Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშურა - გლოვისა და თანაგრძნობის დღესასწაული

10 ოქტომბერი 2017

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომელთა დიდი ნაწილი შიიტი მუსლიმია, ტრადიციული გლოვის რიტუალს - აშურას ასრულებენ.

აშურა - წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის - იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილი გლოვის დღეა. იმამ ჰუსეინი VII საუკუნეში, 680 წელს, ქარბალაში  (დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე) ბრძოლის დროს 72 მხლებელთან ერთად მოკლეს.

დღესასწაული ისლამური მთვარის კალენდრის - მუჰარამის თვის (სექტემბერი) მეათე დღეს იწყება და ორ დღეს გრძელდება. სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, შიიტი მუსლიმები ამ დღეს ერთმანეთს კი არ ულოცავენ, არამედ უსამძიმრებენ. ამ დღეს ისინი მსვლელობას აწყობენ და  სამგლოვიარო გალობით და მკერდში მჯიღის ცემით აღნიშნავენ.

აშურა მოძრავი დღესასწაულია და წელს ის მარნეულში 30 სექტემბერს გაიმართა. გლოვის ტრადიციულ რიტუალს  საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ბევრი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყო თბილისში მცხოვრები ნათიგ მადათოვიც. ნათიგი ამბობს, რომ ის უკვე მესამე წელია მონაწილეობს ამ ცერემონიაში: „მოვედი, როგორც ერთ-ერთი მუსლიმი. ისლამის დაცვა-შენარჩუნებაში იმამ ჰუსეინმა დიდი როლი შეასრულა. ახლა ერთმანეთს მის მოწამეობრივ სიკვდილს ვუსამძიმრებთ.”

მარნეულში, აჰლი-ბეითის საზოგადოების წინ შეკრებილი ხალხი იმამ ალის მეჩეთისკენ მიემართება. მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა სამგლოვიარო სიმღერებს მღერიან, იმამ ჰუსეინს ქება-დიდებას ასხავენ,  მის მკვლელს -  იეზიდს კი გმობენ და რიტუალის პროცესში ფეხით ორ კილომეტრზე მეტს გადიან. მსვლელობის უსაფრთხოებას პოლიცია იცავს.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელმძღვანელი მირტაგ ასადოვი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს დღე შიიტებმა პირველად 1999 წელს აღნიშნეს: „მაშინ ორგანიზატორი ამილ ხალილოვი იყო, რომელიც ამჟამად იმამ ალის მეჩეთის საბჭოს წევრია.

იმ დღიდან  მოყოლებული, მორწმუნები ყოველ წელს აჰლი ბეითის საზოგადოების წინ იკრიბებიან და იმამ ალის მეჩეთამდე მსვლელობას აწყობენ. ღონისძიების გამართვისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნებართვას ვიღებთ.  არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც საზოგადოება არასოდეს გვიქმნის პრობლემას. პირიქით, ამ დღესასწაულისადმი საზოგადოების ინტერესი სულ უფრო იზრდება.რამდენიმე წლის წინ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსიც კი მონაწილეობდა ჩვენს მსვლელობაში და მუსლიმების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა“

მსვლელობა გამვლელთა ყურადღებას იპყრობს. მარნეულში მყოფი ზურა ქეცბაია ამბობს, რომ რელიგიური რიტუალის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია: “რამდენადაც ვიცი, სამგლოვიარო რიტუალი წელიწადში ერთხელ სრულდება. არ ვიცოდი, რას გლოვობდნენ მუსლიმები. ამიტომ ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიე. როგორც გავარკვიე, ამ დღეს  ისინი წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინის და მისი თანამებრძოლების სიკვდილს გლოვობენ. რა თქმა უნდა, მუსლიმებს აქვთ უფლება რელიგიური დღესასწაულები აღნიშნონ: საქართველოში ყველას აქვს რწმენის თავისუფლება.”

ხაიალ აზიზოვი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^