Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მერვე სიცოცხლე“ და კიდევ ბევრი პიესა

28 ივლისი 2017

ნინო ხარატიშვილი: „გზა ევროპისკენ გაჭრილია და ახლა მთავარია, ეს შესაძლებლობა სწორად გამოვიყენოთ"

მრავალი ლიტერატურული პრემიით ხელდამშვენებული და უკვე აღიარებული გერმანულენოვანი ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის შესახებ წერა რთულია და საპასუხისმგებლოც. მისი ლიტერატურული ტექსტებიც და დრამატურგიაც გაბედულ, თითქმის ექსპერიმენტულ, მჭიდროდ ნაქსოვ ენას და ინტენსიურ „შინაგან თხრობას" გულისხმობს. ამას დაუმატეთ ფართო ხედვა, მასშტაბი და ფორმის შესანიშნავი გრძნობა და თანამედროვე მწერლის ფერად პორტრეტს თუ ვერა, გრაფიკულ ჩანახატს მაინც მიიღებთ.

თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში, დოკუმენტური კინოს ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ნინო ხარატიშვილი ჰამბურგის თეატრის აკადემიაში დრამის რეჟისურას სწავლობდა. მიღებული აქვს ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის პრესტიჟული პრემია გერმანული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; ასევე, „ბუდენბროკების პრემია" საუკეთესო დებიუტისთვის და ანა ზეგერსის სახელობის ლიტერატურული პრემია.

2015 წელს ნინო ხარატიშვილს ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი  წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია გადაეცა. უფრო ადრე, სამეფო უბნის თეატრში დაიდგა მისი ფსიქოდრამა „ლივ შტაინი", რომელიც მაყურებელს ალბათ ნინო ბურდულისა და კატო კალატოზიშვილის გამორჩეული მსახიობური ნამუშევრით დაამახსოვრდებოდა. ამავე წლის დეკემბერში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში, მისი კიდევ ერთი გერმანული პიესა - „მრისხანება" დაიდგა. ეს იყო ფრაიბურგის თეატრისა და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ერთობლივი, ორენოვანი წარმოდგენა, რომელიც გოეთეს ინტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.

გასულ წელს გამოვიდა დაახლოებით 1200-გვერდიანი რომანი „მერვე სიცოცხლე" (ბრილკასთვის) - Das achte Leben (Für Brilka) - რომელსაც უკვე მოჰყვა ფართო გამოხმაურება. სხვათა შორის, ნინო ხარატიშვილი ჯერ კიდევ განაგრძობს ამ წიგნის წარდგენას ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. „ლიბერალი" ქართველ მწერალსა და დრამატურგს თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ ესაუბრა.

ნინო, თბილისში თქვენი ჩამოსვლა მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს უკავშირდება, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებითა  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით  გაიმართა...

დიახ, მიმაჩნია, რომ  ეს უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა, ხოლო პროექტი სახელწოდებით „პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე“, რომლის კურატორიც მე ვარ, ექვს გერმანელ მწერალთან: კატია ლანგე-მიულერთან, კლემენს მაიერთან, ულა ლენცესთან, ფოლკერ შმიდტთან, ოლგა გრიაზნოვასა და კატია პეტროვსკაისთან შეხვედრასა და დისკუსიებს გულისხმობს. ლიტერატურული საღამოების გარდა,  გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა ორი, ე.წ. პანელ-დისკუსია „ევროპა, როგორც იდეა" და  Angry White Man.

უკვე დავიწყე მუშაობა ახალ რომანზე...

რა რომანია? შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ?

ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მიჭირს ხოლმე წინასწარ რაიმეს თქმა, ვიდრე არ დავასრულებ. შარშან, როდესაც სტამბულში ჩავედი სტიპენდიით, დამებადა  ამ რომანის იდეა. წელსაც, დაახლოებით სექტემბერში  ვაპირებ იქ ჩასვლას. ნახევარზე მეტი უკვე დაწერილი მაქვს. გამომცემლობას სურს, რომ რომანი 2018 წლისთვის დავასრულო. არა მგონია, ისეთივე მასშტაბის გამოვიდეს, როგორც „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)". არადა, საბოლოოდ, მაინც  საკმაოდ მსხვილტანიანი ნაწარმოებისკენ მივდივარ.

რა შთაბეჭდილება დაგრჩათ წლევანდელ ლიტერატურულ ფესტივალზე და თანამედროვე ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე?

ლიტერატურისადმი ინტერესი, როგორც ჩანს, სულ უფრო იზრდება. წლების განმავლობაში ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმნის პრობლემები ნამდვილად არსებობდა და რაღაც ვაკუუმი შეიქმნა. იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე ევროპული ლიტერატურის  თარგმნასთან დაკავშირებითაც. თუმცა პროცესი ბოლო დროს გამოცოცხლდა, რაც ნაწილობრივ 2018  წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან არის დაკავშირებული, რაც ძალიან მახარებს... გული დამწყდა, რომ სტუდენტების მხრიდან არ იგრძნობოდა სათანადო აქტიურობა, საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ხომ სტუდენტობაა. ამდენად, მათი პასიურობის მიზეზებს ვერ ვხსნი. გარდა ამისა, გამომცემლობების მხრიდან მეტი აქტიურობა და ინტერესია საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გერმანელი ავტორები იყვნენ ჩამოსული, რომელთა ნაწარმოებების თარგმნაც, ჩემი აზრით, აუცილებელია. მარტო გერმანელები არ უნდა თარგმნიდნენ ქართველ ავტორებს, პირიქითაც უნდა ხდებოდეს.

ჰამბურგის ცნობილ thalia theater-ში დაიდგა ხუთსაათიანი სპექტაკლი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“, თქვენი გახმაურებული რომანის მიხედვით. თუ არ ვცდები ის ცნობილმა რეჟისორმა, იეტე შტეკელმა დადგა...

დიახ, სწორედ მან დადგა სპექტაკლი და სურდა მთელი  ეს ეპიკური ისტორია ერთ საღამოში ჩაეტია. სპექტაკლი ორენოვანია და ისმის ქართული ტექსტებიც. რომანის სცენური ადაპტაცია მე არ გამიკეთებია,  თუმცა რეჟისორი ჩემი მეგობარია და გარკვეულ კონსულტაციებს იღებდა ჩემგან. მიუხედავად  იმისა, რომ სპექტაკლი ხუთი საათი გრძელდება, რაღაც ნაწილების ამოღება მაინც გახდა საჭირო. „ტალია თეატრს" არაჩვეულებრივი დასი ჰყავს, საოცარი მსახიობები არიან, რომლებმაც წარმოუდგენლად რთულ ამოცანას გაართვეს თავი.

გაკვირვებული და ბედნიერი  ვარ, რომ მოახერხეს მთელი რომანის ისტორიის ასე კარგად გადმოცემა. ვიდრე  რეპეტიციას დაიწყებდნენ, მთელი დასი რეჟისორთან ერთად თბილისში იყო ჩამოსული. რეჟისორი იეტე შტეკელი ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად ვსწავლობდით ჰამბურგში. რადგან მსახიობებსა და რეჟისორს გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონოდათ,  რომელ ქვეყანაში ხდება მოქმედება რომანში, ან რა ისტორია უნდა ეთამაშათ სცენაზე, ამიტომაც ჩამოვიდნენ საქართველოში. შევახვედრე რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს, რომელმაც  ლამის მთელი საქართველოს ისტორია გააცნო სტუმრებს.

რადგან სპექტაკლი არ მინახავს, ცოტა გულუბრყვილო კითხვას დაგისვამთ: რის შესახებაა წარმოდგენა? რა არის მასში არსებითი, მთავარი?

ეს არის ერთი ქართული ოჯახის ისტორია 1917 წლიდან 2007 წლამდე. სხვათა შორის, ქართველი რეჟისორი ზაზა რუსაძე მუშაობდა ვიდეოზე და მთელი 5 საათის განმავლობაში ფონად სპექტაკლს დოკუმენტური მასალა გასდევს. სპექტაკლი გერმანულ ენაზე მიმდინარეობს, მაგრამ ტექსტსაც რომ არ მიაქციოთ ყურადღება, იმდენად სანახაობრივია, იმდენად მეტაფორული და იმდენად კარგი მსახიობები თამაშობენ, რომ... ნამდვილად შთამბეჭდავად მეჩვენება.

ხომ არ გქონიათ მოლაპარაკება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორ ეკა მაზმიშვილთან  სპექტაკლის თეატრალურ ფესტივალზე ჩვენების თაობაზე,

ჯერჯერობით მხოლოდ მიმოწერა მქონდა ეკა მაზმიშვილთან და მას მოეწონა ეს იდეა, თუმცა  განხორცილება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. რეჟისორი დათა თავაძე და დრამატურგი დათო გაბუნია იყვნენ ჰამბურგში და ნახეს ეს სპექტაკლი. მგონი ისინიც მოხიბლული დარჩნენ... ძალიან მინდა „მერვე სიცოცხლე" ქართველმა მაყურებელმაც ნახოს.

როგორ ემზადებოდით ამ ეპიკური რომანის დასაწერად? რა იყო ინსპირაცია და მთავარი მოტივაცია? ის  ხომ არა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ისტორია ყალბი კომუნისტური „სცენარივით" იწერებოდა?

თავიდან მინდოდა რომანის დაწერა გასული საუკუნის 90-იან წლებზე; იმ პერიოდზე, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს, ვინც საქართველოში ვცხოვრობდით. 90-იანებზე ფიქრი და წერა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ ამ სირთულეს გერმანელ მკითხველს ვერ გავაგებინებდი. თანდათან, კვლევის პროცესში აღმოვაჩინე, რომ მთელი ჩემი ცოდნა XX საუკუნის საქართველოს  ისტორიის შესახებ ბევრად მწირი იყო დასავლეთის ან თუნდაც ნაცისტების შესახებ ცოდნაზე. დავიწყე კვლევა და იმდენი რამ აღმოვაჩინე, რომ თავი ალისა მეგონა... საოცრებათა ქვეყანაში. ეს დროში მოგზაურობას ჰგავდა, საიდანაც გავიგე, რომ ჩვენ საკუთარ ისტორიას არ ვიცნობთ!  90-იანი წლებიდან გადავედი 80-იან წლებზე, მერე 70-იანებს მივადექი. ამასობაში ნელ-ნელა მეც ჩამოვყალიბდი, რომ ოჯახზე უნდა დამეწერა და მთელი ეს ისტორია ერთი ოჯახის მაგალითით მომეყოლა. წიგნი 8 ნაწილად არის დაყოფილი, თითო პერსონაჟს თითო თავი ეძღვნება და ასე, თაობიდან თაობამდე გრძელდება. მთავარი პერსონაჟია დიდი ბებია, რომელიც 100 წლის ხდება და მთელი რომანის განმავლობაში პერსონაჟები მისი მონათხრობიდან გამომდინარე ჩნდებიან.

მაინც ვინ არის ბრილკა?

ბრილკა ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ანასტასიას  ზედმეტსახელია; ის ამ ოჯახის მეექვსე, ბოლო თაობის წარმომადგენელია. მთელ ამ ისტორიას  სწორედ ბრილკას უყვებიან. წიგნის თხრობა აწმყოში იწყება და წარსულში ბრუნდება. შემდეგ, ქრონოლოგიურად ისევ აწმყოსკენ მიემართება. ბრილკას ეპიზოდი ცარიელი ფურცლით მთავრდება... რადგან ის მერვე, მთავარი პერსონაჟია. ბრილკა, როგორც სახელი, პირველად პოლონურად გავიგე და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, რომ ჩემს პერსონაჟსაც მოუხდა ეს სახელი.

ვინ არის წიგნის დიზაინერი, რომელიც ძირითადად საბჭოთა პერიოდის სიმბოლოებზეა აგებული?

ეს არის იულია ნოვიკოვა - ილუსტრატორი, სცენოგრაფი, თეატრის მხატვარიც.  მან გააფორმა ჩემი ადრინდელი სპექტაკლიც „მრისხანება“ ისევე, როგორც „ლივ შტაინი“. იულია ნოვიკოვა წარმოშობით პეტერბურგიდანაა და წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობს. ჩვენ დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ. ყველა ეს სიმბოლო, რაც წიგნშია ასახული, მისი მოფიქრებულია.

თქვენზე ყოველთვის ასე გიხსენიებენ - გერმანულენოვანი ქართველი მწერალი. როდესაც ახსენებენ გერმანელი მწერალი, ხომ არ გეუფლებათ გარკვეული უხერხულობის გრძნობა?

არა, ეს რეალობაა. თავიდან, როდესაც ჩავედი გერმანიაში და დავიწყე გერმანულად წერა, მე ვიყავი ქართველი მწერალი, მერე გავხდი ქართველ-გერმანელი და ახლა კი - გერმანელი მწერალი.

რა გავლენა მოახდინა თეატრალურმა თუ ლიტერატურულმა  კრიტიკამ თქვენს შემოქმედებაზე?

კონსტრუქციული კრიტიკა აუცილებელია. გერმანიაში ოთხი წელი სარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ამ დროს გაუჩერებელად მესმოდა კრიტიკა, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შენს თავს ეჭვის თვალით შეხედო - რას აკეთებ და როგორ! მეორე მხრივ, იმაშიც გეხმარება, რომ განიახლო და გაიმყარო მიღებული ცოდნა.  მახსოვს, ერთ-ერთმა ლექტორმა მითხრა: „შენი ნამუშევრები ზედმეტად გაუფილრავად ემოციურია". ამ შენიშვნაზე ასე ვუპასუხე: თქვენთვის ეს კრიტიკაა, მაგრამ ჩემთვის კომპლიმენტი-მეთქი. წლების შემდეგ იმავე ლექტორმა მითხრა, ნინო, კარგია, რომ არ დამიჯერეო და მეც, რა თქმა უნდა, მესიამოვნა. გერმანიამ ბევრი რამ მომცა კრიტიკისა და ანალიზის  თვალსაზრისით.... უნდა შეგეძლოს დაასაბუთო და ახსნა ის, რასაც ამბობ. რადგან მარტო იმის თქმა რომ მომწონს, ან არ მომწონს - არ არის საკმარისი.

ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი პიესები სხვა რეჟისორმა უნდა დადგას სცენაზე და არა თქვენ?

ამას თავისი პლიუსიც აქვს და მინუსიც. ჩემი სურვილი არ არის, ყოველთვის მე დავდგა ჩემი პიესები. პირიქით, მე მსიამოვნებს, როდესაც სხვა რეჟისორები დგამენ. როდესაც თეატრები მიკვეთავენ პიესებს, ხშირად მთავაზობენ, რომ რეჟისორიც მე ვიყო. გერმანიაში უყვართ, როდესაც  ექსკლუზიურად ამ თეატრისთვის იწერება პიესები და პირველად იდგმება. საერთაშორისო პრესაც ამით ინტერესდება. მაგალითად, პიესა  „ლივ შტაინი"  ბევრ ქვეყანაში იდგმება. სხვა ჩემი პიესებიც არის ქართულად თარგმნილი და თუ ქართველი რეჟისორები დაინტერესდებიან მათი დადგმით, ძალიან გამიხარდება.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეულია. რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს?

რასაკვირველია, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს  ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით. თავიდან მეც ვიყავი ბორდის წევრი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს რთულ საორგანიზაციო პროცესთან არის დაკავშირებული. თანაც, ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, ყველაზე ძვირფასი  თავისუფლება და დამოუკიდებლობაა. საბედნიეროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის დეა მეტრეველი, რომელიც თავისი გუნდით აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ახლაც ბევრი რამ ხდება: მაგალითად, ჩამოდიან გამომცემლები, საერთაშორისო მიმომხილველები, ჟურნალისტები, ითარგმნება ახალი ნაწარმოებები... რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. დაახლოებით ათი წლის წინ საქართველო რომ გეხსენებინათ, თითქმის არ იცოდნენ. ახლა ასე ნამდვილად აღარ არის. გაჩნდა ინტერესი, გზა ევროპისკენ გაჭრილია და ახლა მთავარია, ეს შესაძლებლობა სწორად გამოვიყენოთ. არა მარტო 2018 წელს, არამედ სამომავლოდაც, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთწლიანი პროექტი. გოეთეს ინსტიტუტის პროექტის „პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ფარგლებში  ქართველი და გერმანელი მწერლები ერთად შექმნიან ნაწარმოებებს, გერმანული გამომცემლობა თავად დააფინანსებს ამ პროექტს და პრეზენტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე  გაიმართება. ასევე  იგეგმება ქართველი და გერმანელი ავტორების  ერთობლივი  პრეზენტაციები  გერმანიაში. ლიტერატურის  ფესტივალები და სხვადასხვა პროგრამებში მათი ერთობლივი  მონაწილეობა. პროექტის ეს ნაწილი განსაკუთრებით მომწონს და მეც დიდი ინტერესით ველოდები 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან და რას საქმიანობენ „ოცნების“ თ ...

სექტემბრის დასაწყისში პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი კანდი ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

ბერლინიდან თბილისისკენ მომავალო არტო

ფესტივალი Camera Obscura, ბერლინი-თბილისი“, გერმანელი მსახიობისა და ფორტოხელოვანის, მარგარიტა ბროიხის ფოტოგამოფენი ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

წამლის ტვირთი - როგორ მუშაობს მედიკამენტ ...

რამდენიმე კვირაა, რაც სოციალურად დაუცველი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პ ...

მეტი

^