Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალი კანდიდატები - აქ სჯერათ, რომ ქალ კანდიდატებს ხმას არავინ მისცემს

18 ოქტომბერი 2017

ქვემო ქართლში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალებიც იყრიან. ”შენების მოძრაობიდან” წარდგენილი ლეილა მამედოვა მარნეულის მერობისთვის იბრძვის, სამირა ისმაილოვა კი ბოლნისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატია.

მარნეულის ისტორიაში წელს პირველად მერობისათვის ქალი კანდიდატი იბრძოლებს. ლეილა მამედოვა ამბობს, რომ ბრძოლა რთული იქნება, რადგან რეგიონში, სადაც გენდერული სტერეოტიპები მყარად არის ფეხმოკიდებული, მას კონკურენციას 6 მამაკაცი უწევს.

“სტერეოტიპების დანგრევა პრეცედენტების შექმნით უნდა დაიწყოს

მამედოვა მარნეულის მთავარ პრობლემად მოუწყობელ გზებს, სასმელი და სარწყავი წყლის არარსებობას ასახელებს და ყურადღებას ქალთა უფლებებზე ამახვილებს:  “რატომ არ ვნიშნავთ ქალებს მაღალ თანამდებობებზე? ძალიან ბევრი განათლებული და აქტიური ქალია მარნეულში. ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობაა. მარნეულში ასე ნამდვილად არ არის. აქ ხშირად დისკრიმინაცია ნებადართულია და ჩვენ ამ პრობლემაზე აუცილებლად ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ვეკითხები, რატომ არ არიან მათ სიაში ქალი კანდიდატები, ამბობენ, რომ თვითონ ქალები არ არიან აქტიურები. ჩვენ ნამდვილად გვყავს აქტიური ქალები, მაგრამ მათ არ აძლევენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. აქ სჯერათ, რომ ქალ კანდიდატებს ხმას არავინ მისცემს. ასე რატომ უნდა ფიქრობდნენ? სტერეოტიპების დანგრევა პრეცედენტების შექმნით უნდა დაიწყოს. ძალიან ბევრი ქალი მუშაობს ხელისუფლებაშიც და კერძო სექტორშიც და ისინი ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ ხალხისთვის.”

ლეილა მამედოვა აცხადებს, რომ მარნეულში მცხოვრებ ქალებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა საბავშვო ბაღების სიმცირეა. “შეიძლება ყველა სოფელში საბავშვო ბაღი ვერ ავაშენოთ, მაგრამ “ქალთა ოთახის” დაარსება შესაძლებელია. სოფლად მცხოვრებ ქალებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ, ასეთ სივრცეში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ ერთმანეთის ბავშვებს მიხედონ და ამით დრო გამოითავისუფლონ. აუცილებელია მათი ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაზეც ვიზრუნოთ. შესაძლებელია ისეთი ცენტრების დაფუძნება, სადაც მათ პროექტების დაწერას და ბიუჯეტის შედგანას ვასწავლით. ეს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ქალების აქტიურობას საგრძნობლად გაზრდის. ამას დიდი ბიუჯეტი არ სჭირდება. ასეთი ცენტრისთვის საჭირო სივრცე ყველა სოფლის საკრებულოშია.”

ლეილა მამედოვას უმაღლესი განათლება ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა. იყო საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირის თავმჯდომარე, 2015-2016 წლებში კი სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ბოლნისის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებული სამირა ისმაილოვაც. “ჩვენ - ეთნიკური აზერბაიჯანელები უმცირესობებს მივეკუთვნებით და  ყველა ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ დისკრიმინაციას განვიცდით. საქართველოში რატომღაც ხშირად დარწმუნებულები არიან, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები ხმას მაინც მმართველ პარტიას მისცემენ. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შარშან ხელს მიშლიდნენ - ხევდნენ ჩემს პოსტერებს, მიშლიდნენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ჩემს ოფისზე თავდასხმის მცდელობაც კი იყო, მაინც ბევრ სოფელში გავიმარჯვე. მათ შორის ისეთებშიც, სადაც უმრავლესობა ეთნიკური ქართველია და არა აზერბაიჯანელი. გაყალბება რომ არა, არჩევნებს მოვიგებდი. ახლაც ცდილობენ, რომ ხელი შემიშალონ. მმართველი პარტია მოუწოდებს ამომრჩევლებს, რომ ხმა არ მომცენ, რადგან ქალი ვარ. აქ კიდევ ერთი გავრცელებული სტერეოტიპი ის არის, რომ ქალები არ არიან და არც უნდა იყვნენ აქტიურები. შარშანდელ არჩევნებში ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ. ისინი, ვინც ჩვენ გვიჭერდნენ მხარს, საორგანიზაციო საქმეებშიც კი გვეხმარებოდნენ.”

სამირა ისმაილოვა ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას: “სოფლებში ძალიან ბევრი პრობლემაა: არ არის ინფრასტრუქტურა, სასმელი  და სარწყავი წყალი. მოსახლეობა ძალიან განიცდის, რომ კრიმინალური მდგომარეობა მძიმდება და ქრთამი და მექრთამეობა ისევ ბრუნდება. ჩემს მშობლებს განათლება არ აქვთ. მე შევძელი, რომ განათლება მიმეღო, სწავლის დროს აქტიურად ჩავერთე  საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყველაფერს დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე მივაღწიე. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს.”   

სამირა ისმაილოვას  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. პროფესიით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალისტია. იყო საქართველოს პარლამენტის მიწვეული სპეციალისტი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი. 2012 – 2013 წლებში იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კონსულტანტ-მრჩეველი. არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ორივე კანდიდატი თანხმდება, რომ მათ წინ რთული და უთანასწორო ბრძოლა ელით, თუმცა, ამ ბრძოლაში უკან დახევას არცერთი მათგანი არ აპირებს.


ნურანა მამადი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.






 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^