აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, ჯენი კვანტალიანის მიმართ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
„თურქი მებაჟეებიდან ერთ-ერთმა მათგანმა ხაზი გადმოკვეთა და ხელები გადამიგრიხა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მობილური წამართვა, ცდილობდნენ, რომ ჩემი ოპერატორი გადაეყვანათ და შეეყვანათ მათ მხარეს, რომ უკვე მათი იურისდიქცია ყოფილიყო ძალაში, დამიწყეს ცემა“, - აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი „ლიბერალთან“ საუბარში.
დღეს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე აცხადებდა, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადაკვეთა ვერ მოახერხეს. მოქალაქეები მებაჟეთა მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობდნენ. აღნიშნული ამბის გადასამოწმებლად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი ოპერატორთან ერთად ცდილობდა საზღვრის გადალახვას.
ვრცლად: „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: თურქმა მებაჟემ ხაზი გადმოკვეთა და ხელები გადამიგრიხა