Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანასწორობა განსაზღვრავს ძლიერ ბიზნესს

18 ოქტომბერი 2017

14-წლიანი პაუზის შემდეგ 4 თვის წინ ლიკა სამსახურში პირველად წავიდა. მოძალადე ქმარს რომ გაშორდა, რთულ, სტრესულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ დასახმარებლად ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს მიმართა. კონსულტაციებზე ფსიქოლოგმა სრული რეაბილიტაციისთვის სამსახურის დაწყება ურჩია და საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობ ასოციაცია „ამაგდარს“  დააკავშირა: ორგანიზაციას, რომელიც ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს,  სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციაში ეხმარება. 
„ამაგდარში“ ლიკამ ჯერ უცხო ენების კურსები გაიარა, პარალელურად, სამსახურს ეძებდა. ერთ დღესაც „აჭარა ჯგუფიდან“ დაურეკეს და გასაუბრებაზე დაიბარეს. იხსენებს, რომ კარგად მიიღეს და სამსახურის დაწყებას როდის შეძლებდიო,-ჰკითხეს. „დღესვეო“ , - უპასუხა და მართლაც, პასუხი იმ საღამოსვე აცნობეს: ხვალიდან გელოდებითო. 

ახლა ლიკას სამუშაო დღე დილის ცხრა საათზე იწყება. ამბობს, რომ საქმე ცხოვრების ხალისის დაბრუნებაში დაეხმარა: „ქორწინების შემდეგ სამსახური არ მქონია, მუშაობას ქმარი მიკრძალავდა, ამიტომ თავიდან დრო დამჭირდა, რომ რეჟიმს შევგუებოდი, მაგრამ ისეთი კარგი გარემო დამხვდა, მალევე მოვშინაურდი. ჩემნაირი ქალები სამსახურის გარეშე შეიძლება უფრო დიდ სტრესში აღმოჩნდნენ. ზუსტად ვიცი, მე ძალიან გამიჭირდებოდა“ ,- იხსენებს ის.  

ლიკას მსგავსად, იმ ქალების სრულფასოვანი დამოუკიდებლობისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობის ჯაჭვი გაარღვიეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს, შრომის ბაზრისთვის შესაბამის პროფესიულ უნარებსა და დასაქმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. განათლებისა და სამსახურის გარეშე ისინი ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და რეალური ცვლილებებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას  ვერ ახერხებენ, ამიტომ ზოგიერთი მათგანი მოძალადესთანაც კი ბრუნდება. 

ამჟამად ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და იმ ქალებისთვის, რომლებსაც ეს პრობლემა ჰქონდათ, სერვისების მიწოდებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ახორციელებს. სერვისები თავშესაფრით უზრუნველყოფას, იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგიურ  და სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. ფონდის დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე ამბობს, რომ ძირითადი სერვისების მიწოდებას უწყება თავად  უძღვება, თუმცა პრობლემად კვლავაც რჩება ამ ქალების საზოგადოებაში ინტეგრაცია, რაც მათ დასაქმებასაც მოიაზრებს. „სამწუხაროდ, ეს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოთია გამოწვეული. სამუშაო ადგილების დიდი არჩევანი არ გვაქვს. ჩვენც შუამავლები ვართ და ამ ადამიანებისთვის შესაფერის სამსახურებს არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა სახელწიფო უწყებების დახმარებით ვეძებთ ხოლმე. გვაქვს შემთხვევები, როცა ოჯახში ძალადობას გადარჩენილი  ქალები გადამზადდნენ, დასაქმდნენ და შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, თუმცა მოცემულ ეტაპზე ყველა ქალს, რომელიც თავშესაფარში ხვდება, ფონდი დასაქმების გარანტიას ვერ მისცემს“, - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ამ ვითარებაში ბიზნესკომპანიებს პოზიტიური როლის შესრულება შეუძლიათ: „ოჯახში ძალადობა არა ერთი ქალის, არამედ ქვეყნის პრობლემაა, ამიტომ საჭიროა მის მიმართ ადამიანები უფრო მეტად მგრძნობიარეები იყვნენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ქვეყნის დოვლათს, სამუშაო ადგილებს ქნიან. ყველა მოქალაქის პოზიცია მნიშვნელოვანია, თუმცა  ბიზნესმენის, თუნდაც ერთის,  უფრო ღირებული, იმიტომ რომ მას დახმარების, მხარდაჭერისა და დასაქმების მეტი რესურსი აქვს“, - ამბობს ლაშა ჯინჯიხაძე.

ლიკას დამსაქმებელი კომპანია „აჭარა ჯგუფი“ ერთ-ერთი ის ბიზნესორგანიზაციაა, რომელმაც, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობას გადარჩენილი ქალების დასაქმება დაიწყო. ინიციატივა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ნაწილია. თავად გეგმა კი, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერისა და ქალთა გაძლიერების მიზნით, კომპანიაში შარშან შეიქმნა.

2016 წელს აჭარა ჯგუფთან ერთად გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის  წევრმა კომპანიებმა - m2-მა, ჯეპრამ, ქართულ-ამერიკულმა უნივესიტეტმა და კრისტალმა ხელი ქალთა გაძლიერების პრინციპებს ​/მოაწერეს. ეს შვიდი პრინციპი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კერძო სექტორს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში, ქალთა გაძლიერებასა და ამ გზით მდგრადი ეკონომიკის შექმნაში ეხმარება. რეკომენდაციები ბიზნესს მათი განხორციელების კონკრეტულ ნაბიჯებსაც სთავაზობს. 


ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერა

ინიციატივაში ჩართვის შემდეგ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის  სამდივნოს სიდას დახმარებით, კომპანიებმა  საკუთარი ბიზნესპროცესები გენდერული თვალსაზრისით შეაფასეს, არსებული პრობლემები გამოავლინეს, შემდეგ კი ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერებისთვის სამოქმედო გეგმებიც მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროექტის განხორციელება და ქალთა გაძლიერების პრინციპების სისტემური დანერგვამსოფლიოს მასშტაბით სწორედ საქართველოში დაიწყო. ქართული კომპანიები ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათ გაძლიერებაში ჩაერთნენ. 

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი და სიდას კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გენდერული თანასწორობის შეფასების პროცესმა და სამოქმედო გეგმებმა რამდენიმე მიმართულება მოიცვა: თანამშრომელთა ქცევის კოდექსში გაიწერა დასაქმების ადგილას დისკრიმინაციის აღმოფხვრის განმარტება, შემუშავდა ქალთა წახალისებისა და გაძლიერების ინიციატივები, გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვასა და ქალთა უსაფრთხოებაზე, დეკრეტულ და ბავშვის მოვლის შვებულებებზე, დაზღვევის ქალთა საჭიროებებზე მორგებაზე, თანამშრომელთა შორის დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროებისა და მასზე რეაგირების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, შემუშავდა სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმები. 

სამოქმედო გეგმების  მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ოჯახში ძალადობაც: „კომპანიების ინტერესებში შედის, რომ მათი თანამშრომელი ცხოვრობდეს და მუშობდეს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში, ამიტომ სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმებს დასაქმებულები ოჯახში ძალადობის ფაქტების გაცხადებისთვისაც გამოიყენებენ. კომპანიები კი მათ შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებიან: მაგალითად, აცნობებენ არსებული სერვისების შესახებ, გაითვალისწინებენ მათ საჭიროებებს და ა.შ. პარალელურად, ხელს შეუწყობენ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიზნით ოჯახში ძალადობის შესახებ თანამშრომლებისთვის სპეციალურ ტრენინგებს ჩაატარებენ“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

სამოქმედო გეგმები იმ ადამიანების მხარდაჭერასაც მოიზარებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაამარცხეს. ლიკას გარდა, „აჭარა ჯგუფმა“ კიდევ ორი ოჯახში ძალადობას გადარჩენილი ქალი დაასაქმა.  სამომავლოდ კი ქალებისთვის, რომლებმაც ეს პრობლემა დაძლიეს, კომპანია კარიერული ზრდის ტრენინგების ჩატარებასა და პროფესიულ გადამზადებასაც აპირებს. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონებში ახალგაზრდებს შორის ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც გეგმავს. 

ოჯახში ძალადობას გადარჩენილი ქალების პროფესიული გადამზადების კუთხით აპირებს მუშაობას ჯეპრაც. კომპანიას სურს, რომ მათ ტრენინგები CV-ს შედგენაში, პროფესიული უნარების წარმოჩენასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში ჩაუტაროს. ამავდროულად კომპანია მომწოდებლებთან ურთიერთობისას პრიორიტეტს იმ ორგანიზაციებს მიანიჭებს, რომელთა წილის 51% ან მეტი ქალის მფლობელობაშია. ჯეპრას მომწოდებელთა ქცევის კოდექსის შემუშავებაც სურს, რათა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში პარტნიორი კომპანიებიც ჩართოს.

 „ზოგიერთი კომპანია, მაგალითად დეველოპერული კომპანია m2 უძრავი ქონება, გენდერული მრავალფეროვნების კუთხით იმუშავებს, რადგან აცნობიერებს, რომ ის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად ზრდის. m2 უნივერსიტეტებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში შეხვედრებს ჩაატარებს და გოგოებს აცნობებს, რომ კომპანია მზადაა ისინი სტერეოტიპულად „მამაკაცურ“ პოზიციებზე, მაგალითად მშენებლობაზე, პროექტმენეჯერების პოზიციაზე დაასაქმოს. ამას გარდა, m2, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ზესტაფონში მშენებლების გადასამზადებლად პროფესიულ სასწავლებელს ხსნის და აპირებს, რომ იქაც წაახალისოს ქალების ჩარიცხვა ისეთ პროფესიებზე, როგორებიცაა მაგალითად საქმეთა მწარმოებელი, მღებავი და სხვა“, - ყვება სალომე ზურაბიშვილი.

გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება სულ უფრო ხშირად განიხილება ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორად.კომპანიები, რომლებისთვისაც გენდერული თანასწორობა პრიორიტეტი და შიდა პოლიტიკის ნაწილია, გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო წარმატებულები არიან. ავსტრალიის სავაჭრო პალატის მიერ 500 კომპანიას შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმბიზნესორგანიზაციებს, რომლებშიც მენეჯერულ პოზიციებზე ბევრი ქალია დასაქმებული, მოგების, მომხმარებელთა კმაყოფილების თუ სხვა მაჩვენებლების მიხედვით, ბევრად უფრო წარმატებული შედეგები აქვთ. „აჭარა ჯგუფის“ დირექტორი ვალერი ჩეხერია, რომელიც ამავდროულად გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენელია, იმ ბენეფიტებზე საუბრობს, რომლებიც კომპანიას ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვამ მოუტანა: “მთავარი ისაა, რომ მთელი ჩვენი გუნდი მეტად პასუხისმგებლიანი და გენდერულად მგრძნობიარე გახდა. ამას გარდა, პრინციპების მხარდაჭერითსაერთაშორისო დონეზე მაღალი სოციალურიპასუხისმგებლობის ჩვენებაც გაგვიადვილდა. თანამედროვე დასავლური ორგანიზაციები ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას აქცევენ და როცა პარტნიორი კომპანიის შერჩევა სურთ, ჩვენ უპირატესობას სწორედქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერის გამო გვანიჭებენ. საქართველოში ეს ჯერ კიდევ სიახლეა, თუმცა რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპასა და ევროპულ სავაჭრო ბაზარს, კიდევ უფრო ვიგრძნობთ მის მნიშვნელობას”, - აღნიშნავს ის. 

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში სულ 33 ორგანიზაციაა  გაწევრიანებული, მათ შორის 10 ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრია. კომპანიებისა და სიდას პარტნიორობა გრძელვადიანია. მას შემდეგ, რაც ისინი მიმდინარე წლის ბოლოს  საქმიანობის შედეგებსა და ანგარიშებს წარადგენენ, ახალ ინიციატივებსა და სამოქმედო გეგმებსაც დასახავენ.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, თუმცა პროგრესი აშკარაა. მთავარ შედეგად კი ბიზნესის მზაობას ასახელებს: „ქალთა გაძლიერების პრინციპების შესრულება სავალდებულო არ არის, ეს კომერციული ორგანიზაციების კეთილი ნებაა, ამიტომ მათი მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი დასაფასებელია.ახლა კომპანიებს მეტად აქვთ გაცნობიერებული, რომ გენდერული მრავალფეროვნება და თანასწორობა  მათი პროდუქტიულობისთვისაა მომგებიანი. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობა კი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალთა გაძლიერება და თანასწორობაა, არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ თავად ბიზნესისთვისაც შედეგიანია. ეს არის სწორი აღქმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე გასვლისთვისაა აუცილებელი“, - აღნიშნავს ის. 

ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვით თანდათან საქართველოშიც ინტერესდებიან. კომპანიებმა, რომლებსაც ამ პრინციპების მხარდაჭერა სურთ, სიდას უნდა მიმართონ. თავად გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნო კი აპირებს, რომ ბიზნესის ჩართულობის კუთხით მომდევნო წლებშიც აქტიურად იმუშაოს და ისეთი პროექტები დაგეგმოს, რომლებიც კომერციული და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობით განხორციელდება და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისკენ იქნება მიმართული. 

ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების გარეშე თანამედროვე ბიზნესის განვითარება უკვე წარმოუდგენელია. უახლოეს მომავალში კომპანიების წარმატებაში ქალთა გაძლიერების პრინციპების როლი კიდევ უფრო გაიზრდება და მათი დანერგვის აუცილებლობაც დადგება, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის გამგეობის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ამ პროცესში სახელმწიფოც უფრო მეტად უნდა ჩაერთოს და თუნდაც ოჯახში ძალადობას გადარჩენილი ქალების რეაბილიტაციის მიზნით, ისეთი პროგრამების შემუშავება დაიწყოს, რომელიც ბიზნესის მოთხოვნებზე იქნება მორგებული: „მაგალითად,სახელმწიფომ რომ მათ ინგლისური ენა ასწავლოს, მერე ძირითად პროფესიულ უნარებში ჩვენ გადავამზადებდით, ტრენინგებს ჩავუტარებდით და დავასაქმებდით. დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივალთ“, - აღნიშნავს ვალერი ჩეხერია. მისი თანამშრომელი ლიკა კი ინგლისური ენის კარგად სწავლაზე უკვე ფიქრობს. ამბობს, რომ ეს ის უახლოესი მიზანია, რომელსაც აუცილებლად მიაღწევს. 

სტატია მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

გამოხატე, არ ტეხავს!

რა შეიძლება გაწუხებდეს შაბათ დილით ახალგაღვიძებულ რაგბის ქომაგს?! თუ ჩემი იღბლიანი გუნდელებივით უკვე კარდიფში ხარ - ალბ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ნენსკრაჰესის პროექტის დეველოპერები არ ის ...

ჭუბერელმა მასწავლებელმა ინტერვიუში მოგვითხრო, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ნენსკრას დაგეგმილი კაშხლის პროექტის დეველოპერებს ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

როცა ლელოს გოგოები დებენ

„ბურთი! ბურთი! ბურთი!“ – სოფლის სიმყუდროვესა და  სიჩუმეს, რომელიც სკოლის ეზოში გაკვეთილების დასრუ ...

მეტი

^