Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაეფექტური რეფორმა და ფსიქიატრიული დაწესებულებების პრობლემები

26 თებერვალი 2013

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

მონიტორინგის წევრებმა 2012 წლის აპრილში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 12 ფსიქიატრიული დაწესებულება მოინახულეს, კონფიდენციალურად გაესაუბრნენ იქ მყოფ პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს, სოციალურ მუშაკებსა და იურისტებს. შეისწავლეს დაწესებულებებში არსებული სამუშაო პირობები, ყველა ტიპის დოკუმენტაცია და ჟურნალები.

ანგარიშის პრეზენტაციაზე ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია იმნაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმის ხარჯზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ძირითადი სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა. თუმცა, თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული ხარვეზები არსებობს. მაგალითად, პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობა, ფიზიკური შეზღუდვის არასწორი პროცედურები, გარე სერვისების არარსებობა, პაციენტების დეინსტიტუციონალიზაციის შემაფერხებელი გარემოებები, საცხოვრებელი პირობები, არასათანადო ფიზიკური გარემო და ა.შ.

კონკრეტულად კი, ანგარიშში  სამედიცინო პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებულ უხეშ და გულგრილ მოპყრობაზეა საუბარი: „თანამშრომლებმა შეიძლება უხეშად მიემართათ, ეყვირათ, მაგრამ ჯერჯერობით არავისთვის დაურტყამთ“- ყვება თბილისის ჯანმრთელობის ქალთა ცენტრის ერთ-ერთი პაციენტი, თუმცა, იმავე განყოფილების სხვა პაციენტის განცხადებით, - „ვინც აშავებს, უყვირიან და საწოლზე აბამენ".

მონიტორინგის წევრების მიერ წერილობით მოპოვებული ინფორმაციით, 2011 წლის მანძილზე პაციენტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის 11 თანამშრომელს გამოეცხადა საყვედური, 2010 წელს კი - 12-ს.

ბედიანის დაწესებულების დირექტორის თქმით, საავადმყოფოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო, თანამშრომელთა გათავისუფლებას მაქსიმალურად ერიდება: „300 ლარის შემოსავალის დაკარგვის არავის ეშინია, ამიტომაც, მირჩევნია დარღვევების გამოვლენის დროს, ისინი უბრალოდ სიტყვიერად გავაფრთხილო“.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია ამ მხრივ უზრუნველყოფილი იყოს მედპერსონალის სათანადო ანაზღაურება, თანამშრომლებს ჰქონდეთ სხვა სოციალური გარანტიები, რათა მძიმე სამუშაო პირობები პაციენტებთან ურთიერთობაზე ცუდად არ აისახოს.

ომბუდსმენი ასათიანის ქუჩაზე არსებული დაწესებულების გაუქმებას დადებითად აფასებს, რომლის ნაცვლად ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში რამდენიმე ახალი ფსიქიატრიული განყოფილება გაიხსნა.

ანგარიშში წერია, რომ ამ ცვლილებამ პაციენტთა ნაწილის საყოფაცხოვრებო პირობები საგრძნობლად გააუმჯობესა. მაგრამ, აქაც რამდენიმე სერიოზული ხარვეზი ფიქსირდება. ოთახში დიდი ფანჯრები გაკეთდა, თუმცა, ისინი დალურსმულია და დაწესებულების ბუნებრივი გზით განიავება შეუძლებელია.

 „თუ კარგად ვიქცევით, ახლოსაც გვიშვენებ ფანჯარასთან, იმასაც ვამბობ, აქედან რომ გავალ, სუფთა ჰაერსაც ვისუნთქებ მეთქი“, - ამბობს მეხუთე საავადმყოფოს პაციენტი.

რეფერალური ჰოსპიტალის პაცენტის თქმით კი, ფანჯრებს მხოლოდ მაშინ აღებენ, თუ დაწესებულებაში სტუმარი მიდის. გარდა ამისა, აღსანიშნავია თემზე დაფუძნებული სერვისების  არარსებობა. ნათია იმნაძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი დაწესებულებაში იმ მიზეზით იმყოფება, რომ მათ სხვა საცხოვრებელი პირობები არ გააჩნიათ. ამიტომ, ომბუდსმენის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, განისაზღვროს ყველა პროცედურა და სწორად მოხდეს თემზე დაფუძნებული სერვისების შექმნა.

პრეზენტაციაზე ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ წარმომადგენელმა მანანა შარაშიძემაც გამოთქვა. მისი თქმით,  ზოგადად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა არც ერთი ხელისუფლების დროს პრიორიტეტული არ ყოფილა.
„ჯანდაცვის სამინისტროში არ არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ დარგის მართვას განახორციელებდა. ანგარიშში წერია, რომ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით სხვადასხვა პრობლემა აღმოიფხვრა, მაგრამ ასათიანის ფსიქიატრიული დაწესებულების დახურვით რეფორმა არ განხორციელებულა, რადგან განვითარებულ ქვეყნებში, დიდი დაწესებულების დახურვას, როგორც წესი, თემზე დაფუძნებული სერვისების გაუმჯობესება მოჰყვება-ხოლმე. ჩვენთან კი, როგორც აღნიშნეთ, ეს პრობლემა პრობლემადვე დარჩა“- აღნიშნა მანანა შარაშიძემ.

რეფორმის არაეფექტურობაზე ისაუბრა „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის“ ცენტრის ხელმძღვანელმა  ირაკლი გამყრელიძემაც: „ამ რეფორმამ ახალი სისტემა ვერ ჩამოაყალიბა, პირველი ეტაპი წარმატებით წარიმართა, თუმცა მან თავისი ღირებულებები დაკარგა, ეს კი პაციენტების ჯარნმრთელობაზე აისახა“.

სახალხო დამცველის ანგარიშში წარმატებულ ნაბიჯადაა მოხსენიებული ბავშვთა განყოფილების შექმნა, თუმცა 10-საწოლიანი განყოფილება მხოლოდ 15 წლის ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. 16-18 წლის მოზარდები კი კვლავს გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.

ომბუდსმენი დადებითად აფასებს დაწესებულებებში სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის შტატის არსებობასაც, რომლებიც  პაციენტის არასამედიცინო საჭიროებების განსაზღვრას და სხვადასხვა სახის პრობლემების გადაჭრის საკითხებს კურირებენ. „თუმცა, როგორც წესი, სპეციალისტების მუშაობა სპონტანურ და ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებულ ხასიათს ატარებს. სახელმწიფო ფსიქიატრიული დაწესებულებების სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების მუშაობის სტანდარტების დონეზე არაა განსაზღვრული“- წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ მთავარ პრობლემას დაბალი პერსონალის (ექთნების) ნაკლებობა წარმოადგენს, რის გამოც პაციენტებს შესაბამისი ყურადღება არ ექცევათ.

მონიტორინგის ჯგუფის დაკვირვებით, სწორედ ეს პრობლემა ქმნის საყოფაცხოვრებო პირობების (დეკეტილი ფანჯრები და კარები, იშვიათი გასეირნება) გამკაცრების აუცილებლობას.

სახალხო დამცველი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმის ფარგლებში შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება ყველა აქტივობა ვადების, შემსრულებლების, შედეგის ინდიკატორების მითითებით.

ასევე, მნიშვნელოვანია, დაინტერესებულ პირებთან, დაწესებულებებთან და ჯანდაცვისა და მენეჯმენტის პროფესიონალებთან კონსულტაციების საფუძველზე დაფინანსების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც პაციენტებისა და პერსონალის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ტრენინგები და პაციენტების რაოდენობის მიხედვით  მედპერსონალის რაოდენობის განსაზღვრა.

„არ გვინდა, რომ ეს ანგარიში ანგარიშად დარჩეს და მხოლოდ მისი მოსმენით შემოვიფარგლოთ. ჩვენი მიზანია, ამ პროცესში დაინტერესებული ადამიანების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა და პრობლემების მოსაგვარებლად ეფექტური ნაბიჯები გადადგმა. ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ რეკომენდაციით, სახალხო დამცველის მიერ შემუშავდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების ადმინისტრაციების მიმართ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ხელსაყრელი გეგმა“, - აღნიშნა პრეზენტაციაზე ნათია იმნაძემ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^