არაერთმა სოციალურმა მუშაკმა დატოვა სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში. მიზეზად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს, დაბალ ანაზღაურებას, გაუსაძლის შრომის პირობებს და სოციალური სამუშაოს შესრულებაში ხელისშემშლელ სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ.
დერეფანში დაცული კონფიდენციალობა
თბილისში, სარაჯიშვილის N1-ში მდებარე გამგეობის ყოფილ შენობაში, ჩაბნელებული და იატაკაყრილი დერეფნის 310-ე ოთახში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები მუშაობენ. სააგენტოს სერვისცენტრში მომსახურებას იღებენ ბავშვები და მათი ოჯახები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, ხანდაზმულები და შშმ ადამიანები, რომელთათვისაც შენობა ადაპტირებული არ არის. სოციალურ მუშაკთა სამუშაო ოთახი არც ისე დიდია საიმისოდ, რომ თვრამეტმა ადამიანმა თავისუფლად მუშაობა და გადაადგილება შეძლოს. 18 სოციალური მუშაკისთვის სამუშაოდ 9 კომპიუტერია გამოყოფილი. მათი ნაწილი ვიზიტზეა გასული, ნაწილი ადგილზე დაგვხვდა. კედლის თაროები საქაღალდეებით არის გადავსებული. უფროსი სოციალური მუშაკისთვის გამოყოფილ ოთახში სოფო ბარბაქაძე ზის. როგორც თავად ამბობს, ბენეფიციარებთან კონფიდენციალური გასაუბრებისთვის ოთახი არ აქვთ და ხშირად უწევს, სამუშაო პროცესს მოწყდეს და სივრცე გასაუბრებისთვის თანამშრომლებს დაუთმოს.
ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს ისანი-სამგორის სერვისცენტრის ყოფილი თანამშრომელი, ქეთევან ხუციშვილიც. მან 7-თვიანი მუშაობის შემდეგ ბევრი სხვა კოლეგის მსგავსად სამსახური თავისი ინიციატივით დატოვა. ხუციშვილის თქმით, კონფიდენციალური გასაუბრებისთვის ისანი-სამგორის სერვისცენტრშიც არ იყო გამოყოფილი ოთახი, ამიტომ იძულებული ხდებოდა, ბენეფიციარს სხვისი თანდასწრებით ან, უკიდურეს შემთხვევაში, დერეფანში გასაუბრებოდა.
„ჩაბნელებულ დერეფანში დგახარ და ინტერვიუს იღებ. ეს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნება ეფექტიანი... ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ გარემოს, სად აწოდებ მომსახურებას ბენეფიციარს; არ არის ადაპტირებული, ეტლით მოსარგებლემ, ხანდაზმულმა ან გადაადგილების პრობლემის მქონე ადამიანმა განცხადება რომ დაწეროს; სოციალური მუშაკები ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ მესამე სართულზე ვერ ამოვა, ხოლო სოციალურ მუშაკს არ აქვს უფლება, გამოიტანოს ბეჭედი და ეზოში მიიღოს განცხადება. ასეთ არაღირსეულ პირობებში ამყოფებენ კადრებს და ბენეფიციარებს. სოციალური სამსახური ასეთი როგორ შეიძლება იყოს, ვერ წარმომიდგენია“, - ამბობს ქეთევან ხუციშვილი
მისივე თქმით, მოუწესრიგებელია სველი წერტილები; ზამთარში ძველი ელექტროგამათბობლებით თბებიან. არ არსებობს ბავშვებისთვის გამოყოფილი კუთხე იმის მიუხედავად, რომ სერვისცენტრში ხშირად მიჰყავთ ბენეფიციარი ბავშვები.
„მოგვყავს ამ საშინელ შენობაში ეს ძალადობაგამოვლილი ბავშვი და ხან ერთ ოთახში გვყავს, სადაც უამრავი ხალხი ირევა. შეიძლება, მთელი დღის განმავლობაშიც მოუწიოს იქ ყოფნა“, - ამბობს ხუციშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, სალომე ნამიჭეიშვილი ამბობს, რომ სოციალური მუშაკის სამუშაო გარემო ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საოპერაციო, სადაც ქირურგიული ოპერაცია კეთდება.
„ძალადობის მსხვერპლს, რომელმაც გადადგა ნაბიჯი და მივიდა სააგენტოში მხარდაჭერის მისაღებად, მიიღებენ საერთო ოთახში. ეს არ იქნება უსაფრთხო გარემო, ანუ, თუ ექიმისთვის უსაფრთხოება არის სამედიცინო თვალსაზრისით დაცული გარემო, რომ ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდეს, აქ უსაფრთხოება, ემოციური თვალსაზრისით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავისი ტრავმული გამოცდილება გაუზიაროს უცნობ ადამიანს. ამ სივრცეში მას ეს არ მოუნდება“, - ამბობს სალომე ნამიჭეიშვილი
მისი განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრების ნაწილში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროტოკოლს, რომელიც აღწერს იმ მოთხოვნებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური სამსახური. სალომე ნამიჭეიშვილი ამბობს, რომ არსებულ ინფრასტრუქტურულ გარემოში სოციალური სამუშაო ვერ შესრულდება.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი სოციალური მუშაკების წინაშე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს არ უარყოფს. მისი თქმით, სერვისცენტრში კონფიდენციალური საუბარი პრობლემურია
„არის ზოგიერთი ოფისი, სადაც არის პირადი გასაუბრების კუთხე და შესაძლებელია ცალკე გასაუბრება. არ ვამბობ, რომ ჩვენთან იდეალურია, ვარდისფერი სათვალეებით არავინ არ უყურებს, ასეა; მესმის, რომ დისკომფორტია, მაგრამ ამაზეც ვფქრობთ“, - ამბობს მარი წერეთელი
ბევრი საქმე, ნაკლები სოციალური მუშაკი
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოში 68 ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. სოციალური მომსახურების სააგენტო შრომით ბაზარზე სოციალურ მუშაკთა ყველაზე დიდი დამსაქმებელია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მუშაკის ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით თბილისში 680 ლარია, უფროსი სოციალური მუშაკის კი - 800 ლარი. ქვეყნის მასშტაბით სააგენტოში სულ დასაქმებულია 239 სოციალური მუშაკი, მათგან 68 თბილისში. თუმცა როგორც სააგენტოში ამბობენ, დასაქმებულთა სტატისტიკა მუდმივად იცვლება, რადგან ხშირია კადრების გადინება.
მარი წერეთელი „გადინების“ ერთ-ერთ მიზეზად საქმის დიდ მოცულობას ასახელებს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა იზრდება, კადრების რაოდენობა სამუშაო მიმართულებების სიმრავლის გათვალისწინებით ცოტაა. წერეთლის თქმით, სოციალური მუშაობა ეფექტიანი ვერ იქნება, თუ თანამშრომლების რაოდენობა არ მოიმატებს და სოციალური მუშაკები არ გაჩნდებიან სხვა სტრუქტურებშიც, რათა ფუნქციები გადანაწილდეს.
„ჩვენს სისტემაში იყო ყველაზე დაბალი ანაზღაურება, ფუნქციები კი ბევრად მეტი, ვიდრე სხვა სტრუქტურებში. 2015 წლის ბოლოს მოიმატა ხელფასმა და გაუთანაბრდა ზოგიერთი სტრუქტურის ხელფასს, თუმცა ამან დიდად გადინების პრევენცია ვერ მოახდინა. არიან ადამიანები ვინც მოდიან, მერე მიდიან. ამის გამო, არავინ კიცხავთ, რასაკვირველია. ერთ მიმართულებაზე მუშაობა იმავე ანაზღაურებით ბევრად უკეთესია“, - ამბობს მარი წერეთელი
ქეთევან ხუციშვილმა სამსახური მაისში დატოვა. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად წასვლის ერთ-ერთ მიზეზად „პროფესიული გადაწვის“ საფრთხეს ასახელებს.
„რომ გადაიწვები, მერე შეიძლება, გულგრილი გახდე, რაღაცებს სიღმისეულად აღარ მიუდგე და რომ ხედავ, ვერ ასწრებ, საქმის კეთება შეიძლება, ზედაპირულად დაიწყო. ყველაზე მეტად ამისი შემეშინდა. იმიტომ, რომ ეს არ არის პროფესია, სადაც რაღაცები შეიძლება ზედაპირულად აკეთო, როგორც ექიმი ოპერაციას ვერ გააკეთებს მხოლოდ კანზე, როცა მუცელშია პრობლემა, ისე არ შეიძლება, სოცმუშაკმა ზედაპირზე იმუშაოს, რადგან შეიძლება, საქმის გაკეთების ნაცვლად, დიდი ტრაგედია დაატრიალოს. პროფესიული გადაწვისგან სოციალური მუშაკიც ზარალდება და ის ბენეფიციარიც“, - ამბობს ქეთევან ხუციშვილი
თბილისის საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვისცნტრის უფროსი სოციალური მუშაკი სოფო ბარბაქაძე ამბობს, რომ ერთი სოციალური მუშაკი თვეში, საშუალოდ, 100-დან 120-მდე შემთხვევაზე მუშაობს. ის მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სოციალურ მუშაკთა სამუშაო მიმართულებები უნდა შეიკვეცოს და სხვადასხვა სტრუქტურაზე გადანაწილდეს.
„არ არის საკმარისი ეს კადრი იმისთვის, რომ ისეთ ხარისხზე გავიდეთ, როგორის სურვილიც გვაქვს და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესი განვახორციელოთ ბოლომდე, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ და ეს უფრო გვირთულებს მდგომარეობას“, - ამბობს სოფო ბარბაქაძე
ერთიანი სტანდარტი, თუ როგორ უნდა დაითვალოს თანაფარდობა სოციალურ მუშაკსა და შემთხვევების რაოდენობას შორის, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ რეკომენდაციით, სოციალური მუშაკის შემთხვევების რაოდენობა ოპტიმალური შედეგების მისაღწევად (შემთხვევის მართვის ფორმატში) არ უნდა აღემატებოდეს თვეში 20-ს. სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური სამუშაოს შესრულებისას სწორედ შემთხვევის მართვის ფორმატი ხშირად გამოიყენება. შემთხვევის მართვა მოიცავს სხვადასხვა ეტაპს - ბენეფიციარის მიღებას, შეფასებას, დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგს, კოორდინაციას და ა.შ.
„სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნინო შატბერაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ნორმით, 10 ათას მოსახლეზე ერთი სოციალური მუშაკი ან, საუკეთესო შემთხვევაში, 5 ათას მოსახლეზე ერთი სოციალური მუშაკი უნდა მუშაობდეს. საქართველოში კი, საქსტატის მონაცემების გათვალისწინებით, ერთ სოციალურ მუშაკზე 15 557 მოსახლე მოდის.
მარი წერეთელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ კადრების გაზრდა არ არის საკმარისი. მისი თქმით, საჭიროა, სოციალური მუშაკი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც არსებობდეს. ყველა ფუნქცია ცენტრალიზებული არ შეიძლება იყოს, ამიტომ თემზე დაფუძნებული მომსახურება უნდა განვითარდეს.
ხელფასზე მიბმული ტრანსპორტირების ხარჯი
სოციალურ მუშაკს ხშირად უწევს გადაადგილება. კვირაში ერთხელ უნდა მოინახულოს ბავშვი, რომელიც მინდობით აღზრდაშია, ასევე ბავშვები რეინტეგრაციაში. სოციალურ მუშაკს ასევე ხშირად უწევს ტრანსპორტირება შეფასებების ეტაპზე, სკოლაში ვიზიტის, მონიტორინგის, არაგეგმური გამოძახებისას და ა.შ.
სოციალური მუშაკის ხელფასი, როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისში 680 ლარია, უფროსი სოციალური მუშაკის კი - 800 ლარი. ხელფასში შედის ტრანსპორტირების ხარჯიც. ზეგანაკვეთური შრომა კი ანაზღაურებადი არ არის, იმის მიუხედავად, რომ სოციალურ მუშაკებს ხშირად შაბათ-კვირასაც უწევთ მუშაობა და არასამუშაო საათებშიც. სააგენტო სოციალურ მუშაკებს სამივლინებო ხარჯს უნაზღაურებს. თბილისში დასაქმებულებს თბილისის მერია სამგზავრო ბარათებით უზრუნველყოფს. ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ ტრანსპორტირებაში თვეში დაახლოებით 200 ლარი ეხარჯებოდა. მისივე თქმით, გაწეული შრომა ანაზღაურების უკუპროპორციულია - რაც უფრო მეტად ცდილობს სოციალური მუშაკი საქმის კარგად შესრულებას და ჩაღრმავებას, მით უფრო ნაკლები რჩება ანაზღაურება.
„არის შემთხვევები, რომ უნდა დაყარო ყველაფერი და გაიქცე; ასეთ დროს, თუ მანაქანა გყავს, საწვავი შენ უნდა ჩაასხა, თუ არა და გამოიძახო ტაქსი, რაც ზედმეტ ხარჯთან არის დაკავშირებული. ისანი-სამგორის განყოფილებას სოფლებიც აქვს მიბმული, სადაც ორჯერ თუ დადის ავტობუსი. უნდა ჩაუსაფრდე ამ ავტობუსს და თუ გაგასწრო… უკიდურესად რთულია ყველაფერი, ზამთარში ან ზაფხულში, როცა ფეხით გიწევს სადღაც სიარული. თუ ითხოვ, რომ სოფელში მივდივარ და გამომიყავი მანქანა, არავინ არ გამოგიყოფს“, - ამბობს ქეთევან ხუციშვილი
„სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგანან რეგიონებში მომუშავე სოციალური მუშაკები. რთულად მისადგომ სოფლებში ისინი ოჯახის წევრებს ან ნაცნობებს სთხოვენ, რომ დანიშნულების ადგილზე მიიყვანონ.
მარი წერეთელი კი საპასუხოდ ამბობს, რომ 2011 წელს 50 ლარით გაზრდილი ხელფასი რეალურად დანამატი იყო ტრასნპორტირების, რაც ყველა სოციალურმა მუშაკმა იცოდა.
„რაღაც ნაბიჯები გადაიდგა; ხელფასმაც მოიმატა; ამის დაუნახაობა არ შეიძლება; მომავალში მე ვფიქრობ, რომ გადაუდებელ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა გახდეს მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და ამაზეც იფიქრებს სააგენტო თავისთავად; ამას დღეს მე ვერ შეგპირდებით, მაგრამ სამომავლო ხედვა ისეთია, რომ უნდა არსებობდეს“, - ამბობს მარი წერეთელი
საკანონმდებლო ცვლილებები
ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ექსპერტი, ანა ფირცხალაშვილი ამბობს, ნოემბრის ბოლოს მზად იქნება კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომ შემდეგ პარლამენტში საგაზაფხულო მოსმენაზე შევიდეს განსახილველად. ანა ფირცხალაშვილის თქმით, სპეციალისტებთან კონსულტაციების, ასევე არსებული პრობლემების შესახებ დამსაქმებლების, სოციალური მუშაკებისა და ბენეფიციარების გამოკითხვის შედეგად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიქმნება კანონპროექიტს სამუშაო ვერსია. შემდეგ კი კომიტეტის თავმჯდომარე გადაწყვეტს, ვის რეკომენდაციებს რა დოზით გაითვალისწინებს.
„პირველ რიგში და რაც მნიშვნელოვანია, თვითონ სოცმუშაკის სტატუსი უფრო მაღალ რანგში უნდა ავიყვანოთ, უფრო დაცულები იყვნენ; მათი სამუშაო პირობები უკეთესი იყოს; შესაძლოა, შვებულების დღეები მეტი ჰქონდეთ. ამ ყველაფერზე მიმდინარეობს მუშაობა, როგორ შეიძლება, სოცმუშაკი უკეთ გრძნობდეს თავს, რომ უფრო პროდუქტიული იყოს“, - ამბობს ანა ფირცხალაშვილი
მისი თქმით, სამუშაო მიმდინარეობს იმაზე, თუ რამდენად დატვირთული უნდა იყოს სოციალური მუშაკი, რომ დაწესდეს დატვირთვის ზედა ზღვარი. ფირცხალაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სოციალური მუშაკის დეფინიცია შევიდეს კანონში - რა არის სოციალური მუშაობა და ვინ არის სოციალური მუშაკი.