Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას მოელის საზოგადოება სკოლისგან

04 ივლისი 2017

დღესდღეობით საზოგადოება სასკოლო განათლების სისტემის გაუმჯობესების პროცესში პასიურია. რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას სკოლისადმი და რა შეუძლია გააკეთოს სკოლამ საზოგადოების განვითარებისათვის?

როგორია საზოგადოებაში არსებული აქტიური ჯგუფების მოლოდინი სკოლის მიმართ? რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბოს სკოლამ მოსწავლეს იმისათვის, რომ სკოლა საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარების ინსტრუმენტად იქცეს?

აქტიური სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც დღეს საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას, მიიჩნევენ, რომ სკოლამ სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები უნდა აღზარდოს, რაც, თავის მხრივ, უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი გახდება. ამ მიზნის მიღწევა კი დღესდღეობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უჭირს, რადგან ის სასკოლო თემში არსებული პრობლემებისგან დისტანცირებულია.

ამ დისტანციის შემცირების მიზნით სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი სკოლებთან თანამშრომლობის გზას ირჩევს.

სტუდენტურმა მოძრაობა „მწვანე მუშტმა“ რამდენიმე წლის წინ სოფლის სკოლებში „მწვანე ბიბლიოთეკების“ შექმნა დაიწყო. დღეს ასეთი ბიბლიოთეკები  ხაიშში, ჭუბერში, შუაფხოში, ჭიათურასა და ნიქოზში ფუნქციონირებს.

წიგნები, რომლითაც ეს ბიბლიოთეკები მოამარაგეს, ძირითადად გარემოს საკითხებს შეეხება, ასევე არის სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევები სოციალური, ეკონომიკური და გენდერული პრობლემების შესახებ, არის თანამედროვე მხატვრული ლიტერატურაც.

როგორც მოძრაობის წევრი, ირაკლი კუპრაძე ჰყვება, მრავალფეროვანი საკითხავი ლიტერატურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ უფროსკლასელი მოსწავლეები უფრო აქტიური გახდნენ და თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოგვარების მცდელობაში ჩაერთონ. ამ მიზნით მოძრაობის წევრები სხვადასხვა პრობლემურ თემებზე ბიბლიოთეკებში დისკუსიებს აწყობენ, მოსწავლეები წაკითხულ წიგნებს მათთან ერთად განიხილავენ, თემში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ.

„ყველა რაიონს ინდივიდუალური საჭიროებები აქვს. ხაიშის შემთხვევაში დღის წესრიგში ეკოლოგიური და გარემოს დაცვის საკითხების პრობლემა დგას, ჭიათურაში - შრომითი უფლებები, ნიქოზში, როგორც საზღვრისპირა სოფელში, ოკუპაციის პრობლემაა.  შეხვედრებისას  მოსწავლეებთან ერთად ამ პრობლემებზე ვმსჯელობთ. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაზე ეფექტური გზაა, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა საკუთარი სოფლის, რაიონის წინაშე პასუხისმგებლობა იგრძნონ. თუკი ზედაპირულად შევხედავთ, სკოლა მოსწავლეებში ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბებას ცდილობს, როგორიცაა ტოლერანტობა, სოლიდარობა, გარემოზე ზრუნვა და ა.შ. მაგრამ უმეტესწილად ეს ყველაფერი ფასადურია და შედეგს ვერ მოიტანს, რადგან რეალურ პრობლემებთან კავშირი არ აქვს. წიგნში ამოკითხული მაგალითები, საკმარისი არ არის, რომ მოსწავლეში ეს ღირებულებები გაღვივდეს. ამ მოსწავლეებთან ურთიერთობა მაჩვენებს, რომ სასკოლო დონეზე  ამ ყველაფერზე ნაკლებად მსჯელობენ“, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ხაიშის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სკოლას თემში არსებული პრობლემების მოგვარების მცდელობისას ცენტრალურ ფიგურად იქცეს - ამბობს მოძრაობის წევრი ხატია მაღლაფერიძე. ის იხსენებს, რომ ხაიშში ჰესის შესაძლო მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, სკოლა იყო ადგილი, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით ამ თემაზე დისკუსია და მსჯელობა დაიწყო, რომელშიც თანდათან ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო. თუმცა, ხატია მაღლაფერიძე ამბობს, რომ სკოლისა და ადგილობრივი თემის ამგვარი თანამშრომლობა სისტემური არ არის. ის დამოკიდებულია ინდივიდების აქტიურობაზე, და არა სკოლების გააზრებულ პოლიტიკაზე, რომ საზოგადოებასთან ითანამშრომლონ.

ამავე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას „ბუნებისმოყვარულთა საზოგადოების“ წარმომადგენელი კახა სუხიტაშვილი და ამბობს, რომ სკოლებში გარემოს დაცვისკენ მიმართული აქტივობები, უმეტესად ინდივიდების, მოტივირებული რამდენიმე მასწავლებლისა და მოსწავლის ხარჯზე ტარდება.

მისივე თქმით, სკოლებში გარემოს დაცვითი საკითხების არაჯეროვანი სწავლებაა. ის მიიჩნევს, რომ სკოლამ მოსწავლეს, როგორც სამომავლოდ ეკოლოგიურ  მდგომარებაზე პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის შესახებ საბაზო, მეცნიერულად გამყარებული ცოდნა უნდა მისცეს, მეორე მხრივ კი, არაფორმალური განათლების დონეზე ხელი უნდა შეუწყოს კლასგარეშე აქტივობებს.

ორგანიზაცია კახეთის რეგიონში მდებარე სკოლებთან თანამშრომლობს. სკოლებში არსებობს ეკოკლუბები, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, იდეების დახვეწასა და განხორციელებაში ეხმარებიან. თუმცა, კახა სუხიტაშვილი ჰყვება, რომ მთავარი გამოწვევა გარემოს დაცვის საკითხების მიმართ სისტემური დამოკიდებულების არარსებობაა.

„ხშირად ხდება, რომ გვყავს აქტიური ჯგუფები, მაგრამ ეს ბავშვები ამთავრებენ სკოლას და თაობათა ცვლა აღარ ხდება. ეკოკლუბების ფარგლებში ძალიან ბევრ მოსწავლესთან მაქვს ურთიერთობა. სამწუხაროდ, ამ ბავშვების 98% სკოლის დამთავრების შემდეგ გარემოს დაცვის მიმართულებით საქმიანობას არ აგრძელებს. ეს მათი ცხოვრების რაღაც ეტაპად რჩება, ამ მიმართულებით აღარ ვითარდებიან“, - ამბობს კახა სუხიტაშვილი და მიიჩნევს, რომ თუკი მოსწავლეების ნაწილი მაინც გარემოს დაცვის მიმართულებით გააგრძელებს საქმიანობას, ჩვენ საზოგადოებას მეტი ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე შეემატება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქტივობები, რომლებსაც დღეს მოსწავლეები სკოლის დონეზე ახორციელებენ, ერთჯერად საქმიანობად დარჩება, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს გარემოს დაცვის მიმართულებით უკეთესი ცვლილებების მისაღებად.

თავისუფალი პიროვნებების ჩამოყალიბება არის კიდევ ერთი რამ, რასაც საზოგადოება სკოლისგან ელოდება. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრი მარიამ გულიაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლის მთავარი მიზანი თავისუფალი მოქალაქის აღზრდა უნდა იყოს, რაც თავის მხრივ კრიტიკული აზროვნების უნარს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და ინტერესების რეალიზების შესაძლებლობას გულისხმობს. თუმცა, დღეს სკოლა საგამოცდო პროგრამის დაზეპირებაზეა ორიენტირებული“, - ამბობს მარიამი. მისი აზრით, ამგვარი დამოკიდებულება მეორეხარისხოვნად აქცევს იმ მიზნებს, რომლებსაც ზოგადი განათლება უნდა ემსახურებოდეს.

„სკოლამ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს მოსწავლე. ამისათვის კი საჭიროა ჩამოუყალიბოს ის უნარ-ჩვევები და ღირებულებები, რომლებიც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქისთვისაა საჭირო. სკოლაში უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა იმ საჭიროებებზე, რომლებიც საზოგადოებაშია. სამოქალაქო განათლების საგანში აბიტურიენტებს გამოცდისთვის ვამეცადინებ. ზოგიერთი ჩემი მოსწავლე მომსახურების სფეროშია დასაქმებული, ხშირად მიყვებიან იმ უსამართლო გარემოს შესახებ, რომელიც იქაა. რატომ არ უნდა მსჯელობდნენ სკოლაში შრომის უფლებებზე, თუნდაც სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე? დღესდღეობით სკოლა არ არის ის სივრცე, სადაც ამგვარ საკითხებზე იმსჯელებენ“.

სკოლის, როგორც საზოგადოების განვითარებისათვის ხელშემწყობი ინსტიტუციის როლზე ამახვილებს ყურადღებას მოძრაობა „ქალთა მზერის“ წევრი გვანცა ხონელიძე. ის მიიჩნევს, რომ სკოლას შეუძლია არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებში, არამედ სასკოლო თემშიც სწორი ღირებულებების დამკვიდრებას შუწყოს ხელი. ამის მაგალითად ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკა მოაქვს და ამბობს, რომ იმ თემში, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინებაა მიღებული, რაც ხშირ შემთხვევაში გოგონებისთვის სწავლის მიტოვების მიზეზი ხდება, სკოლამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და  მშობლებთანაც იმუშაოს, რათა მათთვისაც მისაღები იყოს ის ღირებულებები, რომელთა გავრცელებასაც სკოლა ცდილობს.

ამ საქმეში მასწავლებლების როლი გადამწყვეტია, ამბობს გვანცა ხონელიძე და განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია მასწავლებელი არა მხოლოდ თეორიულად ფლობდეს იმ ცოდნას, რომელიც მოსწავლეებს უნდა გადასცეს, არამედ თავადაც ატარებდეს იმ ღირებულებებს, რომლებიც თავისუფალი, განვითარებაზე ორიენტირებული, კრიტიკული აზროვნების მქონე მოქალაქეების აღზრდას შეუწყობს ხელს.

რატომ არ პასუხობს სკოლა საზოგადოების მოლოდინებს

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თანახმად, სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს მას საჭირო ცოდნა და ჩამოუყალიბოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამკვიდრებული სამოქალაქო ცნობიერება. ამასთან, ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებებისა თუ მოვალეობების გაცნობიერებაში.

თუმცა, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სკოლა დღეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდის თვალსაზრისით ამ მიზნებს ჯეროვნად ვერ აღწევს. ამის მიზეზია ის, რომ თავად სკოლებს ნაკლებად აქვთ გათავისებული სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა, შესაბამისად, „სოციალურ აგენტებად“ თავს ნაკლებად მოიაზრებენ.

გარდა ეროვნული სასაწავლო მიზნებისა, სკოლას შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური მიზნებიც, სასკოლო თემის საჭიროებიდან გამომდინარე, რომელსაც საზოგადოების აქტიური მხარდამჭერი ჯგუფების დახმარებით შეუძლია მიაღწიოს.

სკოლა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების განვითარებას, ამბობს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე და განმარტავს, რომ სკოლა უნდა იყოს უფრო პროგრესული ვიდრე დღევანდელი საზოგადოებაა, სკოლაში უნდა ხდებოდეს იმგვარი იდეების გენერირება, რომელიც შეიძლება დღევანდელი საზოგადოებისთვის მიუღებელი ან უცნობი იყოს, მაგრამ სწორედ სკოლა უნდა ავრცელებდეს პროგრესულ იდეებს.

„სამწუხაროდ, სკოლებს დღეს ეს ფუნქცია არ აქვთ. არ გვაქვს სკოლები, რომლებიც ცვლიან და ავითარებენ საზოგადოებას, არც ისეთი - რომლებიც ჯეროვნად უპასუხებდა საზოგადოების არასწორ და არაადეკვატურ მოქმედებებს. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს ახალგაზრდებს ბევრად მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე წლების წინ. თუმცა ამაში სკოლის წვლილი მცირეა. დღეს სკოლის მიღმაც გაჩნდა ბევრი ისეთი სივრცე, რომლებიც თავისუფალი აზროვნების, მათ შორის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა“,- ამბობს შალვა ტაბატაძე.

თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, არც საზოგადოება გვევლინება აქტიური დამკვეთის როლში, რომელსაც სკოლის მიმართ ჩამოყალიბებული მოლოდინები აქვს. საზოგადოება დისტანცირებულია სკოლისგან. სკოლა აღიქმება, როგორც „დახურული ინსტიტუცია“, რომელიც მოსწავლეების აღზრდა-განათლებაზე იღებს პასუხისმგებლობას. ამ პროცესში კი საზოგადოება თანამონაწილედ იშვიათად გვევლინება.

ის, რომ სკოლა დღეს ნაკლებად არის „სოციალური აგენტი“,  სხვა მიზეზებთან ერთად, ერთი მხრივ, გამოწვეულია თავად სკოლის შიგნით საკუთარი სამოქალაქო როლის გააზრების პრობლემით, მეორე მხრივ კი - საზოგადოების დაკვეთის ნაკლებობით. შედეგად კი სკოლები რეალურ საზოგადოებრივ პრობლემებს ნაკლებად პასუხობენ, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა სკოლის შიდა თუ გარე კერძო ხელშემწყობი ინიციატივები არსებობს.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

სოციალური პასუხისმგებლობა და მეწარმეობის ...

უკვე რამდენიმე წელია, ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის კუთვნილ ეზოში კარტოფილი მოჰყავთ. მოსა ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ავტომობილების ტექნიკური შემოწმების თანა ...

ორი კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ 2018 წლის პირ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

რას იწვევს არასწორი კვება ბავშვებში

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ვიგებთ, სიღატაკე, კვებ ...

მეტი

^