Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიტიკური ნიშანი, როგორც არგუმენტი

05 თებერვალი 2013

გათავისუფლება-წასვლებისა და დანიშვნების ფონზე, თეატრების მართვის სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები, ვფიქრობ, დიდხანს გამოიწვევს დისკუსიასა და აზრთა სხვადასხვაობას არა მხოლოდ კულუარებში ან საჯაროდ მიმდინარე დაპირისპირებების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადასტურებული თუ როგორ კანონზე დაყრდნობით გააგრძელებს ფუნქციონირებას თეატრები საქართველოში. მით უფრო გაუგებარია, რატომ კეთდება კომენტარები (სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად სწორედ თეატრმცოდნეების მხრიდან), სადაც შემოთავაზებულ კანონპროექტზე „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ ისე საუბრობენ, თითქოს დამტკიცებული იყოს.

 

ამ თემით მედია, სავარაუდოდ, ნაკლებად დაინტერესდებოდა რომ არა კამათი, რომელიც თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლებს შორის 2012 წლის ბოლოს, სხვადასხვა ფორმატში განხორციელებული შეკრებებისას გაიმართა. საინფორმაციო გადაცემებში პრობლემატურად გაშუქებული საკითხის, ირგვლივ მსჯელობა გრძელდება, რადგან კანონპროექტი, რომელზე მუშაობაც რეჟისორმა სანდრო მრევლიშვილმა (როგორც თავად აღნიშნა „არტ არეაში“ გამართულ შეკრებაზე) „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ თავმჯდომარის, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის, რეჟისორ გოგი ქავთარაძის ინიციატივით დაიწყო, პარლამენტში ჯერ არ განუხილავთ.

საკანონმდებლო ორგანოში განხილვამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელსაც საკითხთან დაკავშირებული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე შეადგენს. მათი სამინისტროს სახელზე გაგზავნის ინიციატივით, მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლებს 2012 წლის 5 დეკემბერს, სამინისტროში გამართული მრგვალი მაგიდის ბოლოს მიმართა. ჯგუფებად გაერთიანებულ თანამოაზრეებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება 2013 წლის 20 იანვრამდე შეეძლოთ.

ზემოთ აღნიშნული მოწმობს, რომ არსებული კანონის - „სახელმწიფო თეატრების შესახებ“  - ცვლილებამდე მთელი რიგი პროცედურებია ჩასატარებელი და დასაცავი. თუმცა, მოვლენები ისე ვითარდება, რომ იბადება შეკითხვა: რა მნიშვნელობა აქვს საბოლოოდ როგორ კანონპროექტს დაამტკიცებს პარლამენტი, თუ თეატრებში ხელმძღვანელთა გათავისუფლებისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების პროცესი დაწყებულია?

თეატრალური პროცესებით დაინტერესებულთა შორის გაჩენილ უნდობლობას აძლიერებს შეფასებები და კომენტარები, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრილი ხელოვანები აკეთებენ. მათ შორის „გამორჩეულია“ გოგი ქავთარაძის განცხადებები, სადაც თეატრიდან ახალგათავისუფლებულ თუ წასულ ხელმძღვანელებს ბრალს სდებს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დანიშნულები (მაგალითისთვის მოვიყვანთ ციტატას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემული სატელეფონო კომენტარიდან, სადაც ქავთარაძე აცხადებს: „პოლიტიკური ნიშნით იყო დანიშნული ყველა მმართველი და ახლა გაათავისუფლეს, რა არის მერე?!“). გამოდის, ანგარიშსწორების მეთოდები და არაჯანსაღი დამოკიდებულების ხარისხი არ შეცვლილა?!  

არანაკლებ „თვალშისაცემია“ შეფასებები, რომლებსაც, სხვებთან ერთად, თეატრალური დარგის წარმომადგენლებიც მოურიდებლად აჟღერებენ. მათი შეფასებები, როგორც წესი, ხშირად უხამს  ანგარიშსწორებად შეიძლება მივიჩნიოთ. რაც ისეთივე არაჯანსაღი მგონია, როგორც, მაგალითად, ზემოთ ნახსენები რეჟისორის განცხადებები. არადა, მიმდინარე პროცესის გაკრიტიკებისას, საქმე კონკრეტულ ადამიანებს აღარ ეხება! ვსაუბრობთ თეატრების მართვის სისტემაზე, რომელიც ერთნაირად სასარგებლო უნდა იყოს როგორც თბილისის, ისე რეგიონის თეატრებისთვის, როგორც სახელმწიფო თეატრებში დასაქმებული ხელოვანებისთვის, ისე თავისუფალი შემოქმედებითი გაერთიანებებისთვის და ა.შ. ასეთი არაადეკვატურობაც ერთგვარი სინდრომი მგონია!

ადამიანს თუ ჯერ თავზე ხელს გადავუსვამთ, მადლობას გადავუხდით კარგი მუშაობისთვის, შემდეგ კი გავათავისუფლებთ ან ვაიძულებთ წავიდეს, ის ვერასოდეს მიხვდება რა დააშავა, მით უფრო მაშინ, როცა საჯაროდ არგუმენტად იმას ვაცხადებთ, რომ მისი აზრი ჩვენსას არ ემთხვეოდაო. ასეთ დროს წასვლა-გათავისუფლების კომენტარი, რომ გათავისუფლება მოხდა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ვინმეს უკვირს? ყოფილ ხელმძღვანელთა პოლიტიზირებულობაში სამინისტრო ვერავის დაარწმუნებს, თუ პროფესიონალთა მონაწილეობით არ მოინდომებს იმ პროცესების გაანალიზებას, რომლებიც ქართულ თეატრში ბოლო 20 წლის განმავლობაში (თეატრების მართვის სხვადასხვა სისტემის ფარგლებში) განვითარდა. ტელევიზიის მიერ ჟურნალისტთან ჩაწერილი მინისტრის ინტერვიუ არგუმენტირებული პასუხის მაგალითად არ გამოდგება (ასეთ დროს პრესკონფერენციებს აწყობდნენ ხოლმე, ახლა „სთენდ აფ“-იც საკმარისია?).

სანამ არ გამოვიკვლევთ, რა მიმართულებით დაგვხია უკან ჯერ სამხატვრო ხელმძღვანელის ერთპიროვნულმა მმართველობამ, შემდეგ კი მმართველობის სისტემის შემოღებამ საქართველოში, რაში/სად/როდის ვერ დავძლიეთ ამოცანები და არ გვეყო გამოცდილება, მანამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ზოგადად ახალი ხელისუფლება, ვერავის დააჯერებს, რომ ცვლილებები, რომლებსაც ახორციელებს, სამართლიანია.

სწორება „ერთმორწმუნე რუსეთისკენ“ კულტურაშიც უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია და რა დასანანია, რომ თეატრების მოწყობის ბედს განკარგავენ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროინდელი მაგალითებით იწონებენ თავს. ასეთ დროს კიდევ უფრო მაშინებს, რა შეიძლება მოხდეს, თუ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შესული თითოეული შენიშვნის მნიშვნელობა არ გაანალიზდა, არ განისაზღვრა რისკები, რომლებიც შემოთავაზებული კანონპროექტის განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს და არ ჩამოყალიბდა თეატრების დაფუძნების, მათი მართვის ისეთი სისტემა,რომელიც არა მხოლოდ გენიოსს და საქვეყნოდ ცნობილს, არამედ ახალბედა ხელოვანსაც არ შეზღუდავს და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას ნაცნობ-ახლობლობის გარეშე მისცემს.

გათვლები დღემდე კონკრეტული პიროვნებების და არა მთლიანად სისტემის სასარგებლოდ კეთდება; სისტემის, რომელმაც ჩინოვნიკს კულტურაში უხეშად ჩარევის უფლება აღარ უნდა მისცეს (ვსაუბრობთ ჯანსაღ დამოკიდებულებაზე, თორემ სატელევიზიო გადაცემებში მოწვეულ რეჟისორებში არიან ისეთებიც, რომლებიც მოითხოვენ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განუსაზღვროს და დაუდგინოს მათ თუ რამდენი სპექტაკლი უნდა განახორციელონ წელიწადში. მაშინ როდესაც შემოქმედებითი გაერთიანებების ხელმძღვანელები, თუნდაც მათთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილებისას, როგორც წესი, სრულ თავისუფლებაზე უნდა ოცნებობდეს და არა პირიქით!). სამწუხაროა, რომ აღნიშნული თემის გარშემო გამართულ დებატებში სულ უფრო და უფრო იშვიათად საუბრობენ კვლევის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი კრიტიკის განვითარებისთვის ხელის შეწყობაზე და, რაც მთავარია, თვითონ შემოქმედებით პროცესზე. ჩამოთვლილი რომ პრიორიტეტული ყოფილიყო, ჩინოვნიკების კომენტარებიც უფრო არგუმენტირებული იქნებოდა. ამას მხოლოდ ერთი თეატრმცოდნე ვერ შეძლებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ფინანსების მართვის და განკარგვის საკითხს ეხება - აღნიშნული ინფორმაციის მოძიება დღეს ნებისმიერ მკვლევარს გაუჭირდება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სასურველია ჩამოაყალიბოს პროფესიონალებით (აპოლიტიკური) შემდგარი საბჭოები, გაერთიანებები, რომელთა კვლევასა და დასკვნებსაც გამოიყენებს არგუმენტად და არა ვინმეს „პოლიტიკურ ნიშანს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ვერც გადაწყვეტილებათა სამართლიანობაში დაგვარწმუნებთ და შემოქმედებითი პროცესის მხატვრულ ხარისხზე საუბარსაც ავუვლით გვერდს.

ხელოვნების ნაწარმოები, უპირველესად, მისი მხატვრული ხარისხით ფასდება; როგორ შეიძლება მისი მნიშვნელობა ასე უგულებელყოფილი იყოს მაშინ, როდესაც თეატრის ფუნქციონირებასთან გვაქვს საქმე?! მთავარი რომ უფრო საგულისხმო და საყურადღებო იყოს, ვიდრე მეორეხარისხოვანი, იგივე ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილ მმართველს - მიხეილ ანთაძეს - მისი გათავისუფლების ფაქტი იქნებ „პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ არც მიეჩნია და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოსმენილი - თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით იყო დანიშნულიო, „ხელზე არ დაეხვია“? მიხეილ ანთაძე რომ კარგი მმართველი ყოფილიყო, არ ჰქონოდა ფინანსური დარღვევები და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ერთიმეორეზე უკეთესი სპექტაკლები განხორციელებულიყო, მაშინაც გაათავისუფლებდით? ნებიმიერი შემოქმედებითი ორგანიზაციის შემთხვევაში, მთავარი ხომ მისი წარმატებული ფუნქციონირება და პროდუქციის მაღალი ხარისხია, რა შუაშია პოლიტიკა? და თუ აღნიშნულია მნიშვნელოვანი, მაშინ რატომ ხდება თანამდებობიდან ადამიანების გათავისუფლების საბაბი პოლიტიკური ანგარიშსწორება და არა შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებული არგუმენტები? მიხეილ ანთაძის მუშაობის პერიოდში განხორციელებული სპექტაკლების ხარისხი რომ შემოწმებულიყო, იქნებ უფრო არგუმენტირებული განცხადებები გაკეთებულიყო? იქნებ, არც შეიძლებოდა იმ წარმოდგენების მოზარდებისთვის ჩვენება, რომლებსაც თეატრი ყველაზე „გულწრფელ და მგრძნობიარე მაყურებელს“ სთავაზობდა? რომელი უფრო ძლიერი არგუმენტია, კითხვებად ჩამოთვლილი თუ პოლიტიკური ნიშანი? ჩინოვნიკები თუ გულისხმობენ, რომ „გუშინ“ დანიშნული „დღეს“ გასაშვებია, აღარც უნდობლობით გამოწვეული კრიტიკული განცხადებები უნდა გაგვიკვირდეს. თუ თანამდებობათა გადანაწილებით საზღვრავთ თეატრების მართვის სისტემას, მაშინ რატომღა ითხოვთ ჩართულობას პროცესში, რომელსაც ერთპიროვნულად განკარგავთ?.. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^