Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩაკეტილი წრე სასამართლო სისტემაში - ინტერვიუ მაია ბაქრაძესთან

23 ივნისი 2017

ბოლო პერიოდში იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯადომარეთა დანიშვნამ კვლავ კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ორგანიზაციები, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ ბევრი ღირსეული კანდიდატი დარჩა გარეთ. სანაცვლოდ კი დაინიშნნენ ისინი, ვისთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს. რატომაა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ასეთი ბუნდოვანი, არის თუ არა ამ პროცესზე პოლიტიკური ზეგავლენის ნიშნები და სადამდე მიგვიყვანს სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები - ამ და სხვა საკითხებზე „ლიბერალი“  „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარეს, მაია ბაქრაძეს ესაუბრა.

                                              

იუსტიციის უმაღლესი საბჭო  კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს  მოსამართლეთა დანიშვნის  პროცესის გამო. სად ხედავთ პრობლემას - კანონმდებლობის  მიერ დადგენილ ბუნდოვან კრიტერიუმებში თუ საბჭოს სუბიექტურ გადაწყვეტილებებში?

წლების განმავლობაში კანონი მოსამართლეობის მსურველებისთვის მხოლოდ ფორმალურ კრიტერიუმებს აწესებდა: ასაკი, განათლება, სტაჟი. სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შემდეგ კანონში გაჩნდა ტერმინები - კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. ამ ორი კრიტერიუმის საფუძველზე უნდა შეფასდეს კანდიდატი პირველ ეტაპზე.  კომპეტენტურობა გულისხმობს პროფესიული წვრთნას, სამართლებრივი წერის უნარს, დასაბუთების ხარისხს და ა.შ., რისი შეფასების ჯამური მაქსიმალური ქულა 100 ის ტოლია. თუ ვინმემ კომპეტენტურობის ქულების 70% ვერ მიიღო ან კეთილსინდისიერი არ აღმოჩნდა, ეს კანდიდატი კენჭისყრამდეც ვერ აღწევს და ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

მაგრამ თუკი მან კენჭისყრამდე მიაღწია, მაშინ რამ შეიძლება დააბრკოლოს მისი თანამდებობაზე დანიშვნა?! ერთადერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ  ვიღაცამ მასზე მეტი ხმა მოაგროვა. ალოგიკურია, რომ კანდიდატი    კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და  ვერ აგროვებს გამსვლელ 10 ხმას კენჭისყრაზე.

ბოლო დანიშვნისას საბჭოსთვის არასასურველი კანდიდატები მთლიანად გადახაზულ იქნა ბიულეტენიდან,  ბიულეტენი გაბათილდა და კვლავ დარჩა ვაკანტური ადგილები. ამ დროს გვყავს კანდიდატი, რომელმაც კომპეტენციის ზღვარიც გადალახა და საბჭოს შეფასებით, კეთილსინდისიერიცაა. ვერ ვიგებ, რატომ არ ვნიშნავთ მას, რატომ აღარ უჭერენ მას მხარს საბჭოს წევრები კენჭისყრისას?1.

იგივე შეიძლება ითქვას იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებზეც. ისინი საბჭომ შეარჩია, მოსამართლეობის კანდიდატები უწოდა და სკოლაში ცოდნის გასაუმჯობესებლად გაუშვა. სახელწმიფომ თავის ხარჯზე ასწავლა,  სტიპენდიასაც უხდიდა და მერე ისევ საბჭომ არ დანიშნა. 

თუ საბჭო სუბიექტურია, როგორ ფიქრობთ, სხვებს რატომ დაუჭირა მხარი?

პროცესთან დაკავშირებით სწორედ ეს პრეტენზიები გვაქვს, არ ვიცით, რა სტანდარტით  იხელმძღვანელა საბჭომ. შესაძლოა, რიგ კანდიდატებთან დაკავშირებით მას ჰქონდეს კიდეც დასაბუთება, რატომ დანიშნა, რით იხელმძღვანელა, რატომ მიანიჭა უპირატესობა?!  შეუძლიათ გვიპასუხონ.

ბოლო დანიშვნაზე არაკეთილსინდისიერად შეაფასეს ის კანდიდატი, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელია  და ასეთი საპასუხისმგებლო პოზიცია აქვს, მნიშვნელოვან საქმეზე გამოდის ბრალმდებლად, სხვა პროკურორები, ათწლიანი გამოცდილების მოსამართლეები, უნივერსიტეტების ლექტორები. სამაგიეროდ, კეთილსინდისიერად  და კომპეტენტურად შეფასდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელსაც სულ 250 საქმე აქვს განხილული 10 წლის მანძილზე.

ეს რომ თანმიმდევრული და ლოგიკური პროცესი ყოფილიყო, კითხვები და ეჭვები აღარ იარსებებდა. მაგრამ ბევრი ალოგიკური რაღაც ხდება. საჯაროდ აცხადებენ, კანდიდატები არ არიან, მოსამართლეობა არავის სურს და ვერ ვავსებთ სასამართლო კორპუსსო და ამ დროს არსებულ კანდიდატებს დანიშვნაზე დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან. 

მერამდენე კონკურსია, ძირითადად, ერთი და იგივე კანდიდატები იღებენ მონაწილეობას. მართლა ასეა, თითქმის ერთი და იგივე დაახლოებით 100 კანდიდატია სულ. ბუნებრივია, ასე იქნება შემდეგშიც. მოსამართლედ რომ გამწესდეს იურისტი სამოსამართლო  გამოცდა უნდა ჩააბაროს, მერე იუსტიციის სკოლაში ჩარიცხოს საბჭომ და წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შეუძლია მოსამართლედ დასანიშნ კონკურსში მოანწილეობა.  საბჭო გამოცდას არ ატარებს, გამოცდები რომ ჩაეტარებინათ, 300-500-მდე გახდებოდა. შესაბამისად, იუსტიციის სკოლაში ახალ მსმენელებს ვერ იღებენ. ამ 4 წლის მანძილზე მხოლოდ 1 გამოცდა აქვს საბჭოს  ჩატარებული და ისიც ვერ უზრუნველყვეს, რომ საზოგადოებას აქ მაინც არ გასჩენოდა კითხვები. გახსოვთ ალბათ, ცნობილი მოვლენები მოსამართლეთა ტესტების და კაზუსების გაჟონვაზე.

ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და გვიპასუხონ, რატომ ხდება ასე?!  გვითხრან, რომ საზოგადოება ცდება იუსტიციის საბჭოს საქმიანობის შეფასებისას.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ ზრუნავს საბჭო ახალი კადრების მიღებაზე?

იმიტომ, რომ მოქმედი იუსტიციის საბჭოს ინტერესი მისი არსებობის მანძილზე, გარედან როგორმე  ხალხის შემოყვანის ხელშეშლა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ღიად აცხადებენ  მოსამართლეთა რაოდენობა არასაკმარისიაო.  თუ არ უნდათ, რომ კადრები გარედან შემოვიდნენ, მაშინ საბჭო საერთოდ რას საქმიანობს?! გამოდის, რომ ელოდებიან, რომელ მოსამართლეს გაუვა ვადა, რომ კონკურსზე გამოვიდეს და მერე თავიდან დაინიშნოს. ან თუ განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, საერთოდ აღარ დანიშნონ. ეს მათ ხელში არსებული ბერკეტია.  და რა გამოდის?! კონკურსში ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს, რადგან ჩაიკეტა ეს წრე და შედეგებიც შესაბამისია. ეს შედეგები, პირველ რიგში, მოსამართლეთა კონფერენციებზე აისახება. თუკი თავდაპირველად მოსამართლეთა კონფერენციაზე ბევრი განსხვავებული აზრი ისმოდა, მერე მან იკლო, იკლო და ბოლო კონფერენციები საერთოდ ერთ ხმაში, ერთი და იგივე მოსამართლეების ერთნაირი გამოსვლით ტარდება და მოსამართლეთა მხრიდან საბჭოს წევრების ქება–დიდებით სრულდება.

ეს ჩაკეტილი წრე იმაში გამოიხატება, რომ კონფერენცია ირჩევს ერთი და იმავე მსოფლმხედველობის ხალხს იუსტიციის საბჭოში, და ისინი  მერე ისევ ამ კონფერენციის წევრებს ნიშნავენ თავიდან მოსამართლეებად - ასეთ წრეზე ვბრუნავთ.

არიან სასამართლოების თავმჯდომარეები, რომლებიც 2007 წელს დანიშნეს და კანონის მიხედვით, 5 წლით უნდა ყოფილიყვნენ ამ თანამდებობაზე. მაგრამ იმის გამო, რომ ეს 5-წლიანი ვადა არ გაუვიდეთ, ხან მოვალეობის შემსრულებლები არიან, ხან  ერთი რაიონიდან მეორეს თავმჯდომარედ გადაიყვანენ და მუდმივად რჩებიან ამ თანამდებობაზე. რამდენიმე დღის წინ საბჭომ ისევ იგივე ადამიანები დანიშნა პოზიციებზე.  შესაბამისად, ერთი და იგივე პირები სულ სასამართლოს თავჯდომარეები იქნებიან 14 წელი.

ყველაფერი ნებაზეა დამოკიდებული. დღევანდელ საბჭოს კი არ აქვს ნება, რომ რაღაცები სასიკეთოდ შეიცვალოს. მიდგომები უნდა შეცვალონ და ახალი, პროფესიონალი კადრები გამოავლინონ. 300 დან 3000 საქმემდე აქვს პირველი ინსტანციის მოსამართლეს, სადამდე შეიძლება ავიდეს ეს რიცხვი?!

როგორ ფიქრობთ,  რატომაა ყველა ერთ აზრზე?  თუკი ვამბობთ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებს თავიანთი ინტერესი აქვთ, რომ კონფერენციამ ისევ ისინი აირჩიოს საბჭოში, არამოსამართლე წევრებს რა მოტივი ამოძრავებთ? მათ ხომ  კონფერენცია არ ირჩევთ.

როდესაც საბჭოს 4 არამოსამართლე წევრი დაინიშნა, მათი მოსაზრება სრულად განსხვავდებოდა საბჭოს მოსამართლე წევრების პოზიციისგან. ხან დავობდნენ, ხან ჩხუბობდნენ, მაგრამ ეს გასაგებია. შესაძლოა,  ჩხუბი არაა მისაღები ფორმა, მაგრამ  ყველას ერთ ხმაზე საუბარი და ერთ აზრზე ყოფნა არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე მიუღებელია. განსხვავებულობა რატომ მოგწონთო?! იმიტომ, რომ განსხვავებულ აზრებში არის ჭეშმარიტების დაბადების შანსი. ამაზე როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ, რატომ უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი და რატომ არ უნდა მღეროდეს ყველა ერთ ხმაში.

როდესაც ყველამ ერთი ხმით დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება, მათ თვითონ ასე ახსნეს, რომ უმცირესობაში ვიყავით, საბოლოო შედეგზე მაინც ვერ ვახდენდით გავლენას, ამიტომ კეთილი ნება გამოვიჩინეთ და ვიზიარებთ უმრავლესობის მოსაზრებებსო.

კარგი გადაწყვეტილებებიც მიიღეს და ბევრი კარგი მოსამართლე დანიშნეს.   ინდივიდუალურ შემთხვევებზე არაა საუბარი. აქ სულ სხვა რამაა მთავარი - როგორ ვითარდება სისტემა და რა ხარისხს აჩვენებს ის, ემსახურება თუ არა ხალხს და ასრულებს თუ არა საზოგადოების დაკვეთას. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ თუკი ვინმე  მის უფლებას დაარღვევს, ის სასამართლოში წავა და იქ მიაღწევს სამართალს.

დღეს სასამართლო მანამდეა დამოუკიდებელი, სანამ მის საქმიანობაში ხელისუფლება ჩაერევა. ანუ თუ ხელისუფლებამ ზეგავლენა შეასუსტა და არ ჩაერია, მაშინ დამოუკიდებელია, თუ მოინდომა უხეში ჩაერევა - მაშინ ისევ  მასზე დაოკიდებული იქნება. სწორედ ესაა რეალური საფრთხე, რომ სასამართლოს კი არ აქვს დამოუკიდებლობა, რომელსაც იცავს და ინარჩუნებს, არამედ ხელისუფლების ნების მიხედვით იქნება დამოკიდებული ან დამოუკიდებელი.

შესაძლოა, რომ  მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე სწორედ ეს გარე ძალები ახდენდნენ გავლენას?

იცით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს უფლება, რამენაირად ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში.  ერთადერთი ლეგიტიმური ბერკეტი, რაც აქვს - კანონის დონეზე რაღაცის შეზღუდვა,  დამოუკიდებლობის ნაკლები გარანტიების შექმნა. რეფორმის ფარგლებში თავდაპირველად ბევრი სასაკეთო ცვლილებები განხორციელდა დამოუკიდებლობის უზრუნველოფის კუთხით, მაგრამ კიდევ ბევრ საკითხზეა მუშაობა გასაგრძელებლი. კულუარულად  და თეორიულად რა როგორ შეიძლება მოხდეს, ამ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ და  არც ვსაუბრობთ ამაზე. მაგრამ, რაც სისტემაში ხდება, ეს სრულად მათი შიდა შეთანხმების ამბავი მგონია - ორმხრივი თანამშრომლობა ერთმანეთის ასარჩევად.

არაერთხელ მოგვისმენია კრიტიკა იმის შესახებ, რომ კანდიდატებთან გასაუბრებისას საბჭოს წევრები არათემატურ კითხვებს სვამენ. რამდენად ემსახურება გასაუბრება იმის დადგენას, შეეფერება თუ არა კანდიდატი მოსამართლის თანამდებობას?

გასაუბრება არ არის საკმარისი იმის დასადგენად, შეეფერება თუ არა კანდიდატი მოსამართლის თანამდებობას. ეს არის დამატებითი საშუალება, რომ კანდიდატთან პიროვნული, ვერბალური  კონტაქტი დამყარდეს და ასე გამოჩნდეს მისი ღირებულებები და თვისებები.

გასაუბრებაც ფორმალობად იქცა, რადგან თუკი არსებობს ეჭვები, რომ საბჭოს წევრები ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ მათ შეუძლიათ, თითოეულ კანდიდატზე წინასწარშეთანხმებული პოზიცია ჰქონდეთ, ვის დაუჭერენ  მხარს და ვის არა. ასეც იქნება, მე თავად გავიარე ასეთი  გასაუბრება და იმიტომ ვსაუბრობ თამამად. კითხვა დამისვეს ასეთი, ვეთანხმებოდი თუ არა ჩვენი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის მიერ პირად ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს. არ ვფიქრობ, რომ ეს კითხვა რელევანტური იყო მოსამართლეთა კანდიდატის შესაფასებლად.

რეფორმის მესამე ტალღამდე  ყოველთვის ისმოდა  კრიტიკა, რომ კრიტერიუმები ბუნდოვანი იყო და ვერ გაიგებდი, ვის რატომ უთხრეს უარი, ან ვინ რატომ დანიშნეს.  როგორ ფიქრობთ, დღეს არსებული კრიტერიუმები გამორიცხავს თუ არა სუბიექტურ შეფასებებს?

სუბიექტური გადაწვეტილებების მიღების რისკი შეიძლება შეამცირო. მაგრამ სადაც ადამიანები არიან, იქ ამას სრულად ვერ აღმოფხვრი. ძველი კანონის ფარგლებში წარმოდგენა არ გვქონდა, კონკრეტული კანდიდატი რატომ დაიწუნეს ან რატომ მოიწონეს. ახლა უკვე  იცის საზოგადოებამ,  ვინ შეფასდა კომპეტენტურად და კეთილსინდისიერად და ვინ არა. მოწესრიგებული კანონდებლობა ამცირებს სუბიექტური ჩარევის რისკებს და საზოგადოებას პროცესის უკეთ დაკვირვების და გაანალიზების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა რა თქმა უნდა ადამიანთა კეთილსინდისიერებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

რა უნდა გაკეთეს სუბიექტური გადაწყვეტილებების შესამცირებლად?

გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის წესი უნდა შეიცვალოს. ყველა გადაწვეტილება უნდა დასაბუთდეს, რატომ შეაფასა საბჭომ ესა თუ ის კანდიდატი, როგორც არაკომპეტენტური ან არაკეთილსინდისიერი. თვითონ კანდიდატმა ხომ უნდა იცოდეს, სად აქვს პრობლემა და რატომ ეთქვა უარი. თუ დასაბუთების ვალდებულებები გაჩნდა, მაშინ უფრო ნაკლები კითხვა დარჩება და სუბიექტური ქმედების შანსიც შემცირდება.

რა გავლენებს იქონიებს საზოგადოებაზე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები? სადამდე მიიყვანს საზოგადოებას სასამართლოსადმი უნდობლობა?

როცა სასამართლო სისტემაში ჯგუფური, კოლექტიური დამოკიდებულება არსებობს და  საზოგადოება საკუთარი თვალით ხედავს, რომ მოსამართლე სუბიექტური განწყობით ინიშნება, ის ნდობას კარგავს. მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალური მოსამართლის კი არა, მთლიანად სისტემის მიმართ. მოსამართლე შეიძლება ძალიან კარგი და კომპეტენტური იყოს, მაგრამ  იმდენად არასწორი და არათანმიმდევრული, დაუსაბუთებელი  პროცედურებით  მოუწიოს პოზიციის დაკავება, რომ საზოგადოებას ძალაუნებურად გაუჩნდეს კითხვა, რატომ ეს და არა სხვა?  იმიტომ, ხომ არა, რომ ვინმეს ნათესავი იყო ან მის კანდიდატურას ვინმე ლობირებდა. შესაბამისად,  ასეთი მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ იმსახურებს საზოგადოების ნდობას. ამით კარგი და კომპეტენტური მოსამართლეებიც ზარალდებიან საზოგადოებასთან ერთად.

თუ საზოგადოებამ ნდობა დაკარგა, იგი ცდილობს, თვითონ ჩაებას სამართლის აღსრულებაში და საკუთარი სამართალი დაამკვიდროს. როცა ეს ხდება, და  ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო და მისადმი ნდობა არ არსებობს,  თუკი სამართლის უზენაესობის პრინციპმა არ იარსება, მაშინ საერთოდ სად მივდივართ, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესები?! ვიქნებით კი სამართლებრივი სახელმწიფო?!

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ  სასამართლო ს დამოუკიდებლობას მყარი საფუძველი გაუჩნდეს და ეს ადამიანების ნებაზე  არ იყოს დამოკიდებული?

ორი გამოსავალი არსებობს, ადამიანების კეთილი ნება, რომ პირადი ინტერესები გვერდზე გადაწიონ, და კანონმდებლობის მაქსიმალური დახვეწა. მხოლოდ  იმიტომ კი არა, რომ ვიღაცების კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეგვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ყოველგვარი ძალაუფლება ცდუნებებს იწვევს და მათ დასაკავებლად უნდა არსებობდეს რეგულაციები.

დღეს მაგალითად, იუსტიციის საბჭოს არ აქვს  ქცევის დეტალური სამართლებრივი რეგულაციები. ამიტომაცაა, რომ ფართო თავისუფლების ფარგლებში, თავად იდგენენ იმ წესებს, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ, მეორე დღეს შეუძლიათ შეცვალონ ეს წესი და იგივე საკითხი განსხვავებულად მოაწესრიგონ. თუკი  დეტალურად გაწერილი საკანონმდებლო ბაზა ექნებათ,  თუ პროცესი გამჭვირვალე იქნება, კითხვებიც აღარავის გაუჩნდება, რადგან იქვე იპოვის პასუხს.

აქამდე  საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით  არსებობდა ეჭვები, რომ ისინი ხელისუფლების სამი  შტოს გარიგების საგანი იყო. დღეს რამდენად უნდა ველოდოთ რაიმე პოზიტიურ ცვლილებას, რომელიც ერთი ჯგუფის სასარგებლოდ კი არა,  სიტუაციის გაჯანსაღებისკენ იქნება მიმართული?

სტანდარტი არის ასეთი - როცა საკანონდებლო ცვლილებები სასამართლოს ეხება, მასში სასამართლოს მონაწილეობა აუცილებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი ხელისუფლება რაღაც საკითხებზე კონიუნქტურულად  დაეთანხმოს მას, რაღაცებზე - არა, არამედ სრულად უნდა იყოს ორიენტირი აღებული სისტემის გაუმჯობესებისკენ.

ჩვენც ვიყავით მართლმსაჯულების რეფორმების პროექტში და მახსოვს,  ძალიან დიდი ენთუზიაზმით იზიარებდნენ ყველა პროგრესულ შეთავაზებას, რომელსაც ბევრი მონაწილე ეთანხმებოდა. შემდეგში ვენეციის კომისიამ ბევრი მათგანი მოიწონა და კანონდებლობაში აისახა კიდეც. მაგრამ შემდეგ რა მოხდა, ვერ გავიგეთ. იყო შემთხვევა, რომ ორი მოსმენით გასული კანონის პროექტი, რომელსაც ერთი მოსმენა ჰქონდა დარჩენილი,  უკან დაბრუნდა, ცვლილებები შევიდა და ერთ დღეში ისევ სამი მოსმენა გაიარა.სწორედ ეს ცვლილება იყო იმ ბოლო დანიშვნების საფუძველი, რომლებიც  საზოგადოების მკ,ვეთრი კრიტიკის საგანი გახდა. აქაც კითხვები ისმის თავად  პროცესთან დაკავშირებით. 

ზოგაგდად, დღეს რომ გაჩნდეს ნება, რომ სასამართლოს არ ჰქონდეს დამოუკიდებლობის არანაირი ხარისხი, ეს მიღწევადია,  რადგან სისტემა ისეა მოწყობილი, წინააღმდეგობის გაწევის და დამოუკიდებლობის დაცვის უნარი არ აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ნოემბერი
23 ნოემბერი

საბირქენდში 40 ბავშვი გაუსაძლის პირობებშ ...

„წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის. ზამთარში კლასში იმდენად ცივა, რომ  გაჩერება შუეძლებელია. თითოეულ კლას ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

კოილი: საქართველოს გაერთიანებისთვის მოთმ ...

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს არაფრის გაკეთება შეუძლია. რუსეთის არმია დღეს 10-ჯერ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

გამოხატე, არ ტეხავს!

რა შეიძლება გაწუხებდეს შაბათ დილით ახალგაღვიძებულ რაგბის ქომაგს?! თუ ჩემი იღბლიანი გუნდელებივით უკვე კარდიფში ხარ - ალბ ...

მეტი

^