Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ვაკეთოთ მეტი ნაკლები რესურსით - ნაბიჯები მწვანე ეკონომიკისკენ

10 ოქტომბერი 2017

როგორ უნდა მოახერხოს მცირე ბიზნესის მფლობელმა ბიზნესგანვითარების გრძელვადიანი გეგმის ამუშავება, როდესაც მისთვის უმთავრესი საფიქრალი ბიზნესის გადარჩენაა? ამ შეკითხვას საქართველოში მცირე ბიზნესის მფლობელები ხშირად უსვამენ საკუთარ თავს. 

რა შეიძლება იყოს გამოსავალი ასეთ სიტუაციაში? - ქართველი ბიზნესმენები ალბათ თანხმდებიან, რომ ენერგიისა და რესურსების ეფექტური გამოყენება სწორი ნაბიჯია, თუმცა ფინანსების ნაკლებობისა და იმის გამო, რომ არ იციან, ეს როგორ გააკეთონ, ბევრი მათგანი ჯერაც თავს იკავებს გადამწყვეტი ნაბიჯებისგან.

ამასობაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების წყალობით, როგორიცაა „მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (EaP GREEN), მცირე ბიზნესის მფლობელები „გააკეთე მეტი, ნაკლებით“ პრინციპის გამოყენებას იწყებენ.

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, სამსართულიან შენობაში სამუშაო მაგიდასთან 41 წლის ავთო ჯვარშეიშვილი ზის. ერთ დროს ექიმმა, ძველი პროფესია უკან მოიტოვა და საავტომობილო ზეთის მწარმოებელ კომპანია EcOil-ს ჩაუდგა სათავეში. ჯვარშეიშვილის თქმით, კომპანია ძრავისა და სამრეწველო ზეთების ერთადერთი ადგილობრივი მწარმოებელია საქართველოში. EcOil ზეთებით ადგილობრივი მომხმარებლის 2-3%-ს ამარაგებს, ბაზრის დანარჩენი წილი კი იმპორტირებულ პროდუქტზე მოდის.  კომპანიას სურს, რომ პოტენციური მომხმარებლების 30% მოიცვას, მაგრამ ფინანსური სირთულეებიდან გამომდინარე ეს მიზანი ჯერაც მიუღწეველია.

EaP GREEN პროექტის ექსპერტებისგან EcOil-ისთვის გაცემულმა რეკომენდაციებმა, რომლებიც ენერგიისა და რესურსის შემცირებას ეხებოდა, შესაძლოა შეცვალოს მოცემული სიტუაცია. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) კონცეფცია მხარდაჭერილია UNIDO-ის მიერ EaP GREEN პროგრამის ფარგლებში. რეკომენდაციებს შორის, რომლებიც კომპანიამ გაითვალისწინა, იყო გაცხელებული ზეთის მასალების მილგაყვანილობის შემოკლება და თერმული იზოლაცია, დიდი ოდენობით ენერგიის მომხმარებელი ძრავის მოცულობების შემცირება და ძველი ტექნოლოგიების განახლება.  ამ ცვლილებების შედეგად EcOil-მა უკვე მოახერხა ენერგიაზე დანახარჯების შემცირება. 

„ჩვენ შევძელით ბუნებრივი აირის მოხმარების 7-10%-ით შემცირება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მიზანი 300 000 ლიტრი ზეთის წარმოებაა, რასაც დიდი მოცულობით ენერგორესურსი სჭირდება, მოხმარების 10%-ით შემცირებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია.  რაც შეეხება ელექტროენერგიას, როგორც წესი, ჩვენ მას დიდი ოდენობით არ მოვიხმართ, მაგრამ მაინც მოვახერხეთ მოხმარების 3-5%-ით შემცირება“, - ამბობს ჯვარშეიშვილი.

RECP-ის ფარგლებში განხორციელებული ნაბიჯების წყალობით, ბიზნესს წლიურად 12 000-ლარიანი დანაზოგი აქვს.  თუმცა, EcOil აპირებს, წარმოების მოცულობა 10-ჯერ გაზარდოს, რაც, ჯვარშეიშვილის თქმით, 120 000 ლარის ეკონომიას გულისხმობს და „კომპანიისთვის სერიოზული შეღავათი“ იქნება. 

„გარკვეული ცვლილებების განხორციელება საკმაოდ ძვირი დაჯდა, მაგრამ მიღწეული ეკონომიის გათვალისწინებით, ეს დანახარჯები ერთ წელიწადში ამოღებული იქნება“, - ამბობს ჯვარშეიშვილი. 

EcOil-ისგან განსხვავებით, რუსთავში მდებარე „აზოტის“ ქარხანას პატარას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. დაახლოებით 1 800 თანამშრომლის დამსაქმებელი კომპანია მინერალური სასუქების, ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტის მჟავის, ამიაკის წყლისა და სხვა ნივთიერებების წარმოებითაა დაკავებული. ამ პროდუქტებს ძირითადად სოფლის მეურნეობასა და ოქროს მოპოვების სფეროში იყენებენ და, ქარხნის მენეჯმენტის თქმით, მყიდველები მთელი მსოფლიოდან ჰყავთ. 

დიდი ბიზნესი ბევრ ენერგიას მოიხმარს. „აზოტის“ ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელმა, გელა იაკობაშვილმა, რომელიც ქარხანაში უკვე 40 წელია მუშაობს, ეს კარგად იცის.  მას უკვე შემუშავებული ჰქონდა ენერგიაზე დანახარჯების შემცირების გეგმა - მილსადენებისა და რეზერვუარების თერმული იზოლაცია. აპირებდა, გეგმის ქარხნის მენეჯმენტისთვის წარდგენას, როდესაც შემთხვევით RECP-ის ბროშურა ჩაუვარდა ხელში.  როდესაც აღმოჩნდა, რომ მისი ხედვა თანხვედრაში იყო პროექტისგან მიღებულ რეკომენდაციებთან, გაუადვილდა მენეჯმენტის დარწმუნება, რომ აუცილებელი იყო ცვლილებების განხორციელება. 

„გვინდოდა, დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი გეგმა სწორი იყო. მას შემდეგ, რაც EaP GREEN-ისგან ზუსტად იგივე რეკომენდაციები მივიღეთ, მენეჯმენტმაც გამოხატა მზაობა, დაეხარჯა თანხა“, - ამბობს იაკობაშვილი.

ჯერჯერობით არ იცის, თუ რა ოდენობის ეკონომიას მიიღებს ქარხანა, მაგრამ ამბობს, რომ შემდეგი საკითხი, რომლის მოგვარებასაც გეგმავს, მავნე ემისიებია, რადგან აზოტი უმეტესწილად სახიფათო ქიმიურ მასალებს ამუშავებს. 

EcOil და „აზოტი“ საქართველოში იმ 50 კომპანიას შორისაა, რომლებმაც RECP-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით EaP GREEN-ისგან სარგებელი მიიღეს. მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამგვარი პროექტები აღმოსავლეთ ევროპის ექვსივე ქვეყანაში განხორციელდა.

2013 წელს დაწყებული პროექტი საქართველოში სამ სფეროს მოიცავს: საკვების წარმოება, ქიმიური წარმოება და სამშენებლო მასალები. პროექტის ეროვნული კოორდინატორი მალხაზ ადეიშვილი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებთან გამკლავებაც პროექტის განხორციელების პროცესში მოუწიათ.

„ქართველი მწარმოებლები, როგორც წესი, მოძველებულ ან კუსტარულ ტექნოლოგიას იყენებენ, რომლებიც ძალიან არაეფექტურია. ჩვენი მიზანი იყო მათთვის გვეჩვენებინა, თუ რა უნდა შეეცვალათ უკეთესობისკენ [წარმოების ეფექტურობის გაუმჯობესების და გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით]. ჩვენ მიერ რეკომენდებული ზოგიერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება საკმაოდ ძვირადღირებული იყო, თუმცა იყო საკმაოდ იაფი ვარიანტებიც.  ამ ღონისძიებების გატარების შემთხვევაში საწარმოები ენერგიის 15-30%-ს დაზოგავენ“, - ამბობს ადეიშვილი. 

„დახარჯული თანხების ამოღების საშუალო პერიოდი 1.5-დან 2 წლამდე მერყეობს, მაგრამ ზოგიერთი ბიზნესმენი ჯერ ისევ ყოყმანობს, გამოიყენოს თუ არა ეს მეთოდოლოგია“, - ამბობს ადეიშვილი.  უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ, ხოლო ტრადიციის შეცვლა ადვილი არ არის.  მეორე მიზეზი არის ის, რომ მათ იციან დანაკარგების შესახებ, მაგრამ არასდროს დაუთვლიათ, კონკრეტულად რა ზარალს ნახულობენ. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ვერ გაუმკლავდებიან ძვირადღირებული ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვას, რადგან ბაზარზე გადარჩენაზე არიან კონცენტრირებული. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა სწორედ ესაა, მაგრამ ევროკავშირი დახმარებას უწევს მცირე საწარმოებს, რათა ცვლილებების განხორციელება შეძლონ.

TMT Ltd, რომელიც კასპის რაიონში 1960 წლიდან დაკონსერვებულ პროდუქციას აწარმოებს, ერთ-ერთი კომპანიაა, რომელმაც  EaP GREEN-ისგან ენერგიისა და რესურსების ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მიიღო. კომპანიის დირექტორის, თამაზ მერებაშვილის თქმით, ყველა რეკომენდებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში კომპანია მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის რესურსების 50%-მდე დაზოგავს, მაგრამ კომპანიას ფინანსების არქონის გამო, ამგვარი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს. 

„ასეთი ინვესტიციის განხორციელება რომ შემეძლოს, წარმოება გაოთხმაგდება და გახუთმაგდება კიდეც. შემოსავლები მილიონებამდე მოიმატებს, - ამბობს მერებაშვილი, - მაგრამ, მე არ მაქვს ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის საჭირო თანხები“. 

ადეიშვილი დასძენს, რომ იმ საწარმოების 50%-ში, რომლებმაც პროექტთან ითანამშრომლეს, მიღებული რეკომენდაციების ნაწილი უკვე გაითვალისწინეს. მისი გამოცდილებით, საქართველოში მომუშავე მცირე საწარმოები მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ფიქრობენ და აქედან გამომდინარე, სოციალური პასუხისმგებლობა, როგორიცაა, გარემოს დაბინძურების შემცირება, მეორეხარისხოვანი ხდება.

გარემოზე ზეგავლენის შემცირება და ენერგოეფექტურობის უკეთესი განრიგის შემუშავება ის მიზნებია, რომელთა მიღწევაზე პასუხისმგებლობაც საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში აიღო. მათ შორისაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ენერგეტიკული გაერთიანების შეთანხმება და პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ. ენერგეტიკის სამინისტრო უკვე ამუშავებს ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოქვეყნდეს. 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მშენებლობა და ინდუსტრია. სამინისტროს მონაცემებით, ენერგოეფექტურობის გამოყენებით სექტორული რეფორმებით 2020 წლისთვის მისაღწევი მიზნის 36% შესრულდება.

სამინისტროს მიერ გაერო-ის ევროპის ეკონომიკური კომისიისთვის (UNECE) წარდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, საქართველო გეგმავს დაზოგვის ღონისძიებები ინდუსტრიის სფეროში განახორციელოს.  ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროგრამები, მაგრამ სამინისტრო გეგმავს დანაზოგი განათებაში გააკეთოს, როგორიცაა ქუჩის განათება, კომერციული და საცხოვრებელი შენობები და საჯარო შენობები, რამაც 2020 წლისთვის დაგეგმილი დანაზოგის  7% უნდა შეადგინოს.

სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის დეპარტამენტის უფროსი, მარიტა არაბიძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც სამინისტრომ ბიზნესსექტორში გარკვეული გამოწვევები აღმოაჩინა, კერძო სექტორი მაინც ნაკლებად არის პრიორიტეტული, რადგან უკეთესი ენერგოეფექტურობა ბიზნესისთვის ნაკლებ ხარჯს ნიშნავს. მისი აზრით, პირველი ნაბიჯები საჯარო სექტორში სიტუაციის გაუმჯობესებისთვის უნდა გადაიდგას, რათა ბიუჯეტში თანხები დაიზოგოს.

„ჩვენ კერძო სექტორისთვის ბევრის ახსნა არ გვჭირდება. მათ კარგად ესმით, რომ ენერგია ფული ღირს“, - ამბობს არაბიძე.

ამჟამად საქართველოში არ არსებობს ზუსტი მონაცემები ქვეყნის მასშტაბით არსებული ფტორირებული სათბური აირების ემისიების მოცულობის შესახებ.  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მტკიცებით, სიტუაცია უახლოეს წლებში შეიცვლება, რადგან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას ავალდებულებს, შექმნას რეგისტრაციის სისტემა ყველა იმ დანადგარისთვის, რომლებიც ასეთ აირებს გამოყოფენ.  ეს პროცესი 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს, მანამდე კი საქართველოს მხოლოდ ვარაუდით შეუძლია გამოთვალოს ემისიის პოტენციური მოცულობა იმ იმპორტირებული მასალების ოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ამგვარ აირებს გამოყოფს. 

კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, 2030 წლამდე ემისიები15-25%-ით შეამციროს.  გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში ემისიები16,391 ათას ტონა  CO2-ის ექვივალენტს უტოლდებოდა. ენერგეტიკის სექტორი ამ მხრივ ლიდერი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ემისიების 56%-ით.  საერთო ემისიების მხოლოდ 20% მოდიოდა ინდუსტრიულ  სექტორზე.  ამავდროულად, ეს მონაცემი არ შეიცავდა ემისიებს, რომლებსაც საწარმოების მიერ ენერგიის მოხმარება იწვევს. მესამე ადგილზე სოფლის მეურნეობის სექტორი იყო ემისიების 16%-ით; ხოლო მეოთხე ადგილზე ნარჩენების გადამუშავების სექტორი - 8%-ით.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მენეჯმენტის დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კახაბერ მდივანი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რეგულაციები ქართულ ბიზნესს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუკი ინდუსტრიის სექტორში არსებული ემისიები მაღალი იქნება.  ამავდროულად, ეს მონაცემები ფაქტობრივად მინიმალურია ენერგეტიკის სფეროსთან შედარებით, რომელიც ამჟამად რეგულაციების მთავარი სამიზნეა. 

„ენერგეტიკის სექტორში არსებული ემისიების შემცირება უდიდეს სარგებელს მოგვიტანს შეთანხმების პირობების შესრულების კუთხით“, - ამბობს მდივანი. 

თუკი ამ სექტორში ემისიები წარმატებულად შემცირდება, საწარმოები ამ კუთხით ბევრი ვალდებულების დაწესებას აღარ უნდა ელოდონ. როცა სახელმწიფო მხოლოდ ახლა იწყებს ამ სფეროში რეფორმების განხორციელებას, მწვანე ეკონომიკა მცირე პროექტების მეშვეობით ინერგება. სანამ მწვანე ეკონომიკა ქვეყნის მასშტაბის სტრატეგიად არ იქცევა, მცირე საწარმოები „აკეთე მეტი ნაკლებით“ კონცეფციის საფუძვლებსა და პოტენციურ სარგებელს სწავლობენ.

____________________________________________________________________

სტატია მომზადებულია პროექტ „ევროკავშირის მეზობლები - აღმოსავლეთის“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები ერთპიროვნულად მასალის ავტორის  მოსაზრებებს წარმოადგენს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ცეკვა ცერებითა და ახალი „ორნამენტებით"

სუხიშვილების განახლებული პროგრამა - კიდევ ერთი ხნული გაკვალულ ყამირზე ყოველთვის, როდესაც სუხიშვილების კონცერტს ვუყურებთ ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

ბავშვები ციფრულ სამყაროში - რა უნდა ვიცო ...

რა გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვების ცხოვრებაზე, რა საფრთხეს და შესაძლებლობებს შეიცავს ინტერნეტი, რა უნდა ვ ...

მეტი

^