Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა იცვლება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში

06 ივლისი 2017

მაუწყებლობის შესახებკანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულიაცვლილებები კანონის ათზე მეტ მუხლში შედის.

კანონპროექტის ავტორები  საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არან. ისინი ამბობენ, რომ  ცვლილებების მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, ასევე მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება, თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების შესახებ ჩანაწერის ამოღება კანონიდან და სხვა ცვლილებები საზოგადოების დისკუსიის საგანი გახდა.   

ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმებული პოზიცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის არ არსებობს. თავად საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხარისხიანი მედიაპროდუქციის შესაქმნელად. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ ცვლილებების შემუშავება არ იყო ღია, ეს ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან.  

ცვლილება N 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა

მოქმედი რედაქციით  კანონის ამ მუხლში მხოლოდ ერთი პუნქტია, რომელიც ამბობს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და ითვალისწინებს მოქალაქეთა წინადადებებს საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით“.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით ამ მუხლს ემატება პუნქტი, სადაც ნათქვამია, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცული, დამუშავებული, შექმნილი, მიღებული ინფორმაცია ან/და ამგვარი ინფორმაციის შემცველი/მასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმების, ინოვაციური ხასიათის, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი სიახლის ან/და შიდა საწარმოო/მმართველობითი პროცესების ამსახველ ინფორმაციას და რომლის გასაჯაროება კონკურენტულ გარემოში მოქმედ სხვა მაუწყებლებთან მიმართებაში ზიანს აყენებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ასეთ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  III თავი.

ასევე, დამატებული მესამე პუნქტის მიხედვით, ზემოთ გათვალიწინებული ინფორმაციის განსაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

ამ ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, რომ ეს ჩანაწერი მნიშვნელოვანია მაუწყებლის კონკურენტუნარიანობისათვის.

„ამას არ ასაჯაროებს ჩემთვის ცნობილი არცერთი ევროპული მაუწყებელი, იმიტომ რომ კონკრეტულად გადაცემის გეგმებზე მის ეთერში გასვლამდე არ საუბრობენ, რადგან კარგად იციან რომ კონკურენტულ გარემოში ოპერირებენ და არ შეიძლება კონკურენტს პროდუქტის მომზადებამდე ყველა კარტი გაუშალო“, - ამბობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის ერთ-ერთი პროდუსერი ირაკლი აბსანძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საზოგადოებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI),  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ  და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადებით გააცნო.

ისინი მიიჩნევენ, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობის შემოთავაზებული ვერსია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობასთან.

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ყველა მოქალაქე უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ დოკუმენტაციაზე, თუ აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.  ასევე, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ, კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლება) თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას. საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია, შესაძლებელია არ გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს სახელმწიფო, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს ან დაცულია აღმასრულებელი პრივილეგიით. საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა სხვა ნებისმიერი საფუძვლით არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, შესაბამისად, არის არალეგიტიმური.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი ვერ დააწესებს საჯარო ინფორმაციის ახლებურ განმარტებას კონკრეტულად იმ ინფორმაციისთვის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმა შეუძლებელია შეზღუდოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება საჯარო ინფორმაციაზე. დაუშვებელია ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიენიჭოს ერთპიროვნული და ექსკლუზიური უფლებამოსილება თავად გადაწყვიტოს ,თუ მაუწყებელთან დაკავშირებით რა ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს და რა არა. მსგავსი პრეცედენტი დაშვება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერთიან სისტემას სახელმწიფოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცვლილება N2 -  სამეურვეო საბჭოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

კანონის ამ მუხლში, რომელშიც ჩამოთვლილია სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, ცვლილება შედის სამ პუნქტში.

მოქმედი რედაქციით სამეურვეო საბჭო:

ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში;

ეს ნორმა იცვლება შემდეგნაირად:

„გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, ასევე ცვლილებებს დებულებაში, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას;  უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს.

ამავე მუხლის „გ“ პუნქტის მოქმედი რედაქციით სამეურვეო საბჭო:

გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტში.

იცვლება შემდეგნაირად:

გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, ასევე ცვლილებებს ბიუჯეტში და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს;

რაც შეეხება ამავე მუხლის მესამე ცვლილებას, მოქმედი რედაქციით „თ“ პუნქტის მიხედვით, სამეურვეო საბჭო „ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს“.

ცვლილების მიხედვით ეს ნაწილი საერთოდ უნდა იყოს ამოღებული კანონიდან და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას არ უნდა წარმოადგენდეს.

არასამთავრობოების შეფასებით, ბიუჯეტში ცვლილებების ინიცირების უფლება გენერალური დირექტორის ხელში გადადის. ამასთან საბჭოს ერთმევა უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილებები მაუწყებლის დებულებაში, და ნაცვლად ამისა, ეს  მხოლოდ გენერალური დირექტორის მიერ ინიცირების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად, მათივე შეფასებით, პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში გაუმართლებლად გაიზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება, სამეურვეო საბჭოს უფლებამოვალეობათა შემცირების ხარჯზე.

ორგანიზაციები კანონიდან იმ მუხლის ამოღებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომლითაც სამეურვეო საბჭო თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების ძირითად პირობებს ადგენდა.

შემოთავაზებული ცვლილების შედეგად არამარტო სუსტდება სამეურვეო საბჭოს როლი საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში, არამედ მაუწყებელი საერთოდ თავისუფლდება ზემოთ მითითებული შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულებისგან. აღნიშნული არის მიუღებელი და წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვის მხრივ უკან გადადგმულ ნაბიჯს, რაც განსკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში მაუწყებელში არსებული პრობლემების წარმოჩენის ფონზე.

ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი დიმიტრი ბერძენიშვილი განმარტავს, რომ ეს პუნქტი უფუნქციოა რადგან არსებობს შრომითი კოდექსი და მაუწყებელში დასაქმებულთა უფლებებსაც ეს კოდექსი არეგულირებს. შესაბამისად, ამ პუნქტის ამოღება მაუწყებელთა შესახებ კანონიდან გარანტიებს არ წაართმევს მაუწყებლის თანამშრომლებს.

ცვლილება N3 - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-რადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა

კანონის მე-20 მუხლის მოქმედი რეგულაცია ითვალისწინებს, რომ   საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი ტელე-რადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  

ცვლილების მიხედვით კი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ ცვლილების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ „გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო, წინასწარ ვერ ხერხდება სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, ხოლო უმოკლეს ვადებში კი ვერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯერჯერობით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საგამონაკლისო წესით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ფუნქციონირება და დაფინანსება მთლიანად დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსურ რესურსებზე, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე და შიდა პროდუქციის შესყიდვის გატანა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოქმედების სფეროდან დაუშვებელია, ვინაიდან ეს გაუმჭვირვალეს გახდის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვებს და შეასუსტებს მაუწყებლის ანგარიშვალდებულების სტანდარტს.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონში შესატანი ეს ცვლილება მაუწყებლის გამჭვირვალობის სტანდარდს დაბლა წევს, აჩენს მაუწყებლის შესყიდვებში კორუფციულ რისკებს და მის მიერ საჯარო ფინანსების გაუმჭვირვალედ ხარჯვის შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ მიუთითებს ასევე „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ მის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში, რომელშიც კანონში შესატან ცვლილებებია განხილული. ისინი მიიჩნევენ, რომ განმართებით ბარათში მოყვანილი არგუმენტი არ არის საკმარისი გამონაკლისის დასაშვებად.

საზოგადეობრივ მაუწყებელში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პროდუქციის შინაარსი, ხარისხი და არა ფასი. შესაბამისად, გარე მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტი უნდა განსაზღვროს პირველ რიგში ხარისხმა, შემოქმედებითმა პოტენციალმა და შემდეგ მისმა ფასმა. ამის შესახებ  პირველი არხის მომდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

ცვლილება N 4-  საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა.

ცვლილებების მიხედვით,  ზემოთ აღნიშნულს ემატება წინადადება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება.

ასევე, ცვლილებების თანახმად, ამ მუხლს (33) ემატება ორი პუნქტი.

პირველის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითად წყაროდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განსაზღვრის პერიოდში ძალაში რჩება ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლების დებულებები, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ასევე იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან.

 საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითად წყაროდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განსაზღვრის პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ვრცელდება იმ ნორმატიული ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოქმედება, რომლებიც არეგულირებენ საბიუჯეტო ორგანიზაციების/დაწესებულებების საქმიანობას.

მეორე დამატებულ პუნქტში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-, რადიო- და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშესაწყობად.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი, საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, მიიღებს დამატებით კომერციულ შემოსავალს.

„მედია ადვოკატირებისათვის“ შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებები აკნინებს საზოგადეობრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო სიკეთის როლს. მათი დაკანონების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი დაკარგავს თავის პირველად მისიას და იქცევა კომერციულ, საზოგადოებრივი კონტროლისგან თავისუფალ ტელევიზიად.

კოალიციის საპასუხოდ  საზოგადოებრივ მაუწყებელში აღნიშნავენ, რომ დამატებითი შემოსავლები გააძლიერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციებს სხვა მაუწყებლებთან მიმართებაში. ასევე, ამ ცვლილებებით საზოგადოებრივი მაუწყებელი გაიძლიერებს პოზიციებს მედიაბაზარზე, უპასუხებს გაცილებით დიდი აუდიტორიის საჭიროებებს, გაზრდის საზოგადოების ინტერესს მის მიმართ და განამტკიცებს საკუთარ - როგორც საჯარო სიკეთის როლს.

ცვლილება N 5 - კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება

კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული ცვლილებები შედის კანონის 64-ე მუხლში, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების  შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში - 12  წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).  

ამავე მუხლს ემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები ხდება ასევე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა.

რაც შეეხება სოციალურ რეკლამას, ცვლილებები შედის კანონი 65-ე მუხლში. ახალი რედაქციის მიხედვით, სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილი დრო მნიშვნელოვნად მცირდება.

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3  საათში ჯამში არანაკლებ 90  წამისა (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. 

IDFI, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის შეფასებით, განმარტებითი ბარათი გვერდს უვლის კანონის პროექტით შემოთავაზებულ ისეთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებას, როგორიც სოციალური რეკლამისთვის დასათმობი დროის შემცირებაა. კერძოდ, პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელი ვალდებული იქნება არსებულზე ორჯერ ნაკლები დრო დაუთმოს სოციალურ რეკლამას.

დაუშვებელია სოციალური რეკლამისათვის დასათმობი დროის განახევრება, მით უმეტეს კი იმ ვითარებაში, როდესაც განმარტებით ბართში არ არის დასაბუთებული აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა“.

მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ დაწყებულა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის შეფასება

იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია, როემლიც ასევე ამ ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან მიღებული დასკვნა დადებითია და ისინი ამ ცვლილებებს პროგრესულად აფასებენ.

თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს სულხან სალაძეს. მან გამოითხოვა დოკუმენტი, რომელიც მენეჯმენტმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) გაუგზავნა.მიღებული დოკუმენტი, რომელიც სალაძემ გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ მაუწყებელს გაგზავნილი აქვს ინფორმაცია ცვლილებების მხოლოდ სამი მუხლის შესახებ.

როგორც სულხან სალაძე ამბობს, ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ რთულია ევროპის მაუწყებელთა კავშირს შექმნოდა სრული  სურათი, რადგან ის მოწყვეტილია კონტექსტს; არ არის ასახული რას უკავშირდება ამ ცვლილებების მიღება, რატომ არის აუცილებელი და რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. მით უფრო, რომ დოკუმენტში არ არისსაუბარი ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ.

სულხან სალაძის მიერ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ, საზოგადეობრივმა მაუწყებელმა ჩაწერა კომენტარი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელ რადკა ბეთჩევათან, სადაც ის ამბობს, რომ ახალი ცვლილებების განხილვის პროცესში არიან და მოსაზრებებს კვლავ მიაწვდიან პარლამენტის თავჯდომარეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი თიკო ბერძენიშვილი „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო. შესაბამისად, თავდაპირველად ევროპის მაუწყებელთა კავშირს გადაეგზავნა პირველადი ვარიანტი, სადაც სამ მუხლზე იყო საუბარი. ცვლილებების დამატების შემდეგ, ბერძენიშვილის თქმით, კვლავ გაუგზავნეს ახალი დოკუმენტი, რომელზე პასუხიც უკვე აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს უკვე გვაქვს ევროპის მაუწყებელთა კავშირის  პასუხი სრულიად ყველა ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება და ის დოკუმენტიც გასაჯაროვდება. შემიძლია გითხრათ, რომ ისევე როგორც სამ ძირითად პუნქტზე, სრულ ცვლილებებზეც ცალსახად დადებითი პასუხია“, - ამბობს თიკო ბერძნიშვილი.

კერძო ტელემაუწყებლებიმიმართვა

დღეს კერძო მაუწყბელებმა „მაუწყებელთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ისინი პარლამენტს მიმართავენ, უარი თქვას „მაუწყებლობის შესახებ კანონში” იმ ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელში” სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ინიცირებული ცვლილებებით „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” სრულად იხსნება შეზღუდვა სპონსორობაზე და ამ ნაწილში მისი რეგულაცია უთანაბრდება კომერციული არხების რეგულაციას, კომერციული რეკლამის ნაწილში კი არათუ დღემდე არსებული ლიმიტები იზრდება, არამედ მაუწყებელს უჩნდება ახალი შესაძლებლობები და დამატებითი დრო კომერციული რეკლამის განსათავსებლად. 

სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე ამბობს, რომ არასამთავრობოების განცხადებები და უკვე კერძო ტელეკომპანიების გამოხმაურებაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროცესი ადვილად გასავლელი არ არის. პროცესი არ დასრულებულა და მნიშვნელოვანია, ჩართული იყოს ყველა შესაბამისი ჯგუფი, მედიაექსპერტები, მაუწყებლები და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ადამიანებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტ ...

გასულ კვირას გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა ქალაქში სატრანსპორტო სამსახურის გაუქმება მოითხოვა და ულტიმატუმის ფორმი ...
11 აგვისტო
11 აგვისტო

საქართველო შემოდგომით, 1983

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართვე ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

ბახალას საქმე

„მე დამაყენეს არჩევნის წინაშე - ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის“, -  აღნიშნა გიორგი გ ...

მეტი

^