიული აქტით. მდინარის კალაპოტში 10%-ის დატოვება რომ მისაღები და შესაძლებელი ყოფილიყო, ზაჰესი იქნებოდა არა საშუალო ჰესი - 36,8 მეგავატიანი, არამედ დიდი ჰესი, მაგალითად - 150 მეგავატიანი. სამაგიეროდ, მცხეთიდან თბილისამდე მდინარე მტკვრის მაგივრად იქნებოდა მისი მეათედი სიდიდის ღელე.                          

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ლიმიტები არ არსებობს არც ევროპის ქვეყნებში და არც აშშ-ში. საქართველოში ამგვარი პრაქტიკის დამკვირდება მხოლოდ 2011 წლიდან დაიწყო. ამ შემთხვევაშიც, ადგილი აქვს ე.წ. „ტენანტის მეთოდის“ (იგივე „მონტანას მეთოდი“) არასწორ ინტერპრეტაციას. შეფასების ამ მეთოდის თანახმად, მდინარეში წყლის 10%-ის დატოვების შემთხვევაში, თევზის ჰაბიტატის მდგომარეობა იქნება „ცუდი ან მინიმალური“. ამდენად, ეს მითი,  რომელსაც, ინვესტორი კომპანიები და მთავრობა წარმოაჩენენ, როგორც საყოველთაოდ მიღებულ ან/და საქართველოში არსებულ პრაქტიკას, არ შეესამება სინამდვილეს. ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს, ასეთი საპროექტო გადაწყვეტის შემთხვევაში, გაზემოზე ზეგავლენა იქნება „მინიმალური“ და „უმნიშვნელო“.

მითი 2. „დერივაციული ჰესები არ საჭიროებენ დიდ წყალსაცავებს, ამიტომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ბუნებისათვის, ისინი ბუნებისადმი მეგობრული ჰესებია“.

ჰესების დაგეგმვისთვის აუცილებელია მდინარეების წყლისა და მყარი ნატანის ხარჯის მრავალწლიური დაკვირების მონაცემები; ასეთი მონაცემები კი, ან არ არსებობს, ან 25-30 წლის წინანდელია. შესაბამისად, არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რა რაოდენობის წყლის აღება იქნებოდა ოპტიმალური გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული თვალსაზრისით. როგორც აღვნიშნეთ, ინვესტორსა და სახელწიფოს შორის გაფორმებულ მემორანდუმებში გარემოს კვლევის დაწყებამდე განისაზღვრება ჰესების სიმძლავრე. ეს კი აჩენს საფრთხეს, რომ კომპანია მდინარიდან გამოიყენებს იმდენ წყალს, რამდენიც საჭიროა მემორანდუმით განსაზღვრული სიმძლავრის მისაღწევად და არა იმდენს, რამდენიც საჭიროა  იყოს ბუნება შეუქცევადი დეგრადაციისგან დასაცავად. 

მითი 3. „მცირე და საშუალო ჰესები არ წარმოადგენს საფრთხეს ბუნებისათვის“.

თუ ჰესი იმგვარადაა დაპროექტებული, რომ მდინარეში რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ბუნებრივი ჩამონადენის მხოლოდ 10% რჩება, ნებისმიერი ზომის ჰესმა შეიძლება ეკოსისტემის დეგრადაცია გამოიწვიოს. ხშირად ჰესების მშენებლობა იგეგმება ხელუხლებელ ეკოსისტემებში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პროექტების უარყოფით ზეგავლენას ბიომრავალფეროვნებაზე. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ჰესები იგეგმება არსებულ და დაგეგმილ დაცულ ტერიტორიებზე, ან მათ უშუალო სიახლოვეს (ხდე, დარიალი, მაჭახელა, ფარავნის ხეობა, კინტრიში და სხვ.).  

ხდის, დარიალის, მაჭახელას და სხვა უნიკალურ ხეობებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არა მხოლოდ უსამართლო, არამედ უკანონოც არის. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არ შეიძლება დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გაიცეს, თუ შემოთავაზებული საქმიანობით ირღვევა კანონი. „გარემოს დაცვის შესახებ,“ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“  კანონების მიხედვით, აკრძალულია ყოველი ქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს, საბინადრო გარემოს და სამიგრაციო გზებს, აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს და საარსებო პირობების გაუარესება. სამწუხაროდ, გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპეტრები კანონის ამ ნორმებს ან არ იცნობენ, ან არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მისი დარღვევისათვის.

მითი 4. „ჰესების წარმოებული  ენერგია ეკოლოგიური თვალსაზრისით  მისაღებია, ვინაიდან ჰესები არ იწვევს კლიმატის ცვლილებას“.

კლიმატის ცვლილება გარემოს (ბიომრავალფეროვნების) განადგურების ერთ-ერთი ფაქტორია. ცვლილება გარემოს (ბიომრავალფეროვნების) განადგურების გაცილებით ძლიერი ფაქტორია საბინადრო გარემოს განადგურება, დეგრადაცია და ფრაგმენტაცია, რისი შედეგიცაა დედამიწაზე სახეობების 70%-ის გადაშენების საფრთხის წინაშე დადგომა. სწორედ ამას იწვევს მდინარის მნიშვნელოვან ნაწილში ბუნებრივ კალაპოტში წყლის მხოლოდ მეათედის დატოვება. კლიმატის ცვლილებაზე საქართველოს ინდუსტრიას ნულოვანი ზეგავლენა აქვს, ამიტომ ეს არგუმენტი არის სრულიად არალევანტური.

მითი 5. „ჰესების აშენება მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის“

მთავრობასა და ინვესტორებს შორის დადებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების მიხედვით, ჰესის მშენებელი კომპანია მისი მმართველი და მფლობელი ხდება. ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილია საზღვარგარეთ ექსპორტისათვის. საქართველოს მხოლოდ ზამთრის სამ თვეში და თანაც საკმაოდ ძვირად მიეწოდება დენი. აქედან გამომდინარე, შეიძლება, რომ როდესაც საქართველოს დასჭირდება საკუთარი საწარმოების განვითარებისათვის ჰესის აშენება, თავისუფალი მდინარე აღარ აღმოჩნდეს.

მითი 5. „ბოლო წლებში ელექ­ტრო­­ნერ­გი­ მოხ­მა­რე­ბა ქვეყანაში და­ახ­ლო­­ბით 10%-ით იზ­რდე­ბო­და და მომავალ­ში ზრდის ტენ­დენ­ცია კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა.

2001 წლის შემდეგ სახელმწიფოს არ შეუდგენია ენერგეტიკული ბალანსი; გავრცელებული მოსაზრება ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების ზრდის ტენდენციის შესახებ, მეტად საეჭვოა და არ დასტურდება ესკო-ს ოფიციალური მონაცემებით. პირიქით, ბოლო წლის განმავლობაში შემცირდა  ელექტროენერგიის მოხმარება.  ცალკე შესწავლის საგანია, თუ რამდენად მოიმატა ხელოვნურად ელექტროენერგიის მოხმარებამ ყოვლად არაენერგოფექტური შენობების მომრავლების შედეგად. მარტო შუშის პოლიციის შენობები, იუსტიციის სახლებსა და ახალი პარლამენტის შენობას რამდენი დენი მიაქვს იმის გამო, რომ ზამთარ-ზაფხულ კონდიცირება ჭირდება.

მითი 6. „ჰესების მასობრივი მშენებლობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისათვის“.

მემორანდუმით განსაზღვრული ყველა ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, საბოლოოდ დაახლობით 2000 დროებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აქედან ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ ნაწილობრივ იქნება დაქირავებული არაკვალიფიციურ, დროებით, დაბალანაზღაურებად სამსახურში.

მითი 7. თუ ჰესები არ აშენდა, 2–3 წელიწადში საქართველოში შეიძლება 90–იანი წლების სიბნელე დაბრუნდეს, ჰესების პროექტების შეჩერება ნიშნავს პროგრესის შეჩერებას, ნგრევას, წარსულში დაბრუნებას“.

მაშინ როდესაც ვიცით, რომ 90-იანი წლების სიბნელე არა ჰესების ნაკლებობის, არამედ ენერგომაფიის მოღვაწეობის შედეგი იყო, როდესაც ვიცით, რომ იმ ბნელი 90-იანების შემდეგ პრაქტიკულად არც ერთი ჰესი  არ აშენებულა და მაინც ნათელში ვართ, ასეთი მტკიცება სწორედ რომ დემაგოგიაა.

ერთიც მინდა ვიკითხო: რატომ არ ითვლება ნგრევად ხერთვისის, ფარავნის, დარიალის, მაჭახელას, ხდის, ენგურის, ნენსკრას ხეობების ხელთუქმნელი ლანდშაფტების განადგურება?

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი პარტიის წევრები და მისი პერიოდიდან დარჩენილი ჩინოვნიკები ხშირად მიმართავენ ხოლმე ასეთ შედარებებს.  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის შანტაჟი ახალი მთავრობის მისამართით, რათა „აღმშენებლობის“ კურსის გაგრძელების საბაბით, სინადვილეში გაგრძელდეს გადაწყვეტილებების მიღების გაუმჭვირვალე პრაქტიკა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების უგულებელყოფა. სამწუხაროდ, ასეთ შანტაჟს აყვება ხოლმე მთავრობაც და მყისიერად აცხადებენ, რომ არათუ შეაჩერებენ ამ დესტრუქციულ პროექტებს, რასაც პირდებოდნენ ამომრჩეველს პირველ ოქტომბრამდე, არამედ უფრო დიდი მასშტაბითა და სწრაფი ტემპით გააგრძელებენ. და ამ ე.წ. „აღმშენებლობას“ განუკითხავად ეწირება საქართველოს უნიკალური ბუნებრივი და კულტურული გარემო. ამ კოჰაბიტაციის თვალსაჩინო მაგალითი იყო დარიალის იავარჰყოფა. იმის ნაცვლად, რომ ახალი მთავრობა პოლიტიკურად გამიჯვნოდა მისი წინამორბედების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს, იქცა მის ადვოკატად და დაასრულა თერგის დასამარება. ჯერი ხდის ხეობაზეა...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^