Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერაბ ბოჭოიძე - “ძეგლთა დაცვის სააგენტოში პროფესიონალი რესტავრატორი ძალიან ცოტაა”

21 მარტი 2013

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ერთ თვეზე მეტია ახალი ხელმძღვანელი მერაბ ბოჭოიძე ჰყავს. კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელების თქმით, მისი დანიშვნის მიზეზი მისი მენეჯერული და პროფესიული ცოდნაა. "ლიბერალს" სააგენტოს პრიორიტეტებზე მერაბ ბოჭოიძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ წინა წლებისა და ნიკა ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობისას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას?

მე დღეს ნიკა ვაჩეიშვილის ადგილას ვარ და ჩემს წინამორბედზე ვერ ვილაპარაკებ. მიმაჩნია, რომ ახალი ხელმძღვანელი ძველს არ უნდა ლანძღავდეს. ნიკა ვაჩეიშვილს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ბევრი კარგი რამე აქვს გაკეთებული. გამიხარდება თუ მომავალშიც ბევრს რამეს გააკეთებს.

რა იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მთავარი შეცდომები წინა პერიოდში?

ვინც არ მუშაობს, შეცდომები არ მოსდის, მთავარი შეცდომის გამოსწორებაა.

მხატვარი გენიოსი 20-27 წლის ასაკშიც შეიძლება იყოს, არქიტექტორი კი 60 წლის ასაკში მწიფდება, მან უნდა იმუშაოს, საკუთარი ნამუშევარი შეაფასოს და შეცდომები დაინახოს. ამ გზის გავლის შემდეგ მწიფდება არქიტექტორი.

სააგენტოს მიმართ არსებობდა პრეტენზია, რომ ის მეტისმეტად პოლიტიზირებული იყო და ზოგჯერ პოლიტიკოსთა პოპულისტურ მიზნებს ემსახურებოდა, თუნდაც ბაგრატის რესტავრაცია და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი გახსნა პოპულიზმად შეფასდა

მთლიანად ქვეყანა იყო პოლიტიზირებული, დღესაც პოლიტიზებულია და მანამდეც ასე იყო, ეს ჩვენი დიდი ნაკლია. ბაგრატის რესტავრაციის სურვილი თემურ შაშიაშვილის გუბერნატორობის დროს ჰქონდათ, უბრალოდ არ გამოვიდა, რადგან ბაგრატს ძალიან დიდი რესტავრატორი ვახტანგ ცინცაძე ჰყავდა, რომლისთვისაც გვერდის ავლა მარტივი არ იყო. ალბათ ეს გზა გასავლელი გვქონდა, უნდა გვენახა რა მოჰყვებოდა ამას.

რა იქნება სააგენტოს პრიორიტეტები?

ხმაურიანი ნაბიჯების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. იმ კოლექტივთან ვაგრძელებ მუშაობას, რომელიც  დამხვდა. ეს საკმაოდ რთულია, გაცილებით ადვილია როდესაც საკუთარი გუნდით მოდიხარ, ვიდრე როდესაც ყველა ეჭვის თვალით გიყურებს. არ არსებობს კარგი და ცუდი სპეციალისტი, მთავარია კარგი მენეჯერი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. აუცილებლად გავატარებ ყველა იმ ცვლილებას, რომელიც საჭიროდ მიმაჩნია. ძეგლთა დაცვის სააგენტოში პროფესიონალი რესტავრატორი ძალიან ცოტაა. ვაპირებ ამ კუთხით ბალანსი აღვადგინო.

სარესტავრაციო დარგი აბსოლუტურად განსხვავებული დარგია, ვიდრე თანამედროვე არქიტექტურა. მესამე კურსიდან დამატებით საგნებს გვასწავლიდნენ, ხელოვნების ისტორია, ტრადიციული სამშენებლო მეთოდოლოგია, სარესტავრაციო საქმიანობა, არქეოლოგია და მთელი რიგი საგნები. ეს უნდა გაიარო რომ ელემენტარული რესტავრაციის პროექტი და მისი განხორციელება შეძლო. როდესაც ეს გავლილი არ გაქვს, გგონია რომ რესტავრაცია ძალიან მარტივია და ამ ცოდნის გარეშე საბოლოოდ ღირებულების არმქონე ნიმუშები იქმნებოდა.

რესტავრაციის ჩვენი სკოლა ცნობილი იყო, შემდეგ ქვეყანა დაინგრა და ეს სკოლა დაიქსაქსა. არქიტექტორი მეცნიერიც იყო, შემდეგ დარგის ვიწრო სპეციალიზება მოხდა.

90-იანი წლების შემდეგ რესტავრატორებს ძეგლზე მუშაობისთვის უცხოურ პროექტებში მონაწილეობა დასჭირდათ და აქ სხვა ტიპის ცოდნა იყო საჭირო. უცხოური ენის სწავლა, იქაური სტანდარტების, პროეტის დაწერა და ა.შ. ბევრმა ვერ შეძლო.

შემდეგ დიდი პაუზა იყო. ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ცოდნის, გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ერთმანეთთან დაკავშირებაა. ეს როგორც ახალგაზრდებისთვის, უფროსი თაობისთვისაც კარგი იქნება.

მინდა რომ სისტემა აბსოლუტურად გახსნილი იყოს და ინტენსიური კავშირი გვქონდეს არასამთავრობო სექტორთან. როგორც აღმოჩნდა, სამთავრობო პოსტმა გატაცება იცის, არასამთავრობოებისგან კრიტიკა ამის შესაძლებლობას ამცირებს.

გაგრძელდება სხვა ქვეყნის პროფესიონალებთან ურთიერთობაც.

იშხანთან და ოშკთან დაკავშირებით რა ხდება? დაიწყო რესტავრაცია?

თურქულმა მხარემ იშხანსა და ოშკზე შარშან დაიწყო პროექტების კეთება. მინახავს მათ მიერ გაკეთებული მასალები. ტექნიკურად ნორმალურია, ერთი შეხედვით მომეჩვენა რომ შეცდომები იყო, რაც ბუნებრივია. აუცილებელია ქართველი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულები, საკუთარ კულტურას ამ კულტურის წარმომადგენელი უფრო კარგად გრძნობს.

რესტავრირებულმა ბაგრატის ტაძარმა ახლახან პრიზი აიღო.  არის თუ არა ეს რამენაირად რესტავრაციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებზე პასუხი?

ეს ფერარას უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო პრიზია. ნამდვილად სასიხარულო და კარგი ფაქტია. პრიზი მეთოდოლოგიაში ანდრეა ბრუნომ აიღო. ცნობილი მეთოდია, როცა ისტორიულ ძეგლში ჩარევისას რესტავრაციის და ძველი ნაშთების იმიტირებას კი არ აკეტებ, არამედ ძველსა და ახალს ერთმანეთისგან  მკვეთრად გამოყოფ. ამ მეთოდის კარგად შესრულებაში აიღო პრიზი ბრუნომ. თუკი ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია აუცილებელია, ჩვენც ამ მეთოდის გამოყენებას ვემხრობით.

თქვენ, როგორც ვიცი, ბაგრატის ტაძრის კონსერვაციის მომხრე იყავით

მე ვიყავი იმის მომხრე, რისი მომხრეც ჩემი პედაგოგი ვახტანგ ცინცაძე იყო. მან გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ბაგრატისთვის შეიძლებოდა. ასეთი მიიღო იუნესკომ თავის დროზე ბაგრატი.

რაც შეეხება თბილისის კულტურულ მემკვიდრეობას, ურბანისტების თქმით, დარღვეულია ქალაქის ურბანული ქსოვილი. როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება?

თბილისის კულტურული მემკვიდრეობა რთული თემაა. ძალიან დიდი რესურსია საჭირო რომ თბილისი საკუთარ თავზე აიღო. დღეს სამინისტროს არ აქვს ამის რესურსი. ფუქსასის მილები საკმაოდ ავტორიტეტული არქიტექტორის ნამუშევარია, თუმცაღა ვფიქრობ, რომ ადგილი შეუფერებელია. ეს კონსტრუქცია ქალაქის თანამედროვე უბნებს უფრო დაამშვენებდა.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^