Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ხალხზე დამოკიდებული დამოუკიდებელი კანდიდატი“ - ინტერვიუ ალექსანდრე ელისაშვილთან

11 ივლისი 2017

რატომ გადაწყვიტა მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება; რა შანსები აქვსმარტოკაცს საკრებულოდან“; რატომ ფიქრობს, რომ არსებობს არჩევნების გაყალბების შანსი და როგორ აპირებს ხმების დაცვას; საბოლოო ჯამში კი, როგორი იქნება დედაქალაქი და მერია მისი გამარჯვების შემთხვევაში. ინტერვიუ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ - ალექსანდრე ელისაშვილთან.

11 ივლისი, გუდიაშვილის მოედანი.  ალექსანდრე ელისაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენა. რატომ გუდიაშვილის მოედანი?

გუდიაშვილის მოედანი სიმბოლურია. ეს არის ადგილი, სადაც ბევრი ადამიანი გაერთიანდა და ჩამოუყალიბდა აზრი, რომ თბილისი ჩვენი ქალაქია. ქალაქი ჩვენ ვართ. თბილისი ისეთი უნდა იყოს, როგორც ჩვენ მიგაჩნია სწორად და არა სააკაშვილს და უგულავას, როცა ავთენტური სახით შემორჩენილი უკანასკნელი მოედნის დანგრევა გადაწყვიტეს!

საპროტესტო აქციები სულ რამდენიმე ადამიანმა დავიწყეთ. ჩვენი სიჯიუტე სხვებსაც გადაედო. ბევრი დარწმუნდა, რომ რეალური ძალა ხალხის ხელშია და რაც მთავარია, შევძელით და იმ ხელისუფლებას გუდიაშვილის მოედანი ხელიდან გამოვგლიჯეთ!

ამის შემდეგ იყო მემორანდუმი. მას დავით ნარმანიამაც მოაწერა ხელი, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაატარებდა გუდიაშვილის მოედნის ჯეროვან და გულმოდგინე რეაბილიტაციას - გადაარჩენდა, შეინარჩუნებდა და განავითარებდა მას. მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა.

ჩემი აზრით, გუდიაშვილის მოედანი, ისეთი სახით, როგორითაც ის დღეს არის, თბილისის და საქართველოს მიკრომოდელია - ბრწყინვალე მოცემულობა გვაქვს, რომლის გონივრულად გამოყენებისა და განვითარების შემთხვევაში ძალიან მდიდრები უნდა ვიყოთ, ამ დროს კი ღარიბ-ღატაკები ვართ.

გუდიაშვილის მოედანზე დაგელოდები“ - ვის ელოდებით გუდიაშვილის მოედანზე?

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში ხალხია და მე ხალხს ველოდები. ვერ მოვიყვან გამგეობის თანამშრომლებს; ვერ და არ მოვიყვან მანდატებით განაწილებულ დელეგატებს, რომ იქ სკამებზე გავანაწილო...

ყველას ჰგონია, რომ სუს-ის შენ კონტროლქვეშ ყოფნა და ხელისუფლების ძალადობრივი გზებით შენარჩუნება გადამწყვეტია - ასე ეგონა სააკაშვილსაც. დღევანდელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მთავარია გქონდეს ფული და მოისყიდი, ვისაც გინდა.

ჩემი აზრით, გადამწყვეტი ხალხის აზრია! გუდიაშვილის მოედანი თავისუფალი სივრცეა, სადაც ველოდები ადამიანებს, ვისაც უნდა, რომ ნორმალურ ქალაქში, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდეს.

ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადეთ, რომ ის პრობლემები, რომლებზეც მერობის კანდიდატებმა უნდა ისაუბრონ, თქვენი ყოველდღიურობაა. რა პრობლემებზე გაამახვილებთ ყურადღებას წინასაარჩევნო კამპანიის დროს და რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯები, ერთი მხრივ,  მერობის კანდიდატის - როგორც პოლიტიკური ფიგურის და, მეორე მხრივ - მეურნის, როგორც თავად აღნიშნავთ ხოლმე...

2006 წელს მეგობრებთან ერთად, შევქმენი თბილისზე მზუნრველთა გაერთიანება - „ტფილისის ჰამქარი“. ბევრმა გამუდმებული ჩხუბითა და საპროტესტო აქციებით გაგვიცნო. თუმცა, პარალელურად, გამოფენებს, კვლევების პრეზენტაციებსა და კონფერენციებს ვმართავდით.

2014 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრი ვარ და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მერიასთან, გამგეობებთან, მერიის სამსახურებთან, ხალხთან, ხალხის პრობლემებთან... სხვა კანდიდატებმა კი ახლა დაიწყეს მეცადინეობა თბილისის პრობლემებში გასარკვევად.

მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ გაგაცნობთ ჩემ ხედვას - როგორ უნდა მოგვარდეს თბილისის წინაშე არსებული პრობლემები. ყურადღების ცენტრში ჩხუბის, დავიდარაბის, მუშტების ქნევის და გაწევ-გამოწევის გამო მოვხვდი, მაგრამ სანამ პრობლემაზე ჩხუბს დავიწყებდი, იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე მუდმივად ვფიქრობდი. სამწუხაროდ, არ მქონდა ისეთი ბერკეტი, რომელიც მათი საფუძვლიანად მოგვარების საშუალებას მომცემდა. საკრებულოში ყოფნის მთელი პერიოდი პარტიზანულ ბრძოლაზე ვარ გადასული, რომ ხალხთან ერთად კონკრეტული არეალები შევინარჩუნო.

სიტუაციის გარდატეხას, პოლიტიკის შეცვლას ვერ ვახერხებდი, იმიტომ რომ 50-დან ერთ-ერთი დეპუტატი ვარ. მერობა სიტუაციის რადიკალურად შესაცვლელად მინდა: ავარიული სახლები და კორპუსები, სიმწვანის კატასტროფული მაჩვენებლები, დაუდგენელი წითელი ხაზები - პარკებსა და სკვერებში, პარკინგი, „სითი პარკი“, საცობები, საბჭოური ინერცია და მანქანაზე ორიენტირებული ქალაქი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კატასტროფული მდგომარეობა, მტკვარი, როგორც ღია საკანალიზაციო არხი იმის ნაცვლად, რომ მდინარე იყოს და მდინარესთან ურთიერთობა შეგვეძლოს - ამ ყველაფრის მოგვარებაზე მუდმივად ვფიქრობდი და ვფიქრობ. მეუბნებიან, მარტო კაცი ხარ, გუნდი არ გყავსო... ვინმე თუ დააკვირდებოდა, ნახავდა, რომ თუნდაც საკრებულოში გვქონდა მთელი სალექციო კურსი, სადაც ყველა მიმართულებით ყველაზე კარგი სპეციალისტები მოგვყავდა და გამოწვევებზე მათთან ერთად ვმსჯელობდით.

გამოსავლის პოვნას ვერ ვახერხებდი, ეს პოლიტიკის შემუშავება და გატარება უნდა იყოს. ჩამოთვლილ პრობლემებზე ზუსტი ხედვები მაქვს, უბრალოდ მედიისთვის ეს არ იყო საინტერესო. აი აქ, კაბინეტში მიდევს უზარმაზარი დოკუმენტი - მეტროს პრობლემები, გამოწვევები და პერსპექტივები. აინტერესებს ვინმეს? არავის აინტერესებს. კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად მოვამზადე ასეთი დოკუმენტები ყველა მიმართულებით.

მთავარია დავარწმუნო ხალხი, რომ „ისე არ იქნება, როგორც ბიძინა ივანიშვილი“ გადაწყვეტს“, ასე მსჯელობა საბჭოთა კავშირში ყოფნის ტოლფასია!

წინასაარჩევნო პერიოდში ორი მიზანი მექნება - ჩემი ხედვები და ჩემი გუნდი გავაცნო საზოგადოებას. ოღონდ, გუნდს რაც შეეხება, მათი წარდგენას კამპანიის მიწურულს ვგეგმავ. არ მინდა ეს ადამიანები დროზე ადრე დააშინონ.

ყველაფერი ჩვენს ხელშია, როგორც გუდიაშვილის მსგავსად მთელი ქალაქი უნდა გადავარჩინოთ!

ამბობთ, რომ არ გინდათ თქვენ გუნდის წევრები წნეხისა და ზეწოლის ქვეშ იყვნენ. რა გაფიქრებინებთ, რომ მათ დაშინებას შეეცდებიან. ზოგადად საუბრობთ, თუ კონკრეტულ შემთხვევებზე?  

არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა კონკრეტული მაგალითები გვქონდა. ოპონენტები დარაზმული არიან და ძალიან ცუდი ინფორმაცია მომდის. მე თავი მაქვს გადადებული, არც ზეწოლის მეშინია და არც არაფრის, მაგრამ არ მინდა ჩემი გუნდის წევრები, ჩემი თანამოაზრეები დროზე ადრე დავაყენო დარტყმის ქვეშ. ეს ადამიანები არქიტექტორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები, გამწვანებისა და ტრანსპორტის სპეციალისტები არიან. მერობის შემთხვევაში სწორედ მათთან ერთად ვაპირებ ქალაქის მართვას.

გამოდის, რომ თქვენს გუნდში მხოლოდ კონკრეტული დარგების სპეციალისტები არიან და არა პოლიტიკოსები?

ეს ადამიანები თავისი საქმის პროფესიონალები არიან და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკოსები! ვსაუბრობ წესიერ, სინდისიერ ადამიანებზე. ასეთი ხალხის აღმოსაჩენად წლები დამჭირდა. ისინი გარშემო შემოვიკრიბე. ამ ადამიანებს აუცილებლად წარვუდგენ საზოგადოებას, ოღონდ არამც და არამც დროზე ადრე! ისევ და ისევ ამ ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე...

თქვენი აზრით, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ვფიქრობ, ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს! ხედავენ, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ეს ქალაქი ძალიან უყვარს, რომელსაც არ უნდა გულგრილი იყოს იმ საშინელებების მიმართ, რაც დღეს თბილისში ხდება!

მე, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ჟურნალისტი - ჟურნალისტურად ვიბრძოდი, ჰამქრის თავმჯდომარე - ჰამქრის თავმჯდომარედ ვიბრძოდი, საკრებულოს 50 დეპუტატიდან ერთი დეპუტატი როგორც მოახერხებს, ისე ვიბრძოდი. ვიცი, ზოგიერთი კრიტიკულად მიყურებს, მაგრამ ბევრი ხედავს, რომ არცერთ საჯარო თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩემი მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ.

გულით მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ქალაქი უკეთესი იყოს და სახლის კარის გაღებისთანავე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე პრობლემები არ გვხვდებოდეს. მინდა, რომ რაღაცები შევცვალო, ვგრძნობ ამის ძალას და ვფიქრობ, რომ ამას მოსახლეობის ის ნაწილიც ხედავს, ვისაც ამის დანახვა სურს.

როგორც თავად აღნიშნეთ, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხართ. როგორ აპირებთ მოსახლეობის იმ ნაწილის დარწმუნებას - თქვენ მოგცენ ხმა, რომელიც თვლის, რომ ქვეყანას, ქალაქს, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი კი არა, „ძლიერი ხელი“, დიდი პოლიტიკური ფიგურა უნდა მართავდეს?

ჩვენი პრობლემა საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი სტერეოტიპებია. საბჭოთა კავშირი უჩიჩინებდა მოქალაქეს, რომ მას არავინ არაფერს ეკითხებოდა, ის იყო შრომითი რესურსი, მორჩა და გათავდა...  დანარჩენს, მის ნაცვლად, დიდი პარტია, დიდი სტალინი წყვეტდა!

სამწუხაროდ, ეს ინერცია დღესაც მოგვყვება. ადამიანების ნაწილს სურს, რომ მათ ნაცვლად სხვამ მიიღოს გადაწყვეტილება. ვიღაც სააკაშვილმა, ვიღაც ივანიშვილმა. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენი ბედი მოსკოვში, ბრიუსელში, ან ვაშინგტონში წყდება, ან სულაც მასონები წყვეტენ ყველაფერს. ამ დროს კი ეზოში ხეს რომ გიჭრიან, უნდა დადგე და თავად გადაარჩინო ის. ნუ ელოდები ბრიუსელს, მასონებს, სააკაშვილს ან ივანიშვილს. შენი სივრცე თავად უნდა დაიცვა და განავითარო! ნორმალური ქვეყნები და ქალაქები ასეა მოწყობილი.

ნორმალური საზოგადოება ის საზოგადოებაა, სადაც მოქალაქეები თანხმდებიან, რომ თავად არიან ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონები!

რამდენად არის საზოგადოება დღეს მზად ამ პასუხისმგებლობის ასაღებად?

მეტ-ნაკლებად მზად ვართ. ნახეთ რა მესიჯს უშვებს ხელისუფლება - „მაინც კალაძე იქნება“. ეს მიზანმიმართულად კეთდება, ზუსტად ეს არის საბჭოთა სტერეოტიპი. ბევრი მეუბნება - შენ კი გაძლევ ხმას, მაგრამ მაინც კალაძე იქნებაო. ვუხსნი, შენ თუ მე მაძლევ ხმას და თუ ასე მოიქცევა ამომრჩევლების უმეტესობა, კალაძე როგორ გაიმარჯვებს? ამის პასუხად მეუბნებიან, რომ არჩევნებს გააყალბებენ. ესეც უმწეობის განცდაა. თუ ხმას მაძლევ და დაინახავ, რომ არჩევნების შედეგებს აყალბებენ, მოდი და ერთად დავიცვათ ჩვენი არჩევანი!

კბილებს დავამტვრევ ყველას, ვინც გაბედავს და არჩევნებს გამიყალბებს“ - თქვენი ეს ფრაზა არაერთი ადამიანის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ  მერობის კანდიდატი ასეთი ლექსიკით არ უნდა საუბრობდეს. რას უპასუხებდით ამ ადამიანებს და რატომ უშვებთ შესაძლებლობას, რომ არჩევნების შედეგები შესაძლოა გააყალბონ?

ზოგჯერ მეც არ მომწონს ჩემი ლექსიკა, მაგრამ შინაარსზე რატომ არ ფიქრობენ?! მე ვთქვი, რომ თუკი არჩევნების შედეგებს გამიყალბებენ, მაშინ „დავამტვრევ კბილებს“. კი ბატონო, უფრო კორექტულად და მშვიდად შემეძლო ეს ამბავი მეთქვა, მაგრამ რა არის აქ მთავარი, მუშტი-კრივი თუ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა?

კონკრეტული ინფორმაცია მომდის. მითვლიან, რომ რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც გავაყალბებთ. ჩემი კომენტარი საპასუხო მესიჯი იყო ამ შემოთვლაზე - გაყალბების საშუალებას არავის მივცემ და ეს არ არის მხოლოდ სიტყვების რახა-რუხი! გაყალბების პრევენციისთვის ვემზადები, იმიტომ, რომ ხელისუფლება ნამდვილად ემზადება არჩევნების გასაყალბებლად! როგორი მეთოდებით აპირებენ ამას, რა ტექნოლოგიებით, ამის შესახებაც მომდის ინფორმაცია.

რა ინფორმაცია მოგდით, როგორ აპირებენ გაყალბებას?

სუს-ისა და „ძველი ბიჭების” მობილიზების თადარიგი უკვე დაჭერილი აქვთ. არჩევნების საღამოს, ხმების დათვლის დროს, დამკვირვებლებზე ზეწოლა იგეგმება - რომელ უბანშიც მეტი ხმა მექნება, სურთ რომ ჩემს კონკურენტს გადააწერონ „ქართული ოცნებიდან“.

შესაბამისად, არსებითი ჩემი მუქარა კი არ არის, რომ ვინმესთვის კბილების დამტვრევა მინდა... ნამდვილად არა, სინამდვილეში ყველაზე უწყინარი კაცი ვარ, უბრალოდ არის რაღაცეები, რაზეც აგრესიული ვხდები!

გაყალბების შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ აგრესიული? აბა რა ვქნა, თუ გააყალბეს, მივიდე და ხელზე ვემთხვიო, იმ ხელზე, რომლითაც არჩევნებს გააყალბებენ? არავითარ შემთხვევაში! არცერთი ხმის მოპარვისა და გადაწერის საშუალებას არ მივცემ!

კონკრეტული გეგმა გაქვთ შემუშავებული?

ამ ეტაპზე, ამაზე საუბარი არ მინდა. ძალიან დიდი ძალისხმევა მაქვს მიმართული საარჩევნო დღის მენეჯმენტზე! დაუნდობელი ვიქნები გაყალბების შემთხვევაში! თუმცა მანამდე, მომხრე ვარ, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალიან მშვიდი, წყნარი, პროგრამების განხილვასა და დებატებზე იყოს ორიენტირებული...

რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ არჩევნები შესაძლოა გაყალბდეს?

გვახსოვს როგორ ჩაატარა კახი კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები? გვახსოვს?! არ არის აღმაშფოთებელი? ეს იმის ნიშანია, რომ ეს ხალხი ამის ჩამდენია.

ამაზე რატომ არ აქვთ რეაქცია და „კბილების დავამტვრევზე“ რატომ შფოთდებიან ასე ძალიან? ის ადამიანები, ვინც მე მარიგებს ჭკუას, კალაძეს და კობიაშვილს რატომ არ მოძღვრავენ?! რა მეთოდებითაც კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა,  ჩვეულებრივი ამბავია და ჩემი ლექსიკაა მაინცდამაინც მიუღებელი? ყველამ თავის თავს დაუსვას კითხვა ამასთან დაკავშირებით.

ასეთი ინფორმაცია რომ მომდის, აქედან ჩნდება ჩემი აგრესიაც, ესაა ჩემი თავდაცვის ერთადერთი საშუალება. აბა სუს-ი მე არ მყავს, ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ მე არ „ვძამაკაცობ“ და არც ცემა-ტყეპის ორგანიზებას ვაპირებ.

კახი კალაძე ახსენეთ. საკმაოდ ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ თბილისის მერიაშიკალაძის ხალხიუკვე დანიშნულია თანამდებობებზე...

ამდენ ხანს კალაძე მართავდა მერიას! კალაძე არ იღებდა საკადრო გადაწყვეტილებებს? ჩემი ცოლის ძმა კი არ ყოფილა განათლების სამსახურის უფროსი, 22 წლის ბიჭი, კორუფციულ სკანდალებში რომ გაეხვა და გამოუშვეს. კალაძის მეგობარმა დეველოპერებმა გადაუარეს თავზე მერიას. სამშენებლო დეველოპერული მაფია კი „ქართული ოცნების“ სამშენებლო დეველოპერული მაფიაა!

იმაზე, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყანასა და დედაქალაქში ხდება, „ქართული ოცნება“ არაა პასუხისმგებელი? შევხედოთ შედეგებს - ქალაქი რომ თავზე დაგვემსხვრა, ჩემი ბრალია, თუ „ქართული ოცნების“? კალაძე „ქართულ ოცნებაში“ არ იყო? ნარმანია-კალაძე ერთი გუნდი არ იყო? სულ ჩახუტებულები რომ იყვნენ, ერთი გუნდი ვართ და ყველაფერს ვაკონტროლებთო. ხომ ყველანაირი საშუალება ჰქონდათ - საკრებულოში უმრავლესობა, ქალაქის მთავრობა მათი დაკომპლექტებულია, პარლამენტში სულ ეგენი არიან, საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, მთავრობაში სულ ეგენი არიან... ვინმე უშლიდათ ხელს რამეში? ერთი კარგი პროექტი დამისახელონ, რომელსაც საჯაროდ არ დავუჭირე მხარი!

ხომ ვნახეთ, როგორ მართავს „ქართული ოცნება“? ვინც საბოლოოდ არ დარწმუნებულა, შეუძლია გუდიაშვილის მოედანზე მოვიდეს და ნახავს...

როცა ვთქვი, გუდიაშვილის მოედანზე ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას-მეთქი, მას შემდეგ რამდენიმე დღეა სასწაული ხდება! პეკინზე ორი მუშაღა დგას და დილიდან-საღამომდე პაპიროსს ეწევა. მთელი ეს დღეებია გუდიაშვილზე ყირაზე გადადიან! ამდენ ხანს არაფერს აკეთებდნენ, პრეზენტაციას ვაპირებ-მეთქი ვთქვი და სამშენებლო სამუშაოები წამოიწყეს...

ყველას მინდა ვთხოვო, კარგად გაიაზრონ რა არჩევანს აკეთებენ! ისევ ის შეჩვეული ჭირი გინდათ?! არ ვივარგებ მე? არჩევნები ისევ ჩატარდება და თუ თავს შევირცხვენ და ქალაქის წინაშე ამ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, საკუთარ ბიოგრაფიას სამუდამოდ დავისამარებ.  

ხომ ვნახეთ როგორ მართავს „ქართული ოცნება“? ხომ ვნახეთ როგორ მართავდა „ნაციონალური მოძრაობა“? მოდით, ახლა ყველამ თავისთვის გააკეთოს არჩევანი.

არაერთი ადამიანისთვის მერის არჩევნებზე თქვენი გამარჯვების შესაძლებლობა კითხვის ქვეშ თქვენი პარტიულობის გამო დგას. გარკვეული პერიოდის წინ საკმაოდ აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიები თქვენს გადაბირებას ცდილობდნენ. ახლა, როცა ამ მოვლენებმა ჩაიარა და თქვენ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ისე იყრით კენჭს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ რამდენად ხშირი და ინტენსიური იყო თქვენი გადაბირების მცდელობები და რას გთავაზობდნენ?

არაერთი პარტიის წარმომადგენელს შევხვდი. მქონდა შემოთავაზებებიც და კონკრეტულ თანხებზეც იყო საუბარი, მაგალითად - მილიონზე მეტს მთავაზობდნენ, თუკი ერთ-ერთი პარტიის შემოთავაზებას დავთანხმდებოდი.

ლარს თუ დოლარს? და ამ ფულს თქვენი პირადი სარგებლობისთვის გიხდიდნენ თუ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას გთავაზობდნენ?

მაქამდე საქმე არ მიმიყვანია. დამრგვალებული თანხა მითხრეს, აი, ამ ფულს დაგახარჯავთო. იქვე შევაწყვეტინე საუბარი და დეტალების აღარ განგვიხილავს.  

ბევრ რამეს მთავაზობდნენ, მაგრამ მთავარი ერთია - ჩემი „დავერბოვკება“ და „დათრევა“ ძალიან რთულია. ეს არც წინა ხელისუფლებას და არც ახლანდელ ხელისუფლებას არ გამოუვიდა და სხვა პარტიები ხომ მით უმეტეს, ვერ შეძლებდნენ.

მე ვიქნები უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხთან კომუნიკაციისას შუამავალი არ მეყოლება. არ იარსებებს ის რგოლი, რომელიც ადამიანებს დამაშორებს. მე ვიქნები ხალხზე დამოკიდებული, დამოუკიდებელი კანდიდატი!

ვისაუბროთ ფინანსებზეც. ჩვენს წინა ინტერვიუში ახსენეთ, რომ როდესაც მაჟორიტარად იყრიდით კენჭს, საკმაოდ მცირე თანხით შეძელით საარჩევნო კამპანიის წარმართვა. რა ვითარებაა დღეს, გყავთ თუ არა სპონსორი?

ფული არ არის მთავარი და გადამწყვეტი! ცოტა მაქვს, ისიც მეგობრებისგან და მას არანაირი ვალდებულება არ მოჰყვება.

სამაგიეროდ, ძალიან საინტერესო გეგმა მაქვს - როგორ ჩავრთო ჩემი კამპანიის დაფინანსებაში მოსახლეობა და მათი, თუნდაც მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი შემოწირულობებით, როგორ წარვმართო კამპანია. იაფი კამპანიის წარმართვას ვაპირებ და მსურს, რომ მასში მოსახლეობა მატერიალურადაც იყოს ჩართული.

ამ გეგმებს ჩემი წარდგენის შემდეგ ხალხს გავაცნობ. ეს ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ ყველაფერს ფული წყვეტს. მე სულ სხვა რამ მინდა შევთავაზო მოსახლეობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზით გავიმარჯვებ!

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პოლიტიკური დარტყმა, რომელიც მიიღეთ, შეწყალების კომისიაში თქვენს მუშაობას და ბესელია-კობახიძის გარშემო ატეხილ სკანდალს უკავშირდება. ამ მოვლენებს საკმაოდ ხშირად იყენებენ თქვენ წინააღმდეგ და ისმის კითხვებიც  - რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს თქვენი ნაამბობი...

შეწყალების კომისიაში მუშაობისას, ბესელია-კობახიძის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, რომ ჩარეულიყვნენ შეწყალების პროცესში. ეს არ გამოუვიდათ. შემდეგ ჰქონდათ მცდელობა, რომ, ე.წ. კოკაინის საქმე განსაკუთრებული წესით გამეტანა - არ გავიტანე! ყველა ჩავაყენე საქმის კურსში: პროკურატურა, სუს-ი, პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილსაც კი შევუთვალე თინა ხიდაშელის საშუალებით. გავაფრთხილე ჩემი შემცვლელი შეწყალების კომისიის თავჯდომარის პოსტზე - ზვიად ქორიძე, რომ ფრთხილად ყოფილიყო ამ საქმესთან. 

ამის შემდეგ დამშვიდებული, რომ ბესელია-კობახიძეს ეს საქმე არ გამოუვიდათ, მშვიდად ვმუშაობდი საკრებულოში. შემდეგ ხდება ის, რომ პატრიარქი გამოდის და აცხადებს, რომ მასაც სურს, ჰქონდეს შეწყალების უფლება.

ვიღაცისთვის ეს იყო მხოლოდ პატრიარქის სურვილი იყო. მე კი მთელი პროცესი დავინახე - პატრიარქს ეს ღარიბაშვილმა და ბესელიამ ათქმევინეს. თუ გაუვიდოდათ, დიდი კორუფციული ამბები დატრიალდებოდა, რომელშიც ბესელიაც და ღარიბაშვილიც ჩართული იქნებოდნენ - პატრიარქი ვერ შეძლებდა ყოველ ჯერზე 2500 პატიმრის საქმის გაცნობას. ამით, რა თქმა უნდა, სხვები ისარგებლებდნენ!

ეს მიუღებელია სახელმწიფოებრივი მოწყობის ჭრილშიც, იმიტომ, რომ საპატრიარქოსა და სახელწმიფოს როლებისა და ფუნქციების აღრევა დაუშვებელი მგონია.

ამ მოვლენების შედეგად პირდაპირ დავინახე კორუფციის საფრთხე და ამიტომაც გავაკეთე განცხადება. ამას მოჰყვა ის, რომ რეალურად, პროკურატურამ საქმე არ გამოიძია. დადასტურებული ხომ არის, რომ ერთ-ერთი ქსელიდან ჩემს ტელეფონში შემოვიდა შეტყობინებები?! მესიჯები რომ წაეკითხათ, ბესელიას და კობახიძეს დაიჭერდნენ? რა თქმა უნდა, არა! შესაბამისად, ძალიან მოხერხებულად, პროკურატურამ გამოიყენა ტელეფონში შეტყობინებების არარსებობა, სინამდვილეში კი - წაშლა. გამოძიება რომ ნდომოდათ, ენახათ კომუნიკაცია ბესელია-კობახიძესა და იმ ხალხს შორის, ვინც ფულს იხდიდა! ნახეს კიდეც, იციან კიდეც და ეს საქმე თაროზეა შემოდებული. აგერ თქვენ და აგერ მე - ადრე თუ გვიან ამ ყველაფერს ნათელი მოეფინება...

მე ჩემი ქვეყნის წინაშე მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე. კი ბატონო, დარტყმები მივიღე, ვიღაცეებს საქილიკო და სალაპარაკო მიეცათ და ჩემი რეპუტაცია დარტყმის ქვეშ დავაყენე. მაგრამ, ამ ფაქტის წინაშე თავიდან რომ დამაყენონ, კვლავ ანალოგიურად მოვიქცევი!

საინტერესოა, ის ხალხი, რომელიც წამდაუწუმ ბესელია-კობახიძის ამბავს მახსენებს, რატომ არაფერს ამბობს იმაზე, რომ  მე გამოვიჭირე თბილისის მთავარი არქიტექტორი - დიმიტრი მოსულიშვილი, მექრთამე, რომელიც 10-სართულიან კორპუსს 6-სართულიანად ასაღებდა. იგი ჩემი მხილების შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს. ეს მერიის აუდიტის დასკვნამაც დადასტურა! ვერაფერი გააწყვეს და ეს კაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რატომ ამას არ იხსენებენ? დაიჭირეს ის კაცი? დაიჭირეს კი არა, უბრალოდ მოხსნეს და მოხსნის წინ ნარმანიამ პრემია გამოუწერა!

ვისაც უნდა, რომ მე მაქილიკოს, დამცინოს და ჩემს რეპუტაციაზე ძვირი თქვას, ამის საშუალება აქვს. რეალობის დანახვა ვისაც უნდა, ის სხვა რაკურსით შეხედავს ყველაფერს და ბევრ რამეს დაინახავს...

თქვენი მისამართით საკმაოდ ხშირად ისმის სიტყვა - პოპულისტი...

მითხრან რატომ ვარ პოპულისტი! რაც ხალხს აწუხებს, იმაზე რომ ვყვირი? ამ ქალაქს რაც აწუხებს, იმაზე რომ ვჩხუბობ, ეს არის პოპულიზმი?

თუკი იმაზე ჩხუბი, რაც ხალხს აწუხებს პოპულიზმი ჰგონიათ, პოპულისტი ვიქნები ყოველთვის!

რამდენი ადამიანი გიჭერთ დღეს მხარს, ვინ არიან ეს ადამიანები?

ჩემი აზრით, ჩემი მხარდამჭერი ადამიანები არიან, ვისაც ეს ქალაქი და ქვეყანა უყვარს და აქედან გაქცევა არ უნდათ. სურთ, რომ აქ შეცვალონ სიტუაცია და ეს ქალაქი და ქვეყანა ნორმალური გახადონ! ვისთვისაც სულერთი არ არის, რა მოხდება ქალაქში, რა მოხდება ქვეყანაში. აი ამ ხალხის ინსტრუმენტი ვიქნები მერობის შემთხვევაში! ისევე, როგორც ახლა ვარ 50-დან ერთი დეპუტატი და ვარ ინსტრუმენტი მათთვის, რომ სადღაც რაღაცეები შევცვალოთ.

რა გარანტია აქვს მოსახლეობას, რომ თუკი მერი გახდით, წინასაარჩევნო დაპირებებს არ დაივიწყებთ და იგივე არ განმეორდება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა?

რაც შეეხება გარანტიებს - შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და საერთოდ არ მინახავს ის ავტომანქანა, რომელიც ჩემს წინამორბედს ემსახურებოდა და მეტროთი დავდიოდი. არც საკრებულოში მემსახურება ავტომანქანა. ვინმეს თუ ჩემი ნახვა უნდა, შეუძლია უბრალოდ ქუჩაში გამაჩეროს და თავისი პრობლემის შესახებ მესაუბროს. ამ კონტაქტს მე არ გავწყვეტ თბილისელებთან, გამორიცხულია!

თუ მერი გავხდები, მერიაში არცერთ თანამდებობის პირს ავტომანქანა არ მოემსახურება, მათ შორის არც მე! მერიის სამსახურებში ჯამში 25 ათასი ადამიანი მუშაობს. მე შემიძლია ვუთხრა მთელ თბილისს, რომ 25 ათასი ალეკო ელისაშვილი მათ სამსახურში იქნება და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით! 39 წლის ვარ, ცოტა ხანში 40-ის გავხდები. არაფერი აღარ შემცვლის დედამიწის ზურგზე.

ქალაქის მერი იყო დიმიტრი ყიფიანი. ეს კაცი ჩემი საფიცარია და არა ვიღაც „ცეხავიკები“, რომლებიც იმისთვის არიან თანამდებობაზე, რომ ფული აკეთონ! ნიკო ნიკოლაძეა ჩემი საფიცარი, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ადამიანები, რომლებმაც თავი გადადეს ამ ქვეყნისთვის. მე ამ იდეალებით ვცხოვრობ. ეს იდეალები ბევრისთვის გაუგებარია. ბევრს მიაჩნია, რომ უფრო „დიდ ფულზე ვჩალიჩობ“ და ამიტომ მინდა მერობა. ვისაც უნდა გაიგებს, ვისაც არ უნდა, არ გაიგებს. მე მამოძრავებს მხოლოდ ის, რომ ჩემი კვალი დავტოვო ამ ქალაქში... ერთი-ორი ადგილი არის ისეთი, სადაც ამაყად შემიძლია ვიარო. ასეთია გუდიაშვილი, იმელი, საბურთალოს პარკები თუ სკვერები, მაგრამ ვგრძნობ, მეტი შემიძლია და მინდა, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^