Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ზღვარი არსებობს სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობისას

25 სექტემბერი 2017

მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის 146-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე ანექსირებული ყირიმის ბანაკ „არტეკში“ გაემგზავრა.

ქართველი მოსწავლეების ყირიმში გამგზავრების თაობაზე ინფორმაცია 21 აგვისტოს რუსულმა სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსწავლეები ბანაკში „რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით“ გაემგზავრნენ. გამოცემასთან ინტერვიუში სკოლის მოსწავლეები ამბობდნენ, რომ ბანაკის  შესახებ ინფორმაცია სკოლის რუსული ენის პედაგოგისგან შეიტყვეს. იქ წასასვლელად გაიარეს კონკურსი, რომელიც პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა ჩაატარა. საერთაშორისო შეკრება არტეკში 7-27 აგვისტოს გაიმართა. ბანაკის ორგანიზატორი რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი რუსული ენის საბჭოა.

„სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ“, - ასე გამოეხმაურა მოსწავლეების გამგზავრებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ფაქტის მოკვლევა დაიწყო.

სპეციალისტები განათლების საკითხებში ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში „რუსული რბილი ძალის“ სახიფათო გავლენაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი განმარტებით, სკოლების ავტონომია, თავისუფლად ითანამშრომლონ საზოგადოებასთან, იმავდროულად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს სკოლის ადმინისტრაციას, რომ არ დაზარალდეს მოსწავლეთა ინტერესები და ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს მათზე. 

სკოლა, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტი თანამშრომლობს საზოგადოებასთან. ეს თანამშრომლობა პოზიტიურ გავლენას ახდენს, როგორც სკოლაზე, ასევე იმ სათემო ჯგუფზე, რომელთანაც თანამშრომლობს, ვინაიდან სკოლას, არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სოციალური ფუნქციაც აკისრია. ამდენად, მისი მიზანი შესაძლოა თემის განვითარებაც იყოს. თუმცა, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ  ამ თანამშრომლობის გზაზე სკოლის ადმინისტრაცია, გარდა პოზიტიური გავლენისა, უნდა იაზრებდეს და ხედავდეს შესაძლო რისკებს, რომლებიც ამ თანამშრომლობას ახლავს თან.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ დღის წესრიგში დგას საგანმანათლებლო სისტემაზე  რუსული „რბილი ძალის“ გავლენა. ქართველი მოსწავლეების ბანაკ „არტეკში“ გამგზავრება კი ამ უკანასკნელის თვალნათელი მაგალითია. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ხანებში რუსეთმა შეცვალა თავისი სტრატეგია და აგრესიულ პოლიტიკასთან ერთად ეს ქვეყანა აძლიერებს, ე.წ. „რბილ ძალას“ საქართველოში. პერიოდულად ვიღებთ ინფორმაციას, რომ სკოლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები გარკვეული ტიპის თანამშრომლობას ამყარებენ იმ ორგანიზაციებთან და პროექტებთან, რომლებსაც რუსეთის ფედერალური ფონდები უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლას. ის აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რომელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და რა წყაროებით ფინანსდება ამ ორგანიზაციის პროექტი. ჩვენ წლების განმავლობაში ვიბრძოდით და გვსურს, რომ სკოლა გახდეს დამოუკიდებელი, მაგრამ დამოუკიდებლობა ნიშნავს პასუხისმგებლობასაც. სკოლის ადმინისტრაცია უნდა იაზრებდეს, ამ თანამშრომლობით რა სარგებელს იღებს და რა სარგებელს გასცემს თემისთვის“, -  ამბობს თამარ მოსიაშვილი.

დარგის სპეციალისტების შეფასებით კი, ამ შემტხვევაში კონფლიქტის ზონაში გამგზავნებითა და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით საფრთხე დაემუქრა მოსწავლეების უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. 

სკოლა უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს. განათლების ეროვნული მიზნების თანახმად, ის უნდა ასწავლიდეს მოსწავლეს როგორც საკუთარი, ისე საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების გააზრებას. „ეჭვი მეპარება, რუსული პროპაგანდის გულში გაგზავნით მოსწავლეებს ეს კომპეტენციები განუვითარდეს“, - ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია და განმარტავს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ უნდა გააცნობიეროს, რომ განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაზე არამხოლოდ სკოლა, როგორც ორგანიზაცია, არამედ რიგითი მასწავლებელიც ისევეა პასუხისმგებელი, როგორც სკოლის ადმინისტრაცია ან პოლიტიკოსები.

„სისტემას ირიბად ეკისრება პასუხისმგებლობა, ვინაიდან ვერ გააგებინა მასწავლებლებს, რატომ არის ცუდი „არტეკის“ ბანაკში მოსწავლეების გამგზავრება. „არტეკი“ იყო იდეოლოგიური მანქანა ახალგაზრდა საბჭოთა მოქალაქეების გასაზრდელად და ახლა არის იდეოლოგიური მანქანა  ახალგაზრდა რუსეთის მოქალაქეებისა და მისი ინტერესების დამცველი ადამიანების გასაზრდელად. სახელმწიფო არამხოლოდ ირიბად უნდა უშლიდეს ხელს ასეთი შედეგების მიღებას, არამედ პროაქტიულიც უნდა იყოს: უნდა აგებინებდეს სკოლას, რასთან აქვს საქმე; უხსნიდეს, რომელი მედიასაშუალებები, რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სტიპენდიები, უნივერსიტეტები არიან სანდო“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

ერთი მხრივ, სიმონ ჯანაშია ყურადღებას ამახვილებს პასუხისმგებლობაზე, რომელიც სისტემას და სკოლის დირექციას ეკისრება, მეორე მხრივ კი - ამ საკითხის გადაწყვეტის გზებზე.

მისი თქმით, დღესდღეობით პრინციპების დონეზე არ არსებობს თანხმობა - ვისთან შეუძლია/არ შეუძლია სკოლას თანამშრომლობა. არსებობს #837 ბრძანება, რომელიც სკოლის შიგნით ღონისძიებების ჩატარებას არეგულირებს, მაგრამ არა სკოლის მონაწილეობას სკოლის გარეთ არსებულ ღონისძიებებში.

„სამინისტრო არ უნდა ერეოდეს სკოლის გადაწყვეტილებებში. 2000 სკოლა  შეკითხვას არ უნდა უსვამდეს სამინისტროს კონკრეტულ სიტუაციაში მოქცევის შესახებ, მაგრამ მან უნდა იცოდეს პრინციპები, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებას მიიღებს.  #837 ბრძანება თითქოს იცავს სკოლებს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ საერთოდაც არ იცავს. სამინისტროს დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თითქოს ასეთი ორგანიზაციები არც კი მიმართავენ სკოლას, სამინისტროსაც არ აქვს განსაკუთრებული შეზღუდვები მათთვის, პრაქტიკულად ყველას ეუბნება თანხმობას“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში რუსულ „რბილ ძალას“ უნდა დავუპირისპირდეთ. მაგალითისთვის მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება მოაქვს, სადაც საუნივერსიტეტო დონეზე გაჩნდა პროგრამები, რომელიც რუსულ პროპაგანდას შეისწავლის; სტუდენტები იკვლევენ, რა მეთოდებით მუშაობს მედიაში რუსული „რბილი ძალა“. ეს ცოდნა კი საზოგადოებას ეხმარება გაარკვიოს, ვინ ვინ არის, რა ინტერესების საფუძველზე აქვეყნებს ინფორმაციას და ა.შ.

მომხდართან დაკავშირებით, 22 აგვისტოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

„ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებელს, მომავალში მეტი ინფორმაცია მიიღონ და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.

ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად  შეისწავლის, ეს  მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო, თუ - მიზანმიმართული ქმედება“,- ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც. მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ „წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში“.

ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსწავლეები ანექსირებულ ტერიტორიაზე ბანაკში გამგზავრებულიყვნენ, რის გამოც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მათი უსაფრთხოება და თავისუფლება? ვისი ინიციატივა იყო ეს? მოხდა თუ არა აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა დირექტორთან შეთანხმებით? - იურისტი რეზო ხოფერია ფიქრობს, რომ ეს ის ძირითადი შეკითხვებია, რომელზე პასუხიც გამოკვეთს მომხდარზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის ვინაობას და მომხდარის სრულფასოვნად შეფასების საშუალებას მოგვცემს. 

აღნიშნულ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ლიბერალი“ სკოლის დირექტორ ირმა ტყებუჩავას დაკავშირდა, თუმცა მან ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახური მომხდარს სწავლობს, თუმცა მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. 

„რუსული რბილი ძალა“ საქართველოში

„ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია“-მ გასულ წელს პროექტის ანგარიში - „რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში“ გამოაქვეყნა.

ანგარიშში მიმოხილულია ინფორმაცია რუსული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ქართველი პარტნიორების შესახებ; მათ შორის იმ ფონდების შესახებაც, რომლებიც საქართველოში კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობას ახორციელებენ.

„ბოლო დროს რუსეთის ფარგლებს გარეთ, მათ შორის საქართველოში, გააქტიურდა რამდენიმე რუსული ფონდი, რომლებიც დაფინანსებას რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ და მხარს უჭერენ როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ მოქმედ პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. რუსეთის ფედერაციის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილია უკვე შექმნილი ფონდების დაფინანსება, რომელთა ერთ-ერთი მიზანია საზღვარგარეთ „რუსი თანამემამულეების“ მხარდაჭერა. დეკლარირებულ დონეზე მხარდაჭერა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების გამართვას გულისხმობს, რეალურად კი - რუსეთის ფედერაციის მთავრობის პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდასაჭერად შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის შექმნასა და განმტკიცებას“,- ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.

მაგალითისთვის, ანგარისში მოტანილია ინფორმაცია „გორჩაკოვის ფონდის“ შესახებ. ფონდი 2010 წელს შეიქმნა. ფონდის მისიაა: საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების მხარდაჭერა; საჯარო დისკუსიებში მონაწილეობა და საზღვარგარეთ რუსული მედიის დახმარება.

გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით 2013 წელს საქართველოში „რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი“ შეიქმნა. მისი მხარდამჭერია საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. ცენტრს თავდაპირველად ისტორიკოსი ზაალ (ზაზა) აბაშიძე, შემდგომ კი - საქართველოს რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ბეჟან ხურციძე ხელმძღვანელობდა.

ასევე, მოტანილია ინფორმაცია ფონდი „რუსული სამყაროს“ (Русский Мир) შესახებ. ფონდი 2007 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი რუსული ენისა და რუსული კულტურის მხარდაჭერა და პოპულარიზებაა, მათ შორის საზღვარგარეთაც. ფონდის ყოველწლიური ბიუჯეტია 750 მილიონი რუბლია, რომელსაც ის სახელმწიფოსაგან იღებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2014 წელს ფონდ „რუსული სამყაროს” მხარდაჭერით საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ღიად პრორუსულმა გაერთიანებამ - „ერეკლე მეორის საზოგადოებამ“ რუსული ენის შემსწავლელი კურსები გახსნა, სადაც 120-მდე მსმენელი მიიღო. აქვე აღნიშნულია, რომ „ერეკლე მეორის საზოგადოების“ მხარდაჭერითა და „რუსული სამყაროს“ დაფინანსებით „საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივმა ჯგუფმა” 2013 წლის 1 თებერვლიდან რუსული ენის უფასო სწავლება გამოაცხადა.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

რას გულისხმობს განათლება მდგრადი განვითა ...

ინკლუზიური, თანასწორი  და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა მდგრადი განვით ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

თანასწორობა განსაზღვრავს ძლიერ ბიზნესს

14-წლიანი პაუზის შემდეგ 4 თვის წინ ლიკა სამსახურში პირველად წავიდა. მოძალადე ქმარს რომ გაშორდა, რთულ, სტრესულ მდგომარეობ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა ...

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა საქართველოში? – „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტ ...

მეტი

^