Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავტოავარია კოსტავას გამზირზე

29 მარტი 2013

2010 წლის 21 ნოემბერს დაახლოებით 22 საათზე თბილისში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ერთმანეთს “ბმვ”-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა და “ტოიოტას” მარკის ჯიპი შეეჯახა.  

ავტომანქანების შეჯახებისას მძიმედ დაშავდა “ბმვ”-ში მჯდარი ლაშა კალმახელიძე. კალმახელიძე 6 წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, ავარიის ღამეს დაახლოებით 10 საათზე ტელევიზიიდან სახლში საკუთარი ავტომობილით ბრუნდებოდა. კოსტავას გამზირზე მომხდარს იგი ასე იხსენებს: “მივდიოდი სახლისკენ, მაკდონალდსთან ვიღაცას უნდა შევხვედროდი. ჩემ ზოლში ამ ზოლში მივდიოდი. ვერ დავინახე მანქანა ჩემსკენ მოდიოდა. შეჯახების შემდეგ ხალხი მესეოდა მეგონა, ფეხით მოსიარულეს დავეჯახე. მოვიდნენ მაშველები, სასწრაფო, დაჭრეს მანქანა, ერთი საათი იწვალეს, რომ გადმოვეყვანე. ძლიერ ტკივილს ვგძნობდი. ორივე ფეხი დამტვრეული მქონდა, ერთი ფეხი მანქანის პედლებში მქონდა ჩაყოლილი, მეორე ფეხი კი კარები რომ შემოვიდა, იმან დამიმტვრია. სახე მქონდა მთლიანად დამტვრეული პირში სისხლი ჩამდიოდა, მაგრამ გონი არ დამიკარგავს. საკაცეზე რომ დამიწვინეს და რაღაცა გამიკეთეს, შემდეგ არაფერი არ მახსოვს”.

დამტვრეული ავტომანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიტანეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს დაშავებული ლაშა კალმახელიძე. მის ავადმყოფობის ისტორიაში აღნიშნულია,  რომ 26 წლის პაციენტს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ყბის დაზიანება და ორივე ფეხის ნამსხვრევი მოტეხილობები აღენიშნებოდა. სავაადმყოფოშივეა გადაღებული ფოტოები, სადაც მისი დაზიანებების ნაწილია აღბეჭდილი.

კალმახელიძეს 7 ოპერაცია გაუკეთეს, მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშა მძიმე მდგომარეობაში იყო. დედის თამარ ბასილაძის თქმით, ექიმები მისი შვილის სიკვდილსაც არ გამორიცხავდნენ: “თუ გადარჩება, ამაღამ ალბათ გადარჩებაო, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, ყბები მოტეხილი ჰქონდა. ორივე ფეხი დამტვრეული. ექიმმა მითხრა, როგორც მოზაიკაა დამსხვრეული, ასე ჰქონდა დამსხვრეულიო სახე და ფეხის ძვლებიო, იმდენად დამსხვრეული იყო ბავშვი, რკინებით ძლივს ავაწყვეთო”.    

"ტოიოტა ლენდკრუიზერის” მძღოლი და  საქმის ორი სხვადასხვა ნახაზი

დაზარალებულის და თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით ავტომანქანა “ტოიოტა ლენდკრუიზერ 200”-ს, რომელიც კალმახელიძის “ბმვ”-ს შეეჯახა, ოლიმპიური ჩემპიონი და იმ დროს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ასანიძე მართავდა. ლაშა კალმახელიძე, რომელსაც გონება არ დაუკარგავს, თავადაც ამბობს, რომ  შავ ჯიპში გიორგი ასანიძე იჯდა: “რომ წამოვიწიე, მითხრეს, ნუ გეშინია, შენ დაგეჯახნენო.  დავინახე, ასანიძე მხარს იტკიებდა, თეთრი, თუ კრემისფერი ზედა ეცვა, მერე თქვა აირბაკი გაიხსნა და მხარი მატკინაო”, ამბობს კალმახელიძე.

გიორგი ასანიძე ძალოსანია და 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ასანიძე 2008 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა, მან არჩევნებში გლდანის რაიონში ნაციონალური მოძრაობის სახელით გაიმარჯვა. დღეს გიორგი ასანიძე თბილისის მერიას დაქვემდებარებული ერთ ერთი სტრუქტურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

კალმახელიძის დედა იხსენებს, რომ ავარიიდან ერთი კვირა ისე გავიდა, ლაშასთან არც გიორგი ასანიძე მისულა და არც საქმის გამომძიებელი დავით სართანია. “პალატაში რომ გადმოვედით, არავინ არ მოსულა. მე ვურეკავდი გამომძიებელ დათო სართანიას, მაგრამ მეუბნებოდა, რომ თბილისში არ ვარ და გასული ვარ ქალაქიდანო”.

 კალმახელიძის ოჯახმა ადვოკატი, ფრიდონ ყულოშვილი დაიქირავა, რომელიც საპატრულო პოლიციის გამომძიებელს შეხვდა. “ვნახეთ საქმის მასალები, ნახაზი იყო შედგენილი რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ლაშა კალმახელიძის მხარეს გადმოვიდა მანქანა და მას დაეჯა. ეს აშკარად ჩანდა ნახაზზე დაახლოებით 30 სანტიმეტრით იყო გადმოსული ლაშას მხარეს. ერთი კვირის შემდეგ მეორედ მოვინახულე გამომძიებელი, ვნახე, რომ უკვე სხვა ნახაზი იყო ჩადებული საქმეში, ის, პირველი ნახაზიც იდო, მაგრამ მეორე ნახაზიც გაჩნდა საქმეში. მითხრეს, ასე იყო საჭიროო. მეორე ნახაზის მიხედვით, უკვე ლაშას “ბმვ” იყო გადასული ზოლს იქით და არა  “ლენდკრუიზერი” ზოლს აქეთ. ნახაზში იყო ჩატანებული ისეთი რამ, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაეკეთებინა. ასფალტი გაიკაწრაო, მაშინ მანქანები იდგა და ვერ ვნახეთო, ასე მითხრეს. ჩვენ არ დაგვიყენებია საკითხი, რომ შემთხვევის ადგილზე გასულიყვნენ”, - ამბობს ადვოკატი.

ამის შემდეგ კალმახელიძის ოჯახი გიორგი ასანიძეს დაუკავშირდა. მათი თქმით, მეორე დღეს  ასანიძემ ლაშა საავადმყოფოში მოინახულა. “ასანიძე რას გვეუბნებოდა იცით? თქვენ უნდა აღიაროთ, რომ თქვენ ხართ დამნაშავე. თუ ასე იტყვით, ამ შემთხვევაში დაგეხმარებითო. ჩვენ ამას რატომ ვაღიარებდით, მერე იმას მეტყოდა, ტყუიხარ და რაში უნდა დაგეხმაროო?”, ამბობს კალმახელიძის დედა.

  “ასანიძე ყველაფერს ისე აგვარებდა, რომ აზრი არ ჰქონდა, ვერ ვედავებოდით ვერაფერზე. თვითონ ერთხელ ისიც მითხრა, რომ შენ თუ მოწმეები გყავს, ვინც ამბავს შეესწრო და იტყვიან, რომ მე ვიჯექი საჭესთან, პოლიციის უფროსი ჩამოვა თავის მოადგილეებთან ერთად და ისინი  საპირისპიროს იტყვიან, რომ საჭესთან მე არ ვიჯექი. წადი და დამიმტკიცე, რომ მე ვიჯექიო”, - ამბობს ლაშა კალმახელიძე.  

დეპუტატ გიორგი ასანიძის ჩარევის შემდეგ, კალმახელიძე საავადმყოფოდან ისე გამოუშვეს, რომ ოპერაციის ხარჯები არ გადაუხდია. ლაშამ საავადმყოფოში 26 დღე გაატარა, ამის შემდეგ 4 თვე სპეციალური სავარძლით გადაადგილდებოდა, კიდევ 11 თვე კი, სიარულს ყავარჯნის დახმარებით ახერხებდა.

მკურნალობის პარალელურად დაიწყო მოლაპარაკება, თუ როგორ დაფარავდა ასანიძე კალმახელიძისთის მიყენებულ ზარალს. თუმცა იმავდროულად ოჯახმა შეიტყო, რომ გამოძიებაში არსებულ დოკუმენტებში გიორგი ასანიძე არ ფიგურირებდა. “გამოძიებაში არ ჩანდა გიორგი ასანიძე. როგორც ირკვევა,  სხვა “დაჯდა” საჭესთან და ამიტომ აღარ გამოჩნდა”, ამბობს კალმახელიძეების ადვოკატი.

ავტოსაგზაო შემთხვევიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგაც გიორგი ასანიძე უარყოფს, რომ საჭესთან თავად იჯდა. მასთან ინტერვიუ სტუდია “მონიტორმა”  მარტის დასაწყისში ჩაწერა: “მე ვიჯექი უკან, ჩემი მეგობარი იჯდა საჭესთან, მოდიოდა საწინააღმდეგო მხარიდან და მოხდა შეჯახება”, გვითხრა  ასანიძემ.

ასანიძის ვერსიის იდენტური ჩანაწერია დოკუმენტში, რომლითაც ამ ავარიის შესახებ გამოძიება შეწყდა. 2011 წლის დეკემბერში პროკურატურის მიერ გამოცემულ დადგენილებაში ასანიძის გვარი ნახსენები არაა, იქ აღნიშნულია, რომ ლაშა კალმახელიძე შეეჯახა ავტომობილს, რომელსაც მოქალაქე თემურ ჯანჯღავა მართავდა, შეჯახებაში დამნაშავე, გამოძიების გადაწყვეტილებით, თავად დაზარალებული კალმახელიძე იყო და ამიტომაც სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
თემურ ჯანჯღავა გიორგი ასანიძის ქვისლია, რასაც ასანიძე თავადაც ადასტურებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ შეჯახება იყო შერეული, ვინაიდან მანევრირების დროს ჩვენი მანქანის მარცხენა ბორბალი იყო ხაზთან და დანარჩენი ნაწილი იყო შემოტრიალებული, ინერციით შემოტრიალდა”, - ამბობს  გიორგი ასანიძე.

ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გამოძიებაში არსებული დოკუმენტაცია ქართული კანონმდებლობის მიხედვით, კალმახელიძისთვის და ჩვენთვისაც ხელმიუწვდომელია. თუმცა ჩვენ თვითმხილველების მონათხრობით, გიორგი ასანიძის და ლაშა კალმახელიძის შეხვედრების ფარულად გადაღებით მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რაც ავარიის შესახებ გარკვეულ სურათს ქმნის. ასანიძის ფარულად გადაღება ჩვენ ავარიიდან რამდენიმე თვეში 2011 წელს დავიწყეთ.

პირველი ფარული ჩანაწერი 2011 წლის მარტშია გაკეთებული. ამ შეხვედრის დროს მხარეებმა კალმახელიძის ჯანმრთელობას და ხარჯების ანაზღაურებაზე ისაუბრეს. ასანიძე ამბობდა, რომ ოჯახის ადვოკატის მიერ დასახელებული თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. ოჯახი ავარიის შედეგად მიყენებული ყველა ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, ასანიძე კი, მხოლოდ საავადმყოფოში ოპერაციების ღირებულების გადარიცხვაზე გამოთქვამდა თანახმობას.

2011 წლის მარტის ფარული ჩანაწერი 

ლაშა კალმახელიძე: “საავადმყოფო და რეაბილიტაცია. მე მეტს არაფერს ვითხოვ შენგან, შენ კალკულაცია ხომ გაქვს ოპერაციის?” 
გიორგი ასანიძე:  “მე ვიყავი მისული და მზადაც ვიყავი ჩამერიცხა ის თანხა. რა გჭირდება ეხლა კონკრეტულად?”
ლაშა კალმახელიძე:   “საავადმყოფოში მისვლა და სურათების გადაღება, მაგრამ საავადმყოფოში რამდენიც მივედი, მეუბნებიან, ფული გადაიხადეო”

გიორგი ასანიძე:   “ის, რაც თავიდან თქვა ფრიდონმა (ადვოკატი), მაგას მე ფიზიკურად ვერ შევძლებ. საავადმყოფო და კიდევ რაღაცაო.”

2011 წლის მარტის შეხვედრაზე გიორგი ასანიძემ  დაზარალებულთან პირისპირ პირველად ახსენა თემურ ჯანჯღავა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის დადგენილებაში სწორედ ჯანჯღავაა მითითებული ასანიძის ავტომანქანის მძღოლად.

გიორგი ასანიძე:  “მე მითხრა სართანიამ (გამომძიებელი), რომ დასკვნა დადებულია, ექსპერტიზა ჩატარებულია. მე, ეხლა სიმართლე გითხრა, არ მივედი იმასთან, სართანიასთან ერთხელ ვიყავი. თემური რომ დაჰკითხეს იმის მერე არ ვყოფილვარ”.

ლაშა კალმახელიძე: “თემური ვინ არის?”

გიორგი ასანიძე:  “ჩემი ქვისლი. გაუგებრობაში იყო თვითონ ის გამომძიებელი, მე საქმე უნდა დავამთავროო”.

ლაშა კალმახელიძე: “თემურას არ ვიცნობ ვინ არის. მე და შენ უნდა დავილაპარაკოთ, შენ უნდა დამაყენო ფეხზე”.

ასანიძემ იმ შეხვედრაზე თქვა, რომ გამომძიებელ დავით სართანიას შეხვდა და უთხრეს, რომ  საქმის დასახურად მხოლოდ ლაშას ჩვენება იყო საჭირო.

გიორგი ასანიძე:  “სართანია რომ მოვა, მელაპარაკა გუშინ მე საქმე უნდა დავხუროო რას შვებიო, ამდენი ხანი ამ საქმეს ვერ გავაჩერებო, ისე მითხარით ან ასე მითხარითო პროცესი დავიწყოო”.

ლაშა კალმახელიძე: “მე და შენ უნდა შევთანხმდეთ რა დავწერო, მე ხომ არ დავწერ რომ წამოვდექი დავინახე გიორგი, რომელსაც ხელი ტკიოდა”.
გიორგი ასანიძე:  “არ ვიცი გადავედი და მოხდა შეჯახება ჩამიჭრა ვიღაცამ და იძულებული ვიყავი. მე როგორც ვიცი, ოთხშაბათს უნდა მაგას მოსვლა მე რომ დამირეკა 3 დღის წინ რას შვებით რას აპირებთო... შერეული ბრალეულობა იყო და ერთმანეთი გაითვალისწინეთ ეს იყო მაგათი პოზიცია პოლიციის. შენ რომ დაზიანებულიყავიო აბსოლიტურად ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყოდაო”.

ლაშა კალმახელიძე: “შენ დაზიანებები არ მიგიღია ხო?”

გიორგი ასანიძე: “როგორ არა, ერთი კვირა ვიწექი”.

 გიორგი ასანიძის და კალმახელიძის კიდევ ერთი შეხვედრა ტელევიზიაში შედგა, ჩვენ ამ შეხვედრის მხოლოდ აუდიო ჩანაწერი გვაქვს, შეხვედრაზე კალმახელიძემ დეპუტატს დამტვრეული ავტომანქანის და მკურნალობაში დახარჯული თანხების ანაზღაურება კიდევ ერთხელ მოსთხოვა.
ამ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ავარიის დროს ორივე მათგანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. 

ფარული ჩანაწერი ტელევიზიასთან

გიორგი ასანიძე: ჩივიხარ. “არ ჩივიხარ საქმე ხომ უნდა დაიხუროს, შენ ნასვამი ხომ იყავი ეს სულ სხვა პროცედურაა?!”
ლაშა კალმახელიძე: “შენ ფხიზელი იყავი?”
გიორგი ასანიძე: “მე არ ვიყავი ფხიზელი, ვინ იძახის რომ ფხიზელი ვიყავი?”
ლაშა კალმახელიძე: “ორივე ნასვამები ვიყავით, მაგრამ ჩემი ნასვამობა ყვირის და შენ საერთოდ არ ხარ საქმეში”.
გიორგი ასანიძე:  “შენ ახლა უბრუნდები წარსულს”.

წინა შეხვედრისგან განსხვავევებით ასანიძე ახლა უფრო დაბეჯითებით საუბრობდა ავარიაში კალმახელიძის დამნაშავეობაზე. მისი თქმით, გამოძიებამ ამოიღო ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა, რომ ავარია კალმახელიძის მიზეზით მოხდა. მოგვიანებით ეს ვიდეო ჩანაწერი ასანიძემ კალმახელიძეს მიაწოდა, თუმცა კადრებში არაა ასახული ის დეტალები, რაზეც გიორგი ასანიძე ფარულ აუდიო ჩანაწერში საუბრობს. კადრებში მხოლოდ ტელევიზიის კიბეები და კოსტავას გამზირის მცირე ფრაგმენტი ჩანს, თუმცა ამ ვიდეოში საერთოდ არ არის ასახული ის ადგილი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

გარეკამერის ვიდეო და მოწმეები, რომელიც გამოძიებამ არ დაჰკითხა

აღნიშნულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ავარიის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის კიბეებზე  ერთი  მამაკაცი იდგა, რომელიც, სავარაუდოდ, შეჯახების თვითმხილველი გახდა. ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ კიბეებზე მდგარი მამაკაცი კოსტავას გამზირისკენ იყურება, ხედავს  ტრასაზე მანქანების შეჯახებას და გარბის შემთხვევის ადგილისაკენ.

 ჩვენ საქმის გამომძიებელს დავით სართანიას დავუკავშირდით და ვკითხეთ, დაჰკითხა თუ არა ის პირი, რომელიც  გარეთ დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, როგორც შემთხვევის თვითმხილველი. “ტელევიზიიდან ამოღებული კამერის ჩანაწერი მე ვნახე, მაგრამ მანდ პიროვნებას კი არა, მანქანას ვერ ამოიცნობდი. მანქანა ვერ დავინახე და მით უფრო სახეზე დამენახა და გამერჩია, ვინ იყო”, - გვითხრა გამომძიებელმა სატელფონო საუბრისას.

გამომძიებლისგან განსხვავებით ჩვენ არ გაგვიჭირდა ამ კამერით გადაღებულ ვიდეო მასალაში დაფიქსირებული პიროვნების ვინაობის დადგენა. ჩვენ ვიდეო ჩანაწერი დეტალურად შევისწავლეთ და კიბეებზე მდგომი პიროვნების კადრი პირველი არხის რამდენიმე თანაშრომელს ვაჩვენეთ.  პირველი არხის თანამშრომლებმა ვიდეო ჩანაწერში მათი კოლეგა ზურა კუპატაძე ამოიცნეს, კადრებში ჩანს, რომ ზურა ავარიის შემდეგ კოსტავას გამზირისკენ გარბის.

“მე რაც დავინახე ზემოდან მომავალი ჯიპი უფრო ახლოს იყო ხაზთან ვიდრე ქვემოდან მომავალი “ბმვ”, როცა მოხდა შეჯახება, “ბმვ “გადავარდა და ჯიპიც. პირველი მე ვიყავი, მე დავინახე და წამები დამჭირდა, რომ ჩამერბინა. რომ დავინახე ლაშა იყო, შემდეგ კიდევ უფრო ვიაქტიურე. ჩემი თანამშრომელი, რა თქმა უნდა, ვიცანი და ასანიძეც ვიცანი - ტელევიზორიდან მყავდა ნანახი, სპორტსმენია დეპუტატი იყო და ვიცანი. ერთი მძღოლი იყო იყო ასანიძე სპორტსმენი, მეორე ჩვენი თანამშრომელი ლაშა”, - იხსენებს ზურა კუპატაძე.

ჩვენ შეკითხვაზე, ამ ორი მძღოლის გარდა კიდევ ვინმე ხომ არ იყო ავარიაში მოყოლილ ორ ავტომობილში? კუპატაძემ გვიპასუხა: “არა არავინ არ იჯდა”.

ავარიის დროს, “ტოიოტას” ჯიპის მძღოლი რომ გიორგი ასანიძე იყო, ამას ადასტურებს კიდევ ერთი თვითმხილველი - კახა მელიქიძე, რომელიც იმ ღამით ტელევიზიაში იმყოფებოდა და ავარიის დროს იქვე მდებარე მაღაზიაში მიდიოდა. მელიქიძე რეჟისორია და საზოგადოებრივ არხზე მუშაობს.

“ბენდელიანის კუთხეში მოგვესმა ავარიის ხმა, მივედით და ვნახეთ, რომ  მანქანასთან იდგა ასანიძე. დაჯახებულ მანქანასთან იდგა მძღოლის მხარეს. რომ ჩავიხედე მანქანაში ვიცანი ლაშა, ჩვენი თანამშრომელი.  ასანიძემ მითხრა, თვითონ გადმომიხტაო. გზა გადმომიჭრაო და აქეთ მხარეს დამეჯახაო. მე ვუთხარი, თვითონ როგორ გადმოვიდა-მეთქი. ისე იდგა მანქანები, რომ შეხედავდი მანქანებს, მიხვდებოდი გასწორებული იყო ლაშას მანქანა ისე იდგა სწორად. ეს იყო დაჯახებული და შემდეგ იყო მოტრიალებული”, - ამბობს კახა მელიქიძე.

მელიქიძე, ისევე როგორც კუპატაძე, ადასტურებს, რომ გიორგი ასანიძე ავტომანქანაში მარტო იყო. “არავინ არ იყო, მხოლოდ ასანიძე იყო მარტო შემდეგ მოვიდნენ. “ბმვ”-ში ლაშაც მარტო იყო. ამ ლაპარაკში მოვიდა რამდენიმე ადამიანი და გაიყვანეს მოარიდეს. სხვა დადგა, მერე ვინც აღმოჩნდა, თითქოს, მძღოლად. მაღალი გამხდარი ბიჭი იყო. როგორც აღმოჩნდა, შემდეგ ის მაღალი ადამიანი, რომელიც დარჩა იძახის, რომ მე ვიყავიო, მაგრამ ის ადამიანი მერე მოვიდა.
ის არ იჯდა. ასანიძე იჯდა და სხვა შემდეგ მოვიდა”, - გვითხრა კახა მელიქიძემ.

თვითმხილველების მონათხრობს უარყოფს გიორგი ასანიძე. ამბობს, რომ შეჯახებისას მანქანის უკანა სავარძელში იჯდა.

“მონიტორი”: “მოწმეები ამბობენ, რომ თქვენ იჯექით საჭესთან და იქ სხვა პირი თემურ ჯანჯღავა არ ყოფილა”.

გიორგი ასანიძე: “არა არა, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ინტერესი და დაადასტუროს. ამას უარყოფს”.

“მონიტორი”: “რამდენი იჯექით მანქანაში?”

გიორგი ასანიძე:  “ორნი,  მე და თემური.  მე უკანა მხარეს ვიჯექი”.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს სამაშველო სამსახურის ის წარმომადგენელი, რომელმაც შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაციას უხელმძღვანელა და კალმახელიძე დაზიანებული მანანიდან გადმოიყვანა. მასთან ინტერვიუ იმავე ღამით “მოამბის” კორესპონდენტმა ჩაწერა. მაშველი ამბობდა, რომ მანქანაში თითო ადამიანი იყო. კერძოდ, “მოამბის” არქიიდან ამოღებულ სიუჟეტში მაშველი ნოდარ ჭუმბაძე ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენი ადამიანი იყო მანქანებში? პასუხობს: “ორივეში თითო მძღოლი იჯდა”.

სამართალდამცავებმა ძიება ისე დაასრულეს, არ დაჰკითხეს თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ მზად არიან სამართალდამცავებსაც დაუდასტურონ, რომ საჭესთან გიორგი ასანიძე იჯდა. ჩვენ საქმის გამომძიებელს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

დავით სართანია: “გიორგი ასანიძე, მახსოვს მისი მანქანა იყო, მაგრამ საჭესთან თვითონ არ იყო.”

“მონიტორი”: “გამოძიების მასალებით რა გამოიკვეთა, საჭესთან თვითონ იყო, თუ რა დადასტურდა?”

დავით სართანია: “საჭესთან იჯდა სხვა პიროვნება, რომელიც იძახის საჭესთან ვიჯექი მეო, ადამიანი იძახის საჭესთან ვიჯექი მეო.”

“მონიტორი”: “თქვენ გიორგი ასანიძესთან, იმ დროს პარლამენტის წევრი იყო, რაიმე კომუნიკაცია გქონდათ?”

დავით სართანია: “თქვენ, უკაცრავად, დაკითხვას მიწყობთ, თუ რა? ან საერთოდ ვინ ბრძანდებით ამ საქმესთან დაკავშირებით? მე არ ვარ ვალდებული საერთოდ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიკეთოთ”.

საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ასანიძე დაზარალებულთან საუბარშიც ხშირად ახდენდა. ამბობდა, რომ ამ ავარიის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც იყვნენ ინფორმირებულნი.

ფარული ჩანაწერი

გიორგი ასანიძე: “მაშინ მოვა აგერ მილიციის უფროსის მოადგილე, რომელიც ჩამოვიდა იქედან ეგრევე და იტყვიან, რომ ის კაცი იჯდა რულზე. მაგით შენ რა შეგეცვლება, ან მე რა შემეცვლება.  ეგ არის შენი მხრიდან კიდევ გართულება. ეგ მე ვანოზეც მაქვს ნალაპარაკები, ვანომაც იცის ეს საქმე და ყველა მოადგილეებმაც იცის. დაჟე ვანომ მკითხა, რა მოხდაო  თუ რამეში დაგჭირდე აქ ვარო”. 

დაზარალებულთან საუბარში ასანიძემ სამეგრელოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებაც მოყვა. ამბობდა, რომ სამეგრელოს იმდროინდელმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ სენაკში მომხდარი ავარიის საქმე უპრობლემოდ მოუგვარა.

ფარული ჩანაწერი

გიორგი ასანიძე: “ძალიან ცუდიავარია მოგვივიდა, გადავრჩით ყველანი, დავიმტვერით, მაგრამ ბორდიურზე შევვარდით. განათების ბოძი მოწყდა და რაღაცეები დავამტვრიეთ, სერიოზულად დავიმტვერით რა, 100, 120-ით შევვარდით”.

ლაშა კალმახელიძე: “რა მანქანით?”

გიორგი ასანიძე: “ამ მანქანით, კაცო”

ლაშა კალმახელიძე: “დათარსულია”

გიორგი ასანიძე: “გეუბნები რა. გოროზიაც ჩამოვიდა და ყველაფერი. აი, 10 წუთში ყველაფერი ისე ლამაზად მოაგვარეს. ერთია, რომ ავარია მოხდა, მაგრამ მაინც სახელი არ შეილახოსო. პატივისცემაა, რაღაცა, ხო იცი. 10 წუთში მოაგვარეს ყველაფერი”. 

ბიუჯეტიდან დაფარული მკურნალობის ხარჯები 

დეპუტატმა გიორგი ასანიძემ თანამდებობრივი მდგომარეობა ლაშა კალმახელიძისთვის მკურნალობის ღირებულების ნაწილის გადარიცხვის დროსაც გამოიყენა.  ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ჰპირდება დახმარებას იგი დაზარალებულ კალმახელიძეს ოპერაციების თანხის დაფარვაში. თუმცა, წყარო მისი საკუთარი ჯიბე კი არა, ბიუჯეტია. “შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ძმაო, ჩემი ჯიბიდან ამოვა თუ ვინმეს ჯიბიდან ამოვა. საავადმყოფო შენ არ გადარდებს. გადაირიცხება, გადაირიცხა, თუ ნაწილი გადარიცხე-ს ეს შენი თემა აღარ არის”, - ამბობს მაშინდელი დეპუტატი.

ამავე ფარულ ჩანაწერში ასანიძე თანხის გადარიცხვის გზებზეც საუბრობს და უფრო თბილისის მერიის იმედი აქვს, ვიდრე - ცენტრალური ბიუჯეტის. “მერიაში, ჯანდაცვას გილაური წყვეტს, ვნახავ ესენი რას იზამენ, რა ნაწილს გადარიცხავენ და შემდეგ გილაურს ვეტყვი. ეგ აბსოლიტურად იმათ პრობლემა აღარ აქვთ პირდაპირ. მე შემდეგი ოპერაცია ვაფშე არ მანერვიულებს მილიონი პროგრამაა და იმაში ჩაგსვამ. პროსტო როგორ არის იცი? ქეში არც მე არ მაქვს, არც შენ არ გაქვს”.

მერიის ჯანდაცვის  პროგრამა, რომელშიც ასანიძემ კალმახელიძე ჩასვა, გლდანი-ნაძალადევის გამგეობიდან დაფინანსდა. ამას ადასტურებს თავად ლაშა კალმახელიძე. მერია რომ სამკურნალო ხარჯების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო, მტკიცდება ჩვენს ხელთ არსებული ორი დოკუმენტითაც. ერთ წერილს ხელს მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა აწერს, წერილში ლაშა კალმახელიძის მკურანალობისთვის ორი ათასი ლარის გამოყოფაზეა საუბარი.  მეორე წერილი გლდანი-ნაძალადევის გამგებელს ეკუთვნის.  აქ აღნიშნულია, რომ გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ასანიძის შუამდგომლობა შევიდა, ასანიძემ  ლაშა კალმახელიძისთვის მკურნალობის თანხის ანაზღაურება ითხოვა. საბურთალოზე დაბადებულ და მცხოვრებ კალმახელიძეს  ასანიძის მოთხოვნით გლდანის გამგეობამ 1500 ლარი გადაურიცხა.

სახელმწიფო თანხებით კალმახელიძისთვის დახმარებაში სამართლებრივ პრობლემას ვერ ხედავს გიორგი ასანიძე.

გიორგი ასანიძე: “ჩვენ ნამდვილად დავეხმარეთ იმ ადამიანს და რამდენიმე ათასი ლარი გადავურიცხეთ, საოპერაციო თანხა”...

“მონიტორი”:  “გადარიცხვაში ხომ არ გულისხმობთ, რომ ბიუჯეტიდან გადაურიცხეთ?”

გიორგი ასანიძე: “მე ჯიბიდან უნდა ამეღო და გადამერიცხა? ცოტა ვერ ვხვდები კითხვის შინააარსს. მე გამოვიყენე ის კანონმდებლობა რომელიც იყო და დავეხმარე მაქსიმალურად ამ ადამიანს”.

“მონიტორი”: “მე იმას გეკითხებით ბიუჯეტიდან გადაურიცხეთ თუ თქვენი პირადი თანხა?”

გიორგი ასანიძე: “რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარეთ საბიუჯეტო თანხით რადგან იყო პროგრამა რომელიც ითვალისწინებდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ან სხვა ტრამვის დროს ადამიანის დახმარებას. აქედან გამომდინარე, დავეხმარეთ როგორც შემეძლო იმის მიხდვით”.

“მონიტორი”: “ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, ხომ არ გამოიყენეთ ის რომ პარლამენტის წევრი იყავით?

გიორგი ასანიძე: “არა არა არავითარ შემთხვევაში”.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრამვები ლაშა კალმახელიძეს დღემდე აწუხებს. უსახსრობის გამო მას არც სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამა გაუვლია. კალმახელიძის ოჯახი ამბობს, რომ  ასანიძემ მხოლოდ ოპერაციების ღირებულების ნაწილი გადარიცხა, მკურნალობისთვის ოჯახის მიერ გაწეული რამდენიმე ათასი ლარი ასანიძეს არ გადაუხდია. კალმახელიძეს არც დამტვრეული ავტომანქანის ზარალი აუნაზღაურდა, რაც პროკურატურის დადგენილების  შესაბამისად 9 ათასი ლარად იქნა შეფასებული.

“ოპერაციები ჯამში 11 ათას რაღაცა დაჯდა. ნაწილი გადმოარიცხინეს მერიას და გამგეობებს, საიდანღაც რაღაცეებს არიცხინებდა”, - ამბობს  ლაშა კალმახელიძე. რაც შეეხება ნაღდ ფულს, ან ასანიძის პირად დახმარებას, ასეთი რამ ოჯახს საერთოდ არ მიუღია “ერთი კაპიკი არ მიგვიღია მისგან. ასანიძემ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისიც კი განაცხადა, მე სადა მაქვს მაგის საშუალებაო. შეიძლება მეგობრებში ავაგროვო ერთი 5 ათასი ლარი და იმითი დავეხმაროთო”, - ამბობს ლაშას დედა.

ლაშა კალმახელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც გამოძიებას ასანიძის სასარგებლო ჩვენება მისცა, სადაც ყოფილი პარლამენტარის გვარი საერთოდ არ უხსენებია, ასანიძე აღარ დაკავშირებია. ქვეყანაში ბოლო თვეებში მოხდარი ცვლილებების შემდეგ, ლაშა კალმახელიძეს იმედი აქვს, რომ სამართალდამცავები მისი საქმით ხელახლა დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ ვინ იყო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამნაშავე და დაამტკიცებენ რომ საჭესთან მართლაც გიორგი ასანიძე იჯდა:  “თუ ახლიდან დამკითხავენ, ძიება დაიწყება, მინდა, რომ სამართალი აღდგეს, მინდა ყველამ იცოდეს, რა იყო და როგორ”, - ამბობს იგი.

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^