Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ მივაღწიოთ სისუფთავეს და წესრიგს ქუჩებში

05 ოქტომბერი 2017

რაც დრო გადის, უფრო და უფრო სტრესული ხდება ქალაქში ცხოვრება და გადაადგილება, რაც დიდწილად ჩვენს ქუჩებში გაბატონებული უწესრიგობითაა გამოწვეული. ავტომანქანით ტროტუარის სრული გადაკეტვა, ზებრაზე ფეხით მოსიარულისთვის გზის არდათმობა, სიგარეტის, ცელოფნის პარკის, ბოთლის თუ სხვა ნარჩენების შუა ქუჩაში დაყრა (მათ შორის პირდაპირ ავტომობილიდან გადმოგდება), საავარიო მდგომარეობის შექმნა - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რასაც თითქმის ყოველდღე და ხშირად დღეში რამდენიმეჯერ ვაწყდებით.

გარკვეული ხანი ვფიქრობდი, რომ მიზეზი ხელისუფლების უმოქმედობაა, მაგრამ მხოლოდ თბილისში იმდენი დარღვევა ხდება, რომ მათი დიდი ნაწილის გამოვლენა საკმაოდ რთული ამოცანაა. ამიტომ, დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ შემეტანა საკუთარი წვლილი ამ პრობლემის აღმოფხვრაში. ბევრი რამ ვცადე: დაგდებული ნაგვის დამგდების თვალწინ დემონსტრაციულად აღება, მოწოდება, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს ჩემი მცდელობები ზღვაში წვეთი იყო პრობლემის მასშტაბურობის გათვალისწინებით, წესრიგის დამრღვევ ადამიანებზე ხშირ შემთხვევაში არანაირ გავლენას არ ახდენდა.

ამ პრობლემაზე არაერთ ადამიანს ვესაუბრე და ვკითხე მათ, უცდიათ თუ არა ამ კუთხით რამის გაკეთება. აღმოჩნდა, რომ მათგან მხოლოდ ერთი ადამიანი ცდილობდა ამ  პრობლემასთან ბრძოლას და, გარდა იმისა, რომ მისი მცდელობები რჩებოდა ხმა მღაღადებლად უდაბნოსა შინა, არაერთხელ გაეხვა უსიამოვნებაში. დანარჩენები მიიჩნევენ, რომ მცდელობას აზრი არ აქვს შემდეგი მიზეზების გამო:

1. არ აქვთ რეალური ბერკეტი, რომ დამრღვევ პირზე გავლენა მოახდინონ („რომ არ აიღოს დაყრილი ნაგავი და გზა გააგრძელოს, რას ვუზამ?“);

2. არ უღირთ ყოველგვარი პირადი სარგებლის გარეშე ამ  პრობლემის გამოსასწორებლად დროისა და ენერგიის ხარჯვა („ვიღაცას თავი გავალანძღინო ან ვაცემინო, გიჟი ხომ არ ვარ?“ „პოლიციაშიც რომ განვაცხადო, ბევრი როგორც ჩამშვებს, ისე შემომხედავს“);

3. თვლიან, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მოსახლეობის მცირე ჯგუფი ამას ვერ მოაგვარებს („ერთი ან თუნდაც ათი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“).

ჩემი მოკრძალებული აზრით, საჭიროა შეიქმნას ონლაინპლატფორმა (ვებგვერდი თავისი სატელეფონო აპლიკაციით), რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას ანონიმურად ატვირთოს სხვადასხვა ტიპის დარღვევების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა. ვებგვერდს (აპს) ექნება რამდენიმე ველი: მოძრაობის წესების დარღვევა, დანაგვიანება, მუნიციპალური/სახელმწიფო ქონების დაზიანება და ა.შ. თითოეულ ველს ეყოლება თავისი ადრესატი (საპატრულო პოლიცია, თბილისის მერია და ა.შ.). ატვირთულ მასალას გააანალიზებს სპეციალური ჯგუფი, მოახდენს დარღვევათა იდენტიფიცირებას და გამოწერს ჯარიმას.

ასეთი პლატფორმა გადაჭრის შემდეგ საკითხებს:

  1. ხელს შეუწყობს დამრღვევების გამოვლენას/დასჯას, რადგან მოსახლეობა თვითონ ხდება დარღვევის მაიდენტიფიცირებელი, ყველა ის კამერა კი, რომელსაც მოსახლეობა ფლობს - დარღვევის გამოვლენის პოტენციური იარაღი;
  2. დაზოგავს ადმინისტრაციულ რესურს, რადგან, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთვება დარღვევების გამოვლენაში, სახელმწიფოს აღარ მოუწევს დიდი რაოდენობით სამართალდამცველების პატრულირება ქუჩაში, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება, შენახვა და თვალყურის დევნება;
  3. გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს;
  4. შეამცირებს დარღვევებს, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც სამართალდამცველები არ არიან, რადგან პოტენციურმა დამრღვევმა იცის, რომ არსებობს ალბათობა, მისი ქმედება რიგითმა გამვლელმა დააფიქსიროს;
  5. შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს და იხსნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
  6. ხელს შეუწყობს:

ა) სისუფთავის დაცვას ქუჩებში/გზებზე;

ბ) ფეხით მოსიარულეთა უფლებების დაცვას;

გ) მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და გაცნობიერებას, რომ ქვეყანაში წესრიგის დაცვაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.

ისმის შეკითხვა: როგორ მოხდება მოსახლეობის მოტივირება, რომ ის დარღვევების გამომვლენად იქცეს. უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვისაც არ მოსწონს არსებული უწესრიგობა ქვეყანაში და თუ საშუალება მიეცემა, რომ საკუთარი ვინაობის გამხელისა და სხვაგვარად საკუთარი თავისთვის ზარალის მიყენების გარეშე გამოავლინოს დარღვევა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უანგაროდ გააკეთებს ამას.

ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ მათი შრომა უნდა დაფასდეს, შეიძლება ფინანსურად წახალისდეს და ჯარიმის გარკვეული პროცენტი დაერიცხოს (მასალის ატვირთვისას იქნება ველი - ანაზღაურების მოთხოვნა, რისი აღნიშვნითაც პირს შესაძლებლობა ექნება, ჩაწეროს ანგარიშის ნომერი ან თავის PayPal-ს მიაბას და დამრღვევის დაჯარიმების შემთხვევაში მიიღოს ანაზღაურება).

თუ პირს სურს, რომ დარჩეს ანონიმური, მას შეუძლია არ მიუთითოს თავისი ვინაობა, ხოლო ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, პირადი საბანკო ანგარიშის ნაცვლად, მიუთითოს PayPal (შესაძლებელია, ე.წ. კრიპტოვალუტის გამოყენებაც, მაგალითად, როგორიც არის ბიტკოინი).

ასეთი პლატფორმა სიღარიბის შემცირებასაც შეუწყობს ხელს, დაეხმარება სტუდენტებსა და უმუშევრებს და შესაძლებლობას მისცემს მათ, პატიოსანი შრომით სახელმწიფოში წესრიგის დაცვაში შეტანილი წვლილის სანაცვლოდ იშოვონ ფული.

გარდა ამისა, ჩემი ინფორმაციით, ამ ტიპის სისტემა სხვა სახელმწიფოებში არ არის, რაც საქართველოს კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს, რომ გახდეს ამ საქმის პიონერი.

რა თქმა უნდა, სისტემის შექმნისას აუცილებელია ყველა ნიუანსის გათვალისწინება, მაგალითად:

  • რა ხდება მაშინ, თუ ორმა მოქალაქემ ერთი და იგივე დარღვევა ატვირთა და ორივემ მოითხოვა ანაზღაურება? ამ შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა იყოფა თუ მხოლოდ მას ერიცხება, ვინც პირველად ატვირთავს?
  • თუ პირს სურს „დატროლოს" სამართალდამცველები და ტვირთავს ისეთ ვიდეოებს, რომლებიც არ ასახავს სამართალდარღვევას, რამდენი ასეთი ვიდეოს ატვირთვის შემდეგ იბლოკება მომხმარებელი?
  • როგორი ხარისხისა და კონტენტის უნდა იყოს ატვირთული მასალა, რომ მტკიცებულებად იქნას გამოყენებული? თუ საკმარისი არ არის ატვირთული მასალა პირის მიერ წესრიგის დარღვევის ინდეტიფიცირებისთვის, რა ტიპის დარღვევებზე შეიძლება განხორციელდეს დამატებითი მოკვლევა?
  • დარღვევის ლოკაციისა და დროის დაფიქსირება (ტელეფონში არსებული GPS-ით) უნდა მოხდეს ავტომატურად, რაც პლანშეტების და სმარტფონების შემთხვევაში ადვილია, მაგრამ ჩვეულებრივ კამერებს, როგორც წესი, არ აქვთ. შესაძლებელია თუ არა, ამტვირთავმა პირმა მიუთითოს ეს ინფორმაცია?
  • დარღვევიდან რამდენ ხანში უნდა მოხდეს მასალის ატვირთვა, დაჯარიმება და ამტვირთველისთვის კუთვნილი თანხის ჩარიცხვა?

ამ და სხვა საკითხებზე აუცილებელია დაფიქრება და პლატფორმის საცდელ რეჟიმში მუშაობაზე თვალ-ყურის დევნება. თუმცა, ყველა გამოწვევა გადალახვადია და არაპროპორციულად დიდ ტექნიკურ ძალისხმევას თუ ფინანსებს არ საჭიროებს.

ვებგვერდის სატელეფონო აპლიკაციას შეიძლება მიებას სხვა ფუნქციებიც, მაგალითად, 112-თან დაკავშირება ინტერნეტით, ლოკაციისა და მულტიმედიური კონტენტის გაგზავნა, რაც სამართალდამცავ და სამაშველო სამსახურებს გაუადვილებს საქმეს, ადვილად მიაგნონ დანიშნულების ადგილს ან პირს, ადგილზე მისვლამდე, წინასწარ შეაფასონ სიტუაცია და ა.შ.

ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომ მოგვცეს საშუალება, დავეხმაროთ მოსახლეობას კანონის დაცვაში, რათა დაცული იყოს წესრიგი, სისუფთავე, საგზაო უსაფრთხოება, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^