Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრძოლა პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის - ინტერვიუ დათო ოქიტაშვილთან

13 სექტემბერი 2017

რატომ გადაწყვიტეთ, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობა?

 ერთი თვის წინ, ერთ ადგილას მანახეს კადრები, როგორ შედიოდა ის (პეტრიაშვილი) გირგვლიანის მკვლელებთან ციხეში და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მათთან. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო.  ჩემი სირცხვილია, ეს რომ არ ვიცოდი.  მე საერთოდ არ ვაპირებდი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში კენჭისყრას. მეტიც, პროფკავშირებიდან ჩემი ორგანიზაციის გამოყვანაც კი მინდოდა. მაგრამ, როცა რუსთაველის თეატრში შევიკრიბეთ, მითხრეს, რატომ გარბიხართ, შევიდეთ ამ ბრძოლაში.  სანდრო და ირინა ჩემი ახლობლები იყვნენ და ჩემდა საუბედუროდ მართლა არ ვიცოდი, რომ ეს ადამიანი მათ დღემდე მფარველობდა.  აქ დათო ოქიტაშვილზე არ არის საუბარი. მკვლელი უნდა იყოს ციხეში.

მკვლელში ვის გულისხმობთ?

მკვლელში ვგულისხმობ... - მკვლელის მხარდამჭერი არის მკვლელი. პეტრიაშვილს კი არ მოუკლავს სანდრო, მისმა მეგობრებმა მოკლეს. მოწმემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში [u1] ოფიციალურად ხელი დაადო. მე დავინახე, როგორ შემოდიოდა ციხეშიო და ა.შ.

მე მაინტერესებს საზოგადოების აზრი - ასეთი ადამიანები კიდევ უნდა ბედავდნენ, იყვნენ რომელიღაც თანამდებობაზე, როცა ისინი ციხეში უნდა იყვნენ?

თუ ადამიანი ერთი თვის განმავლობაში გეძახის, რომ ხარ მკვლელი, უფრო სწორად მკვლელების მფარველი, სასამართლოში უნდა იჩივლოს. რატომ არ ჩივის? რადგან იცის, რომ ამ სასამართლოს წააგებს. მინდა მის ოჯახს, მის შვილებს მოვუხადო ბოდიში, იმიტომ, რომ ძალიან რთულია როდესაც 24 საათი ოჯახის წევრზე გესმის - მკვლელი, მკვლელი, მკვლელი, მკვლელი, მაგრამ სანდრო და ირინა... ეს იყო ისტორია, რომელიც ამ ოჯახს შეემთხვა და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და გამპრავებელი ამ მკვლელების მე ვფიქრობ, რომ...

პეტრიაშვილმა ეს  ბრალდებები უარყო. თქვენს გამოცდილებაზე რომ ვისაუბროთ... 10 წლის განმავლობაში რა გამოცდილება მიიღეთ პროფკავშირში და თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში პირველ რიგში რას გააკეთებთ?

პირველ რიგში უნდა დაიცვა ადამიანის შრომის უსაფრთხოება, უნდა დაიცვა მათი უფლებები; უნდა ეცადო, რომ დამსაქმებელთან ყველაფერი გააკეთო, რომ კოლექტიური ხელშეკრულებები დადო, რომ დამსაქმებელს არ ჰქონდეს უფლება თანამშრომელი ერთი ხელის მოსმით გააგდოს სამსახურიდან. 

აი, ვთქვათ, მაღაროში ადამიანები რომ მუშაობენ... არის ბევრი საინტერესო საკითხი, მე ამ პროგრამაზე ვმუშაობ, ჩემთან ერთად  მუშაობს ძალიან გამოცდილი გუნდი.  ჩვენი მოსვლით პროფკავშირში ახალ სიცოცხლეს შევიტანთ. პროფკავშირი იქნება გახსნილი, არ იქნება ჩაკეტილი.

 ახლა ეს ორგანიზაცია არის ჩაკეტილი. არავინ იცის, რა ხდება პროფკავშირში. პროფკავშირის წევრებმა უნდა იცოდნენ, რა ქონებას ფლობს პროფკავშირი, რა უფლებები აქვს და ა.შ.  მე ვსვამ კითხვას - დაინტერესდით, რა ქონება გაყიდა პეტრიაშვილმა 2005 წლიდან 2017 წლამდე. მილიონობით ქონება შეჭამა. 

ეს აქციები ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც შენ გირჩევენ თავმჯდომარედ და ხარ პროფკავშირების ხელმძღვანელი, იცავ პროფკავშირის უფლებებს, არ უნდა მიიყვანო საქმე შიმშილობამდე, გაფიცვამდე. ყველაფერი უნდა გაკეთო, რომ მოაგვარო, რამდენადაც რთულიც არ  უნდა იყოს ეს. 

სოლიდარობის რომელ აქციებში მონაწილეობდით?

მე ვმონაწილეობდი თეატრების აქციებში და ხელოვანი ადამიანების აქციებში.  პეტრიაშვილის აქციებში მონაწილეობა არასდროს  მიმიღია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ფულის აღებით სრულდებოდა.  რაღაც „სტრანნად“ მეჩვენება რკინიგზის წინ ბიჭები 15 დღე შიმშილობდნენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ეს კი მივიდა და თქვა, რომ აქცია უნდა დავამთავროთ. არანაირი შედეგი ამ აქციას არ მოუტანია. რკინიგზის ხელმძღვანელობა ეუბნებოდა მათ, რომ წამოსულიყვნენ დიალოგზე. ამ ახალგაზრდების შიმშილმა რამე შედეგი გამოიღო?

პროფკავშირების გარდა, სოლიდარობის აქციებს მართავდნენ სტუდენტური გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ტყიბულში, ქსანში, ზვარეში და ა.შ.

გასაგებია, მე ყველას პატივს ვცემ... ჩემთან კულტურის პალატაში უამრავი სტუდენტური გაერთიანებაა და მე ამ ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემ,[u2] ეს არის ახალგაზრდა თაობა, რომელიც მომავალი საქართველოს ისტორიას წერს. არ მინდა ეს ახალგაზრდები პეტრიაშვილის ბინძურ თამაშებში იყვნენ ჩართული.

ის ადამიანები, ვინც მუშებს სოლიდარობას უცხადებდა, პეტრიაშვილის „ბინძურ თამაშებში“ იყვნენ ჩართული?

არა, ყველა არა. ეს გულანთებული ახალგაზრდებია. მე მოგცემთ მათ ტელეფონის ნომრებს, ვინც ჩემთან იყვნენ მოსული. აგერ იდგნენ „ფრეკოს“ წინ და 1 კვირის შემდეგ დაშალეს.

რომელი იყო პეტრიაშვილის დადგმული?

თითქმის ყველა. მაგალითად, როდესაც ჭიათურაში ეს უბედურება მოხდა, მე, როგორც ხელოვნების პროფკავშირმა, ჩემი აზრი დავაფიქსირე და სოლიდარობა გამოვუცხადე დაღუპულთა ოჯახებს. ამ დროს ბაქოში ვიყავი, საქართველოში არ ვიმყოფებოდი.

„ფრესკოს“ გარდა, იყო აქცია ტყიბულში, ზვარეში, ქსანში, ჭიათურში...

გასაგებია, გასაგებია, მე ყველა ამ აქციის მონაწილეს მივმართე და სოლიდარობა გამოვუცხადე. ზოგს ტელეფონზე დავურეკე, ზოგს წერილი გავუგზავნე. ჩემს კოლეგებს უმეტესად ტელეფონით ველაპარაკები. ვიცი, იქ, იმ სიტუაციაში ძალიან ბევრი ჩემი ახლობელიც იყო.  

რამდენად ხშირად მონაწილეობდით სოლიდარობის აქციებში?

იმ აქციებში ვმონაწილეობდი, რომელშიც მონაწილეობასაც მე ვთვლიდი საჭიროდ.

ტყიბულში მონაწილეობას საჭიროდ არ მიიჩნევდით?

პეტრიაშვილისგან ხართ მოგზავნილი?

ვცდილობ, კრიტიკული კითხვები დავსვა. ტყიბულში მიმდინარე ამბებს მე ვაშუქებდი და განსაკუთრებით მაინტერესებს.

მაგ პერიოდში ბაქოში ვიყავი. მე სოლიდარობა გამოვუცხადე ოჯახებს. პეტრიაშვილი ყოველთვის ყველასთან ვაჭრობდა. წადით გაიკითხეთ, ფეროში როგორ ვაჭრობდა, რამდენი ფული გამოსძალა დამფუძნებელს; გაიკითხეთ, მე გეუბნებით ახალ ამბებს: როდესაც ადამიანი პროტესტს გამოთქვამს და შიმშილობს, ძალიან ვწუხდები და თანავუგრძნობ ამ ადამიანს, ყველა ინტერვიუში 9-ჯერ თანავუგრძნობ ასეთ ადამიანებს და ვცდილობ, მათ გვერდით ვიყო, მაგრამ არის საკითხები, რომელიც პროკურატურის გასარჩევია. მან ისე დაშალა აქციები და ისე „სტრანნად“ გაუშვა ეს საწყალი ადამიანები, რომლებიც კვირაობით იდგნენ, რომ ახლა ეკითხებიან - ბატონო ირაკლი, საკითხი ხომ არ გადაწყვეტილა, რატომ უნდა დავიშალოთ?  ჩნდება ეჭვი, რომ რაღაცა გარიგება მოხდა, პროფკავშირი...  

ინტერვიუს ჩაწერა თქვენი გამოცდილების გასაცნობად გადავწყვიტეთ...

მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს: ჩვენ გავიმარჯვეთ ოპერასთან; ჩვენ მოვუგეთ თოჯინების თეატრს და სამსახურში აღვადგინეთ დაახლოებით 20 ადამიანი, რომლებიც დირექტორმა უკანონოდ მოხსნა. კინწურაშვლის გადაყენებაც ჩემი და ჩემი გაერთიანების დამსახურებაა. ახლა აქციები მთავარი არ არის. მუშა არ უნდა მიიყვანო რომ ის დაიღუპოს. შენ (პროფკავშირის წარმომადგენელი) დილიდან საღამომდე უნდა იყო იქ.

სად არის დამსაქმებლის პასუხისმგებლობა?

დამსაქმებლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს და პროფკავშირის ლიდერისაც, იმიტომ, რომ პროფკავშირის ლიდერი ყოველდღიურად უნდა იყოს საქმის კურსში და უნდა ამოწმებდეს, რაღაც ჯგუფი უნდა არსებობდეს.

აქვს თუ არა ბერკეტი პროფკავშირის ლიდერს, რომ შეამოწმოს სამუშაო ადგილი?

აუცილებლად. რომ გამოდის და ყვირის და წივის, რატომ არ უნდა ჰქონდეს? პეტრიაშვილი ყოვეთვის ლაპარაკობდა ულტიმატუმის ენით, ევაჭრებოდა საზოგადოებას, ამიტომ, რამდენადაც რთული არ უნდა ყოფილიყო, პეტრიაშვილს უნდა ჰქონოდა ურთიერთობა დამსაქმებელთან და სცოდნოდა ის პირობები, რომელშიც მუშაობს დასაქმებული ადამიანი, მისი პროფკავშირის წევრები.

[პროფკავშირის წარმომადგენელს არ აქვს უფლება შეამწომოს სამუშაო ადგილი. ამის უფლებას კანონმდებლობა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს აძლევს, ისიც მხოლოდ დამსაქმებლის ნებართვის საფუძველზე].

თქვენს წინასაარჩევნო კრიტიკულ გამოსვლებში არცერთხელ არ გისხენებიათ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები და ა.შ. რას ფიქრობთ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტზე?

პეტრიაშვილმა დაიწყო ბინძური კამპანია. შრომის ინსპექცია, ადამიანების დასაქმება, ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის - ამის შესახებ ჩემს პროგრამაში, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეებში მექნება, ვილაპარაკებ.

როგორია თქვენი პოზიცია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურია ის?   

არ არის ეფექტური, უნდა შეიცვალოს. მე თავშიც ვახსენე, ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს უსაფრთხოების შემოწმება, რა პირობებში უწევთ მუშაობა მეშახტეებს, მეტალურგებს. ეს უნდა შეიცვალოს, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.  როგორ უნდა შეიცვალოს - ამაზე პროგრამაში ვისაუბრებ.

მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ყოველდღიურად არ მოწმდება სამუშაო ადგილი?

შრომის ინსპექციას ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შრომის პირობები უნდა გადაიხედოს. თუ, ვთქვათ, დამსაქმებელი ეუბნება მუშას, რომ შენ სამსახურს ვერ მორჩი, მე კიდევ მაქვს რაღაც გასაკეთებელი და დარჩი, რასაკვირველია, ესეც უნდა იქნეს ანაზღაურებული. დასვენების პირობებიც სხვანაირი უნდა იყოს. მუშამ უნდა დაისვენოს ერთი საათის განმავლობაში. ასეთი უნდა იყოს ინსპექცია. შეიძლება ყოველდღიური არ იყოს, მაგრამ ყოველთვიურად უნდა მოხდეს ამის შემოწმება.

ალბათ გეცოდინებათ, რომ „შრომის უსაფრთხოების“ კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. ადევნებთ თუ არა თვალს ამ განხილვებს?

ამას ადევნებენ თვალს ის ადამიანები, რომლებიც ჩემს პროგრამაზე მუშაობენ. მე რაღაცებზე მაქვს ჩემი მოსაზრება, შენიშვნებსაც გავაგზავნი.

იქნებ ჩვენც გაგვიზიაროთ შენიშვნები.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი პარლამენტი მიიღებს იმ დადგენილებას და განიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია დასაქმებული ადამიანისთვის.

გაქვთ თუ არა ინფორმაცია, კანონით რამდენია ხელფასის მინიმალური ზღვარი?

მაგალითად, მუსიკის პედაგოგების ხელფასი არის 120-130 ლარი. ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს და ხელფასები უნდა გაიზარდოს. როდესაც ადამიანი მუშაობს იმაზე მეტს, რაც მას კანონით ეკუთვნის, დამსაქმებელმა უნდა დაამატოს თანხა. დასაქმებული ადამიანი პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

რასაკვირველია, ყველას უნდა, რომ გაიზარდოს ხელფასი. პირველ რიგში, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, რაც მე ოფიციალურად შემომაქვს - პროფკავშირის წევრი, რომელიც იხდის საწევროს, როდესაც ის გავა პენსიაზე 50% მას უკან დაუბრუნდება. მე აუცილებლად შევქვმნი საპენსიო ფონდს.

პროფკავშირის წევრები დაისვენებენ იმ სანატორიუმებში, რომელიც იქნება პროფკავშირის, შეღავათიან ფასებში. ზოგ პანსიონატში შეიძლება საერთოდ უფასოდაც, გააჩნია ოჯახის წევრების რაოდენობას. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს უფასო. მე ამას მივაღწევ. და მთავარი - ყველა დარგობრივი პროფკავშირი გათავისუფლება იმ გადასახადებისგან, იმ ხარკისგან, რომელსაც პეტრიაშვილი იღებს ჩვენგან. წამრმოგიდგენიათ,  მე ვზივარ იმ შენობაში და ვმუშაობ და რომ ვზივარ,  300 თუ 400 ლარს ვიხდით თვეში იმ ოფისში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე აუდიტთან ერთად შევალ პროფკავშირში. არ ვაპირებ კრიმინალებისთვის ხელის დაფარებას. ჩემი მიზანი იყო, გამეშიშვლებინა და საზოგადოებისთვის დამენახებინა, თუ რა არის პროფკავშირი. მინდა, რომ პროფკავშირში ბევრი ახალგაზრდა დაბრუნდეს, რომლებმაც უსამართლობის გამო დატოვეს პროფკავშირები. მინდა, რომ გრანტების თემა გახდეს საჯარო, იმიტომ, რომ უამრავი გრანტი შემოდის და სად მიდის და რას ხმარდება, კაციშვილმა არ იცის.

რა მექანიზმებს გამოიყენებთ პროფკავშირის წევრების დასაცავად, თუ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე გახდებით? 

დამსაქმებელთან ყოველდღიური ან ყოველკვირეული ურთიერთობა მექნება; ყველა საწარმოში მეყოლება მიმაგრებული ადამიანების ჯგუფი; ყოველ კვირაში ყველა საწარმოდან მეცოდინება, რა პირობებში უწევთ მუშაობა მუშებს, მათი უფლებები ხომ არ დაირღვა; შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში ივლიან და შეამოწმებენ თბილისსაც და რეგიონებსაც, საწარმოებში რა პირობებში უწევთ მუშაობა პროფკავშირებს. ეს იქნება 4-5 მობილური ჯგუფი. მზად ვარ, ვიმუშაო იმ დარგის ხელმძღვანელებთან, რომლებიც დღეს პროფკავშირში არიან, იმიტომ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან. ბევრი, რასაკვირველია, შეცდომაშია შეყვანილი და ყველა ვუნდერკინდი არ არის

თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენ ხელისუფლების მიერ ხართ მართული. რამდენად დამოუკიდებელი თავმჯდომარე იქნებით?    

მე რომ ხელისუფლებისგან ვიყო მართული, პეტრიაშვილი დღეს იქნებოდა ციხეში. და შევიდოდი ზუსტად ისე, როგორც შევიდა პეტრიაშვილი - სიგარეტით ტრიბუნაზე, ჩაქუჩით, ელექტრო „სვარკით“. ეს კადრები არსებობს ჩემს ფეისბუკზეც და ოფიციალურად... ხელისუფლება რომ მხარს მიჭერდეს, ჩვენ ამ მეთოდებით გადმოვაგდებდით პეტრიაშვილს. თვითონ როგორ შევიდა და როგორ ჩაიგდო მონოპოლია გაუკეთა ამ პროფკავშირს 2005 წლიდან, ეს მისი მეთოდია. ირმა ინაშვილი და კიდევ სხვა ოპოზიციური პარტიები არ არიან ხელისუფლება. ქალბატონმა ირმამ და ბევრმა ადამიანმა საჯაროდ დამიჭირეს მხარი. რადგან, დამთავრდა... ბრეჟნევი ხომ არ არის.

თქვენ ახლო ურთიერთობა გაქვთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან?

რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი პროფკავშირებთან, პეტრიაშვილს ვის ოჯახთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა? მკვლელებთან, ზონდერებთან?

თქვენ უწოდებთ მკვლელს, მაგრამ მან გამოაქვეყნა წერილი, სადაც თქვენ ერთი თვით ადრე მიმართავთ და სთხოვთ, რომ ისევ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

ეს იყო კონფლიქტის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. ეს იყო მოთხოვნა ყველა დარგისთვის და მას იურიდიული ძალა არ ჰქონია. მე არ ვძაბავდი სიტუაციას. ყველა დარგის პროფკავშირს სთოხვდა, რომ მხარს ვუჭერთ ირაკლი პეტრიაშვილს, რომ კვლავ იყაროს კენჭი. ჩემს დარგში არიან ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები და ყოველთვის ხდებოდა ამ ადამიანებზე ზეწოლა. მე ახლა ამ წერილისთვის რომ ხელი არ მომეწერა, მერე იტყოდნენ, რომ აი...  შეიძლება ოთახებიდანაც გამოვეყარეთ მაგას, ისეთი ზონდერები ჰყავდა. ახლაც შემიძლია გავუგზავნო წერილი, ოღონდ სხვა ტექსტს დავწერ, ამას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^