Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღმოჩენა “არაფრის” შესახებ, რას გვეუბნება ახალს ძველისძველი ინდური ტექსტი?

18 სექტემბერი 2017

სიმბოლო „0“ ყოველი ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ციფრი და ამავდროულად,  მათემატიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი  კონცეპტუალური აღმოჩენაა, ამ დრომდე მისი წარმოშობის საკითხი  საკმაოდ ბუნდოვანი იყო. 

დღეს მეცნიერებმა დაადგინეს,  რომ ნული 5 საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე  გვეგონა. ბაქშალის ხელნაწერი, რომელიც არყის ხის ქერქის 70 ფოთლისგან შედგება, სავსეა მათემატიკური ჩანაწერებით და სანსკრიტზე დაწერილი ტექსტებით.  „ეს უნდა ყოფილიყო   სახელმძღვანელო ბუდისტი ბერებისთვის“ ,- ამბობს მარკუს დუ სოტოი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი.

ხელნაწერს, რომელიც პირველად 1881 წელს ადგილობრივმა ფერმერმა  დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე იპოვა, იმ სოფლის სახელი დაერქვა, რომელშიც ის აღმოაჩინეს. 1902 წლიდან იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში ინახებოდა.

სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა რადიონახშირბადული მეთოდით დაათარიღეს ხელნაწერი, რამაც  საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები გადაატრიალა.  მეცნიერები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ხელნაწერი მეცხრე საუკუნის იყო, მაგრამ, როგორც დათარიღების მეთოდმა აჩვენა, მისი ყველაზე ძველი გვერდები  მესამე და მეოთხე საუკუნის შუალედებშია დაწერილი.  ეს ნიშნავს, რომ ხელნაწერი უფრო ძველია, ვიდრე მეცხრე საუკუნის წარწერა გვალიორის ციხესიმაგრის კედელზე, რომელშიც აქამდე ნულის ყველაზე ძველი გამოსახულება ეგულებოდათ.  

ტექსტში არის რამდენიმე ასეული ნული, რომელიც აღნიშნულია წერტილით. მას  მოგვიანებით  შუაში ნახვრეტი დაემატება და იმ საბოლოო სიმბოლოს სახეს შეიძენს, რომელსაც დღეს ყველა ვიცნობთ. წერტილი თავდაპირველად გამოიყენებოდა როგორც ჩამნაცვლებელი. ისევე,  როგორც „0“ გამოიყენება რიცხვ 505-ში ათეულის არარსებობის აღსანიშნად. ის  ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი რიცხვი.

ნულის, როგორც ჩამნაცვლებლის გამოყენება გვხვდება სხვადასხვა კულტურაში, როგორებიცაა მაია და ბაბილონი. მაგრამ მხოლოდ ინდურმა ნულმა შეძლო საბოლოოდ ჭეშმარიტი რიცხვის სტატუსის მოპოვება, რომელიც პირველად  628 წელს ინდოელმა ასტრონომმა და მათემატიკოსმა ბრაჰმაგუპტამ აღწერა.

„ზოგიერთი იდეა, რომელსაც დღეს მოცემულობად აღვიქვამთ, ვიღაცის შეშლილ გონებას უნდა მოეფიქრებინა;  რიცხვები იმისთვის არსებობენ, რომ საგნები დავთვალოთ და თუ არაფერია დასათვლელი, რატომ დაგვჭირდა ასეთი რიცხვი?“ - ამბობს დუ სოტოი. ნული, თავდაპირველად მკრეხელობად მიჩნეული ცნება, ნებადართული გახდა  მათემატიკური ანალიზის განვითარებისთვის  და საფუძვლად უდევს  ციფრულ ეპოქას. „მთელი თანამედროვე ტექნოლოგია აგებულია რაღაცის და არაფრის იდეაზე“, - დასძენს ის.

ნულის, როგორც მათემატიკური კონცეფციის, სწორედ ამ რეგიონში განვითარება შესაძლოა შთაგონებული ყოფილიყო სიცარიელის ჭვრეტის ხანგრძლივი ფილოსოფიური ტრადიციით, და  ეს პასუხს გვაძლევს იმაზეც, თუ რატომ დასჭირდათ ევროპელებს უფრო მეტი დრო ნულის ასათვისებლად. დახვეწილი გეომეტრიისა და მათემატიკის მიუხედავად, ძველ ბერძნებს ნულის კონცეფცია არ გააჩნდათ.

„ეს გამომდინარეობს კულტურიდან, რომელიც მიჩვეულია სიცარიელეზე ფიქრს,  და უსასრულობაზე განსჯას. ამაღელვებელია იმის აღმოჩენა, რომ კულტურა დიდ როლს თამაშობს მათემატიკურ აღმოჩენებში.  მაშინაც კი, როცა  ნული გააცნეს, ევროპელები დიდ ხანს ვერ ხვდებოდნენ, რისთვის სჭირდებოდათ არაფრის აღმნიშვნელი რიცხვი“.

ხელნაწერი საჯარო გახდება ოთხ ოქტომბერს ლონდონის მეცნიერების მუზეუმში დიდი გამოფენის - „ინდოეთის გაშუქება: მეცნიერების და ინოვაციის 5000 წელი“ ფარგლებში. 

მომზადებულია newscientist.com და theguardian.com - ის მიხედვით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^