Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► „აუდიტორია 115-ის“ სოლიდარობა დევნილ სამოქალაქო აქტივისტებს

09 ივნისი 2017

8 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურმა მოძრაობამ - „აუდიტორია 115-მა“ - დევნილი სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერის მიზნით გამართა კონფერენცია - „დევნილი სამოქალაქო აქტივისტების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში".

სტუდენტებმა შეხვედრისას სოლიდარობა გამოუცხადეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევასა და დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლეს, ტუბა ჩაბუქს, რომლებიც შეხვედრაზე იყვნენ მიწვეულნი.

„საქართველო და ქართული სახელმწიფო არ შედგება მხოლოდ მისი მთავრობისგან, რომელიც ძალიან ცუდად და სამარცხვინოდ იქცევა, ქართული სახელმწიფო შედგება ხალხისგანაც. დღეს ეს აუდიტორია არის იმისი ნიშანი, რომ რიგითი მოქალაქეები, გამოხატავენ სოლიდარობას თქვენ მიმართ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას თქვენი ფუნდამენტური უფლებებისა და ჰუმანიზმის პრინციპების დასაცავად. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ ამ სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ“, - განაცხადა შეხვედრის დასაწყისში მოძრაობის წევრმა, თსუ-ის დოქტორანტმა, ლევან ლორთქიფანიძემ.

შეხვედრაზე საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და  ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებისა თუ ჩაგვრის შემთხვევები განიხილეს.

თსუ-ის პოლიტმეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტმა გიორგი არობელიძემ მოხსენებისას აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, უფრო კონკრეტულად კი აღნიშნა, რომ მიუხედავად ლიბერალური კანონმდებლობისა, კანონი ფურცელზე დაწერილადვე რჩება; ოპოზიციურად განწყობილი ძალები კი, იქნება ეს მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, აზერბაიჯანული ხელისუფლების მხრიდან დევნისა და შევიწროების ობიექტია.

ლევან ლორთქიფანიძემ კი რუსული ოპოზიციური პარტიების შესახებ ისაუბრა და 2010 წლიდან დღემდე არსებული მდგომარეობა მიმოიხილა: „ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა ნაცნობია - ოჯახის წევრის დაკავება, საექსტრადიციო პროცედურის დაწყება, ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ქონების ჩამორთმევა და ადამიანების ციხეში ჩაგდება, იმაში დადანაშაულება, რასაც თავად ებრძოდა. სამწუხაროდ, არამხოლოდ ჩრდილოეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთითაც ჩვენდა საუბედუროდ მეთოდები ერთნაირია“.

 შეხვედრაზე მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა, ტუბა ჩაბუქმა მისი მეუღლის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა: „ვწუხვარ, მომხდარის გამო, რადგან ჩემი მეუღლე უდანაშაულოა. მას არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არც თურქეთში ყოფნის პერიოდში და არც საქართველოში. როგორც მოსამართლეს უთხრა, პატარა დანაც კი არასოდეს ჰქონია ჯიბეში. როგორც ადვოკატები მეუბნებიან, საბრალდებო დასკვნაშიც არანაირი მტკიცებულება არ არის, იმის შესახებ, რაზეც ბრალს დებენ“.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით თბილისში 24 მაისს დააკავეს. 25 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მან  საქართველოს ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსის მიღების მოთხოვნით მიმართა. დღესდღეობით ექსტრადიციის პროცესი შეჩერდა, იმიტომ, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ სტატუსის მიღების პროცედურა დაიწყო და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე ექსტრადიცია არ მოხდება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას 2002 წლიდან ეწევა: 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო; 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

ტუბა ჩაბუქმა შეხვედრისას თურქეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, მისი თქმით,  ქვეყანაში ბევრი უკანონობა ხდება, ამ უკანონობის მხილებისთვის კი დღესდღეობით ათასობით ადამიანია ციხეში, მათ შორის მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები.

„მე და ჩემს მეუღლეს საქართველო ძალიან გვიყვარს, როგორც მეორე სამშობლო. ამას ვასწავლით ჩვენს შვილებსაც. ჩვენ საქართველო დემოკრატიულ, ადამიანის უფლებების დამცველ ქვეყნად მიგვაჩნდა. ამიტომ ვცხოვრობდით აქ. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, რადგან აქ ცხოვრების განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგო არაფერი ჩაგვიდენია. ჩემი მეუღლე მხოლოდ განათლების სფეროში საქმიანობდა, და თავისი საქმით ცდილობდა ამ სფეროში ქვეყანა ერთი ნაბიჯით წინ წაეწია. იმედი მაქვს, სიმართლე იზეიმებს და ყველაფერი მალე დამთავრდება“, - უთხრა მან შეკრებილ აუდიტორიას.

კონფერენციისას ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორ ელგუჯა დავითაძის ვიდეომიმართვაც აჩვენეს, სადაც მან ვრცლად ისაუბრა სკოლა-ლიცეუმისათვის ლიცენზიის შეჩერების წინაპირობებზე. ის მიიჩნევს, რომ სკოლას, თურქეთის მთავრობის დავალებით შეუჩერდა ლიცენზია. გარდა ამისა, დავითაძე შაჰინის სკოლის დახურვასა და დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავებას ერთმანეთთან აკავშირებს:

„სანამ თურქეთში სკოლა-ლიცეუმს ლიცენზია შეუჩერდებოდა, თურქეთში, განსაკუთრებით სამთავრობო მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ეს სკოლები აუცილებლად უნდა დახურულიყო. საქართველო კი მზად იყო, რომ უახლოეს მომავალში ეს სკოლები დაეხურა. მალევე დაიწყო ჩვენს სკოლაში დაუგეგმავი მონიტორინგი. ამ სტატიების გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში სკოლას ლიცენზია გაუუქმდა. ამას მოჰყვა საზოგადოების რეაქცია, მაგრამ არავის აზრი არ გაითვალისწინეს“.

მისივე თქმით, ოფიციალური მიზეზი, რომ თითქოს სკოლისთვის ლიცენზიის შეჩერება არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართულენოვან სექტორზე ჩარიცხვამ გამოიწვია, სარწმუნო ვერ იქნება, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკა სკოლამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭოსთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ დანერგა, რისი ამსახველი ოქმებიც არსებობს. დავითაძე ამბობს, რომ ამჟამად სასამართლოს ელოდებიან, თუმცა სასამართლო რომც დაინიშნოს, სკოლა-ლიცეუმს ფუნქციონირება უკვე შეწყვეტილი აქვს. „სკოლამ, როგორც მატერიალური, ისე დიდი მორალური ზიანი მიიღო“. სასწავლო პროცესი სკოლაში 13 თებერვალს შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა. 20 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა აქტის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, სკოლას უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, რომ აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო.

აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ კი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი ქმრის გამოძიების საქმეს ბოლომდე მიჰყვება. ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ მისთვის შოკისმომგვრელი იყო მომხდარი, იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, სწორედ ამიტომ უარი განაცხადა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიეღო. 3 ივნისს  პრემიერმა განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს მოუწოდა, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიანიჭოს მუხთარლის ცოლსა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში 2015 წლიდან ცხოვრობს 24 მაისს თბილისიდან გაიტაცეს, მეორე დღეს კი ის აზერბაიჯანში დააკავეს. როგორც აფგან მუხთარლიმ ადვოკატს განუცხადა - მას საღამოს საათებში, თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე დახვდა სამი პირი, მათგან ორი სამართალდამცველების ფორმაში იყვნენ. მისივე თქმით, გამტაცებლებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ასევე მიაყენეს ფიზიკური შერაცხყოფა. აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^