Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსკოვი სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მომძლავრებას ცდილობს

21 მაისი 2013

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი აღიარა და ახლა მის მიმართ მკაფიოდ არამეგობრულ სანქციებს ვეღარ მიმართავს. თუმცა, ვერც იმ აზრს ეგუება, რომ ეს ერთი ციდა ტერიტორია, ძალზე მცირერიცხოვანი მოსახლეობით, შესაძლოა, მოსკოვისგან გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდეს.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც ამ წლის 14 მაისს უნდა შემდგარიყო, ჩაიშალა და 21 მაისისთვის გადაიდო, თუმცა,  ახლა ძნელი სათქმელია, შეხვდებიან თუ არა ისინი ხელახლა დათქმულ დღეს. სააგენტო ,,ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ჯერ კიდევ 6 მაისს რესპუბლიკას გამოუცხადებელი ვიზიტით ესტუმრა რუსეთის პრეზიდენტის რეგიონებს შორისა და უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ვლადიმირ ჩერნოვი და  მისი მოადგილე სერგეი ჩებოტარიოვი. 7 მაისს, უკანა გზაზე, ცხინვალიდან  გამგზავრებული რუსეთის ოფიციალური პირები ვლადიკავკაზში ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურს  და, ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ ოსეთში, თეიმურაზ მამსუროვს შეხვდნენ. ,,ეხო კავკაზას“ წყარომ, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის ადმინისტრაციაში მუშაობს, სააგენტოს შეატყობინა, რომ ,,პუტინი თიბილოვის მიღებაზე უარს ამბობს“.

სააგენტოს ინფორმაციით, დაპირისპირებას საფუძვლად საკადრო საკითხი უდევს, ვინაიდან მოსკოვს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბორის ჩოჩიევის, პრემიერ როსტიკ ხუგაევის, ვიცე-პრემიერ ალა ჯიოევას და ზოგიერთი მინისტრის გადაყენება აქვს განზრახული. არსებობს ინფორმაცია, თითქოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოსკოვს საკუთარი კანდიდატურები ჰყავს: რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მაღალი მოხელე, ან სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერებიდან ერთ-ერთი, ედუარდ კოკოითი ან ლუდვიგ ჩიბიროვი.  ორი უკანასკნელი კანდიდატის მიუღებლობის გამო, როგორც ჩანს, საუბარი მაინც უფრო იმაზეა, რომ მოსკოვს მთავრობის მეთაურად ეთნიკურად რუსი, რუსეთიდან წარგზავნილი მოხელის ,,გაყვანა“ სურს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, რამდენად დიდი მონდომებითა და დაწვრილებით მოუთხრო ხსენებულმა წყარომ ,,ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს მოსკოველი მოხელეების ვიზიტის შესახებ. ასეთი ღიაობა ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობას ზოგადად ნაკლებ ახასიათებს, ამიტომ, საფიქრებელია, რომ ,,ინფორმაციის გაჟონვის“ ეს შემთხვევა უფრო წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას  სამხრეთ ოსეთის მეთაურზე მსუბუქად ზეწოლა აქვს გადაწყვეტილი, რათა ეს უკანასკნელი უფრო დამყოლი გახადოს, რაც, თავისთავად, საინტერესო ფაქტია, რადგან ცხადჰყოფს, რამდენად შეზღუდულია მოსკოვი ზეწოლის ხერხების არჩევანში. რესპუბლიკის მეთაურზე ზემოქმედების სხვა ხერხებს შორისაა პერიოდული დაბრკოლებების შექმნა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გამავალი დეფაქტო საზღვრის გადალახვისას, კერძოდ, სამხრეთ ზარამაგის პუნქტში. 2013 წლის მარტში ამ საზღვრის ამ ნაწილში ავტოტრანსპორტის დიდი შეფერხება შეინიშნებოდა.

2012 წლის აპრილში ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში უცნაური არჩევნების შედეგად მოვიდა - უცნაურისა, რადგან რეალურად არჩეულ კანდიდატს, ალა ჯიოევას, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში მოსასვლელი გზა გადაუკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ მან  მოსკოვის რჩეული, ანატოლი ბიბილოვი  დამაჯერებლად დაამარცხა 2011 წლის ნოემბერში.  

ჰარიჰარად, სიჩქარეში განახლებული არჩევნებით ადამიანებს  შორის იმ უკმაყოფილების განელება ვერ მოხერხდა, რომელიც მოსკოვის მიერ მათი სამოქალაქო უფლებების აბუჩად აგდებას მოჰყვა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ არჩევნებმა მოსკოვის მიერ ჩაფიქრებულ ყველაზე მარტივ მიზანსაც ვერ მიაღწია - ხელისუფლებაში მისდამი ლოიალურად განწყობილი ლიდერი ვერ მოიყვანა.

საქმე თბილოვის პიროვნებაში და მის მიერ    მოსკოვის წინააღმდეგ მოულოდნელ ,,ამბოხებაშიც“ არაა. თიბილოვი საკმაოდ ,,სისტემური“ ფიგურაა, სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი თანამშრომელი. საქმე ისაა, რომ ახალ სიტუაციაში, მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის ოფიციალური აღიარების შემდეგაც კი, რუსეთი რესპუბლიკას უწინდელ  პირობებში ვეღარ ელაპარაკება, იმის მიუხედავად, რომ ეს ტერიტორია რუსეთზე სრულადაა დამოკიდებული. რაც უნდა ირონიულად ჟღერადეს, ამ ახალ სიტუაციასთან, რომელშიც მოსკოვმა ჩაიყენა თავი და სამხრეთ ოსეთიც თავადვე ჩააყენა,ორივე მხარეს გარკვეულად მისადაგება უწევს.

ლეონიდ თიბილოვს რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთწლიანი მონაწილეობის შემდეგ ჯერ თავი არაფრით გამოუჩენია. მისგან არც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ხმამაღალი განცხადებები მოუსმენია ვინმეს, არც რევოლუციური შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების მოწმე გამხდარა. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ თიბილოვის ,,ფასადს“ უკან სულ სხვა, პოლიტიკურად ბევრად უკეთ მომზადებული პირები მოქმედებენ. ბორის ჩოჩიევი, ალა ჯიოევა, რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და ზოგიერთი სხვა პერსონა  საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სამხრეთ ოსეთში, და ეს როლი ხშირად ვერ ეწერება მოსკოვის იმ წარმოდგენებში, რომლებიც მას რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ გააჩნია. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის ისეთ ტერიტორიად იქცა, რომელიც მის კონტროლს აღარ ექვემდებარება. უფრო ასე შეიძლება ითქვას: სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტი, თუნდაც არასრულყოფილი სახით, ისე, როგორც სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშია წარმოდგენილი, მხარეებს შორის დისკურსს იცვლის. ძნელია იმაზე უფრო ასიმეტრიული სიტუაციის წარმოდგენა, ვიდრე რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული თანაფარდობაა. და მაინც, ,,უსახელურო ჩემოდანს“, როგორც ხშირად  სამხრეთ ოსეთს უწოდებენ იმ უხერხულობების გამო, რომელთაც ის რუსეთს უქმნის, სახელური მართლაც, პირდაპირი გაგებით ვერ ეძებნება.

მოსკოვს პრობლემა აქვს: რაკი სამხრეთ ოსეთი აღიარა, ახლა მის მიმართ მკაფიოდ არამეგობრულ სანქციებს ვეღარ მიმართავს. თუმცა, მეორე მხრივ, ვერც იმ აზრს ეგუება, რომ ეს ერთი ციდა ტერიტორია, ძალზე მცირერიცხოვანი მოსახლეობით, რომელიც საკუთარ არსებობას რუსეთს უნდა უმადლოდეს, შესაძლოა, მოსკოვისგან გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდეს. მხარეების პოზიციები კვლავაც ამგვარი დარჩება და ამის გამო, როგორც ჩანს, მოსკოვსა და ცხინვალს წინ კიდევ არაერთი კონფლიქტური ეპიზოდი ელოდება, ისინი კიდევ არაერთხელ მოექცევა ფართო განხილვის ველში და საკმაოდ მალე მეტ სიმძაფრესაც  კი შეიძენს.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^