Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოცხადებული 17 მაისის ქრონიკა

20 მაისი 2013

17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გარშემო ხმაური და დისკუსიები აღნიშნულ თარიღზე ადრე დაიწყო. სხვადასხვა ვარაუდების მიუხედავად, მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენლები მდუმარე აქციას გეგმავდა.

„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“, ეროვნულ სამოსსა და ფაფახში გამოწყობილი ახალგაზრდები, სასულიერო პირები, მათი მრევლი, სახეზე ბენდენააკრული ახალგაზრდები ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის კიბეებთან, 17 მაისს, 11 საათზე შეიკრიბნენ. მათ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მდუმარე აქცია უნდა გაეპროტესტებინათ. შეკრებილები პარლამენტის ყოფილი შენობისკენ დაიძრნენ.

აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას მათ მსვლელობასთან შეერთებისკენ მოუწოდებნდნენ, საპასუხოდ კი აპლოდისმენტებს და ავტომობილის მძღოლების გაბმულ სიგნალს ისმენდნენ.

11:30 წუთზე ფილარმონიიდან დაძრული მომიტინგეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილ მამა ბასილსა და მის მრევლს შეუერთდნენ. დროშებით, პლაკატებითა და ჭინჭრის კონებით „შეიარაღებული“ მრევლი ერთ-ერთი სასულიერო პირის ქადაგებას ისმენდა სოდომ-გომორის ცოდვის სიმძიმეზე, ჩვენს ქვეყანაში მის მიუღებლობასა და იმ საფრთხეზე, რასაც ლგბტ ადამიანების გამოსვლა და მოწოდებები უქადდა საქართველოს.

„ჩვენ არ დავუშვებთ სოდომ-გომორის ცოდვას“; „ჰომოსექსუალიზმი სულიერი და ფსიქოლოგიური სიმახინჯეა, აიკრძალოს სექსუალურ უკუღმართობათა და გარყვნილების პროპაგანდა“; „არა გარყვნილების პროპაგანდას!“; „ეროვნული ფრონტი“; „სულიერი გენოციდი არა!!!“ - ამ წარწერებით გაფორმებული პლაკატები კონტრდემონსტრანტებს ეკავათ, თუმცა ორი ტრანსფარანტი - „ჩვენ ვებრძვით არა ადამიანებს, არამედ ცოდვას!“  და გადახაზული წარწერა - „გეები“, რომელიც წითელ სტიქარში გამოწყობილ ახალგაზრდას ეჭირა, გაურკვეველ კონტრასტს ქმნიდა.

ორივე აქციის შეერთების შემდეგ, პროტესტის მონაწილეებმა ეროვნული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც სამართალდამცავებს გზა რკინის ჯებირებით ჰქონდათ გადაკეტილი. ფილარმონიიდან მომავალ მოსახლეობას ადგილზე მყოფი პირები ტაშით, ერთ-ერთი ქალბატონი კი მხურვალე ლოცვითა და მომღიმარი სახით შეეგებნენ.   

ორ მწკრივად განლაგებული პოლიციელები მოსახლეობას გზის გაგრძელებისა და თავისუფლების მეტროსკენ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ბილწსიტყვაობა სექსუალურ უმცირესობათა მისამართით შეკრებილთა კმაყოფილი გამომეტყველების მიუხედავად ადრესატს ვერ აღწევდა - ჰომოფობიის გასაპროტესტებლად დაგეგმილი აქციის მონაწილეები იქ არ იყვნენ და იმ დროისთვის ზუსტად არავინ იცოდა, საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა აქცია ან სად გაიმართებოდა ის. გინების მიუხედავად, არაერთხელ გაისმა რუსთაველის გამზირისათვის უკვე კარგად ნაცნობი ფრაზა - „საქართველოს გაუუმარრრ!“ და „ჯოს-ჯოს-ჯოს“.   

12 საათისთვის აქციის მონაწილეებს შავი ანაფორით შემოსილი რამდენიმე სასულიერო პირი გამოეყო და პოლიციის მიერ ორი ჯებირით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, თავისუფლების მეტროს წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. მღვდლებსა და უწყების თანამშრომლებს შავ მაისურში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა წარწერით - „ერთი და ბერი საქართველოს სადარაჯოზე“ - ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. ამავდროულად, ჟურნალისტებს „მამაოს თხოვნის გათვალისწინებას“ სთხოვდნენ და ვიდეოგადაღების შეწყეტისკენ მოუწოდებდნენ.

მოლაპარაკებები კარგა ხანს გაგრძელდა და მონაწილეთა რაოდენობაც არაერთხელ შეიცვალა, საბოლოო ჯამში კი იმით დასრულდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა - აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, მათი რაოდენობა დიდია და ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, შესაძლოა, რუსთაველზე ვეღარ შედგეს, თუმცა, აქციის ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებაო.

რამდენიმე წუთის შემდეგ მოლაპარაკებების ახალმა რაუნდმა წმინდა გიორგის მონუმენტთან გადაინაცვლა, თუმცა საუბრის დეტალები, ისევე როგორც განხილვის თემა, ჟურნალისტებისთვის კვლავ უცნობი იყო.

„ლიბერალის“ კორესპონდენტი შეესწრო ფაქტს, როგორ მოუწოდებდა ერთ-ერთი სასულიერო პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ლგბტ ადამიანებისთვის აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ, რადგან ეს სამოქალაქო დაპირსპირებაში გადაიზრდებოდა. შსს-ს შეთავაზებაზე - სასულიერო პირებს თავად მიემართათ აქციის ორგანიზატორთათვის, სასულიერო პირებმა უარი თქვეს. ერთ-ერთმა მათგანმა კონფლიქტის უფრო მეტად გამწვავებაში ჟურნალისტები დაადანაშაულა.

მოლაპარაკებების მონაწილემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში ყველას უფლებას დაიცავდა.

„იდენტობის“ მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეებმა პუშკინის სკვერში დაიწყეს შეკრება. ორგანიზაციის იურისტი, ნინო ბოლქვაძე ამბობდა, რომ აქციის გამართვა მათი კონსტიტუციური უფლება იყო და ის აუცილებლად შედგებოდა, თუმცა სად, ეს ორგანიზაციის მხარდამჭერების შეკრების შემდეგ გადაწყდებოდა.

მათი შეკრების პარალელურად, 12:40 წუთზე, სასულიერო პირები თავისუფლების მოედნიდან სწრაფი ნაბიჯით პარლამენტისკენ დაიძვრნენ, გზად კი პოლიციის ჯებირები წააქციეს. რამდენიმე წუთში პოლიციის ორი კორდონი არაერთმა სასულიერო პირმა და აქციის მონაწილემ გაიარა. მაშინ, როცა მობილიზებული სამართალდამცავები საეკლესიო პირებს თითქმის არ ეხებოდნენ, აქციის რიგით მონაწილეებს მხოლოდ მცირე ბარიერს თუ უქმნიდნენ, თუმცა ძირითადად უშედეგოდ. წამებში, ანაფორასა და ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები პუშკინის სკვერისკენ ბილწსიტყვაობითა და ძალადობისკენ მოწოდებით გარბოდნენ. “არ გავუშვათ ცოცხლები”; “ტყავი გავაძროთ” - ისმოდა შეძახილები.

ლგბტ აქტივისტები სამართალდამცავებმა ტერიტორიას ყვითელი ავტობუსებით გაარიდეს. აქციის მონაწილეები მათ ყიჟინით აედევნენ, თუმცა უშედეგოდ. ლესელიძის ქუჩის დასაწყისში კონტრაქცია პოლიციის კორდონმა დროებით შეაჩერა. დემონსტრანტებმა გამარჯვება საქართველოს ძველი დროშის ფრიალით, ხმამაღალი შეძახილებით და ტაშის კვრით აღნიშნეს. გაჩნდა მოლოდინი, რომ დაძაბულობა დასრულდა, თუმცა ორიოდ წუთში რკინის ჯებირებმა მომიტინგეთა ტალღა ვეღარ შეაკავა და სამართალდამცავის მოწოდება - “ნელა გადით, ერთმანეთს ნუ აწვებით” დაღმართზე დაშვებული დემონსტრანტების შეძახილებმა გადაფარა.

“ლგბტ” აქტივისტების მოსახელთებლად, ლესელიძის ქუჩაზე საეკლესიო პირები,ბოლო ზარის პერანგშემოხვეული მოსწავლეები და ფაფახიანი ახალგაზრდები გარბოდნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჩოხაში გამოწყობილი ახალგაზრდა, დაღმართზე სირბილის პარალელურად “მამაო ჩვენოს” კითხულობდა, თანაც სხვა დემონსტრანტთა ბილწსიტყვაობის ფონზე.

ამავე ქუჩის ტროტუარებზე გამოსული მოსახლეობა კონტრაქციის მონაწილეებს ამხნევებდა და არანაკლებ ძალადობრივ ფრაზებს სკანდირებდა. მხოლოდ ერთი ქალბატონი იწმენდდა ცრემლებს.

დევნა ორთაჭალაშიც გაგრძელდა, პოლიციის მანქანების გვერდიგვერდ შავ ჯიპზე „ამხედრებული“ ათამდე ადამიანი კარგა ხანს მისდევდა არშემდგარი აქციის მონაწილეებს. რამდენიმე ცარიელი და მინებჩამსხვრეული ყვითელი ავტობუსის გამოჩენის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ლგბტ აქტივისტები სხვა მიმართულებით უნდა ეძებნათ.

„ძებნის ველის განვრცობასთან“ ერთად, „მათი“, ანუ ლგბტ აქტივისტების ადგილმდებარეობის სხვადასხვა ვერსია გაჩნდა. ამ დროისთვის გავრცელდა „იდენტობის“ ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის განცხადება, რომ აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან ავტობუსებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

“ხმაურმა და მძვინვარებამ“ მოიცვა ვაჩნაძის ქუჩა, სადაც რამდენიმე აქტივისტმა თავი სადარბაზოს შეაფარა.

ადგილიდან მათ გასაყვანად პოლიციამ კორდონი გააკეთა და ყვითელი სამარშრუტო ტაქსი შეიყვანა, თუმცა მათი გამოჩენისთანავე შეკრებილებმა კორდონი გაარღვიეს და დაზიანებულ ავტომობილს იუსტიციის სახლამდე სდიეს.

ინციდენტი მოხდა ალექსანდროვის ბაღთანაც, სადაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას და საპატრულო პოლიციის ავტომობილის დაზიანების მცდელობა მოჰყვა. ალექსანდროვის ბაღიდან ახალგაზრდების ნაწილმა „თბილისი მერიოტის“ წინ გადაინაცვლა, ნაწილი კი ერთ აქტივისტ გოგონას აედევნა. პოლიციამ მისი გარიდება აქაც კორდონის გამოყენებით შეძლო.

ცოტა ხნის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „პოპულის“ შესასვლელი პოლიციამ გადაკეტა. შენობის წინ შეკრებილები იმ ორი ადამიანის გამოსვლას დარაჯობდნენ, რომლებიც, გავრცელებული ცნობით, მარკეტს აფარებდნენ თავს. სამართალდამცავებმა ისინი ჩუმად გამოაპარეს.

დღის მეორე ნახევარში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრეს-ცენტრის წარმომადგენელი ნინო სამადაშვილი აღნიშნავდა, რომ სამედიცინო სამსახურმა 28 ადამიანს აღმოუჩინა დახმარება.  

17 მაისს, დღის ბოლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ნაწილს კი ადმინისტრაციული სახდელი ემუქრება...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^