Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ვერ გავიგეთ, ვის ეკუთვნის მოხის სადავო ნაგებობა

28 ივლისი 2017

სოფელ მოხისკენ მოასფალტებული გზა მიდის. აღარ მახსოვს, მერამდენედ ვადგავარ ამ გზას და რა უნდა ვკითხო მოხელ მუსლიმებს; რა უნდა მითხრან ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამთ? მიხვეულ-მოხვეული გზა, რომელიც მოხისკენ მიდის, იმ პოლიტიკას ჰგავს, რომელსაც ხელისუფლება მოხელი მუსლიმების მიმართ ატარებს. ეს ხომ ის გზაა, რომლის დაგებასაც ადგილობრივი თვითმმართველობა მაშინვე დაგამადლის, როგორც კი ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის უფლებებსა და დისკრიმინაციაზე დაიწყებ საუბარს. ასეთია მუსლიმების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკაც, რომელიც უკვე ორი წელია, პრობლემას გვერდს უვლის და იმ მიღწევებზე საუბრობს, რომლებიც საერთო სურათში ნაკლებად მნიშვნელოვანია, მუსლიმებისთვის კი - თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან მათ უპირველეს საჭიროებებს არ პასუხობს. სხვა რა უნდა ვუწოდოთ იმას, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, რომელსაც რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციაზე ვეკითხებით, კეთილმოწყობილი გზები ახსენდება?! ამასობაში კი რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი, რომელიც მოხელ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის სადავო ნაგებობის საკითხზე ორი წლის წინ გაჩნდა, დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობისგან განსხვავებით, ცენტრალური ხელისუფლება არგუმენტებს მეტი სიფრთხილით არჩევს. 2014 წელს ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით, რელიგიათა სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია, რომელსაც ნაგებობის წარმომავლობა უნდა დაედგინა, თავის მთავარ მიღწევად დღეს კონფლიქტის დეესკალაციას მიიჩნევს. თუმცა მას ნაგებობა არ შეუსწავლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგებობა - დღეს უკვე დეკლარირებულად - სადავო ნაგებობად რჩება. „ყველაფერი არის ხუთიანზე“ - ასე პასუხობს, უფრო სწორად კი ასე გაურბის შეკითხვებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი და კომისიის თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

კომისიის შექმნის დღიდან ორი წელი გავიდა - მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობას დასახული მიზნისთვის არ მიუღწევია, კომისია მიღწევებით ამაყობს. ამ მიღწევად ისინი თანასოფლელებს შორის დამკვიდრებულ მშვიდობას მიიჩნევენ. კომისიის საქმიანობა უშედეგო იყო, რადგან მშვიდობა, რომელზეც ზაზა ვაშაყმაძე საუბრობს, მხოლოდ მოჩვენებითია. ამაში დასარწმუნებლად კი საკმარისია, მოხისკენ მიმავალ მიხვეულ-მოხვეულ გზას ბოლომდე გაჰყვე და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრო.

უხალისოდ

ახლა უკვე უხალისოდ ეზიდებიან მოხელი მუსლიმები ტენტის ნაჭრებს. შემოდგომაზე - ტალახიან, ზამთარში - თოვლიან, ზაფხულში კი გამხმარ მიწაზე აფენენ მცხუნვარე მზის ქვეშ, „სადავო ნაგებობის“ წინ, რომელიც მათთვის მეჩეთია, ქრისტიანებისთვის კი ნაეკლესიარი, ან უბრალოდ ეკლესიის ქვებით ნაგები.  

ადრე, როცა სოფელში ჩამოვდიოდი, მუსლიმებს სათქმელი ბევრი ჰქონდათ - მზად იყვნენ, კამერის წინ დაუღალავად ესაუბრათ იმის შესახებ, რომ უსამართლოდ მოექცა ხელისუფლება, რომ მათთვის ნაგებობა წმინდა და ხელშეუხებელია, რომ ქრისტიან მეზობლებთან კეთლმეზობლური თანაცხოვრება ენატრებათ... თუმცა დღეს საუბარი მაინცდამაინც არ სურთ და შეკითხვებსაც უხალისოდ პასუხობენ.

უხალისოდ აფენენ ნაჭრებს მიწაზე ყოველ პარასკევს, ფეხზე იხდიან და ლოცულობენ. მას შემდეგ, რაც 2016 წლის ოქტომბერში პოლიციამ ნაგებობის კარი აჭედა, მუსლიმებს მასში სალოცავად შესვლა ეკრძალებათ. ამიტომ, ნაგებობასთან ლოცვა პროტესტად იქცა, რომელიც კომისიის სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში მთელი თოვლიანი ზამთარი გაგრძელდა.

მეტი სიცხადისთვის, პოლიციამ ნაგებობის კარი აჭედა და მუსლიმებს იმ ნანგრევებში დაუშალა ლოცვა, სადაც აქამდე პირუტყვი თავისუფლად შედიოდა. ალბათ რთულია იმის ყურება, როგორ დარბიან შენს სალოცავში ღორები. კიდევ უფრო რთული კი იმის დაჯერებაა, რომ ქრისტიანი თანასოფლელები და სამართალდამცველები მეჩეთში ან ნაეკლესიარში პირუტყვის შესვლაზე მეტად  შენმა ლოცვამ აღაშფოთა. იმდენად გააღიზიანა, რომ შესასვლელი ფიცრებით აგიჭედეს და გარშემო პოლიციის ყვითელი ლენტი შემოარტყეს.

ეს საკითხი მაინცდამაინც მტკივნეული არასდროს ყოფილა იმ ქრისტიანი მოსახლეობისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ნაგებობა ეკლესიის ქვებით არის ნაგები. იქ ლოცვის სურვილი ქრისტიანებს  ხომ არასდროს გამოუთქვამთ?!

„როცა გადაუღებ, გადააყირავე და ისე გაუშვი რა“ - მეუბნება მომღიმარი ქრისტიანი მამაკაცი, ნაგებობის გვერდით გაჩაღებულ „ბირჟაზე“ თანამოაზრეებთან ერთად რომ დგას. მინდა ვკითხო - რატომ? ეს ხომ მისი მუსლიმი მეზობლის შეურაცხყოფაა? ეს ხომ მეჩეთია, ან ნაეკლესიარი? ეს ხომ ეკლესიის ქვების შეურაცხყოფაც იქნებოდა... მაგრამ მამაკაცები ქირქილებენ. მორალზე საუბარს რა აზრი აქვს, თუკი მიზანი შეურაცხყოფაა?!

მოხელი მუსლიმები ნაგებობის ისტორიული მემკვიდრისთვის გადაცემას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა მუნიციპალიტეტი ნაგებობის კლუბად ან ბიბლიოთეკად გადაკეთებას გეგმავდა, ქრისტიანი მოსახლეობა ამის წინააღმდეგი არ ყოფილა. წინააღმდეგობა მხოლოდ მუსლიმებმა გასწიეს და ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცეს, რის გამოც სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოხელმა მუსლიმებმა 22 ოქტომბრის მოვლენები „ბართლომეს ღამედ“ შეაფასეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები სამართალდამცველების თანხლებით გამოჩნდნენ - კომპანიას ნაგებობა ბიბლიოთეკად უნდა გადაეკეთებინა.

„ხალხი მივიდა. არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. უცბად პოლიცია გამოჩნდა - ძალიან ბევრი პოლიციელი, არამარტო ჩვენი რეგიონიდან. დაერივნენ ხალხს და „ბართლომეს ღამე“ დაიწყო. საშინელება მოხდა. ხალხს სცემეს. დააპატიმრეს. თავი არტყმევინეს. ერთ ბიჭს კისერზე ფეხი დაადგეს. გამგეობიდან გაათავისუფლეს 4 შვილის მამა იმის გამო, რომ მუსლიმი იყო“, - ამბობს 76 წლის ონისე ვანაძე „ლიბერალთან“ საუბარში. საქმე დღემდე გამოუძიებელია.

მას შემდეგ ელოდა სოფლის მოსახლეობა მოხის კომისიის დასკვნას ნაგებობის სამართალმემკვიდრის შესახებ. ამ უკანასკნელმა 2 წელიწადზე მეტი იმუშავა და 2017 წლის 11 მაისს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა: მოხის ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა  და მას „სადავო ნაგებობა“ ეწოდა, შესაბამისად, იგი არც ქრისტიან და არც მუსლიმ მხარეს არ გადაეცემა.

მოხელებს ხელისუფლება სოფელში, მათთვის ხელსაყრელ ადგილას მეჩეთის აშენებას შეჰპირდა, თუმცა სადავო ნაგებობის წინ ლოცვა გრძელდება, რადგან მათ ახალი მეჩეთი არ უნდათ. მოხელები იმ ნაგებობის გადაცემას მოითხოვენ, რომელსაც მათთვის არამხოლოდ რელიგიური დანიშნულება აქვს, არამედ მათი უფლებების აღიარების სიმბოლოდაც იქცა.

***

მოხეში კარგად აცნობიერებენ, რომ ახალი მეჩეთის აშენების შესახებ შეთავაზება მხოლოდ სატყუარაა, რომელიც სოფლის მოსახლეობას გასაჩუმებლად გადაუგდეს. საბჭო ალბათ მოელის, რომ მოხელები ცდუნებას ვერ გაუძლებენ და ახლის მოლოდინში ძველს დათმობენ. თუმცა არის თუ არა ეს ნაგებობა მეჩეთი? როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ამის შესახებ კომისიას კვლევა არ ჩაუტარებია, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კომისიამ ისიც გააჟღერა, რომ ასეთი კვლევის ჩატარება ძვირი დაჯდებოდა.

ზაზა ვაშაყმაძის თქმით, შენობის საძირკვლის შესწავლა დაახლოებით 80 000 აშშ დოლარი ჯდება; მთლიან გამოკვლევას კი, საბოლოო ჯამში, 200 000 დოლარი მაინც სჭირდება. ამიტომ, კომისიამ საკითხის კონსენსუსის გზით მოგვარება გადაწყვიტა, რაც მისი შექმნის მიზანს - დაედგინა შენობის წარმომავლობა - იმთავითვე ეწინააღმდეგება. 

მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, როცა კომისიის წევრები ტრიბუნასთან მდგარი თავმჯდომარის უკან ზოგი ამაყად ტანგამართული, ზოგი კი თავჩაღუნული ჩამწკრივდნენ, ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ კომისიის წარმომავლობის შესწავლა გაგრძელდება, თუმცა ეს უკვე ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრეროგატივა იქნება. გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა კომისიამ ამ საკითხის შესწავლა ახლა, თუ აქამდე მას ფინანსური ფაქტორი აფერხებდა. და თუ სახსრები პრობლემას არ წარმოადგენს, რატომ წარმოაჩინეს ეს ბარიერად?

***

„40 წელია აქ ვცხოვრობ. თავიდან უნიკალური მეზობლობა ჰქონდათ [მუსლიმებსა და ქრისტიანებს] როგორც ჭელაში, ასევე მოხეში. ტირილშიც ერთმანეთთან იყვნენ, ლხინშიც ერთმანეთთან იყვნენ. მაგრამ ამ რელიგიური ექსცესების შედეგად აღარ არის ძველებური სიყვარული“, - ემოციურად საუბრობს მოხის სკოლის ბიბლიოთეკარი ფრიდონ აბაშიძე.

იგი ხელისუფლებას სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობა კი ის სიტყვაა, რომელსაც მოხეში ხშირად იმეორებენ. სამწუხაროდ, სამართლიანობა დღემდე მოთხოვნად რჩება და ნაგებობის ისტორიული მესაკუთრისთვის გადაცემას გულისხმობს.

„ჩვენი მოხის ცენტრში იმ ქართველების მიერ აშენებული მეჩეთი დგას, რომლებიც გადავხვეწეთ. მახსოვს მოხუცი, 80 წლის ქალი, რომელიც ხეჭეჭური მსხლის ფოთლებს ეხვეოდა, ტიროდა და თან მიჰქონდა. ამას ჩვენი ქრისტიანი მეზობლებიც ხომ ხედავდნენ? ახლა ჩვენი მეჩეთი დანგრეული მეჩეთია“, - ამბობს ჭელის მცხოვრები ფატმან ბოლქვაძე და წინაპრების მიერ ნაგებობის აშენებაში გაწეული შრომა ენანება.

ნათელა მარკოიძე მოხის სკოლის პედაგოგია. თანახმაა, ნაგებობა რელიგიური დანიშნულებით არცერთ მხარეს არ გადაეცეს, თუმცა მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ არის მისი ისტორიული მესაკუთრე.

„იყოს, არცერთ მხარეს არ გადაეცეს, ოღონდ ერქვას თავისი სახელი და ვიცოდეთ, რას წარმოადგენს. რა გახდა ერთი პატარა ნანგრევის შესწავლა?! თუ ეკლესიაა - ეკლესია იყოს. თუ მეჩეთია - მეჩეთი იყოს. არავითარი სადავო სტატუსი“, - ამბობს მარკოიძე.

მოხელ მუსლიმებში პროტესტს ყოველთვის ნაგებობის სადავოობა იწვევდა. რაც უნდა ირონიული იყოს, კომისიამ ნაგებობა, უკვე დეკლარირებულად, „სადავო ნაგებობად“ გამოაცხადა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად კურთხევის დროს მას ეს ტიტული ოფიციალურად მიანიჭა.

მოხის კომისია

მოხის კომისიის საქმიანობა ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო. მუდმივად ვისმენდით იმ პროგრესის შესახებ, რომელიც კომისიის სხდომებზე „მწიფდებოდა“, თუმცა დეტალებზე არავინ საუბრობდა. უცნობია, რაზე მსჯელობდა 12 კაცი დაახლოებით 8 ოფიციალურ შეკრებაზე.

საიდან უნდა გაგვეგო, რა პოზიციებს გამოთქვამდნენ სხდომებზე კომისიის წევრები, როცა საჯარო სივრცეში მათი შეფასებები „ყველაფერი კეთდება მშვიდობისთვის“ და „ყველაფერი მოგვარდება ღვთის შეწევნით“ რიტორიკას არ გასცდენია.

კომისიის შემადგენლობაში მუსლიმი თემის 4 წარმომადგენელი, ქრისტიანი თემის 3 წარმომადგენელი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2 წარმომადგენელი შედიოდნენ. კომისიას ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მსხვილი კვოტა კომისიაში სწორედ მუსლიმ თემს ჰქონდა, ვერც მათგან ვიგებდით დეტალებს. უფრო სწორად, ხშირად სწორედ მათ ეკუთვნოდათ ისეთი ბუნდოვანი და არაფრისმომცემი შეფასებები, რომლებშიც „მშვიდობა“, „ღვთის ნება“ და „კარგად“ სიტყვები დომინირებდა, საქმის მიმდინარეობის შესახებ კი არაფერს გვეუბნებოდა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის დაკომპლექტების დროს, მოხელ მუსლიმებს კანდიდატები დაუწუნეს. სამაგიეროდ, კომისიის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე - „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენლები, რომლებსაც მოხელებმა თავიდანვე გამოუცხადეს უნდობლობა. ამ დროს სააგენტო იმით იკვეხნიდა, რომ მუსლიმებს კომისიაში ყველაზე დიდი კვოტა მისცეს, თუმცა, ალბათ არცთუ უსაფუძვლო იყო მოხელების უნდობლობა, რადგან მამუკა ვაშაყმაძეს, ისევე როგორც პაქსაძეს, კომისიის/ხელისუფლების საქმიანობის მიმართ კრიტიკული არასდროს არაფერი დასცდენიათ.

მოხე არ არის ერთადერთი თემი, სადაც მუსლიმთა სამმართველოს უნდობლობას უცხადებენ. მსგავსი განწყობები ჯემალ პაქსაძის მიმართ ბათუმშიც არსებობს, სადაც, მრავალწლიანი დაპირების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან, ახალი მეჩეთი ვერა და ვერ აშენდა და ასობით მუსლიმი დღემდე ღია ცის ქვეშ ლოცულობს. საგულისხმოა, რომ ბათუმის მერიამ საინიციატივო ჯგუფს მეჩეთის აშენებაზე უარი სწორედ იმ დღეს უთხრა, როცა მოხის კომისიამ ორი წლის მანძილზე კარგად აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება გამოაცხადა.

რაზე მიუთითებს ხელისუფლების პოლიტიკა

ზაზა ვაშაყმაძე ინტერვიუზე არ მთანხმდება. უკვე მეორე წელია - ხან პირისპირ თხოვნით, ხანაც პრესსამსახურთან შეთანხმებით, Facebook-ზე გამოქვეყნებული საჯარო მოწოდებით, როგორც არ უნდა სცადო - ზაზა ვაშაყმაძეს არ სცალია. სამაგიეროდ, რაღაც კანონზომიერებით იცლის სხვა მედიაგამოცემასთან სასაუბროდ, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოხელი მუსლიმები არ აინტერესებს და რელიგიის სააგენტოს მიღწევებით ინტერესდება.

„2014 წელს საბჭოთა პერიოდში მიღებული ზიანის ანაზღაურებისთვის მუსლიმმა თემმა 1 100 000 ლარი მიიღო, 2015 წელს - 2 200 000. ამ დროისთვის მათთვის გადარიცხულია 2 200 000 ლარი, წლის ბოლომდე 550 ათას ლარს მიიღებენ", - ამის შესახებ ზაზა ვაშაყმაძემ 2016 წლის 17 ოქტომბერს განაცხადა და დასძინა, რომ გარდა ფულადი სახსრებისა, „სააგენტოს შექმნიდან დღემდე მუსლიმ თემს 130 მეჩეთი გადაეცა, ჯამში კი 300 ნაგებობა გადაეცემათ „რელიგიური რიტუალებისთვის". თუმცა ვაშაყმაძეს ის არ განუმარტავს, რომ გადაცემული მეჩეთების დიდი ნაწილი მუსლიმ თემს ისედაც ჰქონდა ფაქტობრივ მფლობელობაში და რომ ამჯერად მხოლოდ იურიდიული ნიუანსები შეიცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ განსხვავებით მართლმადიდებელი ეკლესიისა, მუსლიმებს, მსგავსად სხვა უმცირესობების წარმომადგენელი კონფესიებისა, საკულტო ნაგებობები არა საკუთრებაში, არამედ მხოლოდ დროებით სარგებლობაში გადაეცემათ.

რელიგიური უმცირესობების უფლებები მხოლოდ რელიგიის სააგენტოს პრეროგატივა არ არის. რელიგიათა მიმართ პოლიტიკას ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი განსაზღვრავს, როგორიც საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაა, რომელშიც რელიგიური უმცირესობების უფლებების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძებებია გაწერილი.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ასეთ მოთხოვნას იმ უთანასწორო საგადასახადო რეჟიმის აღმოფხვრა წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც სხვა რელიგიური გაერთიანებები მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებული წესით იბეგრება. ამ საკითხის მოგვარებაზე ერთ-ერთ პასუხისმგებელ უწყებად სწორედ რელიგიის სააგენტო განისაზღვრა. საკითხი დღემდე გადასაჭრელია.

„საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების ისტორიული (კონფესიური) მესაკუთრის განსაზღვრა და შენობა-ნაგებობის გადაცემა. საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების საკუთრებასთან არსებული დავების სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გადაწყვეტა” - ეს ის მოთხოვნებია, რომლებსაც სამთავრობო სამოქმედო გეგმა აყენებს და რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ რელიგიის სააგენტოა მითითებული. მხოლოდ მოხის ნაგებობა რომ არ მივიჩნიოთ ასეთ „პრობლემურ“ საკითხად, უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვა რელიგიური გაერთიანებებიც, მაგალითად, კათოლიკე თემიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, რომელიც 6 ისტორიულად კათოლიკური ტაძრის გადაცემას მოითხოვს, რომლებშიც წირვა-ლოცვას დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღავლენს.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებლობასაც სახელმწიფო რელიგიის სააგენტოს აკისრებს, რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და მათზე რეაგირების მონიტორინგი და შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა და დახვეწაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 11 გამოძიება დაიწყო, საიდანაც 6 შეწყდა.

რაც შეეხება ადამიანის რელიგიური ნიშნით დევნას, ამავე პერიოდში გამოძიება 33 საქმეზე დაიწყო, საიდანაც 10-ზე ძიება შეწყდა. რელიგიური გაერთიანების შექმნისთვის ან მისი საქმიანობის ხელის შეშლისთვის ამ პერიოდში ერთადერთი შემთხვევა 2014 წელს აღირიცხა და აქაც გამოძიება შეწყდა.

კიდევ ერთ მაგალითი იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად აქტუალურ პრობლემად მიიჩნევენ მუსლიმი თემის უფლებრივ მდგომარეობას რელიგიის სააგენტოში, 2016 წლის 6 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება გამოდგება.  

მაშინ სააგენტოს წარმომადგენლებმა მუსლიმი თემის დისკრიმინაციაზე საუბარს „ქვეყანაში ტერორისტების მოწვევა“ უწოდეს:

„მიზანმიმართულად საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო და მართლმადიდებელი თემი მუსლიმ თემს ჩაგრავს. რეგიონში არსებული საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი განცხადება პრაქტიკულად ტერორისტული და რადიკალური ძალების საქართველოში მოწვევაა, მუსლიმთა უფლებების დასაცავად; იმ ძალებისა, რომლებიც ბოლო პერიოდში რეგიონში გააქტიურდნენ“, - სწორედ ამ სიტყვებით მიმართეს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებმა „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“. მათი თქმით, საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო მუსლიმებს ჩაგრავს, საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ არ არის მიმართული.

ხელისუფლება არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი რელიგიური უმცირესობების უფლებების არასათანადოდ დაცვის გამო. ერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ მუსლიმი თემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ისეთი მნიშვნელოვანი ჟესტით აჩვენა საზოგადოებას, როგორიც საპარლამენტო არჩევნების დროს ახალციხე-ადიგენში მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი კოპაძის წარდგენა იყო. კოპაძემ მოსახლეობას თავი ისლამოფობიური გამონათქვამებით ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაამახსოვრა, როდესაც სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდა. იგი თანამოაზრეებთან ერთად რეფერენდუმსაც ითხოვდა, რომლითაც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა - „უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები“.

თუმცა რელიგიის საკითხთა გადაჭრა დღეს რელიგიის სააგენტოზეა დელეგირებული. ალბათ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო და მასში შემავალი კონფესიები სააგენტოს მანდატს პრობლემურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინსტიტუტის საჭიროებამ კრიტიკული დისკუსიები გამოიწვია. რელიგიათა საბჭომ საქართველოს მთავრობას მოხის ნაგებობის ნამდვილი მესაკუთრისთვის გადაცემის სამართლებრივი მექანიზმის შემუშავებისკენ მოუწოდა, რომელიც სასამართლოს მხრიდან კონტროლს დაექვემდებარებოდა და მინიმუმამდე დაიყვანებოდა პოლიტიკური კომპრომისების შესაძლებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ სააგენტო ისეთ რელიგიურ ჯგუფებს პოულობს, რომლებიც მის საქმიანობას დადებითად აფასებენ. რა თქმა უნდა, ცალსახად ვერავინ იტყვის, რომ ეს ჯგუფები ერთ ბრიფინგზე სწორედ სააგენტოს დირიჟორობით შეიკრიბა, თუმცა რა უნდა ვიფიქროთ, როცა ერთ დღესაც, მოწმენდილ ცაზე, რამდენიმე კონფესია ბრიფინგს კმაყოფილების გამოსახატად მართავს?!

მოხის კომისიამ სადავო ნაგებობის საკითხზე სამართლებრივის ნაცვლად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - ნაგებობის ქრისტიანებისთვის გადაცემა მუსლიმების განაწყენებას, მუსლიმებისთვის გადაცემა კი - ქრისტიანი მოსახლეობისა და სამღვდელოების განაწყენებას გამოიწვევდა. ეს უკანასკნელი, რომელსაც სოფლის მოსახლეობაზე დიდი გავლენა აქვს, ნაგებობის საკითხზე დავაში აქტიურად იყო ჩართული. ხელისუფლება რომ ყველაფერს გააკეთებს მართლმადიდებელი სამღვდელოების მოსამადლიერებლად, ეს უკვე მრავალგზის ფაქტებით დადასტურდა. მუსლიმებისა და მათ უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა ალბათ უფრო იოლი ასატანია ხელისუფლებისთვის. მათ ხომ არ აქვთ ის პრივილეგია და ძალაუფლება, რომელსაც საპატრიარქო ფლობს? იქნებ სწორედ ეს გახდა კომისიის „ნეიტრალური“ გადაწყვეტილების მიზეზი?!

ვიდეორგოლის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც „აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელია „ლიბერალი". ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" შეხედულებებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^