Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როდის ამოქმედდება და რას გულისხმობს მანქანების სავალდებულო ტესტირება

10 ოქტომბერი 2017

2018  წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ტესტირების  წესი ამოქმედდებატექნიკური დათვალიერების ვალდებულება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტისთვის ახლაც არსებობს. მაგრამ დარღვევისთვის მძღოლი მიზერული თანხით, 10 ლარით  ჯარიმდება. ახალი წესით კი ტესტირების გავლა არა მხოლოდ ზემოხსენებული, არამედ მსუბუქი ავტომანქანებისთვისაც სავალდებულო გახდება. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსის, ელიზბარ დარჩიაშვილის თქმით, წესის ამოქმედების რაიმე მიზეზით გადავადებას არ უნდა ველოდოთ, რადგან კანონში ასეა გაწერილი და ეს ეკონომიკის მინისტრმაც დაადასტურა.

რა კრიტერიუმებით  შემოწმდება მანქანები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით („ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდები“) ის კრიტერიუმებია განსაზღვრული, რომელის მიხედვითაც ავტომობილები შემოწმდებიან. ესენია: სამუხრუჭო სისტემა, საჭით მართვის სისტემა, გამონაბოლქვი, ხილვადობა (შუშები, სარკეები, მზისგან დამცავი საშუალებები), გარე მაშუქი ხელსაწყოები, ძარა, საბურავები და სხვა.

დადგენილებაში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა მოხდეს თითოეული კრიტერიუმის ტესტირება და რა მაჩვენებელს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა. ძირითად შემთხვევაში, ავტომანქანის მონაცემები მისივე დამმზადებლის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოწმდება. შესაბამისად, სხვადასხვა მანქანისთვის სხვადასხვა მოთხოვნა იქნება.

მანქანის ტექნიკური დათვალიერება სპეციალურ ცენტრებში მოხდება. დღეს ასეთი 26 ცენტრია, რომლებსაც სულ 35 ხაზი აქვს. თითო ხაზზე ერთი სატრანსპორტო საშუალების ტესტირებაა შესაძლებელი. მომავალში ცენტრების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

რა იქნება სავალდებულო ტექდათვალიერების საფასური

ელიზბარ დარჩიაშვილის თქმით, ჯერჯერობით ტექნიკური დათვალიერების თანხა დადგენილი არ არის და ამას კანონი არ განსაზღვრავს. მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და საფასურს თავად ტესტირების ცენტრების ასოციაცია დაადგენს. 

რა ვადაში უნდა შემოწმდნენ ავტომობილები

ავტომობილების რაოდენობის გათვალისწინებით გამომდინარე ტექნიკური ინსპექტირების მაქსიმალურ ვადად პირველი 2 წელი გაიწერა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ავტომანქანა სურვილისამებრ გაივლის ტესტირებას. პირველ ეტაპზე ის სატრანსპორტო საშუალებები შემოწმდება, რომლებსაც რეგულარულად გადაჰყავთ მგზავრები ან საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაზე მუშაობს; ასევე, სამ და მეტტონიანი თვითამწეობის მქონე სახიფათო ტვირთის გადამტანი ტრანსპორტიც. სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი ტესტირების დრო ნებაყოფლობითია.

ამის შემდეგ კი სავალდებულო ტესტირების ევროპული სტანდარტი 4+2+1 დამკვიდრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ავტომანქანებისთვის პირველი ტექდათვალიერება 4 წლის თავზეა სავალდებულო. მომდევნო ტესტირებას 2 წლის მერე გაივლიან, შემდეგ კი - ყოველ წელს.   

რა მოხდება, თუ სატრანსპორტო საშუალება ტესტირებას წარმატებით ვერ გაივლის ან მძღოლი თავს აარიდებს ტექდათვალიერებას?

მთავრობის დადგენილების თანახმად, თუ ავტომობილები კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, მძღოლებს ხარვეზის გამოსასწორებლად გარკვეული დრო მიეცემა. შემდეგ ტესტირების საფასურს ხელახლა გადაიხდიან და იმ კრიტერიუმს შეამოწმებენ, რომელიც წინა ჯერზე ვერ დააკმაყოფილეს. როგორც ელიზბარ დარჩიაშვილი განმარტავს, თუ მძღოლი ხარვეზს დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს, მაშინ მას არ ჩაეთვლება ტესტირება და ისევე დაჯარიმდება, როგორც ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერებას აარიდეს თავი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მძღოლი 10 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი ან მეწარმე კი - 100-ით. თუკი ჯარიმას 1 თვეში არ გადაიხდიან და ტესტირებასაც კვლავ აარიდებენ თავს, ისინი 150 ლარით დაჯარიმდებიან ან 1 წლით ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა.

„ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ 10 ლარი ძალიან მცირე ჯარიმაა და ეს შედეგს ვერ მოიტანს. მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის - ამ ჯარიმის გადაუხდელობა პრობლემა იქნება მძღოლებისთვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა „ლიბერალთან“ საუბრისას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები ტექნიკურ დათვალიერებას ჩვეულებრივ გაივლიან. მაგრამ ტექნიკური დათვალიერების შემდეგ საჭის მარცხნივ გადატანა იკრძალება, ასეთი მანქანები ტექნიკურ დათვალიერებას ვეღარ გაივლიან.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ცენტრი გასცემს მოწმობას, რომელიც ავტომანქანის წინა საქარე მინაზე უნდა განთავსდეს.

........

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016  წელს განაცხადა, ამ რეფორმისთვის დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა.

სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების ერთ-ერთი მიზეზი ეკოლოგიაა. 2016 წელს მოქალაქეებმა ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების მოთხოვნით მანიფესტი შექმნეს. მისი ავტორები ტესტირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ და არგუმენტად  ენერგეტიკის  საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოჰყავდათ. კვლევის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა; მეორე ადგილზე - ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^