კვლევა, როგორც ახალი ცოდნის წარმოების საშუალება, ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს. რა გავლენა აქვს კვლევებს ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე? ეფუძნება თუ არა საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა კვლევების შედეგად მიღებულ ცოდნასა და ინფორმაციას? რა სისტემურ ბარიერებს აწყდებიან განათლების საკითხების მკვლევრები კვლევების წარმოებისას? დარგის სპეციალისტების შეფასებით, კვლევის შედეგები, როგორც ახალი ცოდნა, პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და ცვლილებების მოსახდენად სკოლებში იშვიათად გამოიყენება. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის პოლიტიკის დაგეგმვისას კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაც ნაკლებად ხდება. მონაცემებზე წვდომის პრობლემა, სკოლებთან ურთიერთობისას არსებული ბიუროკრატიული მექანიზმი, მონაცემების დაგროვების ცენტრალიზებული სისტემა კი ის ძირითადი ბარიერებია, რომლებსაც განათლების საკითხების მკვლევრები კვლევების წარმოებისას აწყდებიან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, განათლების სპეციალისტის, გიორგი გახელაძის თქმით, თვისებრივი დაკვირვება აჩვენებს, რომ კვლევის შედეგების გამოყენება, მაგალითად, პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით ჩვენი სასკოლო კულტურის ნაწილი ნაკლებადაა. ერთეულია ისეთი სკოლები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულ დონეზე მიღებული კვლევის შედეგები სასკოლო საზოგადოებასთან ერთად განიხილონ, საკუთარ გამოცდილებას შეადარონ, მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით გადაწყვეტილებები მიიღონ, სიახლეები დანერგონ.
„7 წელია ჩვენი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში უშუალოდ სასკოლო დონეზე ვატარებთ კვლევებს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ კვლევების შედეგების აღიარება, რეკომენდაციების გათვალისწინება და დანერგვა მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში ხდება. სამოქმედო კვლევებისას, რომლებიც სკოლისთვის ბევრი მიმართულებით სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს, საუკეთესო შემთხვევაში უპირატესობა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან დიაგნოსტიკურ ნაწილს ენიჭება, რომელსაც, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ძირითადად, თავიანთი გადაწყვეტილებების არგუმენტაციისათვის სელექციურად იყენებენ. კვლევის შედეგები პრაქტიკაზე იმ შემთხვევაში აისახება, როცა საზოგადოება კრიტიკულად მოაზროვნეა, მისთვის ღირებულია განახლებული ცოდნა, მზად არის საკუთარი საქმიანობა დაინახოს ახალ პრიზმაში. პრაქტიკიდან ჩანს, რომ ასეთი მზაობა დღესდღეობით მინიმალურია“,- ამბობს გიორგი გახელაძე.
კვლევების გავლენა სუსტია სისტემურ დონეზეც, პოლიტიკის დაგეგმვისას თუ გადაწყვეტილებების მიღებისას, - ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია და განმარტავს, რომ რაციონალური დაგეგმვა, ერთი მხრივ, საკითხის წინასწარ გამოკვლევას გულისხმობს, მეორე მხრივ, უკვე მიღებული გადაწყვეტილების შედეგების შეფასებას. ამგვარი რაციონალური პროცესი კი ქართული განათლების სისტემაში პრაქტიკულად არ არსებობს. რასაც რამდენიმე მიზეზით ხსნის: პირველი, გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური პროცესების პარალელურად გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად იცვლებიან, მათი გადაწყვეტილებები ნაჩქარევია და შესაძლოა მტკიცე საფუძველს არ ეყრდნობოდეს, მაგალითად, არ იყოს გამოკვლეული ან პილოტირებული და ა.შ.; მეორე მხრივ კი, ჩვენს განათლების სისტემაში პოლიტიკის კვლევა თავად პოლიტიკური ორგანიზაციის შიგნით ხდება:
სიმონ ჯანაშია კვლევების წარმოებისას უნივესრიტეტების როლზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს რომ კვლევის პროცესში უნივერსიტეტები ჩართოს ან თავად უნივერსიტეტს შეუკვეთოს კვლევის ჩატარება. ამდენად, სპეციალისტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ კვლევებისთვის დაფინანსება ძირითადად მიმართულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ და დაქვემდებარებულ ცენტრებში, მონოპოლიზაციას უწყობს ხელს,- ვინაიდან სხვა ორგანიზაციებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სტატისტიკურ მონაცემებზე, მათთან შედარებით ნაკლებკონკურენტუნარიანი არიან.
სიმონ ჯანაშიას თქმით, სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა მკვლევრისთვის ხშირად იმ ორგანიზაციის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, რომელიც აღნიშნულ მონაცემებს აგროვებს.
ამავე პრობლემაზე საუბრობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების საკითხების მკვლევარი - შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის სახით მონაცემების მიღება, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა სამინისტროს გარკვეული ინტერესი აქვს, რომ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვოს. ამის მაგალითად კი მისი პრაქტიკიდან რამდენიმე შემთხვევას იხსენებს. უფრო კონკრეტულად კი, მისი თქმით, საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების მონაცემების მიღებას 6 თვის განმავლობაში ცდილობდა.
თუმცა, მისი თქმით, იმგვარი ინფორმაციის შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ინფორმაციის გასაჯაროებით „საფრთხეს ვერ ხედავს“, მონაცემების მიღება უპრობლემოდ ხდება, მაგალითად კი ვაუჩერული დაფინანსების შესახებ 2014 წელს ჩატარებული კვლევა მოჰყავს, როცა სამინისტრომ, მონაცემები სრულყოფილად გასცა.
სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ სკოლებთან თანამშრომლობისას არსებულ ბიუროკრატიაზეც, მოქმედი რეგულაციის თანახმად, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც სკოლებთან თანამშრომლობას გეგმავს, საქმის კურსში უნდა ჩააყენოს სამინისტრო. ამგვარი ინსტიტუციური ბარიერი კი გულისხმობს ბიუროკრატიულ პროცედურებს, რაც საბოლოოდ ართულებს სკოლებთან თანამშრომლობას.
შალვა ტაბატაძე ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა სკოლაში კვლევის ჩატარებისთვის სამინისტრომ მათი ორგანიზაციისგან საკვლევი კითხვარის გადაგზავნა იმ მოტივით მოითხოვა, რომ შეეფასებინათ კითხვარი რაიმე სარისკოს (შინაარსი ხომ არ უკავშირდებოდა დისკრიმინაციას, სიძულვილს, კონფლიქტს, შუღლის გაღვივებას და ა.შ) ხომ არ შეიცავდა. შალვა ტაბატაძის შეფასებით კი ამ ტიპის მოთხოვნა, სხვა არაფერია თუ არა სამინისტროს მხრიდან კვლევის მიმდინარეობის გაკონტროლების მცდელობა.
ზემოთ აღნიშნულ ბარიერებთან დაკავშირებით, რომლებზეც დარგის სპეციალსიტები საუბრობენ, „ლიბერალი“ შეეცადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიცია გაეგო, თუმცა პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება, რომელიც ჩვენს კითხვებს უპასუხებდა, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
საქართველოში საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმართავს.
ცენტრის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ია კუტალაძე, ამბობს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი შეფასებები მნიშვნელოვან ცოდნას იძლევა სისტემაში არსებულ ხარვეზებისა და საჭიროების შესახებ; თუ სახელმწიფო შეფასება ფოკუსირებულია სასწავლო კურიკულუმზე, საერთაშორისო შეფასებები გლობალურ კონტექსტში სისტემის შეფასების საშუალებას იძლევა. ამგვარი ანალიზი კი, მისი თქმით, როგორც ლოკალურად ასევ გლობალური შეფასების კუთხით, მნიშვნელოვანი ცოდნაა, რომელსაც განათლების პოლიტიკის დაგეგმვა აქტიურად უნდა ეყრდნობოდეს.
ია კუტალაძის თქმით, კვლევებზე დაფუძნებით პოლიტიკის შემუშავება წლების განმავლობაში არაერთგვაროვანი იყო და დამოკიდებული იყო სამინისტროს მენეჯმენტის ხედვაზე - თუ რამდენად საჭიროდ მიაჩნდათ აღნიშნული შედეგების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება. მისი თქმით, მართალია ბოლო პერიოდში აღნიშნული კვლევებით მიღებულ ინფორმაციას სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები ეყრდნობა, მაგრამ მიიჩნევს, რომ განათლების პოლიტიკის განსაზღვრისას ეს ინფორმაცია უფრო ქმედით შედეგებზე უნდა იყოს ფოკუსირებული, ვიდრე ახლაა.
ია კუტალაძის შეფასებით, პრობლემა არის ისიც, რომ პოლიტიკის დოკუმენტებში სტრატეგიული მიმართულებები ყოველ ჯერზე მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად იცვლება, რაც არაეფექტურ და უშედეგო ხარჯვასაც განაპირობებს.
რაც შეეხება უშუალოდ სასკოლო დონეზე კვლევის შედეგების გავლენას, მისი თქმით, ამგვარი უკუკავშირი დღეს სუსტია, ამიტომ ცენტრში ბევრს მსჯელობენ, თუ რა ფორმით შეიძლება უზრუნველყონ უკუკავშირი კვლევებში მონაწილე სკოლებთან.
სპეციალსიტების შეფასებით, კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები სასკოლო საზოგადოებისთვის ღირებული მაშინაა, როცა მასწავლებელიც და დირექტორიც აცნობიერებს ანგარიშვალდებულებას მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე, რაც, თავის მხრივ, აჩენს მოტივაციას, მეტი იცოდნენ თავიანთი და კოლეგების საქმიანობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „კვლევა კვლევისთვის“ ტარდება, იხარჯება სახელმწიფოს ფინანსური რესურსი. მიზანი კი, სასკოლო გარემოს გაუმჯობესება, როგორც სისტემურ, ისე სასკოლო დონეზე, ვერ მიიღწევა.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.