Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიდევ ერთ ოქტომბრამდე

05 მარტი 2013

რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"

„საქართველო ოქტომბრის რევოლუციისთვის ემზადება“, - ამ სათაურით სააგენტო „რია ნოვოსტი“ პოლიტიკური მიმომხილველის ვადიმ დუბნოვის ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ავტორის აზრით, „შესაძლოა, ბევრს მოეჩვენოს რომ მიხეილ სააკაშვილმა უკვე ყველაფერი წააგო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი  მოიგო“.

დუბნოვის შეფასებით, აპრილში პრეზიდენტს პარლამენტის დაშლის უფლების გამოყენება სულაც არ სჭირდება. „პირიქით, ამას უკუჩვენებაც კი აქვს მისთვის. ნებისმიერ არჩევნებში, თუნდაც ისეთი სამართლიანობით ჩატარებული, როგორიც ოქტომბრის არჩევნები იყო, სააკაშვილი წააგებს და რაც დრო გადის უფრო უნუგეშოდ... სამაგიეროდ სააკაშვილს შეუძლია გადააყენოს მთავრობა.  მის მიერ წარდგენილ ახალ მთავრობას კი საპარლამენტო უმრავლესობა ვერაფრით გაუმკლავდება და ოქტომბრის  საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერაფერსაც ვერ შეცვლის. ამ არჩევნებს კი პრეზიდენტი, მისი მთავრობა და ხელისუფლების მთელი ვერტიკალი მოამზადებს, რომელიც მალევე მოიკრებს ძალას“.

თუმცა, ვადიმ დუბნოვის პროგნოზით, შესაძლოა პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება ფუჭი აღმოჩნდეს, რადგან ყველაზე მაღლი რეიტინგი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ირაკლი ალასანიას გააჩნია.

ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ვახტანგ ხმალაძის ნახვა სურს. ამ უკანასკნელთან „პრეტენზია არავის გააჩნია, თუმცა მას არც განსაკუთრებული რეიტინგი აქვს“.

მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებას რუსი ექსპერტი  ნერვების ქართულ თამაშს უწოდებს, რომელიც „ისეთი თავდავიწყებით მიმდინარეობს, რომ ვიღაცას შესაძლოა კომიკურადაც კი მოეჩვენოს...  დაპირისპირების არც ერთ მონაწილეს არ უნდა 90-იანი წლების ჟანრის პოლიტიკური ბრძოლა. ამით ორივე მხარე ერთმანეთს აშინებს და მის პროვოცირებას ახდენს, რის გამოც ნერვების გაჩაღებული ომია... ის სიმსუბუქე, რომლითაც  მხარეები მოლაპარაკებებიდან პროპაგანდისტულ კოლონადას დაუბრუნდნენ, ამტკიცებს: მშვიდობა არავის უნდა და მისი არავის სჯერა. თუმცა, ამასთანავე როგორმე ნამდვილ ომსაც უნდათ აუარონ გვერდი“.

ვადიმ დუბნოვი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა ივანიშვილს გარკვევით მიანიშნეს, რომ თუკი ის ყოველგვარი გართულებების გარეშე შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, ისინი ამას არ შეეწინააღმდეგებიან. მაგრამ თუკი პრემიერ მინისტრი ამაში დარწმუნებული არ არის, ჯობია, რომ იგი ოქტომბრის არჩევნებს და მოვლენათა ბუნებრივ განვითარებას დაელოდოს.

„მაგრამ ივანიშვილს არ შეუძლია მშვიდად დაელოდოს ოქტომბერს და სამთავრობო კრიზისის მუდმივი საშიშიროების ქვეშ იყოს. მას არც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები აწყობს, რადგან მოსალოდენლია, რომ მისი კანდიდატი წააგებს. ივანიშვილი ამიტომაც იწყებს რეფერენდუმისთვის მზადებას, რომელიც პრეზიდენტის არჩევნებს საყოველთაოს ნაცვლად, საპარალამენტოს გახდიდა“.

თუმცა ვადიმ დუბნოვის აზრით, ბიძინა ივანიშვილს „არავითარი საფუძველი არ აქვს დარწმუნებული იყოს ამ პარლამენტის სანდოობასა და ასევე მისთვის საჭირო უმრავლესობაში“.

„საქართველოს მთავრობა სააკაშვილის ძალაუფლებას შეზღუდავს“, - წერს Der Standard.  ამის შესახებ ავსტრიულ გაზეთს ბრიუსელში ყოფნისას დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ამცნო. „პრეზიდენტის მსგავსი განუსაზღვრელი უფელბამოსილება მხოლოდ თურქმენეთშია“,- მოჰყავს გამოცემას ხიდაშელის სიტყვები. მისივე თქმით, პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია „ზაფხულში დაითხოვოს ივანიშვილის მთავრობა. რაც საქართველოს ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩაძირავს“.

Der Standard-ს თინა ხიდაშელმა ასევე განუცხადა, რომ ახალი ხელისუფლების მიზანს „საპარლამენტო დემოკრატიის“ დამყარება წარმოადგენს და რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტი თარიღი აგვისტომდე გახდება ცნობილი.

ბრიტანული პრესა  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  საკუთარი ავტომობილით „გასეირნებაზე“  წერს.  Daily Mail -ი სტატიაში „საქართველოს პრეზიდენტი თავად მართავს ელექტრომობილს აეროპორტამდე, რათა გააქარწყლოს  მისი  ცხოვრების სტილით გამოწვეული რისხვა ...  მისი ცოლი მისი პირადი დაცვაა“, - უკანასკნელი სიტყვა გამოცემას მთავრული ასოებით  აქვს დაბეჭდილი.

სტატიის ავტორი ამანდა უილიამსი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ პრეზიდენტის საკუთარ ავტომობილზე სასახლიდან აეროპორტამდე გამგზავრების ამსახველი ვიდეო მასალა  მისმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მალევე ატვირთა  YouTube-ზე.

„საქართველო პოლიტიკურ გაურკვეველობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ოქტომბრამდე რჩება პრეზიდენტად, ოპოზიციამ მას გადადგომისკენ მოუწოდა“. ავტორი იმასაც იხსენებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტში, შემდეგ კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

დაჯავშნული ლიმუზინიდან „უბრალო“ მანქანაზე გადაჯდომას და ამ კადრების მყისიერ გავრცელებას, სტატიის ავტორი  მიხეილ სააკაშილის მცდელობით ხსნის - მისი მდიდრული ცხოვრების  სტილით გამოწვეული კრიტიკა გაანელოს.  ეს უკმაყოფილება კი გამოიწვია „მის მიერ სასახლის აშენებამ თბილისში და სამსახურეობრივი მიზნებისთვის ორი თვითმფრინავის შეძენამ, რომელთაგან ერთი უკვე ჩამოართვეს“.

„ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილი მიუღებელ ექსტრავაგანტულობაში დაადანაშულა“, - წერს Daily Mail-ის კორესპონდენტი,- „ახლა კი იგი ირწმუნება, რომ საერთოდ დაცვის გარეშე ივლის და თუ რამე მოხდება “მისი ცოლი დაიცავს მას“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^