Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სისტემური ცვლილებების საყრდენი განათლების სივრცის დემოკრატიზაცია უნდა იყოს

26 მარტი 2013

კარგია რომ დაიწყო საუბარი სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე განათლების სისტემაში, თუმცა, თუ ჩვენი საბოლოო მიზანი ქვეყანაში დასავლური სტანდარტების შესაბამისი განათლების ქონაა, ეს სისტემური ცვლილებები დასავლურ ღირებულებებს უნდა დაეფუძნოს, იმ ღირებულებებს, რასაც რეფორმების სახელმწიფო კომისია და ბატონი გია დვალი გვთავაზობს: აკადემიური თავისუფლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობის უზრუნველყოფა და განათლების ხარისხზე რეალური ზრუნვა. ყოველივე ამის საყრდენი პრინციპი კი - განათლების სივრცის დემოკრატიზაციაა.

განათლების სივრცის რეალური დემოკრატიზაცია, როგორც ჩანს, არ არის ადვილი განსახორციელებელი, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ბოლომდე თავისუფლებიი მძიმე ტოტალიტარული მემკვიდრეობის  გავლენისგან. პრინციპში ჩვენს ქვეყანაში ჯერ ხომ არც არასდროს ყოფილა რეალური დემოკრატია, შესაბამისად - არც განათლების სისტემა იყო ოდესმე დემოკრატიულ საწყისებზე აგებული. აქედან გამომდინარეა ყველა ის პრობლემაც, რაც მძიმე ტვირთად აწევს დღეს განათლების სისტემას. ქვეყნის განათლების სისტემა ყოველთვის ემსახურება იმ მიზანს, რა მიზანიც აქვს სახელმწიფოს. თუ სახელმწიფოს რეალური მიზანი არ არის თავისუფლად მოაზროვნე, შემოქმედებითი ახალგაზრდობის აღზრდა, (ეს მიზანი, რაც არ უნდა ხმამაღლა იყოს დეკლარირებული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით), არც განათლების სისტემა იქნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და ვერც განათლების სისტემის მართვის რეალურად დემოკრატიული მექანიზმები შეიქმნება. აქედან გამომდინარეა ისიც, რომ განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები, რომლებიც სინამდვილეში განათლების ხარისხის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს, ჩვენ  საგანმანათლებლო დაწესებულებების დაშინების, დამორჩილების, მათგან ფულის ამოღების მექანიზმებად ვაქციეთ.

მისასალმებელია, რომ ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტეთ შევცვალოთ ეს სისტემა და ეს მექანიზმები, მაგრამ იმისთვის, რომ ეს შევცვალოთ, პირველ რიგში უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება  განათლების ხარისხის მართვისა და კონტროლის მექანიზმებისადმი. არავის უნდა მივცეთ უფლება, რომ ხელში ჩაიგდოს ამ მექანიზმების მართვის ბერკეტები და ამით შეძლოს საზოგადოების ნაწილზე, კონკრეტულ ადამიანებზე, ვინმეს ბიზნესზე და ა.შ. ზეწოლა. უნდა გავითავისოთ, რომ ხარისხიანი განათლება ყველას გვჭირდება და განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები მთელ საზოგადოებას, მათ შორის პირველ რიგში თავად საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკუთვნით. შესაბამისად, ხარისხის შეფასებისა და მართვის  მექანიზმები შიშს და უარყოფით ემოციებს არ უნდა იწვევდეს საგანმანათლებლო საზოგადოებაში, ხარისხის მართვის მარეგულირებელი სტრუქტურა ტვირთად კი არ უნდა იქცეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, არამედ სტრუქტურა და სააგენტო მათივე ნდობით უნდა აღიჭურვოს, ვინაიდან აკრედიტაცია, თავისი არსით, არა დასჯაზე, არამედ ნდობაზე დაფუძნებული პროცესია. მაშინ აღარ იქნება ისეთი კაზუსები, როგორიცაა პოლიციელთა კორდონები და სტუდენტთა საპროტესტო დემონსტრაციები განათლების ხარისხზე მზრუნველი ინსტიტუციის წინ, არც ის საჩივრები და სასამართლოები, რაც არაერთხელ ხდებოდა წარსულში და რაც გრძელდება დღესაც.

მართალია წარსულში თითქმის არ გვახსოვს ასეთი  საპროტესტო გამოსვლები ავტორიზაციის ან აკრედიტაციის  ამა თუ იმ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, რისი მომსწრეც ვართ ამ დღეებში, მაგალითად იგივე სკოლა „მილენიუმის“ მასწავლებლები და ბავშვები არ მდგარან სამინისტროსთან ტრანსპარანტებით „აი ჩვენი სკოლა“, ან „ ნუ გამოგვყრით სკოლიდან“, „გვაცალეთ სწავლა“, მაგრამ ეს მხოლოდ იმის ასახვაა, რომ მათ კარგად იცოდნენ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მაშინ ასეთ გამოსვლებს. საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა შეგუებული იყო არსებულ სიტუაციას პრინციპით: „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“, ან „ჩვენ ამას მაინც ვერ გავასწორებთ და უნდა მოვერგოთ“. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ სკოლის საკითხი ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.

ხარისხის მართვის სისტემა, იმ სახით, რა სახითაც იგი დღეს არსებობს, თავისი არსით, მთლიანად ძალაუფლების გამოყენების მიზნით არის შექმნილი და ძალიან შორსაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დემოკრატიული  სისტემისგან. აქედან გამომდინარე, იგი ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას - ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის განვითარებას ქვეყანაში.  ხარისხის მართვის პროცესში საერთოდ არ არის დაცული მთავარი - წონასწორობის პრინციპი, რაც გულისხმობს როგორც ანგარიშვალდებულებას საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობას ხარისხის მარეგულირებელი სტრუქტურის მხრიდან. რეალურად, ჩვენ, ნორმატიულ აქტებისა თუ იურიდიული პროცედურების გამოყენებით, ორიენტირებულნი ვართ საგანმანათლებლო დაწესებულების „გამოჭერაზე“  და ყურადღების მიღმა გვრჩება მთავარი - შინაარსი, რომელსაც სრულიად არ ან ვერ ვამოწმებთ და ხარისხი, რომელსაც ვერ ვავითარებთ.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ, რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ აგრარულ უნივერსიტეტში აღმოჩენილ ხარვეზებზე, საზოგადოებას არ სჯერა, რომ იგივე კრიტერიუმები, რაც ამ უნივერსიტეტში უარყოფითად შეფასდა, სხვაგან დაკმაყოფილებულია; ვერც იმაში დავაჯერებთ, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი უარესია, ვიდრე ყველა სხვა დღეს ავტორიზებულ უნივერსიტეტში, ეს ხომ არ არის ძნელი შესაფასებელი, ამ უნივერსიტეტებში ხომ ჩვენი შვილები, ახლობლები, მეგობრები სწავლობენ. საბოლოოდ კი იბადება ეჭვი, რომ მიდგომა არაერთგვაროვანია, მოქმედებს ორმაგი სტანდარტები და აჩენს უსამართლობის შეგრძნებას და პროტესტს. ასეთი არასრულფასოვანი სისტემის პირობებში კი ისეთი მკაცრი სადამსჯელო სანქციების გამოყენება, როგორიცაა უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა, არ მიმაჩნია გამართლებულად, ავტორიზაციის ჩამორთმევა ხომ დღეს არსებული კანონმდებლობით „სასჯელის უმაღლესი ზომაა“ და უნივერსიტეტის გაუქმებას, დახურვას ნიშნავს.

კი ბატონო, კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, ამის მოწინააღმდეგე როგორ შეიძლება ვიყოთ, მაგრამ თუ კონკრეტული კანონით ვერ ვაღწევთ სასურველ მიზანს, პირველ რიგში იქნებ ეს კანონია შესაცვლელი?

ამერიკის შეერთებული შტატების სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის სტანდარტებში ვხვდებით ერთ-ერთ ასეთ სტანდარტსაც “integrity”. ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეთხოვება იყოს გულწრფელი საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან, სამართლიანი, არ თვალთმაქცობდეს. სანამ ოდესმე  მიზანშეწონილად მივიჩნევთ ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებს წავუყენოთ აკრედიტაციის ასეთი სტანდარტი და შევძლებთ მის შემოწმებას, პირველ რიგში, თავად განათლების ხარისხის მართვის პრინციპები უნდა ეფუძნებოდეს ასეთ სტანდარტს.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ აუცილებელი იყო ხარისხის მართვის არსებული სისტემის შეცვლა, მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, პროცედურებზე ორიენტირებული სისტემიდან შინაარსზე ორიენტირებულ სისტემად გარდაქმნა და რაც მთავარია, სისტემის დემოკრატიზაცია. მინდა ციტატის სახით მოვიყვანო რამდენიმე მოსაზრება ჩემი ზოგადი კონცეფციიდან, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორად დანიშვნამდე მქონდა წარდგენილი სამინისტროში, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრებები საყურადღებოა დაგეგმილი სისტემური ცვლილებებისთვის.

„განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ხარისხის განვითარების გამჭვირვალე და დემოკრატიული მექანიზმების რეალური მუშაობა, რომლებიც პირველ რიგში ორიენტირებული იქნება წონასწორობის პრინციპზე: ანგარიშვალდებულება დაწესებულებების მხრიდან და განვითარების ხელშეწყობა ცენტრის მხრიდან.

ასევე ცენტრის ფუნქცია უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ უმაღლეს (და არამარტო უმაღლეს, თუმცა სკოლებთან და პროფესიულებთან დაკავშირებით კიდევ სხვა პრობლემებიც ახლავს ამ პროცესებს, რაც ცალკე განხილვის თემაა) საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის სჭირდებათ ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლა. ავტორიზაციია დაწესებულებას ენიჭება 5 წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულება ვალდებულია ხელახლა მოიპოვოს ეს უფლება, შესაბამისად, ხელახლა გაიაროს სათანადო პროცედურები და ისევ გადაიხადოს ავტორიზაციის საფასური. (უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სჭირდებოდათ ლიცენზიის მოპოვება, რომელიც უვადო იყო). ვფიქრობ აუცილებლობას არ წარმოადგენს ავტორიზაცია იყოს 5-წლიანი, შესაძლებელია იგი იყოს უვადო, მით უმეტეს, რომ არსებობს კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი, დაწესებულებებს ასევე აქვთ ვალდებულება ცენტრში წარმოადგინონ ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშები, ეს მათი მხრიდან ანგარიშვალდებულების განხორციელების კიდევ ერთი კანონით გათვალისწინებული მექანიზმია, რომელსაც ისინი ასევე ასრულებენ.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ზემოაღნიშნული კონტროლის მექანიზმებისა, მოქმედებს საგანმანათლებლო დაწესებულებების კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის მექანიზმი, რომელსაც ასევე განათლების სამინისტროს სტრუქტურა - მონიტორინგის სამსახური ახორციელებს და რომლის მეშვეობითაც 5-წლიანი ვადით მინიჭებული აკრედიტაციის ან ავტორიზაციის ჩამორთმევა შესაძლებელია მინიჭებიდან რამდენიმე თვეშიც კი. ავტორიზაციის ან აკრედიტაციის მინიჭება უნდა გულისხმობდეს, რომ დაწესებულებამ აჩვენა და დაადასტურა სტანდარტებით გათვალისწინებული ხარისხის განათლების მიცემა 5-წლიანი ვადით, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ მიენიჭა აკრედიტაცია ან ავტორიზაცია, თუ დაწესებულებამ 5-წლიანი გარანტია ვერ დაადასტურა და მისი განათლების ხარისხი ეჭვის ქვეშ დადგა უკვე რამდენიმე თვეში?! რეალურად ხდება ფუნქციების დუბლირება და გამოდის, რომ ჩვენ არ ვენდობით ჩვენ მიერვე მინიჭებულ აკრედიტაციას ან ავტორიზაციას. ანუ ერთი ხელით ვაძლევთ ავტორიზაციას ან აკრედიტაციას დაწესებულებას, მეორე ხელით ვართმევთ რამდენიმე ხანში და ვაიძულებთ ხელახლა შემოიტანოს განაცხადი და გადაიხადოს თანხა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კონტროლის ასეთი მექანიზმების პარალელურად არ არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრის მხრიდან დახმარების გაწევის არც სისტემური მიდგომა, არც რაიმე გაწერილი მექანიზმი. მაშ როგორ უნდა ვისაუბროთ ზოგადად ამ პროცესების დემოკრატიულობაზე და  საზოგადოების ნდობის გაზრდაზე მათ მიმართ. ამ პირობებში ზედმეტია საუბარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობაზეც და აკადემიურ თავისუფლებაზეც“. 

განათლების სისტემაში არსებული მანკიერებანი აზარალებს მთლიანად განათლების სისტემასაც და ცალკეულ ადამიანებსაც. გულსატკენია, რომ ჩვენ, ჩვენს შიდა გარჩევებში ჩართულთ, ყურადღების მიღმა გვრჩება მთავარი - დღეს  საქართველოს  არც ერთი უნივერსიტეტი, არც ერთი საერთაშორისო რეიტინგის შესაბამისად, არ ხვდება მსოფლიოს პირველ 2000 უნივერსიტეტშიც კი. ამ მაჩვენებლებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბევრი უნივერსიტეტი გვისწრებს. მაშინ მოდით თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ განათლების ხარისხის განვითარების სისტემა კარგად მუშაობს ქვეყანაში და რეალურად დავიწყოთ განათლების ხარისხის განვითარების ქმედითი მექანიზმების შექმნა.

თუ გადავხედავთ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედ განათლების ხარისხის მართვის სისტემებს, ვნახავთ, რომ ისინი ეყრდნობა ურთიერთშეთანხმებულ, აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს, რომელთა გაზიარებაც სავალდებულოა, მაგრამ ამავე დროს თითოეული ქვეყანა ირჩევს სისტემის საკუთარ მოდელს, ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკუთარ ფილოსოფიაზე, პრაქტიკაზე, გამოცდილებაზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით.

განათლების ხარისხის მართვის როგორი სისტემა და მოდელი გვინდა ჩვენ, ეს უნდა შევიმუშავოთ საგანმანათლებლო საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით. საჯარო განხილვები მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების მიღების წინ ხომ დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებული  სტრატეგიაა.

არსებული მანკიერი სისტემის გამოსწორების ყველაზე მართებულ მექანიზმად  მესახებოდა ბატონ გია დვალის ინიციატივა სისტემა უარყოფითის გამოვლენაზე ორიენტირებულიდან გარდაგვექმნა წარმატებულის გამოვლენაზე და პოზიტივზე ორიენტირებულად. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი  საკანონმდებლო ცვლილებების საინიციატივო პაკეტი უნდა შეემუშავებინა რეფორმების კომისიის საპარტნიორო ჯგუფს, რომელიც ხარისხის განვითარების ცენტრთან შეიქმნა (ვვარაუდობდი, რომ ეს ჯგუფი კიდევ უფრო გაფართოვდებოდა). დღესაც ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და ეს ჯგუფი რეფორმების კომისიის მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით, ამ კომისიასთან უშუალო თანამშრომლობის რეჟიმში უნდა მუშაობდეს. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^