Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ელის თბილისის კულტურულ მემკვიდრეობას თვითმართველობის არჩევნების შემდეგ

17 ოქტომბერი 2017

21 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, სადაც 13 მერობის კანდიდატია რეგისტრირებული. „ლიბერალი“ დაინტერესდა, თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამის მიხედვით, რა ხედვა და გეგმები აქვთ კანდიდატებს და რას უნდა ველოდოთ თბილისის ისტორიული ნაწილისა და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერობის კანდიდატების ნაწილს საარჩევნო პროგრამა წერილობითი სახით წარმოდგენილი არ აქვს. ნაწილის პროგრამაში კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით პრობლემებსა და მის მართვასთან დაკავშირებულ  საკითხებზე  გეგმა წარმოდგენილია, თუმცა არიან  მერობის კანდიდატები, რომელთა პროგრამა საერთოდ არ მოიცავს ამ საკითხებს.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში  კულტურულ მემკვიდრეობასა და თბილისის ისტორიული ნაწილის შესახებ საკითხებს მცირე ნაწილი უკავია. წერია, რომ:

  • გაგრძელდება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა თბილისის ისტორიულ ნაწილისა და კულტურულ მემკვიდრეობის საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილს საარჩევნო პროგრამა წერილობითი სახით არ აქვს, მისი საარჩევნო კამპანიისას ამ საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა. 

ალექსანდრე ელისაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრობდა მის გეგმებზე, პროგრამაზე თბილისის კულტურულ, ისტორიულ ნაწილთან მიმართებაში. მისი თქმით, დღეს ტურისტებს ქალაქი შესაბამის სერვისებს ვერ აწვდის. 

„ტურისტები დადიან და ქალაქი ვერ აწვდის შესაბამისს სერვისებს, თბილისში თითზე ჩამოსათვლელია მუზეუმები. ასევე გვაქვს სამრეწველო ფუნქციის ქუჩები, პურის მოედანი, ვერცხლის ქუჩა, ღვინის აღმართი. ეს ქუჩები შინაარსობრივად არ არის დატვირთული. ისტორიული ქალაქი თავზე გვენგრევა, იმის ნაცვლად, რომ იქ მცხოვრები ადამიანები წელში გამართული იყვნენ “, - თქვა ელისაშვილმა. 

მისი თქმით, ძველ თბილისში ინგრევა ისტორიული შენობები. უამრავი უცხოური პროგრამა არსებობს, რომელიც რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე მუშაობს, რომლებსაც სურთ რესურსების დახარჯვა და სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რათა ძველი უბნების რეაბილიტაცია-რესტავრაცია მოხდეს. 

„ხალხს ფული არ აქვს. ბიზნესისთვის რეაბილიტაცია და რესტავრაცია მომგებიანი არ არის, მერიას შეუძლია ფინანსურად მოერიოს ამ ყველაფერს, მაგ: არაერთი უცხოური კომპანიაა, რომელიც რეაბილიტაციასა და რესტავრაციაზე მუშაობს. მათ აქვთ უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობა და სურთ თავიანთი რესურსების დახარჯვა. თუკი თბილისში დაამუშავებ სარეაბილიტაციო გეგმებს, განახორციელებ ზედამხედველობას და ამ კომპანიებს იქ ფულის ჩადების საშუალებას მისცემ, იქ გაჩენილი ახალი ბიზნესები გადასახადებს გადაიხდიან. ყოველთვე იმ გადასახადების 10%-ს თუ მათ გადაურიცხავ, დავუშვათ 10 წლის განმვალობაში, ეს ამ კომპანიებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება. ერთბაშად შეიძლება მთელი ისტორიული თბილისი დაიფაროს სარესტავრაციო სამუშაოებით“, - განაცხადა ელისაშვილმა.   

საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“  თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ  საბიუჯეტო სახსრებით უნდა გაგრძელდეს მწვავედ ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება; უნდა მოხდეს ისტორიული ტურისტული პოტენციალის მქონე უბნების რეაბილიტაცია. ამასთან პროგრამაში აღნიშნულია, რომ  საბიუჯეტო დაფინანსების ეფექტიანი გამოყენებით უნდა შეიქმნას  სამშენებლო ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობის სტიმულირების სპეციალური პროგრამა, რომლის შედეგად ათასობით ავარიული, უკვე დანგრეული და ქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარანტიით, კერძო ინვესტორებთან ერთად გადაიჭრება. 

ასევე, ელენე ხოშტარიას პროგრამაში ნათქვამია, რომ:

  • ძველი თბილისის რეაბილიტაციითა და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით „ევროპული საქართველო" შეძლებს მრავალი კულტურული ძეგლის შენარჩუნებას. დამატებით, ჩვენ მეტ ყურადღებას და ძალისხმევას დავუთმობთ საბჭოთა ოკუპაციის უარყოფითი მემკვიდრეობის წარმოჩენას თბილისის მასშტაბით. ჩვენ აღვადგენთ და რეაბილიტაციას გავუწევთ იმ შენობებს, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ქართველი ოფიცრები, საჯარო მოხელეები და ანტიკომუნისტური მოძრაობის წევრები.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო  პროგრამაში კულტურული მემკვიდრეობისა და თბილისის ისტორიული ნაწილის შესახებ საკითხს მცირე ნაწილი აქვს დათმობილი. პროგრამაში აღნიშნულია, რომ ისტორიულ უბნებში აღარ აშენდება მრავალსართულიანი ნაგებობები:

  • განსაკუთრებით ვიზრუნებ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციასა და რეაბილიტაციაზე.
  • შევქმნით საზოგადოებრივი ზედამხედველობის ეფექტიან მექანიზმს.
  • თბილისის ისტორიულ უბნებში განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრქტურას.

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის თენგიზ შერგელაშვილის საარჩევნო პროგრამაში იმ საკითხებს, რომელიც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებსა და თბილისის ძველ უბნებს ეხება, აღნიშნულია, რომ აუცილებელია შეიქმნას თბილისის განვითარების ინსტიტუტი, სადაც დამუშავდება სხვადასხვა საკითხი თბილისის ისტორიის კვლევისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესახებ. შერგელაშვილის პროგრამაში ასევე ნათქვამია: 

  • მოხდება ყველა ძველი უბნის რეაბილიტაცია. კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული საცხოვრებელი სახლების საკითხში მოქალაქეებთან და ინვესტორებთან უშუალო თანამშრომლობით განხორციელდება პროგრამა, რომელიც ამ კულტურულ მემკვიდრეობას მოქალაქეებისა და თბილისისთვის შემოსავლის წყაროდ აქცევს“.

გიორგი ვაშაძე - საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატია. მის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ „თბილისმა უნდა დაიბრუნოს ისტორიული ფუნქცია – კულტურული ცენტრის, ცივილიზაციათა გამაერთიანებლის როლი“. თუმცა ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში თბილისის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასთან და თბილისის ძველ უბნებთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა წარმოდგენილი არაა.

მისი ინიციატივებია:  

  • კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ჩვენი დღევანდელობა და მომავლის საფუძველი;
  • თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (ბიენალე, გამოფენები, კონცერტები…);
  • მრავლფეროვნება და კულტურათა დიალოგი, ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“  მერობის კანდიდატის, გიორგი გუგავას საარჩევნო პროგრამა წერილობით წარმოდგენილი არ აქვს. თუმცა გიორგი გუგავამ „ლიბერალთან“ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას განახორციელებს მისი გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით . გუგავას  თქმით, კულტურული მემკვიდრეობა ქალაქის ისტორიაა და ქალაქის სახესა და იდენტობას განსაზღვრავს, მაგრამ მას ბიზნესდატვირთვაც აქვს და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში ჩართულნი უნდა იყვნენ ინვესტორებიც, იმ შემთხვევაში, თუ არ შეუქმნიან საფრთხეს ძეგლს და აიღებენ პასუხისმგებლობას მათ მოვლა-პატრონობაში.

„ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველი სწორედ ასეთი სივრცეებია. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და არ უნდა ხდებოდეს მისი  1 ლარად გაჩუქება, არ უნდა ხდებოდეს  მილიონერი ოლიგარქების მიერ ასეთი სივრცეების მითვისება და მისი საკუთარ ყაიდაზე გადაკეთება. მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში რაიმე ჩარევა. შესაძლებელია საქმეში ინვესტორების ჩართვაც, თუ ისინი არ დაარღვევენ საერთო სივრცეს, არ დაარღვევენ იდენტობას, არ შეუქმნიან საფრთხეს ამა თუ იმ ძეგლს. შესაძლებელია მათთვის კონკრეტული ფასების განსაზღვრაც, თუ ამავე დროს ჩადებენ თანხებს მის მოვლა- შენახვასა და რეაბილიტაციაში“, - ამბობს ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი.

საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატს კახა კუკავას წარმოდგენილი აქვს თავისი გეგმა და პროგრამა, თუ რის განხორციელებას გეგმავს ის გამარჯვების შემთხვევაში. თუმცა მის საარჩევნო პროგრამაში არაფერია ნათქვამი თბილისის ისტორიულ ნაწილზე, ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობასა და მის მართვაზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატს პროგრამა წერილობით არ აქვს წარმოდგენილი.  „ლიბერალის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, პარტიის წარმომადგენელმა, ირმა ინაშვილმა სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

მწერლობა და დაბეზღება

ქართულ ლიტერატურას არაერთი დიდი მწერალი ჰყავს, რომელთა შემოქმედება დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: კონსტანტინე გამ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს? მოსწონთ თუ არა ის, რასაც სწავლობენ და როგორც სწავლობენ? რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და რ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეცნიერების მტრები, ანტივაქცინაციის აბსუ ...

R E T R A C T E D -[1] სისხლივით წითელი, მჭახე ასოებით გამოყვანილი შტამპი ადევს ჟურნალ „ლანცეტის“ 1998 წლის ...

მეტი

^