Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უახლესი ფაზა მზარდ კონფრონტაციაში

25 თებერვალი 2013

უცხოური პრესის მიმოხილვა

თბილისის მერის გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენება უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. საინფორმაციო საშუალებების უმეტესი ნაწილი სტატიას დაახლოებით მსგავსი შინაარსის სათაურით  აქვეყნებს: “საქართველოს პრეზიდენტის უახლოეს მოკავშირეს ფინანსურ დანაშაულში სდებენ ბრალს“.

Washington Post-ი წერს, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა  ბოლო სამიზნე გახდა იმ ოფიციალური გამოძიებებისა, რომელსაც ხელისუფლება სათავეში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ აწარმოებს. “დამოუკიდებელი ტელეკომპანია იმედის მითვისებასა და სააკაშვილის პარტიის აქტივისტებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ხელფასების გადახდასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე უგულავამ გამომძიებლების შეკითხვებს არ უპასუხა. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მას თითოეულ საქმეზე პატიმრობის 10–ზე მეტი წელი ემუქრება”.

სტატიის ბოლოს გამოცემა წერს: “ივანიშვილის პარტიამ არჩევნებში იმ დაპირებით მოიგო, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩადენილ ყველა უკანონობას გამოიძიებდა და ახლა საზოგადოების მხრიდან ზეწოლას განიცდის, რათა ბოლომდე შეასრულოს დაპირება”. 

Globalpos-–ი სააგენტო France Presse-ზე დაყრდნობით წერს:

“ქარიზმატული უგულავას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება – სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ მზარდ კონფრონტაციაში უახლესი ფაზაა”.

სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ უგულავას ხელმძღვანელობით განხორციელდა “მასშტაბური ინფრასტრქტურული და სოციალური პროექტები, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ცხოვრება საქართველოს დედაქალაქში”.

გამოცემა იმასაც იხსენებს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში “რამდენიმე ყოფილი ჩინოვინკის დაკავებამ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ასობით  მომხრის დაკითხვამ ევროპელ დიპლომატებს უბიძგა, შეშფოთება გამოეთქვათ  შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკურ ოპონენტთა დევნის თაობაზე". 

Deutsche Welle ამავე თემაზე წერს, რომ უგულავას ფულის გათეთრებასა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დადანაშაულებამ დაბადა ჭორები, რომ "ეს ყველაფერი მისი პროდასავლურ პრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილთან ასოცირებით არის მოტივირებული”. იქვე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატეგორიულად გამორიცხა, ამ საქმის პოლიტიკური მოტივი.

Deutsche Welle ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალის წაყენების დროს, მას გარეთ ასობით მომხრე გულშემატკივრობდა.

“ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა სააკაშვილს მოუწოდა პრეზიდენტობიდან გადამდგარიყო. ეს მოთხოვნა, მან უკან წაიღო მას შემდეგ, რაც მზარდი დაძაბულობის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ შეშფოთება გამოთქვა. ორივე პირს ძალაუფლების გაყოფა 2013 წლის ოქტომბრამდე მოუწევს, როცა სააკაშვილს მეორე და საბოოლო საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება. ივანიშვილის კოალიციაში პროდასავლურ ლიბერალებთან ერთად რადიკალ-ნაციონალისტები შედიან”, – წერს Deutsche Welle.

Foreign Policy აქვეყნებს მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორის დმიტრი ტრენინის სტატიას: “როგორ დაარწმუნოს ობამამ მოსკოვი, რომ არ აპირებს რუსეთის დაღუპვას”. ექსპერტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სურვილს რუსეთი ბირთვული იარაღის შემცირებაზე დაიყოლიოს.  წარმატების მისაღწევად კი დმიტრი ტრენინი ვაშინგტონს ურჩევს, ყურადღებით შეისწავლოს თანამედროვე რუსეთის ინტერესები. ავტორის შეფასებით, ბირთვული ზესახელმწიფოს სტატუსი რუსეთს დაეხმარა საბჭოთა იმპერიის დაშლით გამოწვული ფსიქოლოგიური ტრამვის გადატანაში. მოსკოვის ამჟამინდელი “ველიკო დერჟავული” ხედვა კი, უკვე განსხვავდება კლასიკურისგან: “მას იმდენად არ სურს სხვებზე ბატონობა, რამდენადაც არ უნდა რომ სხვები ბატონობდნენ მასზე”.

ექსპერტის აზრით, ვაშინგტონს შეუძლია მშვიდად იყოს მოსკოვის იმ სურვილებთან დაკავშირებით, რომელიც ევრაზიული კავშირის, ან სხვა მსგავსი გაერთიანებების შექმნას ეხება. “პარტნიორებზე საკუთარი სურვილის თავს მოხვევის შესაძლებლობები მოსკოვს ძალიან მცირე აქვს. რუსული იმპერია კვლავაც თავისთვის იქნება მშვიდად მისვენებული”. 

რუსი ექსპერტის შეფასებით, ამერიკელი კოლეგები რუსეთის ქმედებებს კვლავაც ცარიზმისა და საბჭოეთის ეპოქის ჭრილში განიხილავენ, რაც მისი აზრით, მცდარია. მაგალითად კი ჩეჩნეთი და საქართველო მოჰყავს. დმიტრი ტრენინის მტკიცებით, ჩეჩნეთის ათწლიანმა ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა შედეგად ის მოიტანა, რომ ჩეჩნეთი ახლა ფაქტობრივად როგორც სახელმწიფო ისე არსებობს, რომელიც არც თუ ისე მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთთან. და რომ იქ გაცილებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ჩრდილო კავკასიის სხვა რომელიმე რესპუბლიკაში.

“რაც შეეხება საქართველოს, 2008 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართულ უგუნურ საქციელზე რუსეთის სამხედრო პასუხი იყო მძლავრი, მაგრამ გაწონასწორებული. დასავლეთში დამკვიდრებული აზრის მიუხედავად, თბილისი თითქმის იმავე ტერიტორიას აკონტროლებს, რასაც ომამდე – მცირედი გამონაკლისების გარდა”. თუმცა ავტორს არც იმის თქმა ავიწყდება, რომ “განსხვავებით ომამდე პერიოდისა, ახლა იქ რუსეთის რეგულარული ჯარები დგანან. თვალსაწვდომ მომავლში ეს ორი ტერიტორია დე ფაქტო რუსეთის სამხედრო პროტექტორატებად დარჩებიან. აშშ და თითქის ყველა დანარჩენი ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ასე რომ, ამ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური გზით. მაგრამ მანამდე ის დარჩება გაყინული”.

ავტორის თქმით, მოსკოვის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ობამას საგარეო პოლიტიკაში “გადატვირთვამ” საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსები შეამცირა. ხოლო “კიევში, შემდეგ კი თბილისში შიდაპოლიტიკური მოვლენები იქამდე განვითარდა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხმა კიდევ უფრო გადაიწია მეორე პლანზე. რუსმა პოლიტკოსებმა და სტრატეგებმა შვება იგრძნეს – მათ აღარ სჭირდებათ რუსეთის საზღვრების ახლოს ამერიკული ძალის შესაძლო განლაგებაზე ფიქრი. ისინი მზად არაინ სიხარულით მიანდონ საქართველოს, თავად გაერკვიოს საკუთარ პრობლემებში”. დმიტრი ტრენინის მოსაზრებით, ერთადერთი, რაც მოსკოვს ამ რეგიონში აღელვებს ესაა - “არ დაირღვეს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის არსებული მყიფე ზავი და იქ სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდეს. ამაში კი ვაშინგტონიცაა დაინტერესებული”. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^