Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

m2-ის სასტუმროს პროექტი ისტორიის ინსტიტუტის ადგილას და სამოქალაქო პროტესტი

07 ივნისი 2017

თბილისში, მელიქიშვილის #10 ნომერში ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ადგილას კომპანია m2 მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია, რასაც სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორი და აქტივისტები აპროტესტებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქრის“ ორგანიზებით 10 ივნისს დაიგეგმა აქცია, სახელწოდებით მელიქიშვილის 10-ს ვერ დაანგრევ!

m2-ში კი აცხადებენ, რომ შენობის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას აცნობიერებენ და კომპანია შენობის ფასადს არსებული ვიზუალით შეინარჩუნებს.

სპეციალისტებს კი მიაჩნიათ,  რომ დაგეგმილი მშენებლობა და თუნდაც ფასადის შენარჩუნება კომპანიის გეგმით, ისტორიულ შენობას ავთენტურ სახეს დაუკარგავს.

აღნიშნულ პროექტზე არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა 2017 წლის იანვრის დასაწყისში გასცა. პროექტის მთავარი არქიტექტორი ირაკლი შარაშიძეა. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: 130-ნომრიანი, სამვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და 18-ბინიანი საცხოვრებლისგან. პირველი სართულიდან მე-5 სართულის ჩათვლით განთავსებული იქნება სასტუმრო ნომრები, ხოლო 6-დან მე-11 სართულის ჩათვლით - საცხოვრებელი ბინები. საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ფართობი 2153 კვმ-ია, განაშენიანების ფართობი-1859 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი - 11116 კვ.მ. მშენებლობა 2017 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი „ლიბერალს“ ისტორიის ინსტიტუტის არქიტექტურულ ღირებულებასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, არქიტექტურულად ის მიეკუთვნება ინტერნაციონალურ (კონსტრუქტივიზმი) სტილს, რომელიც მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე არსებობდა და შემდეგ  საბჭოთა კავშირში აიკრძალა. ეს სტილი შეცვალა კლასიცისტურმა, სტალინურმა არქიტექტურამ.

„შენობა აშენებულია 30-იან წლებში, ამის ნახვა ძალიან მარტივად შეიძლება, რადგან შესასვლელშივე იატაკზე მონიშნულია თარიღი. აშენებულია საქართველოში მცხოვრები ძალიან კარგი არქიტექტორის კ. ლეონტიევის მიერ, რომელსაც არამარტო ეს შენობა, არამედ ბევრი სხვაც ეკუთვნის. ის ზაჰესის მშენებლობაშიც მონაწილეობდა. კონსტრუქტივიზმი იყო სადა, ფუნქციურად დატვირთული სტილი, დეკორის გარეშე. არის ქვეყნები, სადაც ცოტა ამ სტილმა ხანს იარსება და არის ქვეყნები, სადაც საერთოდ არ აშენებულა ამ სტილის შენობები. საქართველოში კი ბევრი გვაქვს. მაგ: „ზარია ვოსტოკა“, რომელშიც ახლა სავაჭრო ცენტრია განთავსებული. საინტერესოა, ამ სტილის შენობებში როგორ არის ქართული ეროვნული მოტივებისა და კონსტრუქტივიზმის სინთეზი, როგორაა გაერთიანებული ტრადიცია და სიახლე“, - ამბობს თამარა ამაშუკელი.

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობას არ აქვს ძეგლის სტატუსი. ამაშუკელის თქმით, 2007 წელს სპეციალისტებმა რიგი შენობების გაძეგლების შესახებ კულტურის სამინისტროში განაცხადი შეიტანეს. ამ სიაში ინსტიტუტიც იყო. მაშინ 400 ობიექტს არ მიანიჭეს ძეგლის სტატუსი და მათ შორის იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობაც. მისი თქმით, სწორედ მაშინ მოუხსნეს „იმელის“  შენობასაც ძეგლის სტატუსი. ამაშუკელი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით მაშინ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს განაჩენი გამოუტანეს.

„თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ამ შენობებს აქვთ ისეთი ადგილმდებარეობა, სადაც შესაძლებელია კარგი საინვესტიციო პროექტების განხორციელება. პრაქტიკულად, მაშინვე განაჩენი გამოუტანეს მათ, რადგან არ მისცეს ძეგლის სტატუსი.  ძეგლის სტატუსი ყველა შემთხვევაში არ იცავს შენობას ჩარევებისგან და ამის შესანიშნავი მაგალითია საყდრისი, თუმცა ეს  მინიმალური დაცვის მექანიზმი მაინც არის. ეს შენობები იყიდება ძვირად, თანხის ამოსაღებად კი „აუცილებელი“ ხდება შენობის დანგრევა და მის ადგილას დიდი ფართობის მქონე შენობის აშენება. ეს არის დიდი დანაშაული, რომელსაც უშვებს თბილისის მერია. ისინი ცდილობენ კულტურული მემკვიდრეობის ხარჯზე ბიუჯეტში შეიტანონ თანხა “,-ამბობს ის. 

m2-ის პიარის სამსახურის უფროსის, დათო გორგილაძის თქმით, შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და აირჩიეს რეაბილიტაციის ისეთი გზა, რომელიც შენობის ფასადის არსებული სახით შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, რეაბილიტაციის ეს ფორმა კომპანიამ სწორედ იმიტომ შეარჩია, რომ აცნობიერებს შენობის ისტორიულ მნიშვნელობას. ის ამბობს, რომ ასეთი ფორმით რეაბილიტაცია თბილისში არასოდეს ჩატარებულა. 

„ამ შენობის წინა ფასადს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, დეტალები დაკონსერვდა თავიდან ბოლომდე და დაყალიბდა. არქიტექტორებმა დაშლისა და აწყობის ასეთი გზა აირჩიეს. კონსტრუქციულ დასკვნაში წერია, რომ თუ მოხდებოდა ამ შენობის გამაგრება, მაშინ საჭირო გახდებოდა მთლიანად ამ შენობის ფასადის ჩამოღება. ფასადის ჩამოღების შედეგად შენობა მთლიანად დაკარგავდა იმ ღირებულებას, რაც გააჩნია, ამიტომაც არქიტექტორებმა ეს გზა აირჩიეს. ფასადი დარჩება ზუსტად იგივე, როგორიც არის. იქ განთავსდება სასტუმრო „რამადა“, - განაცხადა დათო გორგილაძემ.

ფოტომონტაჟი

თამარა ამაშუკელი ფიქრობს, რომ კომპანია კონსერვაციის ამ მეთოდს - დაშლას და თავიდან აწყობას - არ გამოიყენებს, რადგან ეს პროცესი საკმაოდ რთული და ძვირადღირებულია. 

„არა მგონია, რომ ეს m2-მა გააკეთოს მაშინ, როცა ამ შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს. როდესაც ასეთ შემთხვევაში დაშლა ხდება, ინომრება ყველა ქვა და ყველა დეტალი.  შემდეგ ამ ნუმერაციით ხდება ყველა დეტალის აღდგენა. დაშლიან, შემდეგ ახალი მასალით ააშენებენ ცოტა დიდს, მსგავს ფასადს შექმნიან და ამას ეძახიან დაშლა-აღდგენას. ახალი მასალით აშენებულ, 21-ე საუკუნის კონსტრუქტივიზმს არანაირი ღირებულება არ აქვს, ისე როგორც მოდერნის სტილის შენობებს, რომლებიც 21-ე საუკუნეში უხვად ააშენეს“, - ამბობს ის.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“   მერიის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართა. ორგანიზაცია ითხოვს სამართლებრივ განმარტებასა და იურიდიული საფუძვლების მითითებას იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს აღნიშნული შენობის დემონტაჟი.

„ორგანიზაცია ითხოვს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს დემონტაჟის პროცესი და გამართოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიულ წრეებთან, მათი არგუმენტაციის მოსმენისა და გადააზრების მიზნით“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი  ანანო ცინცაბაძე განმარტავს, დემონტაჟს სჭირდება ცალკე ნებართვა. მისი თქმით, კომპანია m2-მა 3-ჯერ მიმართა  მერიას შენობის დემონტაჟის მოთხოვნით და სამჯერვე მიიღო უარი იმ არგუმენტით, რომ ეს ისტორიული შენობაა და მისი დემონტაჟი არ შეიძლება.

„მას შემდეგ რაც m2-მა დემონტაჟზე უარი მიიღო, კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს მიმართა ახალი მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით, სადაც წერია, რომ დემონტაჟს კი არ აპირებენ, არამედ კონსერვაცია-რესტავრაციას და დაშლა-აღდგენას. თუმცა მათ მიერ წარდგენილი შენობის მშენებლობის ორგანიზების პროექტი დემონტაჟს მაინც ითვალისწინებს. გამოდის m2-მა ეს ხარვეზი არ შეავსო და არქიტექტურის სამსახურმაც გასცა მშენებლობის ნებართვა“, - ამბობს ანანო ცინცაბაძე. 

კომპანია m2 აპირებს შეხვედრა გამართოს დაინტერესებულ მხარეებთან. თუმცა თამარა ამაშუკელი ამბობს, რომ კითხვები ჩნდება, თუ რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს შეხვედრა, როცა უკვე მიმდინარეობს სამუშაოები.

„შეხვედრას აპირებენ ისტორიის ინსტიტუტში, არქიტექტორებთან და სტუდენტებთან. რა შედეგის მომტანი იქნება ეს შეხვედრა, როდესაც მიმდინარეობს მშენებლობა? აქ მთავარი პრეტენზია არის არა m2-თან, რომელსაც თავისი გემოვნება და ბიზნესინტერესი აქვს, არამედ პრეტენზია არის ქალაქის მთავრობასთან, რომელიც უფლებას აძლევს m2-ს, ასეთი რამ ჩაიდინოს. ქალაქს არ აქვს არანაირი ჩარჩო და გეგმა - როგორ განვითარდეს ისტორიული ქალაქის შესაფერად“, - ამბობს ამაშუკელი. 

ფოტო: „ტფილისის ჰამქარი“

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

ტალანტებიც და თაყვანისმცემლებიც

საოპერო სეზონის დასასრულ ახალგაზრდა თაობის მომღერლებმა მსმენელს სიუპრიზი მოუწყვეს
19 ივლისი
19 ივლისი

ქართულ ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნი ...

„ვესტუსის გამოყენებით ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება ენერგოდამოუკიდებელი“
18 ივლისი
18 ივლისი

სოციალური მუშაკის რთული მისია

არაერთმა სოციალურმა მუშაკმა დატოვა სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში. მიზეზად გადატვირთუ ...

მეტი

^