Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსაზღვრე სხეულთა უსაზღვრო დეკონსტრუქცია

29 ივნისი 2017

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის მთავარ მოვლენად ნიდერლანდების ცეკვის თეატრის სპექტაკლი იქცა

თბილისის პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, რომელიც 21 ივნისს გენიალური ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსიათი“ გაიხსნა (საბალეტო დასმა წარმოადგინა ნინო ანანიაშვილის განახლებული ქორეოვერსია), 28 და 29 ივნისს „ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის“ სპექტაკლით გაგრძელდა.

ვიდრე ამ მართლაც საოცარი დასის წარმოდგენის შესახებ მოგითხრობთ, ორიოდე სიტყვით თავად ფესტივალზე: მისი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი, რომლის ძალისხმევით, მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა კლასიკური ბალეტის ოდნავ მტვერწაყრილი დიდებულებაც შეეგძნო და თანამედროვე ცეკვის თეატრის უსაზღვრო შესაძლებლობაც ენახა. პლუს მისი სითამამე, სილაღე, იუმორი და მაპროვოცირებელი ხიბლიც.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისის საბალეტო ფესტივალის მთავარი კონცეფცია კლასიკური ბალეტის არეალისა და შესაძლებლობის გაფართოებას ეყრდნობა, რომელიც ძიების პროცესს თანამედროვე ცეკვის თეატრთან დებატებისა თუ დიალოგის საშუალებით განაგრძობს. ეს კი „დარღვეულ დროთა კავშირის“ აღდგენას უფრო ნიშნავს, ვიდრე მის გაწყვეტას.

ბალეტომანებს შევახსენებთ, რომ ვახტანგ ჭაბუკიანმა „ლაურენსია“ 30-იან წლებში საბჭოთა კომპოზიტორ ალექსანდრ კრეინის მუსიკის მიხედვით ლენინგრადის, კიროვის (ამჟამად მარიას) სახელობის თეატრში დადგა. ბალეტს საფუძვლად ლოპე დე ვეგას პიესა „ცხვრის წყარო“ დაედო, რომელიც კარგა ხნით ადრე ქართულ თეატრში რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის შთაგონების წყაროდ იქცა. უნდა ითქვას, რომ 30-40-იანი წლების საბჭოეთში დრამატული ბალეტი ცეკვის ლამის ერთადერთ მისაღებ ფორმად ითვლებოდა. თუმცა ჭაბუკიანმა სრულიად განსხვავებული სამყაროს შექმნა მოახერხა, რომელშიც კლასიკურ ბალეტს ხალხური ცეკვის ელემენტებიც ერწყმოდა. შემდგომში „ლაურენსია“ წამყვან საბჭოთა საოპერო თეატრებშიც მრავალჯერ დაიდგა.

2017 წლის თბილისის საბალეტო ფესტივალი სწორედ „ლაურენსიას“ საპრემიერო ჩვენებით გაიხსნება, რომელიც ახალი ქორეოგრაფიული რედაქციით ნინო ანანიაშვილმა გააცოცხლა. სპექტაკლში მთავარ პარტიებს ლალი კანდელაკი (ლაურენსია) და ლაშა ხოზაშვილი (ფრონდოსო) ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ ლასა ხოზაშვილი უკვე რამდენიმე წელია ბოსტონის ბალეტის დასის წამყვანი სოლისტია. მომდევნო დღეებში, 23 და 25 ივნისს ეს პარტიები ნუცა ჩეკურაშვილმა და იონენ ტაკანომ, ნინო სამადაშვილმა და ფრენკ ვან ტონგერენმა შეასრულეს. სპექტაკლი მხატვრულად დავით მონავარდისაშვილმა გააფორმა, რომელმაც დეკორაციის რამდენიმე ესკიზი ახლახან, თბილისის მუზეუმების გაერთიანებას საჩუქრად გადასცა.

თუმცა თბილისის საბალეტო ფესტივალის მთავარ მოვლენად მაინც „ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის“ (NDT 2) წარმოდგენა იქცა, რომელიც რამდენიმე კომპოზიციისგან შედგება. დასს თანამედროვე ევროპული ქორეოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა, პოლ ლაითფუტი ხელმძვანელობს. სპექტაკლის პირველ ნაწილში სწორედ მის მიერ 2007 წელს დადგმული Sleight of Hand  (შეიძლება ითაგრმნოს როგორც „მარჯვე ხელების ფოკუსი“ ან „მარჯვე ხელების ხრიკი“ ) იყო წარმოდგენილი.  

პოლ ლაითფუტმა (სოლ ლეონთან ერთად) შექმნა ბნელი, ერთგვარად მისტიკური ატმოსფერული გაჯერებული ბალეტი რვა მოცეკვავისათვის. შავი დეკორაცია, ქსოვილები და ასევე შავი ხავერდოვანი კოსტიუმები ხაზს უსვამენ პირქუშ იდუმალებას, რომელსაც სინათლით ოდნავ ავსებს და აცოცხლებს ქორეოგრაფთა ნეოკლასიკური ხაზები. ხან დაჯგუფებულ და ხანაც განცალკევებული მოცეკვავეების თავშეკავებულ მანერას ერთგვარად უპირისპირდება დიდ  სიმაღლეზე ატყორცნილი, ასევე შაოსანი ქალისა და კაცის უაღრესად გამომსახველი „მარჯვე ხელების“ პლასტიკა. სცენა მთლიანად შავშია ჩაფლული და ეს უცნაური უდროობისა თუ შეზღუდული სივრცის შეგრძნებას ბადებს. გარკვეული ეპიზოდები მოგაგონებთ ქორეოგრაფ ანჟელინ პრელჟოკაჟის „ბაღის“ სცენებს, ხოლო პირქუში სცენოგრაფია - ალენ რენეს ფილმის „გასულ ზაფხულს მარიენბადის“ ატმოსფეროს (გამოყენებულია ფილიპ გლასის მეორე სიმფონიის მეორე ნაწილი).

წარმოდგენის მომდევნო ნაწილები - „ორმხრივი კომფორტი“ და „სოლო“ დიამეტრურად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ პირველი თანამედროვე ქორეოგრაფიის მახვილგონივრულ, დეკონტრუქციულ მიგნებებს ეყრდნობა, მეორე - თავისუფლებას, სილაღესა და ირონიას. აღსანიშნავია, რომ გამოყენებულია ბახის პარტიტა ვიოლინოსათვის N1, რე მინორი, რომელიც სრულიად უცხო ატმოსფეროს ქმნის სოლისტების ერთგვარ „შეჯიბრთან“.

რაც შეეხება მესამე ნაწილს - Cacti („კაკტუსები“), რომლის ბრწყინვალე, დინამიკური ქორეოგრაფია ალექსანდრ ეკმანს ეკუთვნის, ერთგვარ „კინეტიკური ცეკვის“ პერსპექტივას ქმნის. კვადრატული დაფების დახმარებით, 16 ზემონდომებული მოცეკვავე მიზნად კლასიკურ მუსიკას, ბალეტსა და ქუჩის ცეკვას შორის ბარიერების გაუქმებას ისახავს. ისინი ხან ადგილზე დარბიან, ხან დაფებს მიღმა ცეკვავენ, ხანაც დაფებზე... ხანაც სცენაზე კაკტუსები გამოაქვთ...და ეს ყველაფერი ჰაიდნის სიმფონიის, შუბერტის და ბეთჰოვენის კვარტეტების თანხლებით ხდება. თანაც ისე, რომ არ ჩნდება წინააღმდეგობა გამაოგნებელ რიტმს, ფიგურატიულ სცენოგრაფიასა და ჰიპერაქტიულ სხეულებს შორის. მოკლედ, მოსაზღვრე სხეულთა უსაზღვრო დეკონსტრუქციას მაღალ წნევასავით იგრძნობთ.

საფესტივალო პროგრამაშია კიდევ ორი სპექტაკლი. 30 ივნისს წარმოდგენილი იქნება მინკუსის „დონ კიხოტი“, რომელშიც თბილისის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, დიდი თეატრის წამყვანი სოლისტები - ეკატერინა კრისანოვა (ჩელიტა) და ვლადისლავ ლანტრატოვი (ბაზილი). პირველ ივლისს კი ბალეტის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ „გედების ტბა“ ნახონ, სადაც  პოლონეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები იცეკვებენ: ჩინარა ალიზადე (ოდეტა-ოდილია) და ვლადიმერ იაროშენკო (პრინცი ზიგფრიდი).

თბილისის საბალეტო ფესტივალი 2 ივლისს, გალაკონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: ნინო ანანიაშვილი, ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, რუსეთი), მიხაილ კანისკინი (ბერლინის „შტატბალეტი“, გერმანია ), ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ალია ტანიკპაიევა, გერგელ ლებლანცი (უნგრეთის ნაციონალური თეატრი), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^