Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიცით თუ არა, როგორ მუშაობს ადამიანის ემბრიონის გენური რედაქტირება?

06 სექტემბერი 2017

ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის მკვლევრის, შუხრატ მიტალიპოვის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული სახელგანთქმული კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც ადამიანის ემბრიონის მუტაციების უსაფრთხო კორექტირება გენური რედაქტირების გზით (CRISPR) უკვე შესაძლებელია, სხვა მეცნიერებმა ეჭვქვეშ დააყენეს.
კვლევის უკან მდგომი ჯგუფი დარწმუნებულია თავის დასკვნებში, მაგრამ დისკუსია, სულ მცირე, იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, ვიდრე  ბავშვებში მემკვიდრული დაავადებების გამომწვევი მუტაციების დამემკვიდრების პრევენციისთვის გენურ რედაქტირებას გამოვიყენებდეთ.

პირველმა კვლევებმა, რომლებშიც გენური რედაქტირების გამოყენება სცადეს, რამდენიმე პრობლემა გამოავლინა.  მაგალითად, გენური რედაქტირებით მუტაციები ემბრიონების მხოლოდ მცირე ნაწილში შესწორდა.  გენომის რედაქტირება ვერ ხერხდებოდა იმ ეტაპამდე, სანამ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გაყოფას დაიწყებდა, ამიტომ  სასურველ ცვლილებას მხოლოდ ზოგიერთ უჯრედში ვღებულობდით.  

წინა თვეში მიტალიპოვმა განაცხადა, რომ  ეფექტურობის გაზრდა თანმხლები პრობლემების გარეშე მოახერხა და გენომის რედაქტირება უფრო ადრეულ ეტაპზე შეძლო, როცა სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს.  ჯგუფის მტკიცებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს დნმ-ის აღდგენის ახალი მექანიზმი, რომელიც  ნიმუშად კვერცხუჯრედის დნმ-ის გამოყენებას გულისხმობს ემბრიონის დნმ-ის სპერმატოზოიდიდან წამოსული ნაწილის აღსადგენად. ეს კი ნიშნავს, რომ გენური რედაქტირების გამოყენება შეგვიძლია ემბრიონის დნმ-ის მხოლოდ მამისეული ნაწილის შესაცვლელად და შესაძლებელი იქნება მარტო ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც თანხვდება დედისეულ გენომში წარმოდგენილი გენების წყებას.

რიჩარდ პერიმ, ბათის უნივერსიტეტის ემბრიოლოგმა, ვერ იპოვა აღდგენის ასეთი მექანიზმის არსებობის მტკიცებულებები თავის ექსპერიმენტში, რომელიც  მან 2014 წელს  თაგვებზე ჩაატარა. მისი თქმით, ეს უაზრობაა. იმ ეტაპზე, როცა რეპარაცია უნდა მოხდეს,  დედისეულ და მამისეულ დნმ-ებს შორის საკმაოდ დიდი მანძილია. „ჯერ კიდევ არსებობს ბევრი უპასუხო კითხვა“, - ამბობს პერი.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგის, ჯორჯ ჩარჩის და მისი კოლეგების თანახმად, მიტალიპოვის გუნდმა შესაძლოა საერთოდ არ გაასწორა გულის დაავადებების გამომწვევი მუტაციები. ამ კვირაში გამოქვეყნებულ კრიტიკაში ისინი ამტკიცებენ, რომ მიტალიპოვმა და მისმა თანამშრომლებმა უბრალოდ მუტაციის არარსებობა აჩვენეს, რაც  შესაძლოა გამოწვეული იყოს დნმ-ის დელეციით (წაშლით) და არა მისი რეპარაციით (აღდგენით).

თუ ჩარჩი არ ცდება, ეს საკმაოდ ცუდი ამბავია ადამიანის ემბრიონის რედაქტირებისთვის, რადგან დნმ-ის ნაწილების წაშლა არასასურველია. მიტალიპოვის გუნდი კრიტიკას მომავალ კვირაში გასცემს პასუხს. მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლემიკის შედეგისგან დამოუკიდებლად მაინც აქვს გენომის რედაქტირებას გრძელვადიანი  პოტენციალი, რაკი კრისპერი (CRISPR) მხოლოდ  რამდენიმე წლისაა, ტექნოლოგიები კი  სწრაფად ვითარდება. გარდა ამისა,  ემბრიონის რედაქტირება არ არის ერთადერთი გზა და კვერცხუჯრედის ან სპერმის რედაქტირება უფრო უსაფრთხო და ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს.  

მომზადებულია newscientist.com-ის მიხედვით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

მწერლობა და დაბეზღება

ქართულ ლიტერატურას არაერთი დიდი მწერალი ჰყავს, რომელთა შემოქმედება დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: კონსტანტინე გამ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს? მოსწონთ თუ არა ის, რასაც სწავლობენ და როგორც სწავლობენ? რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და რ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეცნიერების მტრები, ანტივაქცინაციის აბსუ ...

R E T R A C T E D -[1] სისხლივით წითელი, მჭახე ასოებით გამოყვანილი შტამპი ადევს ჟურნალ „ლანცეტის“ 1998 წლის ...

მეტი

^