Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა კავშირია ბოლოდროინდელ ქარიშხლებსა და კლიმატის ცვლილებას შორის?

14 სექტემბერი 2017

მაშინ, როცა ტეხასი ქარიშხალ „ჰარვის“ მიერ მიყენებული ზიანისგან მოსულიერებას იწყებს, სამხრეთ-აღმოსავლეთი შტატები კი ქარიშხალ „ირმას“ გარდაუვალი მოსვლისთვის ემზადება, ადამიანებს ბუნებრივად უჩნდებათ კითხვა: რა როლს შეიძლება თამაშობდეს ამ ყველაფერში ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება?

მეცნიერები მზად არიან, ჩაერთონ ამ დისკუსიაში, მაგრამ ხშირად განსხვავებულ პერსპექტივებში განიხილავენ მოპოვებულ მონაცემებს, რასაც ზოგჯერ უფრო მეტი გაურკვევლობა შემოუტანია, ვიდრე წინსვლა. პრობლემის ერთ-ერთი ნაწილი ისაა, რომ არსებობს ამ პრობლემასთან მიდგომის, სულ მცირე, ორი ფუნდამენტურად განსხვავებული გზა, რომელიც განსხვავებულ ფილოსოფიურ მიდგომებს ასახავს.

პირველი მიდგომა გულისხმობს მარტივი ფიზიკური პროცესების მუშაობის ახსნას და მათი სავარაუდო როლის განსაზღვრას. არსებობს კონკრეტული და  უდავო კავშირები, რომლებზეც შეგვიძლია დაუყოვნებლივ ვისაუბროთ, ვინაიდან  ისინი უკვე გამოკვლეულია უფრო ზოგადად, ვიდრე კონკრეტულ ქარიშხალთან მიმართებაში.

მაგალითად: სხვა არაფრის თქმა რომ არ შეგვეძლოს, ჩვენ მაინც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზღვის დონის მატებამ წვლილი შეიტანა ბოლოდროინდელ, დიდ ქარიშხლებთან დაკავშირებულ დატბორვებში - 2012 წლის სუპერქარიშხალ სენდის შემთხვევაში დაახლოებით ერთი ფუტი (30 სანტიმეტრი) ნიუ-იორკის ბატერი პარკში  და დაახლოებით ნახევარი ფუტი (15 სანტიმეტრი) ქარიშხალ ჰარვის შემთხვევაში. ამ ერთი შეხედვით უვნებელმა, ერთფუტიანმა მატებამ ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის სანაპიროებზე „სენდის“ მსგავსი 14-ფუტიანი (500 სანტიმეტრი) შტორმული მოქცევა ბევრად უფრო შესაძლებელი გახადა და 25  კვადრატულ მილზე (40 კილომეტრი) მეტი ფართობის დატბორვამდე და რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალამდე მიგვიყვანა.

რას ვიტყვით ამ ქარიშხლების მზარდ ძალაზე? მეცნიერება აქაც სამართლიანად კატეგორიულია.

მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა  უფრო მეტ ტროპიკულ ქარიშხალს (სამეცნიერო საზოგადოებაში მიმდინარე კვლევის საკითხი) ჩვენ ვიცით, რომ უძლიერესი ქარიშხლები კიდევ უფრო ძლიერდებიან: ქარის სიჩქარის - დაახლოებით რვა მეტრი წამში ზრდით და დათბობით - ცელსიუსის ერთი გრადუსით.  ასე რომ, არ უნდა იყოს დამთხვევა, რომ თითქმის ყველა უძლიერესი დარეგისტრირებული ქარიშხალი (განისაზღვრება ქარის სტაბილური სიჩქარეებით)  ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა. უფრო ძლიერი ქარიშხალი ნიშნავს არა მხოლოდ უფრო ძლიერ ქარს, არამედ უფრო დიდ შტორმულ მოქცევას სანაპიროს უფრო დიდი ფართობის დატბორვით.

გარდა ამისა, ოკეანის უფრო თბილი ზედაპირი ნიშნავს მეტ ნესტს ატმოსფეროში. ატმოსფერული დინამიკის ფუნდამენტური კანონი, რომელიც ცნობილია, როგორც კლასიუს-კლაპეირონის განტოლება, აღწერს 7 პროცენტით მეტ ნესტს ჰაერში, ზღვის ზედაპირის ტემპერატურის (SST)  ყოველ ერთ  გრადუს ცელსიუსით მომატებაზე. ზღვის ზედაპირის გლობალური ტემპერატურები დღეს უმეტესად მომატებულია ცელსიუსით ნახევარ გრადუსზე მეტით. ამის შედეგად, ისეთი ადგილები,  სადაც ზღვის ზედაპირის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აღემატება ნორმალურ მაჩვენებელს, უფრო ხშირად გვხვდება. ზღვის უჩვეულოდ თბილმა ზედაპირის ტემპერატურამ წვლილი შეიტანა ქარიშხალ „ჰარვის“ და 2011 წლის ქარიშხალ „ირენის“ დატბორვის სიძლიერეში.

სხვა კავშირები უფრო შეუმჩნეველია. ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც  „ჰარვის“ და „ირენის“ მიერ რეკორდული დატბორვა განაპირობა,  ამ ქარიშხლების ნელი გადაადგილება იყო. რამაც გამოიწვია მუდმივი წვიმა, შესაბამისად, აღმოსავლეთ ტეხასსა და ნიუ-ინგლენდში.  ქარიშხლების ნელ მოძრაობას ხელი შეუწყო მაღალი წნევის სუბტროპიკული რეგიონის გაფართოებამ სამხრეთ შტატებში და ჩრდილოეთისკენ გადანაცვლებულმა „ჯეთ სტრიმმა“, ისეთმა ფაქტორებმა, რაც კლიმატის მოდელის სიმულაციებმა იწინასწარმეტყველა, როგორც ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგი. გარდა ამისა, არსებობს ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომ არქტიკის დათბობამ შესაძლოა ხელი შეუწყო შუა განედის ამინდის სისტემების გაშეშებას (Stalling), თუმცა ეს ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

ადამიანის საქმიანობას და ექსტრემალურ ამინდს შორის კავშირის გაგების მეორე მიდგომა გულისხმობს ერთგვარი კლიმატოლოგიური დანაშაულის გამოძიებას - კლიმატური მოდელების სიმულაციების გაშვება ადამიანის მიერ გამოწვეული სათბურის აირების ზრდის გათვალისწინებით და გაუთვალისწინებლად. ამის მიზანია, განვსაზღვროთ ტენდენცია და მივაბათ მას  ფენომენი, რომელზეც მიდის საუბარი. სულ ცოტა ხნის წინ  კლიმატის მეცნიერებს ჰქონდათ დევიზი „შენ არ შეგიძლია, ყოველი ექსტრემალური მოვლენა გლობალურ დათბობას მიაკუთვნო“. 

თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა დაიწყეს ამ დევიზის გამეორება, მეცნიერება იმგვარად წავიდა წინ,  რომ უკვე შეგვიძლია ცალკეული მოვლენები გლობალურ დათბობას ალბათური აზრით მივაკუთვნოთ. მაგალითად, თუ  სტეროიდებზე მყოფი ბეისბოლის მოთამაშე ოცი პროცენტით მეტ ქულას იღებს, ჩვენ არ შეგვიძლია ცალკეული ქულა სტეროიდებს მივაწეროთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ სტეროიდებმა ამ ქულის მიღების ალბათობა 20 პროცენტით გაზარდა. ზემოთ განხილული ზოგიერთი ფიზიკური პროცესის შემთხვევაში მზარდი ნახშირორჟანგი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც სტეროიდები ქარიშხლისთვის.

დღეს მეცნიერები ყოველდღიურად აფასებენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა გლობალურმა დათბობამ ექსტრემალურ ამინდზე. მაშინ, როცა ეს კვლევები განსხვავებულ მიდგომებს იყენებს, ყოველი მათგანი ითვალისწინებს ორ სამყაროს: ერთია ჩვენი უშუალო სამყარო სათბურის გაზების ადამიანის მიერ გამოწვეული მატებით და შესაბამისი დათბობით; ხოლო მეორე სამყაროა სათბურის აირების არსებული დონის გარეშე. უმეტესობა იყენებს რთულ კომპიუტერულ მოდელირებებს, მაგრამ ზოგი უბრალოდ ადარებს დღევანდელ მდგომარეობას წინა წლებისას, როცა სათბურის აირების დონე დაბალი იყო. ზოგი აფასებს ალბათობების ცვლილებას,  სხვა კი სიძლიერის ცვლილებას, რაც ხანდახან შედეგების შეფასებას ართულებს. ერთ-ერთი დაბრკოლება არის, რომ გლობალური დათბობის კონკრეტულ მოვლენებზე გავლენის მეცნიერულ შეფასებას თვეები მიაქვს. თუმცა  მკვლევართა ზოგიერთი ჯგუფი  ამ დაბრკოლების გადალახვას ცდილობს.

ეს მიდგომები არ არის შეუთავსებელი ან ურთიერთგამომრიცხავი. მართლაც, ფილოსოფიური თვალსაზრისით ისინი ავსებენ ერთმანეთს. მარტივი ფიზიკიდან გამომდინარე მსჯელობამ შეიძლება გამოტოვოს შეუმჩნეველი გართულებები და უკუკავშირები. მაგალითად მაშინ, როცა კლაუსიუს-კლაპეირონის განტოლება ვარაუდობს დაახლოებით 7 პროცენტით მეტ ნესტს ჰაერში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის თითოეული გრადუსი ცელსიუსით ზრდაზე, ის მხედველობის მიღმა ტოვებს სხვა შესაძლო გამაძლიერებელ ფაქტორებს. მეტი ნესტი ნიშნავს მეტ ლატენტურ დათბობას, პოტენციურად უფრო ძლიერ ქარიშხალს, მეტი კონვექციით და ჰაერის ნაკადის ზემოთ ასვლის გაძლიერებით,  რაც კიდევ უფრო მეტ წვიმას განაპირობებს.

ამავე დროს, მიკუთვნებითი, ატრიბუციული მიდგომა ეყრდნობა მხოლოდ კლიმატური მოდელის შესაძლებლობას, დაადგინოს ყველა ფიზიკური პროცესი, რომელსაც შეუძლია დააკავშიროს კლიმატის ცვლილება და ექსტრემალური ამინდი. ზოგი ფიზიკური პროცესი ძალიან შეუმჩნეველია და მისი სრულად დაფიქსირება არსებულ მოდელებში შეუძლებელია. (მაგალითად, ატმოსფეროს ცვალებადი ქცევის კავშირი  არქტიკული ზღვის ყინულის შემცირებასთან). ასეთ შემთხვევებში უარყოფითი შედეგი, კლიმატის ცვლილებასთან კონკრეტული მოვლენის შეცდომით დაკავშირება, შესაძლოა უბრალოდ ასახავდეს მიდგომის შეზღუდულობას, ვიდრე რეალური ფიზიკური კავშირის არარსებობას.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა იარაღი რაც კი ხელსაწყოების ყუთში გვაქვს, იმისთვის რომ  მივუდგეთ მეცნიერულ საკითხებს. თუმცა არაგონივრული იქნება იმის  დასკვნა, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ფორმალურ გამოაშკარავებას და ატრიბუციის კვლევებს მანამდე, ვიდრე შევძლებთ რამე ვთქვათ ქარიშხლებზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ, იმ დროს როცა ეს ქარიშხლები მძვინვარებს. არსებობს ბევრი რამ, რაც ფიზიკიდან  ვიცით  და ჩვენ მტკიცედ და დაუყოვნებლად უნდა განვაცხადოთ ამის შესახებ. ვინაიდან ამას შეუძლია საკითხის არსში გაარკვიოს ადამიანები და მითითებები მისცეს მათ, ვინც რეაბილიტაციის და მომავლის დაგეგმვის პროცესში არიან.

მომზადებულია blogs.scientificamerican.com-ის მიხედვით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ნოემბერი
23 ნოემბერი

საბირქენდში 40 ბავშვი გაუსაძლის პირობებშ ...

„წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის. ზამთარში კლასში იმდენად ცივა, რომ  გაჩერება შუეძლებელია. თითოეულ კლას ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

კოილი: საქართველოს გაერთიანებისთვის მოთმ ...

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს არაფრის გაკეთება შეუძლია. რუსეთის არმია დღეს 10-ჯერ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

გამოხატე, არ ტეხავს!

რა შეიძლება გაწუხებდეს შაბათ დილით ახალგაღვიძებულ რაგბის ქომაგს?! თუ ჩემი იღბლიანი გუნდელებივით უკვე კარდიფში ხარ - ალბ ...

მეტი

^