Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლატარიის კომპანიასთან დამარცხებული საქართველოს ბიუჯეტი

25 ივლისი 2017

სტატია თავდაპირველად ინგლისურ ენაზე, OCCRP-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ავტორი: ნინო ბაქრაძე

ექვსი წლის წინ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის (და ახლა უკვე ძებნილის) დავით კეზერაშვილის ახალგაზრდა ცოლის ძმამ ქართველებს უცნაური საჩუქარი გაუკეთა.

ეს იყო საკონტროლო პაკეტი - 70%-იანი წილი საქართველოს ლატარიის კომპანიაში, რომელსაც იმ დროს 24 წლის დიმიტრი ჩიქოვანი ბოლო 2 წლის განმავლობაში მართავდა. ეს იყო ერთადერთი ლიცენზირებული კომპანია, რომელსაც საქართველოში ლატარიის ჩატარება შეეძლო. 2011 წლის 9 აგვისტოს ჩიქოვანმა საკუთარი წილი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაუფორმა. თუმცა ეს არ ყოფილა გულუხვი ჟესტი, როგორც ერთ შეხედვით შეიძლება, მოგვეჩვენოს. Ifact.ge-ის, OCCRP-ის პარტნიორი ორგანიზაციის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, კომპანიას მილიონობით დოლარის ვალი მართებდა  სახელმწიფოსი და ეს ვალი იზრდებოდა.

როგორც ჩანს, სახელმწიფოს კომპანიის გაყიდვა არ შეუძლია. ღია ტენდერის გამოცხადებიდან 10 თვის შემდეგ, ოფიციალური პირები არ პასუხობენ შეკითხვას - შეარჩიეს თუ არა კანდიდატები, რომლებიც მოქმედ ლიცენზიას წარუძღვებიან. მთავრობა ასევე უარს აცხადებს იმის თქმაზე, თუ რა ოდენობით გადასახადების გადამხდელთა თანხას კარგავს კომპანია ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში.

როგორ ახერხებს ისეთი პოტენციური ოქროს საბადო, როგორიც ლატარიის ეროვნული კომპანიაა, ფულის ასე კარგვას?

ამის შესახებ ზოგიერთი დეტალი „პანამის დოკუმენტებში“ გამოჩნდა - ეს არის კრებული 11.5 მლნ საიდუმლო დოკუმენტისა პანამური კომპანია „მოსეკ-ფორსეკასგან“, რომელიც გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა მოიპოვა და „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა“ 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ ჟურნალისტს გაუზიარა, მათ შორის OCCRP-სა და ifact.ge-ს.

დოკუმენტების, ელ.ფოსტისა და საქართველოს ოფიციალურ პირებთან ინტერვიუების თანახმად, კომპანიის დაძირვის მიზეზი მის უკან მდგომი პირების მიერ, კომპანიის მართვის ექსკლუზიური უფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოსთვის მიცემული არარეალისტური მოგების დაპირება გახდა.

ამბავი ჰოლდინგ Lexor Capital-ით იწყება, რომელიც British Virgin Islands-ზე (BVI) საგადასახადო სამოთხის ოფშორში 2008 წელს დაფუძნდა. იმ დროს 21 წლის ჩიქოვანი მისი ერთადერთი მეწილე იყო. სიძე, დავით კეზერაშვილი, იმ დროს 30 წლის იყო და წარმატებული კარიერა ჰქონდა.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს წლის ბოლომდე მას თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, რომელმაც პოზიცია დატოვა და ბიზნესში წავიდა. როცა სააკაშვილმა 2012 წლის არჩევნები წააგო, კეზერაშვილი მოულოდნელად ევროპაში გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობა მას ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებისა და ნაღდი ფულის მოპარვაში ადანაშაულებს. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მთავრობა წარუმატებლად ცდილობდა მის ექსტრადირებას ჯერ საფრანგეთიდან, შემდგომ კი - ინგლისიდან, სადაც იგი ამჟამად ცხოვრობს. კეზერაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

საქართველოს ლატარიის კომპანია Lexor Capital-მა 2009 წელს დააარსა. ერთი თვის შემდეგ კომპანიამ ტენდერი მოიგო, რომლის თანახმადაც მას ექსკლუზიური უფლება მიეცა, ფინანსთა სამინისტროსთვის ლატარია 10 წლის ვადით ექსკლუზიურად ეწარმოებინა. სანაცვლოდ, კომპანიამ პირობა დადო, რომ სახელმწიფოს 913 მლნ ლარს გადაუხდიდა.

ერთ წლის შემდეგ, სახლის მფლობელის მიერ უკეთესი ტარიფისთვის გირაოს რეფინანსირების მსგავსად, კომპანიამ შეთანხმებას გადახედა. ანაზღაურების პერიოდის 10-ის ნაცვლად 15 წლამდე გაზრდის შემდეგ, კომპანიას სახელმწიფოსთვის 1.47 მლრდ ლარი უნდა გადაეხადა (812 მლნ აშშ დოლარი).

თუმცა ასე არ მოხდა.

ლევან ჩიკვაიძე, კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი ამბობს, რომ კომპანიამ სახელმწიფოს პირველი შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ 19 მლნ ლარი გადაუხადა. ფინანსთა სამინისტრო ამ მონაცემებს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის 70% ქართველ ხალხს ეკუთვნის.

ფინანსთა სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, პირველი 7 წლის განმავლობაში კომპანიას ბიუჯეტში 235.2 მლნ ლარი უნდა შეეტანა.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, უწყებამ 2016 წელს კომპანიის ვალი 216.23 მლნ ლარად შეაფასა.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ ლატარიის კომპანია უფრო მეტ ფულს იღებს, ვიდრე იხდის, მიუხედავად ამისა, 2010 წლიდან მოყოლებული მისი ყოველწლიური შემოსავალი 50%-ით დაეცა. დოკუმენტებში ლატარიის ყოველწლიური დანაკარგები სწრაფად იზრდება, რადგან გადახდის გეგმას ჩამორჩება. პირველი ორი წლის განმავლობაში კომპანიამ 27.1 მლნ ლარი გამოიმუშავა, მაშინ, როცა ბიუჯეტში 31 მლნ ლარი უნდა გადაეხადა.

დამატებით, პანამის დოკუმენტებში იკვეთება, თუ რატომ გადაწყვიტა ჩიქოვანმა, 2011 წელს კომპანიას ჩამოშორებოდა.

2011 წლის 5 აგვისტოს „მოსაკ-ფორსერას“ თანამშრომლებმა „ლაქსორ კაპიტალს“ უთხრეს, რომ BVI-ში რეგისტრირებული აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიასთან თანამშრომლობა „მოსაკ-ფორსერას“ პოლიტიკას BVI-ის მკაცრი ანტიაზარტული წესების გამო ეწინააღმდეგებოდა.

სამი დღის შემდეგ „მოსაკ-ფორსერას“ თანამშრომელი წერდა, რომ „ლექსორ კაპიტალის“ თანახმად, ამ უკანასკნელის საქმიანობა „ბილეთების ბეჭდვით, კომპიუტერული სისტემების მოსახურებითა და ხარჯთაღრიცხვით“ შემოიფარგლებოდა; რომ „ლექსორი“ ლატარიის ფულის შეგროვებასა და გამარჯვებულებზე გადაცემაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო.

9 აგვისტოს „ლექსორ კაპიტალმა“, რომელსაც ჯერ ისევ ჩიქოვანი ფლობდა, საკუთარი წილების 70% ვალებთან ერთად მთავრობას გადაუფორმა. დოკუმენტს ხელი ჩიქოვანმა და ზურაბ აზნაურაშვილმა მოაწერეს. ეს უკანასკნელი იმ დროს ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტოში მუშაობდა. სწორედ სააგენტომ მოაწერა ხელი კონტრაქტებს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების მხრიდან.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ისედაც ასობით წარუმატებელ ბიზნესთან გამკლავებას ცდილობდა.  აზნაურაშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით გიორგაძემ უთხრა, დოკუმენტებისთვის მოეწერა ხელი.

გიგლა მიქაუტაძე, გადასახადების გადამხდელთა უფლებებზე მომუშავე დამოუკიდებელი ორგანიზაცია „გადასახადების გადამხდელთა კავშირის“ ხელმძღვანელი, და ჩიკვაიძე მიიჩნევენ, რომ ჩიქოვანს უბრალოდ წარუმატებელი კომპანიის დატოვება უნდოდა.

ჩიქოვანი, „ლექსორ კაპიტალის“ ყოფილი დირექტორი ლელი ჭელიძე და ბორდის წევრი ალექსანდრე გოგოხია მოუცლელობის არგუმენტით, ან უბრალოდ სურვილის არქონის გამო უარს აცხადებენ კომენტარის გაკეთებაზე. წარუმატებლად დასრულდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგაძესთან დაკავშრების მცდელობაც.

ჩიკვაიძე, ლატარიის კომპანიის ახალი დირექტორი ამბობს, რომ თავდაპირველ მფლობელებს შემოსავლებზე სრულიად არარეალური წარმოდგენა ჰქონდათ. მართლაც რომ, ამჟამინდელი ყოველწლიური გაანგარიშება თითოეულ მამაკაცზე, ქალსა და ბავშვზე საქართველოში 11 დოლარია. „2009 წელს შეთანხმებული ლიცენზიის პირობებში გამოჩნდა, რომ კომპანიის შემოსავლები არაკვალიფიციურად იყო დათვლილი და იგი ამჟამინდელ სიტუაციას არ შეესაბამებოდა“, - ამბობს ჩიკვაიძე.

2016 წლის იანვარში მთავრობამ გამოაცხადა, რომ საკუთარ მფლობელობაში არსებული 70-%-იანი წილის გაყიდვა სურდა, რის საწყის ფასადაც მხოლოდ 1000 ლარი გამოაცხადა. როცა სამოქალაქო ჯგუფებმა დაბალი ფასის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს, სამინისტრომ გაყიდვის გადაწყვეტილება გააუქმა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ნიკა ქამუშაძის თქმით, წილების გასხვისების გეგმა ამჟამად არ არსებობს. ფინანსთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება კომპანიის დარჩენილ 30%-იან წილს, პანამის დოკუმენტების თანახმად, 2013 წელს ჩიქოვანმა „ლექსორ კეპიტალი“ ქართველ ბიზნესმენ თეიმურაზ არონიას გადასცა, რომელიც მობილური ოპერატორის, „ბილაინის“ ბორდის წევრი იყო. დოკუმენტებში არ ჩანს, გადაიხადა თუ არა არონიამ რამე წილის სანაცვლოდ.

ჩიკვაიძე, ლატარიის კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი ამბობს, რომ არონიასთან არასდროს ულაპარაკია და რომ „ლექსორ კაპიტალში“ გაგზავნილი ოთხი წერილი პასუხგაუცემელი დარჩა. „ლექსორ ჯორჯიასა“ და ლატარიის კომპანიის ოფისებს შორის მანძილი დაახლოებით ერთი კილომეტრია. ჩიკვაიძე ამბობს, რომ რამდენადაც წილების 70%-ს სახელმწიფო ფლობს, იგი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს.

არონიამ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხა.

ჩიკვაიძე ამბობს, რომ კომპანია ფინანსთა სამინისტროს ლიცენზიაზე დაწესებული გიგანტური ვალის შემცირებაზე ესაუბრა, თუმცა სამინისტრომ კონტრაქტის შეცვლაზე უარი განაცხადა. სამინისტრო კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

2016 წლის სექტემბერში სამინისტრომ ახალ ლიცენზიაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ოგანიზებისთვის PricewaterhouseCoopers (PwC)-ს 74,340 დოლარი გადაუხადეს. PwC Georgia-ის მიერ მომზადებული დოკუმენტების თანახმად, ახალი ლიცენზიის მფლობელს ლატარიის თამაშებიდან უკანასკნელი ხუთ წლის განმავლობაში 350 მილიონი ლარი უნდა ჰქონდეს გამომუშავებული და ბიუჯეტში სულ მცირე 5 მლნ დოლარი ჰქონდეს შეტანილი.

ლიცენზია 2016 წლის ბოლომდე უნდა გაცემულიყო. ამჟამად სამინისტრო უარს აცხადებს ტენდერის აუქციონის შედეგების შესახებ საუბარზე და მას კონფიდენციალურ ინფორმაციას უწოდებს.

საქართველოს ლატარიის კომპანიის სპიკერი ანა იასეშვილი ამბობს, რომ კომპანიის თანამშრომლებიც ისევე ელოდებიან ამ ინფორმაციას სამინისტროსგან, როგორც ყველა სხვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^