Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიტყვები და ციფრები

08 ნოემბერი 2017

Я знаю силу слов я знаю слов набат

Они не те которым рукоплещут ложи

От слов таких срываются гроба

шагать четверкою своих дубовых ножек

Бывает    выбросят не напечатав не издав

Но слово мчится подтянув подпруги

звенит века и подползают поезда

лизать поэзии мозолистые руки

Я знаю силу слов Глядится пустяком

Опавшим лепестком под каблуками танца

Но человек душой губами костяком

მაიაკოვსკის დაუმთავრებელი ლექსი

სექტემბერი

შემთხვევით მუშა შემხვდა, რომელიც თებერვალში რუსთავში გაფიცვის დროს გავიცანი. ზამთრის  ამბებზე არ მელაპარაკება. ბოლოს  მე ვეკითხები: რატომ არაფერი გამოვიდა?

მოკლედ  მპასუხობს: მარტო სიტყვები გვაქვს.

თებერვალი

რუსთავის „აზოტში“ დასაქმებული 300-ზე მეტი მუშა კომპანიამ სამსახურიდან  გაუფრთხილებლად დაითხოვა. უმუშევრად  დარჩენილები  ჰყვებოდნენ, რომ გასული წლის ბოლოს  დაიბარეს და ახალ კონტრაქტებზე ხელის მოწერა მოსთხოვეს. კაბინეტში გრძელი რიგი დადგა.  ადმინისტრაცია  აჩქარებდა კონტრქატზე ხელის მოწერას, წინააღდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან მაშინვე გაშვებით ემუქრებოდნენ.

  ქაღალდზე იმდენად გაურკვევლად (პატარა ასოებით) ეწერა ტექსტი, რომ ერთ სიტყვასაც ვერ გაარჩევდი. გრძელ რიგში მდგომებს საკმარისი დრო არ მისცეს და ასე ბრმად მოაწერინეს ხელი. ახალი ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ მოკლე დროში, ზედმეტი ვალდებულებების გარეშე, სამსახურიდან დაითხოვა მუშები. გაირკვა, რომ ახალი კონტრაქტი მოკლევადიანი იყო და არც დამტებით სოციალურ გარანტიებს ითვალისწინებდა. 

მუშებისთვის მხარდასაჭერად ჩასულ სტუდენტებს  ადმინისტრაციის ამ ხრიკზე ადგილობრივმა გვიამბო. მეორე დღეს მუშებმა საწარმოს ადმინისტრაციული კორპუსის დაკავება სცადეს.

იმ დილით  ერთ-ერთი მუშა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. ამბობდა, რომ მცირე ხელფასი ისედაც არ ჰყოფნიდა კრედიტების გასასტუმრებლად. ლაპარაკობდა შიმშილსა და უიმედობაზე, ქალაქის საერთო პრობლემებსაც შეეხო, რუსთავს მხოლოდ ის ფუნქცია დარჩა, რომ დასაძინებლად ბრუნდებიანო; ყველა ცდილობს დედაქალაქში იმუშაოს ან სასწავლებლად უწევს იქ სიარულიო. ჰყვებოდა, რომ საწარმოში უკვე რამდენიმე ათეული წელი მუშაობდა... თითქმის ათი წუთი ილაპარაკა და ჟურნალისტიც  მოთმინებით  უსმენდა, მაგრამ, ვისაც საინფორმაციო გამოშვება ერთხელ მაინც უნახავს, ეცოდინება, რომ ამ ინტერვიუდან ეთერში სულ რამდენიმე წამიანი სინქრონი გავა. სულ რამდენიმე სიტყვა. ასეთი წესია.

რამდენიმე დღეში სტუდენტები, პროფკავშირები და მუშები საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში შევიდნენ  და  პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. 8-საათიანი საინფორმაციო გამოშვება სტუდენტ გიორგი სოფრომაძის გრძელი სიტყვით დაიწყო, რომელიც რუსთავში და მთლიანად მთელი ქვეყნის მაშტაბით დასაქმებული ადამიანების მძიმე ყოფას ეხებოდა.

ამ ჟესტით რუსთაველების პრობლემამ მედიის ყურადღება დაიმსახურა. სავარაუდოა, რომ დასაქმებულების პროტესტის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო, მაგრამ ამით ძალთა ბალანსი თითქმის არ შეცვლილა.  არც  ექსპლუატირებული ჯგუფებისადმი სოლიდარობის მასშტაბი გაზრდილა და არც სახელმწიფო ჩარეულა აქტიურად დავაში.

ლაბირინთი

ქალაქები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგეს თავიანთი ფუნქცია,  ერთგვარ ლაბირინთებად იქცა.

ადგილობრივთა უმრავლესობის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დააღწიოს თავი მშობლიურ ადგილს და გაჭირვებას. ერთი შეხედვით, მათ არავინ უკრძალავს ქალაქიდან წასვლას, მაგრამ ლაბირინთისგან თავის დასაღწევად მხოლოდ სურვილი და თავისუფალი ნება, როგორც წესი, საკმარისი არ არის.

 ლაბირინთიდან გამოსასვლელად საჭიროა ძაფის გორგალი, ანუ სწორი სტრატეგია და განვლილი გზის  შესწავლა, მხედველობაში მიღება. თავის დაღწევის ერთადერთი გზა მისი ამოხსნა და გაუქმებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მხოლოდ გაქცევის სურვილით შეპყრობილმა, შესაძლოა,  წლობით იარო წრეზე. უფრო მეტიც, კონკრეტული ტერიტორიის დატოვებაც არ ნიშნავს ლაბირინთულობისგან გათავისუფლებას. იღბლიანი ერთეულები, რომლებიც განსაკუთრებული ნებისყოფით შეიარაღდებიან, იმას თუ მოახერხებენ, რომ ლაბირინთიდან გასვლის შესაძლებლობაზე უარი თქვან და კონცენტრირდნენ საკუთარი  კომფორტის ზონის მოწყობაზე.

როდესაც ლაბირინთებში დარჩენილებზე იწყებენ მსჯელობას, ხშირად ამბობენ, რომ ეს არის ხალხი, რომლის ხმაც არ ისმის. გამოჩნდებიან  ისეთები, ვინც ცდილობს ამ ადამიანების სათქმელი დანარჩენ საზოგადოებამდე ან ხელისუფლებამდე მიიტანოს. ამგვარი პრაქტიკა, როგორც წესი, არ ამართლებს, რადგან პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობით არ შემოიფარგლება. ლაბირინთებიდან ხმა ისმის, მაგრამ არ მნიშვნელობს.

 შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ამ ხალხს ლაპარაკი არ შეუძლია და ვერც თავიანთ მდგომარეობას ვერ აცნობიერებენ, მაგრამ  მათთან  უშუალო ურთიერთობა საწინააღდეგოს გვარწმუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეტყველება რიგითი ბიურგერისაგან განსხვავებით, უხეში, გაფანტული და უწესრიგოა, ზუსტ  სიტყვებსაც ამბობენ, მაგრამ თანამედროვე რეალობაში ეს სიტყვები სრულიად ცარიელია და უაზრობად იქცევა. ეკონომიკა ოპერირებს ციფრებით და არა სიტყვებით, პროგრამებით ან არგუმენტებით. შესაბამისად, ადამიანის ბედი განისაზღვრება წმინდა ეკონომიკური პროცესებით.

 ფილოსოფოსი   ბორის გროისი,  რომლის  კვლევის ერთ-ერთი თემაა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა  რეჟიმების ტრანსფორმაცია, მიიჩნევს, რომ ადამიანური ქმედებების განსჯა ატარებს არა ვერბალურ,  არამედ ეკონომიკურ ხასიათს.

რამდენადაც ადამიანს არ ესმის პირადად  მისკენ მიმართული ბედის ხმა,თავის მხრივ არ შეუძლია უპასუხოს მას. ეკონომიკურ პროცესებს აქვთ ანონიმური და არავერბალური ხასიათი. მათ ვერ შეეკამათები, ვერ გადაარწმუნებ, ვერ მოელაპარაკები, სიტყვებით ვერ გადმოიყვან შენს მხარეს. შესაძლებელია მხოლოდ მოერგო, საკუთარი ქმედება შეუსატყვისო მათეკონომიკური ჩავარდნა  შეუძლებელია უარყოთ ნებისმიერი არგუმენტაციითხოლო ეკონომიკური წარმატება არ საჭიროებს დამატებით დისკურსულ დასაბუთებასკაპიტალიზმის პირობებში ადამიანური ქმედებების განსჯა ან გამართლება ატარებს არა ვერბალურ, არამედ ეკონომიკურ ხასიათს, გამოიხატება არა სიტყვებში, არამედ ციფრებში. საბოლოო ჯამში ენა  თამაშგარეთაა.

ასეთ პირობებში შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ნებისმიერი  კრიტიკა, პრინციპში, უაზროა. არსებულ ეკონომიკურ  მოწყობაში ენა ფუნქციონირებს, როგორც საქონელი. რაც საწყისშივე  ამუნჯებს მას. კრიტიკა ან პროტესტი  ითვლება წარმატებულად, თუ ის კარგად იყიდება.

სწორედ ეს ვითარება წარმოშობს სრულ უფსკრულს მესამე სამყაროს ექსპლუატირებულ მშრომელთა და დამსაქმებელს, ასევე   მედიის წარმომადგენლებს შორის.  ერთ მხარეს საუბრობენ სიტყვებით, რომლებიც შესაძლოა, მძიმე მოსასმენი იყოს, მაგრამ  მხოლოდ ხასიათს თუ გაუფუჭებს ვინმეს და არ მნიშვნელობს. მეორე მხარისთვის კი მთავარი მედიუმი არის ფული და ოპერირებს მხოლოდ ციფრებით.

ოქტომბერი

ჩვენ,  ვისაც მხოლოდ სიტყვები გვაქვს,  ისღა დაგვრჩენია  ვიბრძოლოთ მათთვის  მნიშვნელობის დასაბრუნებლად. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^