Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელი ჩიბათიდან

09 ოქტომბერი 2017
წლის საუკეთესო მასწავლებელი ლანჩხუთელი, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მას ცხრა სხვადასხვა საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილება და 17-წლიანი სტაჟი აქვს. ინტერვიუს მიმდინარეობისას არაერთ საკითხს შევეხეთ: ქართული საგანმანათლებლო სისტემის პრობლემებს, ბავშვების ცხოვრებაში სკოლისა და მასწავლებლის როლს, მის ბავშვობას; ვისაუბრეთ იმის შესახებაც, თუ რატომ გადაწყვიტა პროფესიული ცხოვრება სკოლისთვის დაეკავშირებინა. ლადო აფხაზავა არაერთი საგანმანათლებლო პროექტის შესახებ გვესაუბრა, რომლებიც მის პროფესიულ ცხოვრებაზე, სასკოლო ცხოვრებაზე და ბავშვის ცხოვრებაში პედაგოგის როლზე შეგიქმნით წარმოდგენას.

რას ნიშნავს თქვენთვის წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი?

ეს 17 წელი ნამდვილად არ მიშრომია გამარჯვებისა და ჯილდოსთვის. მე რეალურ პრობლემებს ვხედავდი და ვცდილობდი მათ მოგვარებას. ვცდილობდი, ბავშვები მომავლისთვის მომემზადებინა.

სტუდენტობის შემდეგ არ ვიყავი ამისთვის მზად. და ეს ალბათ განათლების ნაკლებობის ბრალი იყო. როცა მშობლები გარდამეცვალა, აღარ ვიცოდი, რა მექნა. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებისთვის მზად არ ვიყავი.

ახლა მინდა, რომ ის ბავშვები, ვისაც მე ვასწავლი, მომავლისთვის მოვამზადო, რადგან მათ წინ გამოწვევები ელოდებათ. ეს ვიცი და ვცდილობ, რომ მზად იყვნენ. ვცდილობ მათი შინაგანი მოტივაციის ამაღლებას, საკუთარი თავის რწმენის გამყარებას და ვასწავლი პრობლემებზე გამარჯვებას.

როდის გადაწყვიტეთ თქვენი პროფესიული ცხოვრების სკოლასთან დაკავშირება? საქართველოში კაცები სხვადასხვა მიზეზით ნაკლებად ირჩევენ ამ პროფესიას.    

როცა სკოლაში ვსწავლობდი მთელი საგანმანათლებლო სისტემა შიშზე იყო დაფუძნებული. თუ გაკვეთილი არ ვიცოდი კლასის მასწავლებელი ეუბნებოდა მშობელს და ა.შ. ამიტომ ვფიქრობდი,  როცა გავიზრდებოდი და რაღაც პროფესიას დავეუფლებოდი, ამ მიდგომებს შევცვლიდი. ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე და როცა რაიონში დავბრუნდი (ასევე ვსწავლობდი სასულიერო სემინარიაში) სკოლაში რელიგიის საგნის  საათები გამოჩნდა, ძალიან ვეცადე ამ საათების აღება. მთავარი სკოლაში მუშაობის დაწყება იყო. სკოლაში მომუშავე ყველა მასწავლებელს უყვარს ბავშვები, მაგრამ ამ სიყვარულთან ერთად მნიშვნელოვანია, მათ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა - ჩემთვის ეს იყო მთავარი მოტივაცია. ცვლილებები ჩემი სადამრიგებლო კლასიდან დავიწყე.

რას გულისხმობთ ცვლილებებში? 

მაგ; ბავშვები აბასთუმანში წავიყვანე, დავსახლდით აბასთუმნის ტყეში და 21 დღის განმავლობაში გაკვეთილებს არაფორმალური გარემოში ვუტარებდი. მეორე წელს  მუნიციპალიტეტის ყველა სოციალურად დაუცველი ბავშვი წავიყვანე. მივდიოდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, კომპანიასთან და ვთხოვდი მსგავსი აქტივობის დაფინანსებას. ხშირად მიწევდა მისვლა; მე-11 ჯერზე უარს აღარ მეუბნებოდნენ.  

როგორც იკვეთება, თქვენ როგორც პედაგოგი თქვენი კარიერისა და პროფესიული ცხოვრების განმავლობაში მუდმივად ცდილობდით სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში, დაგეგმვაში გაგეზარდათ მოსწავლის მონაწილეობა და როლი.

ამიტომ წამოვიწყეთ სკოლაში დემოკრატიული რევოლუცია.

მე ჩიბათის საჯარო სკოლაში ვასწავლი. დირექციამ დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული რევოლუციის განხორციელება. სკოლა სახელმწიფოს პატარა მოდელია და იქ, ფორმალური განათლების გარდა, მნიშვნელოვანია, ბავშვის თანამონაწილეობა.  

თქვენ იცით, რომ სკოლებს შინაგანაწესები ერთი-ერთში აქვთ გადაკოპირებული.  ჩვენს სკოლაში სკოლის შინაგანაწესზე მოსწავლეებმა იზრუნეს. მნიშვნელოვანია, როცა მოსწავლეები თავად ადგენენ წესებს,  ავლენენ თავიანთ საჭიროებებს, სურვილებს და ამ ყველაფერს შინაგანაწესში დებენ. ამისთვის საჭირო იყო ფიქრის, მსჯელობის პროცესის გააქტიურება და ჩვენ ეს გამოგვივიდა.

ამავე რეფორმის ფარგლებში გავაკეთეთ რეიტინგული სისტემა. ამ პროექტში მე-7 კლასიდან ყველა კლასი ჩაერთო. კლასები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ახორციელებენ, რაშიც ეწერებათ ქულები. ამ პროექტის გამოა, რომ ჩვენს სკოლაში ყოველდღე რაღაც ახალი ხდება.  ყველა რეიტინგული კლასი ორდღიანი ექსკურსიით ჯილდოვდება.

მაგალითად, ხშირად ყოფილა, მომწონებია რესურსი, რომელიც სანაგვეზე  ყოფილა გადაგდებული. მაგალითად, ვიღაც კაცი ლანჩხუთში აგდებდა ძალიან მაგარ ძველ სკივრს. მაშინ უცებ თავში აზრი მომივიდა, რომ ეს სკივრი შეიძლებოდა გამომეყენებინა. სკოლაში საინფორმაციო დაფას არავინ უყურებს. ამ დაფაზე მოსწავლეებისთვის საყურადღებო განცხადებებსაც ვაკრავდით, მაგრამ არავინ კითხულობდა. მივიტანე სკოლაში ეს სკივრი და მოსწავლეებისთვის  საყურადღებო განცხადებებს იქ ვყრით. ახლა ყველა ბავშვი ყოველდღე ხსნის ამ სკივრს და განცხადებებს კითხულობს.

იყო თუ არა რთული სიახლეების დანერგვა? როგორ შეხვდნენ ამ ინიციატივას თქვენი კოლეგები? 

სიახლეების დანერგვისას სირთულეები იყო. ქართველ პედაგოგებს სიახლეების მიღების შიში აქვთ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია საქმისადმი სტრატეგიული მიდგომა. ყველა მასწავლებელი წერს სკოლის ისტორიას და ყველა მათგანი მნიშვნელოვანია სკოლისთვის. მასწავლებელი შეიძლება ცდებოდეს, თუმცა აუცილებელია მისი კარგად ინფორმირება; თუ კარგად აუხსნი და მსჯელობას არგუმენტებით გაამყარებ, მაშინ ყველაფერს მიაღწევ. რეიტინგულ სისტემას ბევრი ეწინააღმდეგებოდა, ახლა ხვდებიან, რომ კარგი პროექტია.

ჩვენი სკოლა მცირე კონტიგენტიანია. ჩვენი აქტიურობით, დირექციასთან კარგი თანამშრომლობით ჩვენი სკოლა ახლა წარმატებულია. უამრავი ბავშვი გადმოდის ჩვენს სკოლაში და მშობლებიც ხედავენ შედეგს.

ისეთი ტენდენცია იკვეთება, რომ ყველა მასწავლებელი განათლების სამინისტროსგან ელოდება ლანგარზე მორთმეულ სისტემას, რომელიც კერძო და საჯარო სკოლებზე თანაბრად მორგებული იქნება. არა! ყველა მასწავლებელმა და სკოლამ უნდა იზრუნოს საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც თავის სკოლას მოარგებს. თბილისში ვერ შეიქმნება ისეთი სისტემა, რომელიც გურიის ან აჭარის რეგიონს გამოადგება. სკოლა ყველამ საკუთარ თემს უნდა მოარგოს.

ქართულ საგანმანთლებლო სისტემაში ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთი მათგანია სასწავლო პროცესში პედაგოგთა მონაწილეობა. ისინი ნაკლებად იჩენენ ინიციატივას, რომ სასწავლო პროცესში თვითონვე შეიტანონ ცვლილებები; გაზარდონ ბავშვების მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობების გზით. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ პრობლემის მიზეზი, დღეს ჩვენი სკოლები ჯერ ისევ იმ სკოლას ჰგავს, რომელზეც თქვენ საუბრობდით. შესაძლოა ის ისეთი აღარაა, თუმცა ამის ლანდი ისევ არის შემორჩენილი საკლასო ოთახებში...

მე ვფიქრობ, რომ სამინისტრომ მეტი თანხა უნდა ჩადოს სისტემაში.

და ეს გაააქტიურებს პედაგოგებს?

პირადად მე არ მგონია, რომ ხელფასმა პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ ბევრი რამ არის შესაცვლელი. ვფიქრობ, რომ სამინისტრო სწორ დასკვნებს აკეთებს. ნათლად ხედავენ არსებული სისტემის პლიუსებს და მინუსებს, სამინისტროსთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ღვარძლით და მკაცრი ტონით კი არ უნდა ითანამშრომლო, არამედ ლაკონურად უნდა აუხსნა შენი პრობლემები. ძალიან რთულია იყო მინისტრი და განსაზღვრო, ვის რა აწუხებს. ამიტომ სამინისტროს უნდა შევატყობინოთ გურიაში ჩვენი საჭიროებების შესახებ. სკოლის პრობლემას მარტო ხელფასი ვერ მოაგვარებს. 

რას ეტყოდით ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, თავი აარიდონ სკოლაში მუშაობას?

ძალიან რთულია, იყო კარგი მასწავლებელი, როცა ინფორმაციის საუკუნეში ცხოვრობ. როცა მოსწავლეები ძალიან ბევრ ინფორმაციას ეცნობიან. შენ კი ამდენი ინფორმაციის შემდეგ უნდა შეიყვანო ისინი კლასში და სიახლეები დაახვედრო. ამიტომ ახლა უფრო მეტად რთულია პედაგოგობა, ვიდრე ათეული წლების წინ. მათ რომ იცოდნენ რამდენად რთული საქმეა ეს, შეიძლება არავინ გახდეს პედაგოგი. მაგრამ ისიც მათ უნდა იცოდნენ, რომ პედაგოგობა ყველაზე საყვარელი და თბილი პროფესიაა; რომ უზარმაზარი ბედნიერება მოაქვს ამ საქმეს; მაშინ ყველა პედაგოგი გახდებოდა.

გუშინდელ დაჯილდოებას ჩემი ერთი მოსწავლე ესწრებოდა. დაჯილდოების დროს ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩემი გამოცხადების შემთხვევაში ჩემი მოსწავლე გაიგებდა ამას. ეს იყო საოცარი მომენტი, როცა გამოაცხადეს ჩემი სახელი. მე კი თვალებით ელენეს ვეძებდი. ის საოცრად ბედნიერი იყო. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ელენეც მასწავლებელი გახდება. იმხელა ემოციები მოდიოდა ამ ბავშვისგან. დღეს ჩემი 102 მოსწავლე პედაგოგიურზე სწავლობს.

წლების წინ ერთ-ერთ სკოლაში, სადაც პედაგოგად მუშაობდით,  ორი  გოგონა როკკონცერტზე დასასწრებად ქუთაისში გაიპარა. ეს ამბავი ყველამ გაიგო. სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია სერიოზულად მსჯელობდნენ ამ ბავშვების სკოლიდან გარიცხვის თაობაზე. ამბავი იმდენად გახმაურდა, რომ მედიაც დაინტერესდა. თქვენი გამარჯვების შემდეგ ეს სიუჟეტი სოციალურ ქსელებში გავრცელდა. იქ კარგად ჩანს, რომ თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ამ ბავშვების უფლებებს იცავს და უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგება. 

მე ვამბობდი, რომ ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება და ჩვენ ვინ ვართ, რომ ვუზღუდავთ-მეთქი. შაბათ-კვირას როკჯგუფის ფესტივალზე წასულ ბავშვებს უზღუდავთ სკოლაში სიარულის უფლებას და ამბობთ, რომ ეს ორი ბავშვი გააფუჭებს სხვას.  ეს იყო ბავშვური გატაცება. მერე დაიწყო სერიალების აგება, ყველაფერი ფანტაზიაში გადაიზარდა. ვინც იქ იყო, ყველას თავისი ფანტაზია ჰქონდა.

რამდენად ცდილობთ ბავშვებთან ამ ღირებულებებზე საუბარს? 

ამ ღირებულებებზე დასაფიქრებლად დავიწყე  პროექტი „არა სიძულვილს“. ასე ვცდილობ, ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს, რომ მრავალფეროვნება უფრო კარგია. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოსწავლეს მარტო საგანი და გაკვეთილები კი არა, ცხოვრება ასწავლოს. როცა ევროკავშირის თემაზე პროექტები დავიწყე, ლანჩხუთში მეუბნებოდნენ - ლადო, ძალიან გთხოვ, ეროვნული საქმე გააკეთეო. ვფიქრობ, რომ მე ვაკეთებ ეროვნულ საქმეს და ვიბრძვი, რომ ჩემი ქვეყანა და რეგიონი ევროპულ ღირებულებებს პასუხობდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

რას გულისხმობს განათლება მდგრადი განვითა ...

ინკლუზიური, თანასწორი  და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა მდგრადი განვით ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

თანასწორობა განსაზღვრავს ძლიერ ბიზნესს

14-წლიანი პაუზის შემდეგ 4 თვის წინ ლიკა სამსახურში პირველად წავიდა. მოძალადე ქმარს რომ გაშორდა, რთულ, სტრესულ მდგომარეობ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა ...

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა საქართველოში? – „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტ ...

მეტი

^