Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანამედროვე ადამიანების მსგავსად, ნეანდერტალელებსაც ხანგრძლივი ბავშვობა ჰქონიათ

26 სექტემბერი 2017

დაახლოებით 50 000 წლის წინ დღევანდელი ესპანეთის ტეროტორიაზე უცნობი მიზეზით მოკვდა 7 წლის ნეანდერტალელი ბიჭი. ახლახან,  მეცნიერებმა დეტალურად  გამოიკვლიეს მისი ჩონჩხი და დაასკვნეს, რომ მისი ზრდის ტემპი მეტწილად თანამედროვე ადამიანის მსგავსი იყო. აღმოჩენა, რომლის შესახებაც ამ ხუთშაბათს ჟურნალ Science-ში დაიწერა, მეტყველებს იმაზე, რომ ნელი განვითარება, რომელიც უფრო დიდი ტვინის ჩამოყალიბების წინაპირობაა, მხოლოდ თანამედროვე ადამიანის გამორჩეული მახასიათებელი არ არის. 

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ თანამედროვე ადამიანები ორჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ ჩამოყალიბებას ვიდრე, ვთქვათ, შიმპანზეები და სხვა ჩვენი უახლოესი ნათესავები. მეცნიერებს აინტერესებთ, როგორ და რატომ შეიძინეს ჩვენმა წინაპრებმა „ბავშვობის გახანგრძლივების“ უნარი. ჩვენი შორეული წინაპრები, როგორებიცაა ცნობილი „ლუსი“ და სხვა ავსტრალოპითეკები, ჩვენზე გაცილებით სწრაფად აღწევდნენ ზრდასრულობას.  ჩვენი სახეობის, Homo sapiens-ის ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ადრეულ წევრებს კი უკვე 300 000 წლის წინ გაცილებით ხანგრძლივი ბავშვობა ჰქონდათ.

 წამყვანი თეორიის მიხედვით, დიდი ტვინი მეტაბოლურად იმდენად ძვირადღირებულია, რომ ადამიანს მოუწია რეპროდუქციული ასაკის დაყოვნება, რაც უფრო ხანგრძლივ ბავშვობას გულისხმობს. ასე რომ, პირველი დედები საკმარისად დიდები და ძლიერები იყვნენ, რათა დიდი ტვინის მქონე ბავშვების გამოკვების ენერგია ჰქონოდათ.

ადრეული კვლევების მიხედვით, ნეანდერტალელების მუდმივი კბილები გაცილებით უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ჩვენი სახეობის შემთხვევაში. ამიტომაც მიიჩნეოდა, რომ ზრდასრულობას ჩვენ ნეანდერტალელებზე რამდენიმე წლით უფრო გვიან ვაღწევდით.

ესპანეთის გამოქვაბულთა სისტემაში, ელ სიდრონში, აღმოჩენილი ჩონჩხები საპირისპიროზე მეტყველებს. ბიჭი სიკვდილის მომენტში  ჯერ კიდევ იზრდებოდა. მისი ტვინი ზრდასრული ნეანდერტალელის ტვინის ზომის 87.7% იყო. ხერხემლის ანალიზმა კი აჩვენა, რომ მალების ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე შეზრდილი. „ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენი ზრდის ტემპი უნიკალური და მხოლოდ ჩვენი სახეობისთვისაა დამახასიათებელი. ახლა კი ვხედავთ, რომ ხანგრძლივი განვითარება ადამიანის სხვა სახეობებშიც გვხვდება“, - ამბობს ანტონიო როსა, მადრიდის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგი.

ცნობილია, რომ ნეანდერტალელები აფრიკიდან წამოსული ადამიანებისგან დამოუკიდებლად განვითარდნენ. ისინი 35 000 წლის წინ, გადაშენებამდე, ქმნიდნენ ხელოვნებას, ატარებდნენ რიტუალებს, მარხავდნენ  მკვდრებს და ჯვარდებოდნენ თანამედროვე ადამიანებთან.  თუმცა დღემდე ბუნდოვანი იყო, რამდენად ჰგავდნენ ისინი თანამედროვე ადამიანებს ფიზიკური განვითარებით. 

როსას მოსაზრებას არ ეთანხმება ზოგიერთი ექსპერტი. მხოლოდ ერთი ბავშვის ჩონჩხის შესწავლაზე დაყრდნობით გაკეთებულ ასეთ დასკვნას ისინი ნაჩქარევად მიიჩნევენ. „ნეანდერტალელის პირველი მუდმივი კბილები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე თანამედროვე ადამიანის მუდმივი კბილები... რაც ამ ინდივიდს გამონაკლისად აქცევს“, - ამბობს გრიფიტის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგი ტანია სმითი, რომელიც ნეანდერტალელის კბილების განვითარებას იკვლევს. გარდა ამისა, ნეანდერტალელების ტვინი და სხეული განსხვავებული ზომის შეიძლება იყოს და ეს ინდივიდი შესაძლოა უბრალოდ პატარა ზომის  ტვინის მქონე ნეანდერტალელი  ყოფილიყო, წერენ ანთროპოლოგი მარსია დე ლეონი და ნეირობიოლოგი კრისტოფ ზოლიკოფერი. მათი აზრით, ეს შეუმჩნეველი განსხვავებები უბრალოდ სტატისტიკის საკითხია.

მომზადებულია theguardian.com, sciencemag.org და news.nationalgeographic.com -ის მიხედვით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^