Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღესასწაულზე დღის სასწაულის იმედად

09 ოქტომბერი 2017

„თბილისობა” დღესასწაულია, რომელზეც მერიამ წელს 1 000 000 ლარამდე დახარჯა. რიყის პარკში 7 და 8 ოქტომბერს გასართობი და კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები მოეწყო. სახელდახელოდ გაწყობილ დახლებზე კი, ძირითადად, ჩურჩხელები, თათარა, სიმინდი, ხორცი, ნაქსოვი ტანსაცმელი და ხელნაკეთი ნივთები იყიდებოდა. ამ ყველაფერს დახლის უკან მდგომი ის ადამიანები ყიდიან, რომლებიც დღესასწაულს მხოლოდ იმ სასწაულის მოლოდინით ხვდებიან - რომ შეიძლება გაუმართლოთ და პროდუქცია მთლიანად გაყიდონ. როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება. მოვაჭრეები იმაზე წუხან, რომ მიღებული შემოსავალი ყველაზე უარეს მოლოდინსაც კი ვერ ამართლებს.

ნაზი ლომიძე, ჩურჩხელას, თათარას, ტყლაპს ყიდის. უფრო სწორად, ცდილობს გაყიდოს. ნერვიულობს, რომ შემოსავალი უმნიშვნელო იქნება. „ძალიან უჭირს ხალხს, აი ძალიან. წინა წლებშიც ვიყავი ხოლმე, მაგრამ ახლა უფრო მეტი გასაჭირია. ადრე ხალხს ფული ემეტებოდა, ახლა აღარ ემეტება“, - ჩივის ნაზი. ნაზისთან ახლოს ტარიელ გრიგალაშვილის დახლია. ტარიელი  ხარაგაულიდანაა, წელს მოსავალი დიდი არ ჰქონია; ამბობს, ყველაფერი დაიწვაო. „თბილისობაზე“ მაინც ჩამოვიდა და სახლიდან წამოღებული პროდუქტით ვაჭრობს. „წელს პირველად ვარ. ღირს? რა  ვიცი, აბა. რაღაცას მაინც ავიღებ”, - ამბობს ტარიელი. 

იქვე, ბაზართან ახლოს კონცერტია.  „ჩემო თბილის-ქალაქოს” მღერიან. „შენ იხარე ოღონდაც, მე სულ არა მინდა რა” - ისმის სიტყვები სცენიდან. ნაზი ლომიძეს კი ეშინია, რომ საღამოს შემოსავალი არაფერი ექნება: „ვწვალობ. ვწვალობ, რომ პურის ფული ვიშოვო“.

უფრო იმედიანადაა გაწყობილი გელა გულბათაშვილი, რომელიც „თბილისობაზე“ სიმინდს დაატარებს. „ამ ცხოვრებაზე რა უნდა გითხრა... დღითიდღე უარესდება. მაგრამ მშრომელი ადამიანი მაინც შექმნის იმ პირობებს, რომ ოჯახი კმაყოფილი ჰყავდეს“, - ამბობს გელა. მას  წერეთლის გამზირზე დახლი ჰქონდა მოწყობილი, თუმცა გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ სამგორში გადაიყვანეს. თავიდან ფიქრობდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ ოჯახის სარჩენი ფულის შოვნას მაინც ახერხებს. ამიტომ უკვე მესამე  წელია, „თბილისობაზეც“ მოაგორებს ურიკას, რომელშიც ცხელი სიმინდი უწყვია. „მე ყველანაირ საქმეს ვაკეთებ, საიდანაც რაღაც კაპიკები დამრჩება და ოჯახს ვარჩენ“ - ამბობს „ლიბერალთან“.  ყოველდღე 5 საათზე ვდგები და დაღამებამდე ვმუშაობო, ამბობს. მხოლოდ საკუთარი მკლავების იმედი აქვს. მისი აზრით, მთავარია ადამიანს შრომა და პატიოსნება უყვარდეს, შემდეგ ყველაფერი გამოვაო - მიიჩნევს გელა გულბათაშვილი.

მეტეხის ხიდთან, სცენაზე უკვე რამდენჯერმე გაიმეორეს „ჩემო თბილის ქალაქო” და ტექსტი „შენ იხარე ოღონდაც, მე სულ არა მინდა რა”. დახლების უკან მდგარი მოვაჭრეები კი ისევ დღის სასწაულის იმედად არიან, რომ ვინმე მოვა, ბევრ ჩურჩხელას იყიდის ან „თბილისობით“ გახარებული ხურდას არ მოითხოვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^