Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრესი, დეპრესია, ნევროზი - ხარკი სამხედრო სამსახურისთვის

04 ივლისი 2017

საომარი მოქმედებები, აფეთქებები, სროლა - ჩვენთვის თუ ეს ყველაფერი სხვა ქვეყნების პრობლემაა, სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. არც მათი ოჯახის წევრები არიან უკეთეს მდგომარეობაში,  თვეების განმავლობაში შიშით ელოდებიან ყოველი დღის გათენებას. არადა, ჯარისკაცები ხშირად სწორედ ოჯახის გამო, მათი სოციალური კეთილდღეობისთვის თანხმდებიან  საკონტრაქტო სამსახურს და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. ბრძოლის ეპიცენტრში ყოფნას გამბედაობა და შინაგანი სიმტკიცე სჭირდება. თუმცა, რაც მეტია საფრთხე, მით მეტია სტრესი და ეს უკვალოდ არ ჩაივლის.

2017 წლის 26 ივნისს ქართული პროფესიული არმიის 22 წლის  ჯარისკაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. მან თავში სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა. ჯარისკაცთა თვითმკვლელობის შემთხვევები არც ისე იშვიათია. „ლიბერალს“  თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ჯარისკაცთა სუიციდის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა და ამიტომ მათი მოწოდება არ შეუძლიათ. თუმცა სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2016 წელს გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ერთი იყო თვითმკვლელობა, ხოლო 2 საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.  2015 წელს გარდაცვალების 6 ფაქტიდან (5 მათგანი პროფესიული არმიის წევრი იყო), სამი თვითმკვლელობად დაკვალიფიცირდა და გამოძიება შეწყდა, 2 საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა.

სუიციდის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ სამხედრო სამსახური მუდმივ სტრესთანაა დაკავშირებული, ამიტომ აქ რისკიც უფრო მეტია, განსაკუთრებით, სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცები 1999 წლიდან მონაწილეობდნენ კოსოვოს, ერაყის, ავღანეთისა და სამხრეთ აფრიკის სამშვიდობო მისიებში, მათთვის ფსიქოლოგიური მომზადების ან რეაბილიტაციის ქმედითი პროგრამა არ არსებობდა. მაშინაც კი, როცა ერაყსა და ავღანეთში ყველაზე სახიფათო ბაზებზე უწევდათ თვეების გატარება, სახლში დაბრუნებულები მხოლოდ შვებულებით სარგებლობდნენ.

 „ქართველი ჯარისკაცები არის ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიო მასშტაბით ვავლენთ“, - ეს სიტყვები გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის. ქვეყნის უმაღლესი  მთავარსარდლისგან და თავდაცვის მინისტრებისგან მსგავსი შინაარსის ტექსტები არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა საკითხავია, რის ფასად უჯდებათ ჯარისკაცებს თითოეულ მისიაში მონაწილეობა.

ტოვებენ დედას, მამას, შვილებს, მეუღლეებს და ისიც არ იციან, უკან დაბრუნდებიან თუ არა, ან თუ დაბრუნდებიან - რამდენად ჯანმრთელები. თუმცა მიდიან. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, სხვა გზა არ აქვთ, ოჯახი უნდა არჩინონ. თუმცა არიან ისეთებიც, სამხედრო სამსახურში მატერიალურ მხარეზე მეტად ქართული არმიის ჯარისკაცად ყოფნა რომ იზიდავთ.

გაცილების საზეიმო ცერემონია - ორკესტრი საყვირებით, ოფიციალური პირების გამამხნევებელი მიმართვები, დალოცვა და კურთხევა, სევდიანი მშობლები, შვილები, საყვარელი ადამიანები. შემდეგ  ეს ყველაფერი  უკან რჩება და წინ  ხიფათით სავსე რამდენიმე თვე ელით.  ჩადიან უცხო ქვეყანაში, უცხო მიწაზე, სადაც დროდადრო სროლისა და აფეთქების ხმა ისმის, რომელსაც მტვრის უზარმაზარი კორიანტელი მოსდევს. ასე გრძელდება თვეები, სიკვდილის შიში და მუდმივი საფრთხის ქვეშ ყოფნა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.

ამას ემატება ათასობით კილომეტრით შორს ყოფნა ოჯახისგან, რომელიც არავის იმედად დატოვეს - როგორ იქნებიან, ვინ დაეხმარება, საჭიროების შემთხვევაში.

* * *

აკაკი ტატიაშვილი პროფესიულ ჯარში 2009-2013 წლებში მსახურობდა. სამხედრო სამსახური ამ საქმისადმი სიყვარულის გამო აირჩია.  ბოლო მისიით ავღანეთში იმყოფებოდა 2013 წელს.  დაბრუნების შემდეგ კონტრაქტის გასაგრძელებლად განაცხადი ხელახლა შეავსო, მაგრამ ექოსკოპიური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაბადებიდან მხოლოდ ერთი თირკმელი ჰქონდა (მანამდე შემოწმების ეტაპი  ექოსკოპიას არ მოიცავდა). ამის გამო სამხედრო სამსახურზე უარი უთხრეს.

თუმცა მანამდე 4 წლის განმავლობაში იმსახურა ქართულ არმიაში და ამბობს, რომ საკითხი, რომელიც მისიებში ყოფნისას ყველაზე მეტად აწუხებდა, ოჯახის წევრები და მათი უსაფრთხოება იყო.

„როცა ქვეყნიდან და ოჯახისგან შორს ხარ, მუდმივად იმაზე არ უნდა ფიქრობდე, შენ გარეშე როგორ იქნება შენი ოჯახი, იმის ნაცვლად, რომ იქაურ ამბებზე იყო ორიენტირებული. თავდაცვის სამინისტრომ ყოველთვის უნდა იცოდეს, რა ხდება იმ ჯარისკაცების ოჯახში, რომლებიც სამშვიდობო მისიაში არიან ჩართულები. ისე კი არა, რაღაც რომ მოხდება და მერე მიდიან ოჯახში. მანამდე უნდა დაინტერესდნენ“,- ამბობს აკაკი ტატიაშვილი.

დღეს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის მხარდაჭერის პროგრამები დამუშავების პროცესშია. ამ საკითხზე მუშაობა თავდაცვის სამინისტროში შექმნილმა სოციალური მხარდაჭერის სამმართველომ გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტთან ერთად 2016 წლის 16 დეკემბერს დაიწყო. პროგრამის ძირითადი მიზანი მათში ერთიანობის განცდის გაჩენაა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახების მხარდაჭერის მეთოდებისა და ფორმირების შემუშავება მთლიანად შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვისაც მიმდინარეობს.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც აკაკი ტატიაშვილი საუბრობს, ფსიქოლოგის არასაკმარისი ჩართულობა და სარეაბილიტაციო პრობლემების არარსებობა იყო. სამშვიდობო მისიაში ჩართვამდე ჯარისკაცები ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიურ მომზადებას გადიოდნენ და სწავლობდნენ, როგორ გამკლავებოდნენ სტრესს. თუმცა აკაკი ამბობს, რომ მის გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებიც ავღანეთში გადატანილი სტრესის შედეგად ფსიქიკური პრობლემების ზღვარზე აღმოჩნდნენ, მაგრამ მათ მისიაში მონაწილეობისას მხოლოდ მოძღვარი ახლდათ და არა ფსიქოლოგი, როგორც ეს საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების არმიებში ხდება. არც უკან დაბრუნებულები გადიოდნენ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამას. მხოლოდ ერთთვიანი შვებულებით სარგებლობდნენ და ისევ უბრუნდებოდნენ სამსახურს. თუმცა ჯარისკაცების სტრესი, დეპრესია და ნევროზი მხოლოდ მათი პრობლემა არ არის; ეს მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებსაც აზიანებს.

ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში მისვლის შემდეგ სამხედრო ფსიქოლოგიის მიმართულებების დანერგვის ინიციატივით გამოვიდა; მიზანი სამხედროების შერჩევა და გაძლიერება იყო. შეიქმნა ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ამ მის მიღწევას უზრუნველყოფდა. მისი ყოფილი ხელმძღვანელი, ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე განმარტავს, რომ ახალი პროგრამის შექმნამდე უწყებაში არსებობდა მსგავსი სამსახური, თუმცა მინიმალური კომპონენტით. 

სიხარულიძის ხელმძღვანელობით 2013 წელს შექმნილი პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. პირველი საფეხური მისიაში ჩართვამდე ჯარისკაცების შერჩევაა. ეს ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების შესწავლას და ინდივიდუალურ გასაუბრებას გულისხმობს. შერჩევის ეს მეთოდი ჰოლანდიის მოდელს ემყარება. გუგა სიხარულიძე ამბობს, რომ ეს არმიაში არამდგრადი ფსიქიკის მქონე ადამიანის მოხვედრას თითქმის გამორიცხავს და სტრესით გამოწვეული ზიანიც მცირდება.

პროგრამის მომდევნო ეტაპი შერჩეული ჯარისკაცების ინფორმირებას ითვალისწინებს. ისინი მისიაში ჩართვამდე სწავლობენ, რა არის სტრესი, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, სუიციდი და ა.შ. რათა მათი ნიშნების დროული აღმოჩენა შეძლონ და თანამებრძოლებს დაეხმარონ. გამოდის, რომ უცხო მიწაზე ყოფნისას ისინი ერთმანეთს ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დეფიციტს უვსებენ. სიხარულიძე ამბობს, რომ სასურველია, ფსიქოლოგი ჯარისკაცებს თან ახლდეს, თუმცა იმასაც განმარტავს, რომ აქამდე ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ ყოფილა.

რაც შეეხება მისიიდან დაბრუნების შემდეგ სარეაბილიტაციო პროგრამებს, თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ასეთი კურსი არსებობს, თუმცა მისი გავლა ნებაყოფლობითია.

„საერთაშორისო სამშვიდობო მისიიდან დაბრუნების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები გადიან ფსიქოლოგიურ შემოწმებას. საკვლევი ინსტრუმენტების შევსების გარდა, სპეციალისტი ინდივიდუალურად ესაუბრება თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდის, მას ვთავაზობთ ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას“, - განუმარტეს „ლიბერალს“ თავდაცვის სამინისტროში.

ჯარისკაცების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვის ნაწილია სუიციდის პრევენციის პროგრამაც, რომელიც 2014 წლიდან დაინერგა. მისი ერთ-ერთი კომპონენტი აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლაა. როგორც 2015 წლის სექტემბერში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, არმიაში თვითმკვლელობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე სამხედრო თუ სამოქალაქო პირი აზარტულ თამაშებს თამაშობს, ის დაუყოვნებლივ დატოვებს სამსახურს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოხსენებული სერვისი და მომსახურება, იქნება ეს შერჩევა თუ ფსიქოლოგიური დახმარება, უწყებაში მომუშავე მხოლოდ 8 ფსიქოლოგისა და 5 ფსიქიატრის მოვალეობაა. სიხარულიძის შეფასებით, უწყებაში მომუშავე ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მათზე დაკისრებულ მოვალეობას ბოლომდე ასრულებენ, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, მათი საქმიანობა გმირობის ტოლფასია.

ფსიქოლოგების სიმცირეზე საუბრობს სახალხო დამცველიც, რომელიც 2016 წლის ანგარიშში აღნიშნავს,  რომ ყველა სამხედრო ბაზაზე ფსიქოლოგის შტატის დაშვების შესახებ მისი 2015 წლის შუამდგომლობა არ შესრულდა.

„ქვედანაყოფის მომართვის საფუძველზე, სპეციალისტები (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი) ჩადიან სამხედრო ნაწილებში და ამოწმებენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღენიშნებათ ფსიქოლოგიური პრობლემები“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

გუგა სიხარულიძე სამხედრო ფსიქოლოგიის განვითარების დონით მსოფლიოში ოთხ ქვეყანას გამოარჩევს -  ჰოლანდიას, ინგლისს, ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მისი განმარტებით, სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სირთულეებისა და სტრესის გამო, დიდი ხანია, დიდი არმიის მქონე სახელმწიფოებმა სამხედრო ფსიქოლოგიის განვითარება დაიწყეს. ამ ოთხ ქვეყანაში  სამხედრო ფსიქოლოგიის სერვისების მიმართულება მრავალფეროვანია და კარგად არის დივერსიფიცირებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^