Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ აპროტესტებენ ბარნოვის ქუჩის მცხოვრებნი მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას

25 მაისი 2017

მოსახლეობა თბილისში, ბარნოვის #10-ში მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის მშენებლობას აპროტესტებს. შენობა, რომელიც 397 კვ.მ ფართობს დაიკავებს სკოლასა და საცხოვრებელ სახლს შორის უნდა ჩაიდგას. ბარნოვის #10-ში  მდებარე საჯარო სკოლასა და #8-ში  მდებარე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ. ძეგლის სტატუსი აქვს მოპირდაპირე მხარესა და ქუჩის გაგრძელებაზე სხვა საცხოვრებელ სახლებსა თუ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებსაც.

მრავალფუნქციური დანიშნულების შენობაზე არქიტექტურის სამსახურიდან ნებართვა 2016 წელს გაიცა. პროექტს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ყველა წევრის დადებითი რეკომენდაცია ჰქონდა. რადგანაც მენაშენემ მშენებლობა არ დაიწყო, 2017 წლის თებერვალში მას არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გაუგრძელა. საპროექტო ტერიტორია ეკუთვნის შპს „თრიფელ ეი“-ს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ამირ აკშან აგჰელია.

სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რაც მოსახლეობამ გააპროტესტა. ადგილზე მისული იყო მერიის ზედამხედველობის სამსახური. მათი თქმით, სკოლიდან შემოსული საჩივრის გამო სამუშაოები დროებით შეჩერდა. ადგილობრივების თქმით, მათაც შეიტანეს საჩივრის წერილი მერიაში.  ზედამხედველობის სამსახურში  ამბობენ, რომ  მენაშენეს ყველა საბუთი წესრიგში აქვს და, შესაბამისად, სამუშაოების განახლებაც შეუძლია.

„როცა ახალი მშენებლობა იწყება, ჩვენ ვამოწმებთ მას. ამასთან  სკოლიდანაც შემოვიდა განცხადება. მოვითხოვეთ დოკუმენტაცია. მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ. ამ ეტაპზე სამუშაოები არ მიმდინარეობს, მაგრამ უფლება აქვთ, როცა მოესურვებათ, მაშინ განაახლონ მუშაობა“, - განაცხადეს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ ობიექტთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა იკვეთება:

უპირველესად, ეს არის მეწყერსაშიში ზონა და აქ ნებისმიერი მშენებლობის დაწყება საფრთხის შემცველია;

ეს ადგილი ისტორიული თბილისის ნაწილია, სადაც საცხოვრებელ სახლებსა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს ძეგლის სტატუსი აქვთ და ნებისმიერი მშენებლობა საფრთხეს უქმნის ავარიულ სახლებს;

ადგილობრივების თქმით, ის დაიკავებს უბანში დარჩენილ მცირე გამწვანებულ ადგილს;

შენობა დაახლოებით 3 მეტრითაა დაშორებული სკოლას, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს. ახალი შენობა დაფარავს ფასადს და საკლასო ოთახებს დაუხშობს განათების წყაროს.

მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის ფოტომონტაჟი

მოსახლეობისთვის პრობლემურია ისიც, რომ ბარნოვის ქუჩის ამ ნაწილში ბავშებისთვის არ არის სპორტული მოედანი, მოსასვენებლი ადგილი და გამწვანებული სივრცე.

საპროექტო ტერიტორიის საზღვარი უშუალოდ სკოლასთან გადის. ადგილზე ტექნიკა დგას, თუმცა მუშაობა ახლა არ მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლე ტერიტორიას გვათვალიერებინებს და ამბობს, რომ სკოლის შენობის საძირკველს ამ სამუშაოებმა საფრთხე შეუქმნა.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები მედეა ბოჭორიშვილი, რომელიც პროფესიით ინჟინერია, გვიხსნის, რატომ არის საფრთხის შემცველი აღნიშნულ ადგილზე  მშენებლობა.

„ეს ტერიტორია მამადავითის ფერდობს მიუყვება, რაც მეწყერსაშიში ზონაა. აქ ხშირად ჩამოწოლილა მეწყერი. ამისი მაგალითები ბევრია და ტრაგიკული შემთხვევებიც ყოფილა. ამ ზონის გაგრძელებაა ელბაქიძის დაღმართიც, სადაც ცოტა ხნის წინ მიწაც კი ჩავარდა. ეს უბანი ხომ ხევებზეა გაშენებული. ბარნოვის ქუჩაზე გარკვეული ადგილები ამ თვეში რამდენჯერმე ჩავარდა. გადაატარებენ ასფალტს, ამოავსებენ, მაგრამ მერე ისევ ვარდება“, - ამბობს ის.

მოსახლეები ბარნოვის ქუჩისა და სახლების დაზიანებებზე საუბრობენ. მათი თქმით, ნებისმიერი სამშენებლო სამუშაო ამ უბანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც ისედაც ავარიულ მდგომარეობაში არიან, ძლიერი ზიანის მომტანია. ბარნოვის 1-ელ ჩიხშიც, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გათხრილია საძირკველი, სადაც საცხოვრებელი დანიშნულების შენობა უნდა აშენდეს. მოსახლეობის თქმით, საძირკველი ხშირად წყლით ივსება.

მედეა ბოჭორიშვილის კითხვები იმასაც შეეხება, თუ  რატომ არ აცხადებს სკოლა პრეტენზიას ამ მშენებლობასთან დაკავშრებით, რომელიც მთლიანად დაფარავს ფასადის ერთ ნაწილს და საკლასო ოთახებს განათების წყაროსაც დაუხშობს.

„მე რომ სკოლის ხელმძღვანელი ვიყო, ამ სამ მეტრში შენობას ავაშენებინებდი? ფეხზე არ დავაყენებდი სამინისტროს? არაფერი კეთდება, ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. ადრე ფიქრობდნენ 6 და 7 სართულის აშენებას. პროექტი შეცვალეს და ახლა 4-სართულიანია“.

თუმცა 43-ე საჯარო  სკოლის დირექტორი ეკატერინე ცაავა  განმარტავს, რომ  მას შემდეგ, რაც სკოლის გვერდით ნაკვეთზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყეს, სკოლის დირექციამ გამოიძახა პატრული, რადგან დემონტაჟით გამოწვეული ხმაური სასწავლო პროცესს შლიდა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურს წერილით მიმართეს, რათა მიეწოდებინათ ინფორმაცია, რა შენდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

შეკითხვაზე - საკმარისია თუ არა სკოლის ეზო მოსწავლეებისთვის, დირექტორი გვპასუხობს, რომ საკმარისია, თუმცა მიიჩნევს, რომ სასურველი იქნებოდა მეტი სივრცე.  

49-ე საჯარო სკოლის ეზო

პროექტის ავტორი, არქიტექტორი, ნიკოლოზ ჩხაიძე ამბობს, რომ სკოლასა და ახალ შენობას შორის მანძილი დაახლოებით 3 მეტრია. მისი თქმით, სკოლის დირექტორი მერიაში ადმინისტრაციულ განხილვაზე იმყოფებოდა და დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

„ამ საკითხზე მერიაში ადმინისტრაციული განხილვა ჩატარდა. განხილვას სკოლის დირექტორიც ესწრებოდა და ყველაფერი ნახა. წინააღმდეგი არ იყო, რადგან გვქონდა შესაძლებლობა, რომ შენობა კიდევ უფრო მიგვეახლოვებინა სკოლასთან. ჩვენ ასე მაინც არ მოვიქეცით. ისე სკოლის ფანჯრები სხვის ნაკვეთში იჭრება და კანონით კი ასე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ რადგან ეს არის ისტორიული შენობა, ამიტომ  ცოტა გამოვწიეთ“, - ამბობს ჩხაიძე.

ის არ ეთანხმება მოსახლეობის პრეტენზიას, რომ მეწყერსაშიშ ზონაში მშენებლობა საფრთხის შემცველია და ამბობს, რომ შენობის ჩადგმა, პირიქით, გაამაგრებს ფერდს.  

სკოლის დირექტორის თქმით, სკოლის  შენობა 1902 წელს აშენდა. თავიდან ის საცხოვრებელი იყო, მაგრამ მალევე საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაკეთდა და მას შემდეგ ასეა. მისი თქმით, საპროექტო ნაკვეთი და სხვა მიმდებარე ტერიტორია, რომელიც შემდეგ მიიტაცეს, ისტორიულად სკოლას ეკუთვნოდა. ეკატერინე ცაავა აღნიშნავს, რომ თუ არქიტექტურის სამსახურიდან მშენებლობის ნებართვის შესახებ ინფორმაციას დაუდასტურებენ, ისინი სამართლებრივ გზებს მიმართავენ პრობლემის გადასაჭრელად.

იმ ტერიტორიაზე, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები დგას, ახალი  მშენებლობის დაწყება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით უნდა რეგულირდებოდეს.

ამ კანონის 36-ე მუხლით დადგენილია ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალის რეჟიმები.

6. ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.

 „ტიფლისის ჰამქრის“ წარმომადგენლის, ურბანისტი ცირა ელისაშვილის თქმით, ის ადგილობრივ მოსახლეობას ამ პრობლემაზე რამდენიმე წელია ესაუბრება.

„აქ არის მორალური და სამართლებრივი საკითხი. მორალურში ვგულისხმობ იმას, თუ რის უფლებას აძლევენ თავს პასუხიმგებელი პირები. ვგულისხმობ არქიტექტურის სამსახურს, რომელიც ისტორიულ უბანში ასეთი მშენებლობის ნებართვას გასცემს. სამართლებრივად კი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ ძეგლს აქვს ინდივიდუალური დაცვისა და ზოგადი დაცვის ზონები. ინდივიდუალური დაცვის ზონა იყოფა კიდევ ორ არეალად, ეს არის ფიზიკური დაცვის არეალი და ვიზუალური დაცვის არეალი. მისი ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება ასე: სკოლის სიმაღლე უნდა გამრავლდეს ორზე და მიღებული რიცხვის რადიუსი ამ სკოლის ფიზიკური დაცვის ზონაა.

მეორეა ვიზუალური დაცვის არეალი, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო დიდია. ძეგლთან მიმართებაში კანონით ასეთ შემთხვევებში 150 მეტრი რადიუსია განსაზღვრული. ეს ყველაფერი კი კანონთან თანხმობაში არ მოდის. როგორც წესი, მშენებლობის ნებართვები არღვევს 36-ე მუხლს“, - ამბობს ელისაშვილი.

არქიტექტორი და ამ პროექტის ავტორი კანონის ამ ნაწილს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ თუ ამ კანონს გავითვალისწინებთ, მაშინ  თბილისში ახალი შენობები საერთოდ არ უნდა აშენდეს.

„აბსურდია, რომ თბილისში ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში ახალი შენობა არ უნდა აშენდეს. მაშინ თბილისში ვერაფერი აშენებულა. ამ პროექტში ისიც გავითვალსწინეთ, რაც არ გვეხებოდა“, - ამბობს ის.  

ცირა ელისშვილის თქმით, ეს კანონი უნდა იყოს ქმედითი და მას უნდა ჰქონდეს რეგულირების ძალა.

„როცა არქიტექტორები კანონის აბსურდულობაზე მიუთითებენ, ეს არის ამ ქალაქის და არა  კონკრეტულად ბარნოვის 10 ნომრის ტრაგედია. სამწუხაროდ, კანონის აბსურდულობაზე საუბრისას, იქმნება საფრთხე, რომ შესაძლებელია ამ ზონების შეცვლაც და შემდეგ უკვე გასაჩივრების შესაძლებლობაც აღარ იარსებებს. კანონს მოარგებენ საინვესტიციო პაკეტებს“, - ამბობს ელისაშვილი.

ბარნოვი I ჩიხში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის საძირკველი წვიმის დროს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

სოციალური პასუხისმგებლობა და მეწარმეობის ...

უკვე რამდენიმე წელია, ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის კუთვნილ ეზოში კარტოფილი მოჰყავთ. მოსა ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ავტომობილების ტექნიკური შემოწმების თანა ...

ორი კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ 2018 წლის პირ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

რას იწვევს არასწორი კვება ბავშვებში

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ვიგებთ, სიღატაკე, კვებ ...

მეტი

^