Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფეთქებული ავტობუსის სოფელი

26 თებერვალი 2013

ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობის მიუხედავად, ხურჩა  არავის ახსოვს - ერთადერთი, რაც სოფელში წლების განმავლობაში არ იცვლება, გაჭირვება და ომის შიშია. 

ენგურისპირას მოწყობილ საგუშაგოზე პირადობის მოწმობა არ მომთხოვეს, გიდი ადგილობრივი მყავს - 64 წლის მურთაზ შონიას კარგად იცნობენ: ხურჩიდან ზუგდიდში თითქმის ყოველდღიურად მოძრაობს, ხან სოფლის პროდუქტი დააქვს ბაზარში გასაყიდად, ხანაც ანაკლიაში გასულ წელს  წართმეული მიწის დასაბრუნებლად დადის იურისტებთან. ქართველი სამხედროების მიერ სახელდახელოდ მოწყობილი შლაგბაუმი იწევა და ადმინისტრაციულ საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელში შევდივართ.

ხურჩას და ნაბაკევს ხურჩისწყალი ჰყოფს, საომარი მოქმედებების შემდეგ პატარა მდინარეს გეოგრაფიულთან ერთად ადმინისტრაციული საზღვრის ფუნქციაც დაეკისრა. ხურჩას სოფლის სტატუსი არ აქვს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს კი ეკუთვნის, მაგრამ კოკის ტერიტორიულ ორგანოში ცალკე უბნად შედის. ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, აქაურებს უთავკაცობაც აწუხებთ - 85 კომლიანი დასახლების მკვიდრებს ადმინისტრაციული თუ ყოფითი საჭიროებების მოსაგვარებლად 5-6 კილომეტრის გავლა უწევთ.

„მივდივართ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან და ვეუბნებით, რომ გვჭირდება ამბულატორია, წამალს სოფელში ვერ იყიდი. მაგრამ რა შეუძლია რწმუნებულს, არაფერი!“, - მურთაზ შონია იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვში შედის, ვისაც ხურჩის გასაჭირი წლების განმავლობაში ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიჰქონდა, თუმცა უშედეგოდ.

წლების წინ სოფელში ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ თოდუა ჩასულა. მოსახლეობას დაპირებია, გადაუდებელი ოპერაცია ვისაც გჭირდებათ, სიაში ჩაეწერეთ და მოგხედავთო, მაგრამ დაპირება დაპირებადვე დარჩენილა. ბევრისთვის დღემდე ომით მიყენებული ზარალიც არ აუნაზღაურებიათ. მეტიც, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობისთვის ზარალის დამდგენ კომისიას აუდიტისთვის ჩასატარებლად თანხა წინასწარ გამოურთმევია. შედგა ოქმებიც, დაზუსტდა ზარალის რაოდენობაც, მაგრამ რეაბილიტაციის თანხა და სახელმწიფო ნება, დახმარებოდა მოქალაქეებს, ბიუროკრატიულ ფურცლებსღა შერჩა.

ახალნაწვიმარზე მოხერხებულობა გჭირდება, რომ წყლის გუბეებად ქცეულ ქუჩებში არ დასველდე. ადგილობრივებს სიარულზე ეტყობათ, რომ რაღაცას უფრთხიან, ეშინიათ, არც არის გასაკვირი, ხურჩელებმა 1992-1993 წლების, 1998 წლის გალის ამბები და 2008 წლის აგვისტოს ომი საკუთარ თვალით ნახეს. ნახეს კი არა, საკუთარ თავზე გადაიტანეს - სახლებში რუსი ჯარისკაცების შტაბები ახსოვთ. ერთადერთი, რაც სოფლის მინდვრებში უზრუნველად დადის, პირუტყვია.

„13 აგვისტო იყო, რუსები და აფხაზები, ასე 60 კაცამდე ჩემს სახლში ყოფილან. შვილები გავხიზნე, სახლში დედაჩემი და მეუღლე იყვნენ, ეზოში ფეხი რომ შემოვდგი, დამიჭირეს, ჭაში გადაგდებას მიპირებდნენ, დედამ იკივლა, ხესთან თავქვე დაემხო. 80 წლის ქალისთვის ამის გადატანა როგორი იქნებოდა, ვერც გადაიტანა“, - მურთაზ შონიას დედის დაღუპვის შემდეგ ნაბაკევიდან გადმოსულ სამხედროებს შტაბი ჯგუშიების სახლში გადაუტანიათ. კბილებამდე შეირაღებულებს გასართობიც უპოვიათ - კედლებზე წარწერა „Грузинятя, вашу ...“ დღემდე არ არის ბოლომდე წაშლილი, კედლის გასწვრივ კარზე კი სამიზნე ამოუკაწრავთ, ვირტუალურ მტერთან ბრძოლის კვალს კარზე დღესაც ნახავთ.

ეს იმ ჯგუშიების ოჯახია, 1998 წლის გაზაფხულზე ზუგდიდის რკინიგზის სადგურში მომხდარი აფეთქება რომ გადაიტანა - ვაგონში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, შედეგად ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი მაკა ქვედა კიდურების გარეშე დარჩა. გოგონას სახელმწიფომ გერმანიაში უმკურნალა.

„ამის მეტი დახმარება ჩვენ არ გვახსოვს, არც მოკითხვა, როგორ ხართ, ხალხო, როგორ უძლებთ, რა გიჭირთ... შევეჩვიეთ იმ აზრს, რომ არავის ვახსოვართ“, - იამზე მდივნიშვილს ცხოვრება დღესაც შვილის 100 ლარიანი დახმარების ანაბარა უწევს.

ეზოდან კარგად ჩანს ის ყოფილი სტადიონის ტერიტორიაც, სადაც 2008 წლის 21 მაისს ავტობუსები ააფეთქეს. მაშინ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარი დივერსიულ აქტად წარმოეჩინა - აფხაზები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გალიდან გადმოსულ ადამიანს დივერსიას უწყობენო, მაგრამ ოფიციალურ ვერსიაში ჯერ ადგილობრივებმა შეიტანეს ეჭვი, შემდეგ კი სპეციალურ მოხსენებაში გაეროს იმდროინდელმა გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმაც.

„ვჭირდებით მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკური თამაშებისთვის გამოგვიყენონ. ხურჩაში 40 კაციც რომ მოეკლათ ან 20 სახლი გადაეწვათ, მთავრობა იტყოდა, აფხაზები ქართველებს გენოციდს უწყობენო, არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სროლა ჩვენი მხრიდან იყო. ავტობუსებში კი ძალით ჩასვეს ხალხი“, - იხსენებს ერთ-ერთი ხურჩელი.

სოფელში იმასაც ამბობენ, რომ აფეთქებიდან სულ ცოტა ხანში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირები ჩასულან. „ქალებმა გოროზიას უთხრეს, ყველაფერი თქვენი მოწყობილია, ნუ გვწირავთ ასეო. ამის თქმა და გოროზიას მუქარაც ერთი იყო: ვიდრე მე ვარ გუბერნატორი, იოტისოდენა ყურადღებასაც არ მოგაქცევთო. ასე, ნეტავ, სხვა დანაპირები შეესრულებინა“, - თხრობა გახმაურებული აფეთქების შესახებ თითქმის ყველა სახლში გრძელდება, სადაც კი ფეხს ვდგამთ.

ერთადერთი, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ ხურჩელებისთვის გაიმეტა, კოკთან დამაკავშირებელი ხიდია, ისიც უშუალოდ პრეზიდენტის დავალებით გაკეთდა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიხეილ სააკშვილი ხურჩის ყოფილი რწმუნებულის ფრიდონ კვარაცხელიას ოჯახს სტუმრობდა.

„ეგ ხიდიც საბედისწერო აღმოჩნდა - სწორედ მისი გავლით გადავიდა რუსების ასეულობით ჯავშანტექნიკა ჯერ კოკში, შემდეგ ზუგდიდში, სენაკამდე ჩააღწიეს, სექტემბრის 13-შიც იმავე ხიდით გაბრუნდნენ“, - ამბობს ფრიდონ კვარაცხელია, რომელმაც წლების განმავლობაში აგრონომად ჯერ ნაბაკევში, შემდეგ კი ხურჩაში იმუშავა.

ზოგადად, საბჭოთა დროიდან მოყოლებული ხურჩელებს ნაბაკევთან უფრო ჰქონდათ მიმოსვლა, ვიდრე კოკთან. რადგან ადგილზე სკოლა არ არის, მოსწავლეების დიდი ნაწილი ნაბაკევში დადის.

„ღელეს გადაღმა რუსები დგანან, ბავშვები დღეში ორჯერ გადიან მათ სიახლოვეს. გაკვეთილებს რომ რჩებიან, მასწავლებელი მირეკავს, გავდივარ იმ ტყეში, რომ შუაგზაზე მაინც დავხვდე შვილიშვილებს. მათ არ დაიჭერენ, მაგრამ მე რომ დამიჭირონ, გალში წამიყვანენ და ფულს მომთხოვენ“, - ამბობს შავებში ჩაცმული ქალბატონი. გახუნებული სუდარიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო მოჩანს.

მოგონებები ომზე და ომის შიში ხურჩაში მდგარ სახლებს და ამ სახლის მეპატრონეებს ერთნაირად ეტყობათ. დროსა და ხელისუფლების უყურადღებობაში დაკარგულ სოფელში სიჩუმეს მხოლოდ სოფლის ავტობუსი არღვევს -
საბჭოთა „პაზიკი“ ზუგდიდში დილის 9 საათზე გადის, უკან კი შუადღეს ბრუნდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2012 წელს ხურჩელების სატრანსპორტო მომსახურებისთვის 27 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, წელს კი ეს თანხა 17 ათასამდე შემცირდა. ათეული წლებია, სოფელს არ ჰყავს ექიმი, გაუქმებულია ადგილობრივი ამბულატორია. ზუგდიდიდან გამოძახებული სასწრაფო კი ავადმყოფთან საათ-ნახევრის, ხანდახან ორი საათის შემდეგ მიდის.

„შეშის ჩეხვისას ხელი გავიჭერი, ზუგდიდის სასწრაფოს ვერ დაველოდებოდი, დავრეკე ნაბაკევში, გადავედი საცალფეხო ბილიკით, იქ ექიმიც დამხვდა და მანქანა. ორი საათი ამუშავდნენ ჭრილობას, ნაკერებიც დაადეს. ხომ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაწილი, მოგვხედონ“, - სვეტლანა კუჭოშვილის ხმაში სიბრაზე და თხოვნა ერთდროულად ისმის. ისიც, საკუთარი მეზობლების მსგავსად, ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს უვლის. ინფარქტი აქაური მამაკაცების ყველაზე ხშირი დიაგნოზია. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ.

ზუგდიდში დაწყებული გაზიფიკაცია ხურჩელებისთვის სანატრელია. გაზი კი არა, ელექტროენერგიაც გალის მხრიდან აქვთ. ყოველთვიურად 20-20 ლარს კრებენ, თანხა ენგურის ხიდით გადმოსულ პირთან მიაქვთ.

„ტელევიზორს კი ვრთავთ, მაგრამ ხშირად მაცივარსაც კი ვერ ვამუშავებთ ისეთი დაბალი ძაბვაა. ტელევიზორში კიდევ კარგს რას იტყვიან - ყველაფერი აინტერესებთ ჩვენი ყოფის გარდა. არ უნდა დამთავრდეს ეს გაწევ-გამოწევა?“ - გურამ ფანთიას კითხვა რიტორიკული აღმოჩნდა, თავთან საფერფლეც უდევს და წამლებიც. არ მიჯერებს, როცა ვთხოვ, არ მოწიოს, დარდს ამას ვაყოლებო, - გვეუბნება ბატონი გურამის მეუღლე.

სხვა ხურჩელების მსგავსად, ფანთიების ოჯახის ერთადერთი შემოსავალი თხილია. მოსავალი, სხვა ყველაფერთან ერთად, კლიმატურ პირობებზეც არის დამოკიდებული. ფასი ყოველთვის მერყეობს, გაჭირვებისა და ავადმყოფობის გამო მოსავალი აღებამდე გაყიდულია.

„ასე გააქვს ყველას თავი წლიდან წლამდე, ხეს ნაყოფიც კი არ გამოუღია, ჩვენ კი უკვე გაყიდული გვაქვს, წინასწარ ვიღებთ ფულს“, - ამატებს ქალბატონი სვეტლანა.

უკანა გზაზე მაინც მამოწმებენ, საგუშაგოზე პირადი შემადგენლობა შეცვლილა. რა უნდა ხურჩაში თქვენს სტუმარს? - ეკითხებიან ბატონ ბურთაზს. ჟურნალისტია, ხურჩაზე უნდა დაწეროს, - პასუხმა არ დაახანა. გუშაგს ცალყბად ეღიმება და პასპორტს გვიბრუნებს.

 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^