Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარიზის შეთანხმება - რა ვალდებულებები აიღო საქართველომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

28 ივნისი 2017

ბუნებრივი გაზის დანაკარგის შემცირება, ტყის ფართობისა და დაცული ტერიტორიების გაზრდა, ენერგოეფექტური ღონისძიებები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც საქართველომ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების შესასრულებლად უნდა გაატაროს.

შეთანხმებას, რომელიც პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში 2015 წლის დეკემბერში მიიღეს, საქართველომ ხელი 2016 წლის აპრილში მოაწერა, ძალაში კი 2017 წლის 7 ივნისს შევიდა.

პარიზის შეთანხმება, რომელსაც 200-მდე ქვეყანა უერთდება, გლობალური ძალისხმევაა „სათბურის ეფექტის“ შესაჩერებლად, რაც ადამიანის საქმიანობის შედეგად „სათბურის გაზების“ ემისიებმა და, შესაბამისად, ატმოსფეროში მათმა ჭარბმა კონცენტრაციამ გამოიწვია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „სათბურის გაზების ფენა" ატმოსფეროში მზის სხივებს უშვებს, წარმოქმნილ სითბოს კი უკან აღარ ატარებს, რის გამოც დედამიწაზე ტემპერატურა მუდმივად იზრდება.

პარიზის შეთანხმების შესახებ დღეს „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში“ ევროკავშირის კლიმატის დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში ისაუბრეს.

რა არის შეთანხმების მიზანი და რით არის ის გამორჩეული

პარიზის შეთანხმებას კონკრეტული მიზანი აქვს - როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა აღნიშნავს, ეს არის გლობალური ძალისხმევა იმისათვის, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდთან, წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით დედამიწის ტემპერატურამ 2 გრადუსზე მეტით არ მოიმატოს.

„აქამდე არსებობდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია, კიოტოს ოქმი, მაგრამ ეს კონვენციები, მსგავსად სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, იყო მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის. პარიზის შეთანხმება პირველია, როცა გლობალურ ძალისხმევას განვითარებადი ქვეყნები შეუერთდნენ“ - ამბობს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გრიგალავა.

მისი განმარტებით, ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ განვითარებადი ქვეყნების სათბური გაზების ემისიამ განვითარებული ქვეყნების ემისიებს გადააჭარბა.

„ეს გაზები მეტწილად არის ნახშრორჟანგი, მეთანი, აზოტის ზეჟანგი და შეადგენს დაახლოებით 60%-ს სათბურის გაზებისა, რომლებიც ხელს უშლიან დედამიწას გაგრილებაში, ხელს უშლიან ენერგიის კოსმოსში გაფრქვევას, რაც ქმნის სათბურის ეფექტს. სითბო ვერ გადის, მაგრამ შემოდის მზის სხივები“ - ამბობს მინისტრის მოადგილე.

რა ვალდებულებები აიღო საქართველომ

პარიზის შეთანხმებასთან შეერთების შემდეგ საქართველომ ე.წ. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის დოკუმენტი შეიმუშავა, რომლითაც ვალდებულებას იღებს, 2030 წლამდე 15%-ით შეამციროს სათბურის გაზების ემისია იმ სცენართან შედარებით, როცა იგი არანაირ შემარბილებელ ღონისძიებებს არ გაატარებდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს იმასაც, რომ თუკი ქვეყანა ცალკე მიიღებს ფინანსურ დახმარებას ან ტექნოლოგიებს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ღონისძებების გასატარებლად, 15%-ის ნაცვლად სათბური გაზების ემისიებს 25%-ით შეამცირებს.

„ეს შესაძლებლობას მოგვცემს, 1990 წელთან შედარებით საქართველოში სათბურის ეფექტის ემისიები 40%-მდე შევამციროთ“ - ამბობს ეკატერინე გრიგალავა.

რა შედეგებს მოუტანს პარიზის შეთანხმების შესრულება საქართველოს

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ღონისძებები ეკონომიკის განვითარებას აფერხებს, რასაც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე არ იზიარებს. მისი თქმით, ეფექტი სრულიად საპირისპირო იქნება და მეტიც, ამ ღონისძიებების გარეშე ეკონომიკას განვითარება გაუჭირდება.

„ბუნებრივი გაზის სისტემიდან დანაკარგების შემცირება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. მეთანის ემისიები შემცირდება და ამით ეკონომიკურად ისარგებლებენ კომპანიები, რადგან ნაკლები დანახარჯი ექნებათ“ - ამბობს ეკატერინე გრიგალავა.

გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მაია ცხვარაძე ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება პირველ რიგში ეკონომიკას დააზარალებს, რადგან დედამიწის ტემპერატურის 2 გრადუსით მომატების შემთხვევაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

„მაგალითისთვის 13 ივნისის ტრაგედია იყო ნათელი მაგალითი კლიმატის ცლივლებისა, თუ რა შიძლება ამან გამოიწვიოს. საქართველოში სპეციფიკური მდგომარეობაა - დასავლეთ საქართველოში სერიოზული პრობლემაა ნალექების მატება, აღმოსავლეთ საქართველოში ვხვდებით გაუდაბნოებას. შესაბამისად, გვიწევს ბევრ პრობლემასთან შებრძოლება“ - ამბობს ცხვარაძე.

მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებასა და, შესაბამისად, ტემპერატურის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია უფრო სერიოზული სტიქიური მოვლენები - წყალდიდობები, ზღვის დონის მატება და სხვა.

ცხვარაძის განმარტებით, კლიმატის ცვლილებების პრობლემასთან საბრძოლველად ევროკავშირს მნიშვნელოვანი პროგრამები აქვს. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას საქართველოს მუნიციპალიტეტები და ქალაქები შეუერთდნენ.

„საქართველოს 13-მა ქალაქმა აიღო ვალდებულება, 2020 წლამდე 20%-ით შეამციროს ემისიები. ეს ნებაყოფლობითია. ქალაქებმა შეიმუშავეს მდგრადი ენერგეტიკული განვითარების გეგმები, თუ როგორ არის შესაძლებელი ემისიების შემცირება კონკრეტულ ქალაქში. შემდეგი ეტაპი იმპლემენტაცია იქნება“ - ამბობს ცხვარაძე.

რაც შეეხება უშუალოდ პარიზის შეთანხმებას, გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მთავარი ფინანსური მექანიზმი ე.წ. კლიმატის მწვანე ფონდია, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად ღონისძიებებს აფინანსებს. განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ფონდში 10 მლრდ დოლარია მობილიზებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^