Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსჯავრდებულთა ხმები - როგორ გავიდეს დრო

03 ოქტომბერი 2017

მიხეილ თოდუა, მუსიკოსი. დაპატიმრებული 12 გრამი ექსტაზის ფლობისთვის. მიუსაჯეს 9 წელი. 2 000 წლიდან  უკრავდა სხვადასხვა კლუბში. დიჯეი იყო. ციხეში მოხვედრის შემდეგ აქტიურად გააგრძელა მუსიკის კეთება;  სპექტაკლისთვის - საუნდტრეკები, დოკუმენტური ფილმისთვის - რამდენიმე კომპოზიცია. სულ მალე, ალბომის გამოსვლასაც ელოდება. მის მიერ შექმნილი მუსიკა შეგიძლიათ, მოისმინოთ „ლიბერალის“ მომზადებულ ვიდეოში.

„მიხეილ თოდუა, 33 წლის. 2013 წლის სექტემბერში დამაკავეს. ბათუმიდან ერთ-ერთ ფესტივალზე მივდიოდი. თან მქონდა ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი - 12 გრამი, რაც განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება. 9 წელი მომისაჯეს. 4 წელი მოვიხადე, მე-5 წელი დაიწყო, რაც ციხეში ვარ.

„თითქოს ცხოვრება ჩერდება. ფიქრს იწყებ, ის დრო შეავსო, რის გატარებაც აქ გიწევს".

„სტრესია, იმხელა სტრესია, რომ... ძალიან დიდი ძალა გჭირდება, რომ ეს სტრესი გადალახო და ხელი არ ჩაიქნიო ცხოვრებაზე. მე ეს მომენტიც მქონდა, რომ გადავთვალე 9 წელი - 9 წელი დაემატებოდა ჩემს წლოვანებას; ბავშვი გაიზრდებოდა; როდის იქნებოდა - ის, ის, ის. ზღვარზეც ვყოფილვარ, რომ ეს ყველაფერი შემეჩერებინა და სუიციდამდე მივსულიყავი. მერე ისე მოხდა, რომ მოძღვარიც მყავდა, მისი დიდი დამსახურებაა, დღესდღეობით ასე რომ ვფიქრობ. ბევრი ლაპარაკის, ბევრი მუშაობის, ბევრი ფიქრის საფუძველზე გადავლახე ეს ყველაფერი და უფრო რეალურად შევხედე სამყაროს".

„ასე მოაზროვნე ადამიანები ციხეში ძალიან ცოტაა. დამიჯერეთ, ძირითადად ყველაფერს შთანთქავს იმაზე ფიქრი, დრო როგორ გავიდეს... დრო როგორ გავიდეს... ხეტიალი, უაზრო, უაზრო ყველაფერი. რთულია. ცოტა ძლიერი ადამიანი უნდა იყო, ჩამოყალიბებული, შენს პოზიციაზე მყარად უნდა იდგე, რომ არ ჩაგითრიოს ჭაობმა და უარესი არ გახდე... აღიქმება ისე, თითქოს ციხე გამოსასწორებლადაა, მაგრამ სინამდვილეში ასე საერთოდ არ არის. სოციუმია აქ ისეთი - ტყუილზე, ეშმაკობაზე დაფუძნებული. შენ თუ მტკიცე არ ხარ და გიწევს ამ სოციუმში ყოფნა, დროთა განმავლობაში, შენდაუნებურად, ქვეცნობიერში ილექება ეშმაკობები, მსგავსი რაღაცები. თუ ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, ამ ყველაფერს უმკლავდები, მაგრამ თუ ძლიერი არ ხარ, შენც ეფლობი იმ ლაფში, რომელიც აქაა“.

„მე ძალიან დიდი ხანი გავატარე ციხეში. მეხუთე წელია აქ ვარ. ბავშვი უკვე 8 წლის ხდება. ყველაზე საუკეთესო დრო დავკარგე. მაგრამ რა შეიცვალა ამით? რამე შეიცვალა? არაფერი არ შეიცვალა. უბრალოდ მე დავისაჯე, მაგრამ ამით რა? არაფერი, უბრალოდ არაფერი. მე და ჩემი ოჯახი დავისაჯეთ, და ის ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ. ამით არაფერი იცვლება“.

„ბავშვმა იცის, რომ ამერიკაში ვარ. რაც დამიჭირეს, მას მერე ამერიკაში ვარ, ვმუშაობ, რაღაც სახლს ვაშენებ. ვლაპარაკობთ ყოველდღე, საღამოობით. მთელი დღის ამბებს მიყვება ხოლმე, მეც რაღაცებს ველაპარაკები. რატომღაც თავიდან ავირჩიეთ ეს გზა - პატარა იყო  და მისთვის ტრავმა რომ არ ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, ასე გვეთქვა. იმის მოლოდინში, რომ რაღაცა შეიცვლება, შევრჩი ამ ამერიკაში, უკვე 4 წელია იქ ვარ. ვნახოთ, რავი. ახლა ბავშვს დავპირდი, რომ ახალ წელს ჩამოვალ-მეთქი. ვნახოთ, იმედი მაქვს. აქამდე რომ მეკითხებოდა - „როდის ჩამოხვალ? როდის ჩამოხვალ?“, ვეუბნებოდი, რომ ვერ მივატოვებ ხალხს, ვმუშაობ. ახლა კი რატომღაც გაბედულად გადავწყვიტე მეთქვა, ახალ წელს ჩამოვალ-მეთქი. ახალ წლამდე თუ ახალი წლის მერეო, ვუთხარი, ახალი წლის პერიოდში ჩამოვალ-მეთქი“.

„მჯერა, რომ შეიცვლება რა. სიმართლე გითხრათ, მაქვს იმედი“.

„[ციხე] არ შველის საქმეს. არ გაამართლა ამ დამსჯელობითმა [მიდგომამ], არაფერი შეცვლილა. მაშინ რატომ გვინდა, რომ ადამიანები მაინც ციხეში მოვახვედროთ?! ვცადოთ ხომ? იქნებ გაამართლოს. ბევრმა სცადა და გაამართლა, ჩვენ რატომ ვერ გავამართლებთ?!...“

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერზე საწინააღმდეგოდ ფიქრობს, მინდა ვუთხრა, რომ იმ ადამიანების ცოდვაში დგამთ ფეხს, ვინც აქ მოხვდა და ვინც ასე დარდობს და წვალობს. იმიტომ, რომ რეალურად ადამიანებს სხვა რამ სჭირდებათ. დაჭერა მარტივი მიდგომაა“.

„ადვილი სათქმელია, ეს არ გააკეთო [ნარკოტიკი არ მოიხმარო]. არა და მორჩა! მარტივია - დააშავა, აიყვანე, დაიჭირე. ის, რომ შენ ელაპარაკო [ნარკომომხმარებელს], მის რეაბილიტაციაზე იზრუნო, ცნობიერება შეუცვალო, დაანახო, რომ სამყარო სხვანაირია, უფრო ლამაზია, ვიდრე შენ ხედავ, როდესაც წამალს იკეთებ - ეს ძალიან რთულია, ძალიან ბევრ ენერგიასა და ნერვებს მოითხოვს. შესაბამისი მომზადება სჭირდება. ასეთი მიდგომა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ადამიანის რეაბილიტაციაზე ზრუნვა... [სახელმწიფოს მხრიდან] უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო, ვიდრე უბრალოდ ადამიანის დაჭერა“.

„თუ სამართლიანობაზე გვაქვს ლაპარაკი და გვინდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს, ეს ნარკოპოლიტიკა ცალსახად ხაზს უსვამს იმას, რომ სამართლიანობა არ არის. ვერ იქნება სამართლიანობა, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც გამიზნულად კლავს ვიღაცას, 7 წელი ჰქონდეს მისჯილი, ნარკოტიკის მომხმარებელს კი - 9 წელი. [ნარკოდანაშაული] იმაზე მეტად ისჯება, ვიდრე მძიმე და ძალადობრივი მუხლები. სხვაობა არაძალადობრივსა და ძალადობრივ მუხლებს შორის მხოლოდ სიტყვებია, მეტი არაფერი. საქმით ეს არ ჩანს“.

„საკმარისი დრო გავიდა იმის მისახვედრად, რომ ამან არ გაამართლა“.

„თუ სახელმწიფო ადამიანის კეთილდღეობაზე მუშაობს, მე არ მგონია, რომ [არსებობდეს] ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ ეს შესაცვლელია. ამან არ გაამართლა ხომ?! მაშინ რა გამოდის?! გამოდის ის, რომ როდესაც მიშამ [მიხეილ სააკაშვილი] ეს კანონი მიიღო, ვემხრობით, რომ ის მართალი ყოფილა და მოგვწონს მისი გადაწყვეტილება, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაშინ დავტოვოთ და იყოს ასე, ნუღარც ვმსჯელობთ. მყარად ვთქვათ, რომ არა და მორჩა“.

„წინა მთავრობიდან დაწყებული, იყო ამაზე საუბარი, რომ შეცვლილიყო [ნარკოპოლიტიკა]. კანონპროექტი შეიტანეს, მერე გამოიტანეს, მერე შეიტანეს ისევ და ისევ გამოიტანეს. ისე შეიცვალა მთავრობა, რომ ეს იმედი მაშინაც იყო. თუ ისევ ასე გაგრძელდება, ისევ ორჭოფობა და გადადება დაიწყება, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივე პოლიტიკა დარჩება, რაც მანამდე იყო ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით. უსამართლობაა რა, არ შეიძლება. დასჯადიც რომ იყოს, დასჯის ადეკვატური ზომები უნდა იყოს. არ შეიძლება იმაზე მეტი მიუსაჯო ადამიანს, ვიდრე აქვს მკვლელს, ყაჩაღსა და მოძალადეს“.

„თუ გვინდა, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამაზე. მხოლოდ სახელმწიფომ არა, ყველა ჩვენგანმა. არ უნდა ვისხდეთ და ვფიქრობდეთ, რომ სახელმწიფო ამას გადაწყვეტს. ჩვენ ვართ სახელმწიფო პირველ რიგში“.

„თუ რამე არასწორია, სახელმწიფოს თუ რამე არასწორი კანონი აქვს, ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე. ოდესღაც ჩვენ არ ვთქვით, რაც უნდა გვეთქვა, ოდესღაც ჩვენ არ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები და სახლში დარჩენა გადავწყვიტეთ, უბრალოდ იმიტომ, რომ გვეზარებოდა და ვფიქრობდით, რომ ჩვენს ნაცვლად ამას სხვა გააკეთებდა. ვფიქრობდით - ჩემი სიტყვა რას შეცვლის. რეალურად ეგრე არ არის. ჩვენი ერთი სიტყვა ძალიან ფასეულია და ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი“.

„იმ ადამიანებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა. ბევრი ადამიანია უკვე გაწევრიანებული. რომ ვამბობდი, რომ თითოეულმა ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ-მეთქი, ამ სიტყვის მთქმელი უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი გაერთიანდა ერთად და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რომ არსებობენ, რომ იღვწიან, რომ დაუღალავად შრომობენ ამისთვის. მე მჯერა, როდესაც ადამიანი თავის მაქსიმუმს დებს კონკრეტულ საქმეში, ის აუცილებლად იღებს შედეგს. ენერგია არასდროს იკარგება,  ყოველთვის ბრუნდება. მადლობა ამ ხალხს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^